close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციაკომუნიკაციასაქართველოტექნოლოგიები

ქართული WiFiრეკლამირების პლატფორმა უცხოურ ბაზარზე მკვიდრდება

  თანამედროვე სამყაროში Wifi- წარმოადგენს რეკლამირებისთვის უნიკალურ საშუალებას და ქართული კომპანია „Wifisher-ი“  სწორედ ამ გზით ცდილობს სხვადასხვა კომპანიას დაეხმაროს საკუთარი ნაწარმის პოპულარიზებაში. კომპანიის იდეა, ორი წლის წინ, ორ ახალგაზრდას – ნოდარ ივანიძესა და დავით ხოსროშვილს გაუჩნდა, რომლებმაც ქართველი ინვესტორის დახმარებით შეძლეს მისი განხორციელება. წარმატებული წამოწყების შესახებ ნოდარ ივანიძეს გავესაუბრეთ.

„Wifisher-ი” არის რეკლამების ონლაინპლატფორმა, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას კომპანიის საიტზე  აირჩიოს რეკლამის განთავსებისთვის სასურველი  ობიექტი და მარტივი საბანკო ტრანზაქციით გააქტიუროს საკუთარი რეკლამა აღნიშნულ წერტილში. პლატფორმა, როგორც ნოდარმა აღნიშნა, საკმაოდ პოპულარული და ეფექტურია, ,,სერვისი გვაძლევს საშუალებას პირდაპირ შევიდეთ მომხმარებელთან ინტერაქციაში. თანამედროვე ადამიანს უკვე განუვითარდა ინსტინქტი, რომ  ვეღარ შეამჩნიოს ბანერებსა თუ  სოციალურ ქსელებში არსებული რეკლამები და ამ პირობებში, სწორედ „Wifisher-ი“ ქმნის მათ ერთგვარ ალტერნატივას,“ – აღნიშნავს ის.

„Wifisher-ს” დამატებითი ფუნქციაც აქვს – მისი მეშვეობით კაფეებს, რესტორნებს, საავადმყოფოებსა თუ სასტუმროებს შეუძლია აღნიშნული სისტემა მომხმარებელთან შიდაკომუნიკაციისთვის გამოიყენოს, მაგალითად, პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია გაირკვეს  თუ რამდენჯერ სტუმრობდა მომხმარებელი აღნიშნულ ობიექტს და, ამის მიხედვით, ერთგული სტუმრები წახალისდებიან.

ამჟამად  კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით 150 ობიექტს მოიცავს, რომელთა შორის არის ქვეყნის ყველა აეროპორტი, სავაჭრო ცენტრი, კინოთეატრი და რამდენიმე კვების ობიექტი. სტატისტიკურად კომპანიის კლიენტების 30% პლატფორმას სწორედ საკუთარი პროდუქციის რეკლამისთვის იყენებს, ასეთებია, მაგალითად, ,,Dunkin’ Donuts-ი“, „Wendy’s-ი“ და სხვები.

„Wifisher-ი“  თითქმის ყველა უმსხვილესი ქართული კომპანიის პარტნიორია, მათ შორის არის „ვითიბი ბანკი“, „თიბისი ბანკი“, ასევე –  თამბაქოსა და სადაზღვეო კომპანიები, როგორებიცაა, მაგალითად, „ირაო“ და „ალდაგი“. საერთაშორისო კომპანიებიდან აღსანიშნავია „Samsung-ი“, სამომავლოდ იგეგმება თანამშრომლობა „Philip Morris-თანაც“.

სერვისის კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ კომპანია აძლიერებს ინტერნეტის სიჩქარეს ყველა ობიექტზე სადაც მათი სისტემა მოქმედებს, ამისთვის სპეციალური თანხებია გამოყოფილი და  მომხმარებელიც რეკლამის ნახვის შემდეგ გაცილებით უფრო  სწრაფ ინტერნეტს ღებულობს.

პლატფორმა საქართველოში ინოვაციურია, თუმცა მსგავსი ტიპის პროგრამები არსებობს უცხოეთშიც, მაგრამ როგორც ნოდარმა აღნიშნა, ისინი ვერ უწევენ კონკურენციას მათ  პლატფორმას, შესაბამისად, ახალგაზდები ცდილობენ საზღვრებს გარეთაც გაიტანონ საკუთარი სერვისი, მათ ამჟამად უკვე ჰყავთ პარტნიორი დაწესებულებები აზერბაიჯანსა და სომხეთში, სამომავლოდ კი იგეგმება ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაც.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოტექნოლოგიები

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ციფრული გადამზადების ცენტრები გაიხსნება

ციფრული უნარების განვითარება და ონლაინდასაქმების პლატფორმა ყველა მსურველისთვის – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიცირებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინოვაციების ცენტრების ბაზაზე ციფრული უნარების სატრენინგო პროგრამა იწყება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია რეგიონებში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის ცოდნა, რომელიც მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ე.წ. დისტანციური დასაქმების საშუალებას მისცემს.

უნიკალური პროექტი კერძო სექტორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პარტნიორობით ხორციელდება.

ტრენინგები ხელმისაწვდომი იქნება ზუგდიდის ტექნოპარკში, ასევე ბაღდათის, ხარაგაულისა და სოფ. ჭოპორტის ბიბლიოთეკების ინოვაციების ცენტრებში. ბენეფიციარების გადამზადება მოხდება, როგორც ონლაინსწავლების მეთოდოლოგიებით, ისე ცენტრების ბაზაზე ჩატარებული სემინარების საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) დისტანციური დასაქმების პლატფორმა ,,ციფრული მოქალაქე” შექმნა. პლატფორმა შესაძლებლობას იძლევა, მარტივად მოხდეს ონლაინსივრცეში არსებული დაკვეთების მოძიება და მათზე განაცხადის გაკეთება. უნივერსიტეტი გლობალური დასაქმების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის – ,,freelancer.com”-ის პარტნიორია, რომლითაც ბენეფიციარებს წვდომა ექნებათ მსოფლიოში არსებულ 15 მილიონზე მეტ სამუშაო პოზიციასთან. გასული წლის მონაცემებით, დისტანციურად შესრულებული სამუშაოების ბრუნვამ 2,6 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

2017 წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტ ,,საქართველოს ინოვაციების ეროვნული ეკოსისტემის“ ფარგლებში, 2020 წლამდე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შეიქმნება რეგიონალური ინოვაციების 8 ჰაბი და ინოვაციების 50 ცენტრი.

 

წყარო:  http://www.economy.ge

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

სტუდია „ველოსიპედის“ შემეცნებითი პროექტები ქართველ ბავშვებს

დიდი ხანი არ არის, რაც ქართულ ონლაინსივრცეში გამოჩნდა სტუდია „ველოსიპედის“ მიერ შექნილი სახალისო და ამავე დროს, საგანმანათლებლო ხასიათის  საბავშვო ქართული ანიმაციები, რომლებმაც მოკლე დროშივე მოახერხა პატარა მაყურებლების გულის მოგება. სტუდია საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ანიმაციის სფეროს განვითარებაში და სხვადასხვა კულტურული აქტივობითაც ანებივრებს მაყურებელს, რის შესახებაც სტუდიის დამაარსებელს, მსახიობ – გიორგი მარშანიას გავესაუბრეთ.

„ველოსიპედი“ ქმნის შემეცნებითი ხასიათის ანიმაციებს სკოლამდელი და დაწყებითი კლასის საფეხურის ბავშვებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სივრცეში აქამდე უცხო იყო მსგავსი პერმანენტული და სრულყოფილი ანიმაციური პროექტი, რომელიც ჩაანაცვლებდა უცხოენოვან ანალოგებს,   „ქართულ სივრცეში აქამდე არ არსებობდა მსგავსი ტიპის ქართული ანიმაციები, რეალურად კი, ბავშვი ამ ასაკში ძალიან დიდ ინფორმაციას იღებს მულტფილმებიდან და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მისთვის განათლების მისაღებად სწორედ ანიმაციაა, ზემოთხსენებულ პირობებში კი ხშირად ხდება, რომ ბავშვებმა თუნდაც ფერების ცნობა იციან, მაგალითად, ინგლისურ ენაზე, თუმცა არა ქართულად და ა.შ. სწორედ ამ პრობლემამ განაპირობა სტუდიის შექმნის აუცილებლობაც,“-აღნიშნავს გიორგი.

სტუდიის ხელმძღვანელი სწორედ გიორგი გახლავთ, მაგრამ მასთან ერთად გუნდს ქმნის რამდენიმე აქტიური და საქმის პროფესიონალი ახალგაზრდა, მათ შორის მხატვრები კემო და გიორგი გაგლოშვილი, თამარ ზარქუა და ილუსტრატორი – რუსკა ყვავაძე,  პროექტების მენეჯერი კი, ირაკლი ნადირაძეა.

გიორგი ანიმაციით ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როცა სამსახიობო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო და მეგობრებთან ერთად დაწერა სრულმეტაჟიანი მულტფილმის სცენარი, მას შემდეგ კი მუდმივად ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება დაეგროვებინა აღნიშნულ სფეროში. მის ცდას უკვალოდ არ ჩაუვლია და დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მისი გუნდი საკმაოდ წარმატებულ ნაბიჯებს დგამს საკუთარ სფეროში, ამჟამად, უკვე სრულყოფილი სტუდიისა და ტექნიკის წყალობით, გვთავაზობს სასიამოვნო, სახალისო პროექტებს.

სტუდიის სავიზიტო ბარათი გახდა ბავშვების საყვარელი ანიმაციური სერიები ჟირაფ ჟოზეს მონაწილეობით, რომლისთვისაც სპეციალურად იქმნება სახალისო სიმღერები, მათი ავტორი გახლავთ ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ ხელმძღვანელი – რეზო ბლიაძე. თუმცა, აღნიშნულ სერიებამდეც, სტუდია აქტიურად ქმნიდა სხვადასხვა პროდუქტს, მათ ეკუთვნით ცნობილი ქართული ფილმების პაროდიულ ვერსიები, ასევე საბავშვო ანიმაცია – „დათუნია დრუნჩა“, რომლის პროექტის განვითარება კინოცენტრში გამარჯვებით შეძლეს და ასევე, „იცოდე შენი ქვეყნის ისტორია“ – რომელიც აერთიანებდა ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილ, ინფორმაციული ხასიათის 5 ანიმაციას.

საინტერესოა, თვითონ სტუდიის სახელწოდებაც, გარდა იმისა, რომ ველოსიპედი ბავშვებისთვის საყვარელი გასართობია და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა, როგორც გიორგი აღნიშნავს, მას გარკვეული დატვირთვაც აქვს -,,მისი მთავარი სიმბოლური დატვირთვა არის მოძრაობა. არსებობს გამოთქმა, რომ ველოსიპედი ჰგავს ცხოვრებას,  თუ გინდა რომ არ წაიქცე, მუდმივად წინ უნდა იარო. ჩვენი სტუდიაც ამ პრინციპით ხელმძღვანელობს და ვფიქრობ, კარგადაც გამოგვდის, რადგან დასაწყისიდან დღემდე ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს“.

აღსანიშნავია, რომ სტუდიის წევრები პერიოდულად სტუმრობენ საბავშვო ბაღებსა და გასართობ ცენტრებს, ამ გზით  ისინი ცდილობენ „ჟოზეს“ პატარა მაყურებელს პირადად გააცნონ ანიმაციის არსი და თვითონაც გულითადად ითვალისწინებენ მათ ბავშვურ შენიშვნებს.  მეტწილად, ამ პროექტსაც საგანმანათლებლო დატვირთვა აქვს, რადგან ბავშვებმა, როგორც წესი, არ იციან როგორ იქმნება მათი საყვარელი ანიმაციები – ,,ბუნებრივია, ყველა ბავშვს უყვარს ხატვა, მაგრამ კომპიუტერის მეშვეობით პროგრამულად ნახატის შექმნა მათთვის უცხოა, ან თუკი იციან, ეს ცოდნა თეორიულია და ჩვენ მათ ვუჩვენებთ ამ ყველაფრის პრაქტიკულ მხარეს, რის შემდეგაც, თავადაც ერთვებიან ანიმაციის შექმნის პროცესში, რაც დამერწმუნებით, მეტად საინტერესო და სახალისოა“.

სტუდიის საქმიანობას  მათ Facebookგვერდზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი, დაინტერესებულ პირებს კი ვთავაზობთ სტუდია „ველოსიპედის“ ერთ-ერთ ანიმაციას, სახელწოდებით „მხიარული მათემატიკა“:

 

 

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკომუნიკაცია

მსოფლიოში პირველი მობილური ტელეფონი 1 კგ-ზე მეტს იწონიდა

 1973 წლის 3 აპრილს ,,MOTOROLA”-ს მობილური კავშირის განყოფილების დირექტორმა – მარტინ კუპერმა – მანჰეტენზე სეირნობისას ფიჭური ტელეფონით დარეკვა გადაწყვიტა. 
,,მოტოროლამ” 15 მილიონი დოლარი გადამყვანი ტელეფონის შემუშავებას დაახარჯა, პროტოტიპი მალევე შეიქმნა და ის 1 კილოგრამს იწონიდა, ზომით კი საკმაოდ დიდი იყო. აშკარა იყო, რომ მისი გაუმჯობესება აუცილებლობას წარმოადგენდა, ეს კი მარტივი ამბავი არ იყო, ,,მოტოროლას” უნდა დაემტკიცებინა, თუ რატომ იყო ეს ყველაფერი საჭირო.

კომპანიამ ეს შეძლო და უკვე 1983 წლის 6 მარტს მობილური  ტელეფონების სერიული რაოდენობა გამოვიდა. წონაც შედარებით ნორმალური – 0,5 კგ იყო, ფასი კი – 3 500 დოლარი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიატექნოლოგიები

პირველი კომპიუტერი, რომელიც მთელ ოთახს იკავებდა

პირველი კომპიუტერის შექმის იდეა 1940 წელს გაჩნდა, თუმცა 1945 წელს შეესხა ხორცი, როდესაც ფიზიკოსებმა – ჯონ ეკერტმა და ჯონ მოუჩიმ ENIAC-ი  შექმნეს.

ეს იყო უზარმაზარი ,,ყუთი”, რომელიც მთელ ოთახს იკავებდა და მხოლოდ არითმეტიკული გამოთვლების შესრულება შეეძლო. შეიძლება ითქვას, რომ ეს უზარმაზარი ნივთი სრულიად უსარგებლოც იყო, ელექტროენერგიის დიდ რაოდენობას კი მოითხოვდა, იმდენს, რაც ერთ დიდ ქარხანასაც კი ეყოფოდა.

 

შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კალკულატორი პრევერსია.

ბუნებრივია, დროთა განმავლობაში, კომპიუტერმა განვითარებას მიაღწია, თან ისეთს, რომ ალბათ მისი გამომგონებლები ასეთ შედეგს ვერ წარმოიდგენდნენ.

.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეკონომიკა

როგორი იქნება საკრედიტო ბარათების მომავალი?

 

 ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, მთელი განვითარებული სამყაროს საკრედიტო ბარათების ბაზარი ე.წ უძრაობის ფაზაში იმყოფება. მათი აზრით, ძირითადი და ყველაზე მარტივი მიზეზი, რაც აღნიშნული ბაზრის შემდგომ განვითარებასა და ზრდას საგრძნობლად აფერხებს – საკრედიტო ბარათების ჭარბი რაოდენობაა.

მსოფლიოს მსხვილმა ფინანსურმა ორგანიზაციებმა არ დააყოვნეს და, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ახალი, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება დაიწყეს. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ ახალი პროდუქტის უმრავლესობა ე.წ კოალიციური პროექტების შედეგად შეიქმნა. ამ პროექტებში მონაწილეობდნენ ფინანსური და სავაჭრო ორგანიზაციები, მობილური ოპერატორები, ტექნოლოგიების მწარმოებლები და სხვები.

დღეს განვითარებულ ქვეყნებში ნაღდი ფულით განხორციელებული გადახდების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. თანამედროვე საზოგადოებაში, ნაღდი ფულის მიმოქცევიდან თანდათანობით „ამოღებასთან“ ერთად, ფინანსური ორგანიზაციები მომხმარებელს გადახდის სულ უფრო მეტ ახალ ტექნოლოგიას სთავაზობენ, მათ შორის, გადახდას რადიოსიხშირის ჩიპისა და ელექტრონული დისპლეის მქონე საკრედიტო ბარათების, მობილური ტელეფონისა თუ მუსიკალური iPod–ის მეშვეობით.

ბოლო ერთი წლის მანძილზე ევროპასა და აშშ–ში ახალი ტიპის საკრედიტო ბარათების მრავალი პრეზენტაცია მოეწყო.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიები

რუსეთმა კიბერიარაღი შექმნა, რომელსაც ელექტროსისტემების განადგურება შეუძლია

აშშ-ის მკვლევარები აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე ჰაკერებმა შეიმუშავეს კიბერიარაღი, რომელსაც აქვს პოტენციალი, გაანადგუროს ელექტროსისტემები, რომელზეც ამერიკელების ყოველდღიური ცხოვრებაა დამოკიდებული.

როგორც ცნობილია, მავნეპროგრამა CrashOverride-ს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ენერეგოსისტემა აქვს განადგურებული – უკრაინაში, დეკემბერში. ამ ინციდენტის დროს ჰაკერებმა კიევში წარმოებული ელექტროენერგიის ერთიმეხუთედი დახურეს.

Dragos- ის (კიბერფირმა, რომელმაცშეისწავლა მავნე პროგრამა) საფრთხის დაზვერვის დირექტორმა – სერგეი კალტაგირონმა ორშაბათს განაცხადა, რომ მოდიფიკაციების საშუალებით CrashOverride -ი შესაძლოა აშშ-ის ელექტროგადამცემი და სადისტრიბუციო სისტემების წინააღმდეგ გამოიყენონ.

მკვლევარები აცხადებენ, რომ რუსეთის მთავრობის ჰაკერებმა უკვე გამოიჩინეს ინტერესი აშშ-ის ენერგეტიკული და სხვა კომუნალური სისტემების მიმართ. ,,ეს გახლავთ კულმინაცია ათწლეულის განმავლობაში გაჩენილი თეორიისა და თავდასხმის სცენარებისა. ეს არის თამაშის ჩეინჯერი,” – განაცხადა კალტაგირონმა.

აშშ-ის მთავრობა იძიებს რუსეთის ხელისუფლების ფართომასშტაბიან, ამბიციურ მცდელობას, ხელი შეეშალა  შარშან გამართული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ზეგავლენა მოეხდინა მის შედეგებზე.

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს კამპანია სხვადასხვა მეთოდს იყენებდა, მათ შორის, ასობით პოლიტიკურ და სხვა ორგანიზაციაზე ჰაკერული თავდასხმების განხორციელებას.

Dragos- მა დაასახელა ჯგუფი, რომელმაც მავნე პროგრამა შექმნა და დარწმუნებით განაცხადა, რომ Electrum-ი იმავე კომპიუტერულ სისტემას იყენებდა, რასაც ჰაკერები, რომლებიც თავს დაესხნენ უკრაინულ ელექტრობადეს 2015 წელს. ზოგიერთი ამერიკელი მკვლევარი აცხადებს, რომ თავდასხმა, რომლის შედეგადაც  225,000 მომხმარებელი ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩა, რუსეთის მთავრობის ჰაკერების მიერ იყო განხორციელებული.

„იმავე რუსულმა ჯგუფმა, რომლის სამიზნეც 2014 წელს აშშ-ის ინდუსტრიული კონტროლის სისტემები იყო, უკრაინაში 2015 წელს გათიშა ელექტროენერგია,“ – განაცხადა კიბერ დაზვერვის ფირმის -iSight Partners-ის დაზვერვის ანალიზის დირექტორმა – ჯონ ჰალთქუისთმა. მისი ინფორმაციით, ჰაკერების ეს ჯგუფი Sandworm-ი იყო. „დარწმუნებული ვართ Sandworm-ი დაკავშირებული არის რუსეთის ხელისუფლებასთან – თუმცა დანამდვილებით არ ვიცით, ისინი კონტაქტორები არიან თუ მთავრობის ოფიციალური პირები. მიგვაჩნია, რომ ისინი უსაფრთხოების სამსახურებთან არიან დაკავშირებული,“ – განაცხადა ჰალთქუისთმა.

Sandworm-ი და Electrum-ი შესაძლოა ორი განსხვავებული ჯგუფი იყოს, რომლებიც ერთი ორგნიზაციის ფარგლებში მოქმედებენ. „სასამართლო მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ ისინი დაკავშირებული არიან ერთმანეთთან, განაცხადა რობერტ ლიიმ, Dragos-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, თეორიულად შესაძლებელია, რომ CrashOverride-ი გარდაიქმნას ისეთ პროგრამად, რომელიც სხვა სახის სამრეწველო კონტროლის სისტემებზეც, როგორიცაა, წყალი და გაზი, განახორციელებს შეტევას.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობასაქართველო

საქართველოში ვერტიკალური პარკირების სისტემა მალე ამოქმედდება

საქართველოში პარკინგის პრობლემა კვლავაც მოუგვარებელი რჩება, მანქანების რიცხვი მუდმივად იზრდება, ავტოპარკი ქალაქში ვეღარ ეტევა, შესაბამისად, საჭიროა ისეთი ღონისძიების გატარება, რომელიც აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს. სტარტაპი  – „ავტომობილების პარკირება ვერტიკალურ სივრცეში“ –  სულ მალე ამოქმედდება. „დოქტრინა“ ესაუბრა სტარტაპის ერთ-ერთ ინიციატორს, შპს „რევერსის“ დირექტორს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ მალხაზ ცისკარიშვილს.

-საიდან გაჩნდა სტარტაპის იდეა?

-ეს პრობლემა დღეს მეტად აქტუალური გახდა, თუმცა მე ჯერ კიდევ  30 წლის წინ მინდოდა, შემექმნა პარკირების სისტემა. მე და სერგო ჯორბენაძემ ერთობლივად დავიწყეთ მუშაობა, რათა განხორციელებულიყო აღნიშნული იდეა. მას შემდეგ, რაც პატენტი მივიღეთ, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ნახაზები და მივსულიყავით ვაგონმშენებელ ქარხანაში, სადაც დაგვეხმარნენ კონსტრუქტორები. ნახევარწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ მივიღეთ საცდელი ნიმუში, ახლა უკვე ვმუშაობთ დეტალებზე, რათა გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ სხვადასხვა დეტალი.

სმარტპარკინგის სისტემებს ვაკეთებთ ელექტროვაგონმშენებელ კომპანიაში, ჰოლდინგის მეპატრონის – ბადრი წილოსანისა და გენერალური დირექტორის – გურამ რატიანის თანადგომითა და ქარხნის ადმინისტრაციის ხელშეწყობით.

-როგორ ზემოქმედებას ახდენს გაჩერებული ავტომობილები  ქუჩების გამტარუნარიანობაზე?

-ქუჩაში გაჩერებული ავტომობილები ამცირებენ ისედაც ვიწრო ქუჩის გამტარუნარიანობას, ქმნიან ხელოვნურ საცობებს, რის გამოც ავტომობილები მთელი დროის განმავლობაში მუშაობენ დაუმყარებულ რეჟიმზე, რაც:

ა) ორჯერ ზრდის საწვავის ხარჯს.

ბ) ოთხჯერ ზრდის გამობოლქვილ აირებში ტოქსიკურ (მომწამლავ) ნივთიერებებს.

გ) ავტომობილების თავშეყრის ადგილებში, პიკის საათებში, შვიდჯერ იზრდება ჰაერის დანაგვიანება. აქ იგულისხმება მძიმე მეტალების (ტყვია, ქრომი, ფოსფორი, ბრომი) მტვრიანობა, ჭვარტლი და სხვა მექანიკური მინარევები.

დ) ხშირია ავტომობილების გარე ნაწილების მცირე დაზიანებები. მაგალითად, მანევრირებისას ვერ ჩაეტია რადიუსში და გაუსვა; წამოედო და სარკე მოტეხა.

ე) გახშირებულია ამ ფონზე კონფლიქტები, უსიამოვნებები, გაუთვალისწინებელი ხარჯები და სხვა.

ავტომობილის დაუმყარებელ რეჟიმზე მუშაობისას გამონაბოლქვი აირები შეიცავს 200-ზე მეტ სხვადასხვა მომწამლავი ნივთიერების მინარევებს, რის გამოც დიდ ქალაქებში გაზრდილია სასუნთქი გზებისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები. საქართველოს არცერთი ქალაქის ქუჩა არ არის გათვლილი დღეისთვის არსებული რაოდენობის ავტომობილების გასატარებლად. განსაკუთრებით დიდია პრობლემაა თბილისში. ქუჩების უმრავლესობა გასული საუკუნის შუა პერიოდშია ფორმირებული, როცა პერსპექტიული გეგმარებითაც კი შეუძლებელი იყო ავტომობილების ამ რაოდენობის წარმოდგენა. ცნობისათვის, 1980–იანი წლებისთვის საქარველოში აღირიცხებოდა სულ 320000 ავტომობილი, დღეს მარტო თბილისში მოძრაობს 540.000-მდე ავტომობილი, ხოლო საქართველოში საერთო რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. ავტომობილების ეს რაოდენობა ერთ საათში მოიხმარს იმდენივე ჟანგბადს, რასაც მოიხმარდა 100 მილიონი ადამიანი ერთ წელიწადში. პრობლემა მეტად სერიოზულია და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას.

-რა გამოსავალს ხედავთ აღნიშნული რთული მდგომარეობიდან?

-ერთადერთი გამოსავალი ავტომობილების მოქნილი პარკირების ანუ სმარტპარკინგის სისტემის დანერგვაშია. სმარტპარკინგი ავტომობილების ისეთ პარკირებას გულისხმობს, რომელიც:

  • არ არის სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილიდან შორს.
  • პარკირებისთვის არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას.
  • არ იკავებს დიდ ფართობს.
  • არის ადვილად ასაწყობი და დასაშლელი.
  • ზრდის ფართობის დატვირთვის კოეფიციენტს.

-რამხელა ადგილს იკავებს კონსტრუქცია?

-ასეთი ტიპის ავტოფარეხები მიწის ზედაპირზე იკავებებს მცირე ადგილს, დაახლოებით 20–30 კვ.მეტრს. ამ ფართობის მოძებნა ქალაქის ნებისმიერ გადატვირთულ უბანში შეიძლება. ფართობის დატვირთვის კოეფიციენტი 5–ზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ იმავე ფართზე 5–ჯერ მეტი ავტომობილის განთავსება შეგვიძლია. რაც იმის გარანტია იქნება, რომ 5–ჯერ გათავისუფლდება ქუჩები და ეზოები. ვფიქრობთ, რომ სმარტპარკინგები აუცილებელი  ატრიბუტია ჰიპერმარკეტებისათვის, ბაზრებისათვის, რესტორნებისათვის (განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრში), საავადმყოფოებთან, უნივერსიტეტებთან და მერიასთან. მისი ყველაზე დიდი უპირატესობა შემდეგია:

  1. ადვილად იშლება და იწყობა.
  2.  იკავებს მცირე ადგილს.
  3.  მოსახერხებელია სამუშაო ადგილთან მიმართებაში.
  4.  ავტომობილის პარკირება მთლიანად ავტომატიზებულია.
  5.  მაღალია ტექნიკური საიმედობა.
  6.  აქვს მსუბუქი კონსტრუქცია და სასიამოვნო დიზაინი.
  7.  საჭიროებს სულ 30 კვ.მეტრს.
  8.  იაფი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ავტომფლობელისთვის.

ავტომობილების პარკირების არსებული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით ჩვენი სამეცნიერო ჯგუფის მიერ შემუშავებული და დაპატენტებულია სმარტპარკინგის რამდენიმე ვარიანტი, ფაქტობრივად, სრულყოფილად მოვიცავთ თბილისის რელიეფს.

სმარტპარკინგის სისტემა არის ვერტიკალურ ავტოფარეხების სასიცოცხლო გარემო. ჩვენ ამ ტიპის ავტოფარეხები წარმოვადგინეთ სამ ვარიანტში:

  • ვერტიკალური-მიწისზედა.
  • ვერტიკალური-მიწისქვეშა.
  • ვერტიკალურ-ჰორიზონტალური.

-როდის გამოჩნდება ვერტიკალური საპარკინგზე კონსტრუქციები ქალაქში?

-უკვე 20-მდე შეკვეთა გვაქვს, ამჟამად პასუხს ველით მერიისგან. როგორც კი აღნიშნული დეტალები დასრულდება, დავიწყებთ კონსტრუქციების დამონტაჟებას. ჩემი ოცნებაა სამეცნიერო-საკონსტრუქტორო ბიუროს გაკეთება და ქვეყნის სამანქანათმშენებლო მრეწველობის აღორძინება, გვაქვს ბევრი გამოგონება და, ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია, ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა, თუკი, რასაკვირველია, მოგვცემენ ამის შესაძლებლობას.

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოტექნოლოგიები

პირველი ქართული ელექტრონული ფოსტა შეიქმნა

  რამდენიმე დღეა რაც საქართველოში პირველი ელექტრონული ფოსტა შეიქმნა. იდეა კომპანია „Branduus-ს“ ეკუთვნის, რომელიც სულ მალე აამოქმედებს  სასტუმროს ნომრების ონლაინდაჯავშნის სრულყოფილ სისტემას, იქამდე კი, მომხმარებელთა თხოვნით  გადაწვიტა შეექმნათ პირველი ქართული ელექტრონული ფოსტა. წამოწყების შესახებ “Branduus-ის“ მთავარ გაყიდვების მენეჯერს – თორნიკე თურმანიძეს გავესაუბრეთ.

საქართველოში ამ დრომდე  არ არსებობდა ელექტრონული ფოსტა რომელსაც ერქმეოდა ქართული ელ-ფოსტა, სწორედ ამიტომ ოპანია ,,Branduus-მა“ გადაწყვიტა საკუთარი ფინანსებით შეექმნა აღნიშნული ვებგვერდი. „ქართული ელ-ფოსტის შემნისას მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ იგი ყოფილიყო არა რომელიმე ნებისმიერი სხვა ელ-ფოსტის ანალოგი, არამედ უკეთესი. მე ვფიქრობ საკმაოდ კარგი და საინტერესო ელ-ფოსტა მივიღეთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მომხმარებელზეა…“ – აღნიშნავს თორნიკე.

ქართულ ელექტრონულ ფოსტაზე მსურველებს ძალიან მარტივად შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია  და ისარგებლონ დახვეწილი, სწრაფი სისიტემით, რომელიც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით ხასიათდება, ეს ყველაფერი კი, როგორც თორნიკე აღნიშნავს, საკმაოდ მარტივი სამართავია – „მინდა გითხრათ, რომ ქართულ ელ-ფოსტას თავისი მახასიათებლებით შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოში მოქმედი წარმატებული კომპანიების მიერ შექმნილ ნებისმიერ ელ-ფოსტას. მასში შეხვდებით ფუნქციებს, რომლებიც ნამდვილად ყველასთვის პრაქტიკულია, მაშინ როცა სხვა ანალოგებს ბევრი ისეთი ფუნქცია აქვთ, რომლებსაც არც კი ვიყენებთ“.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საიტი საშუალებას გაძლევთ ისარგვებლოთ 10 GB-მდე მეხსიერებით თქვენი ფაილების შესანახად. ვებგვერდის გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერით, ისევე სმარტფონის მეშვეობით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანია „Branduus-ის” სამუშაო პროფილი განსხვავდება აღნიშნული სიახლისგან, მაგრამ ეთუზიასტმა გუნდმა გადაწყვიტა შეექმნა ისეთი რამ, რისი საჭიროებაც ქვეყანაში ნამდვილად არსებობდა და ამით ეცადა წვლილი შეეტანა ქართულ სივრცეში ყველანაირი ქართული პროდუქციის დამკვიდრებაში.  სულ მალე კი, კომპანია შემოგვთავაზებს ონლაინპლატფორმას, რომლის ძირითადი სფერო შეეხება სასტუმრო ნომრების ონლაინჯავშნებს, თუმცა ვებგვერდზე ასევე განთავსდება საინტერესო ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობის შესახებ, რაც გუნდის აზრით, ჩვენს ქვეყანას ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. ჩვენი გუნდი წარმატებებს უსურვებს „Branduus-ს“ და დაინტერესებულ პირებს გთავაზობთ ქართული ელექტრონული ფოსტის მისამართს, იხ აქ. ( https://branduus.ge/ )

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინასაქართველო

საქართველოში „ონლაინ კლინიკამ“ დაიწყო ფუნქციონირება

საქართველოში ინოვაციური სამედიცინო პლატფორმა შეიქმნა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ კონსულტაცია პროფესიონალი ექიმებისგან და უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართების შემთხვევაში ისარგებლოთ გარკვეული ფასდაკლებითაც. სტარტაპის შესახებ კომპანიის დირექტორი – გიორგი ჩიქოვანი გაგვესაუბრა.

ონლაინკლინიკის შექმნის იდეა 2016 წელს არჩილ შველიძეს გაუჩნდა და გადაწყვიტა ,,სტარტაპ საქართველოში“ მიეღო მონაწილეობა. კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა, რაც როგორც გიორგი აღნიშნავს, საკმაოდ რთული და ამავე დროს, საინტერესოც იყო. პროექტში სულ 700-მდე აპლიკანტი მონაწილეობდა, რომელთაგანაც შეირჩა 35 გამარჯვებული პროექტი, მათ შორის ერთ-ერთია ,,ონლაინ კლინიკაც“.

„ონლაინ კლინიკა“ არის თანამედროვე ადამიანის ყველაზე მოსახერხებელი სივრცე ინტერნეტში, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სახლიდან გაუსვლელად გააკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა. მსურველებს, მთელი კვირის განმავლობაში, 24 საათის მანძილზე, შეუძლიათ, სატელეფონო ზარის ან სკაიპის საშუალებით, მიიღონ ონლაინკონსულტაცია ლიცენზირებული და პრაქტიკოსი ექიმებისგან.

კლინიკის ექიმებისთვის შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მათ მუდმივი წვდომა აქვთ ბაზებთან და გასცემენ  ელექტრონულ მიმართვებსა და რეცეპტებს. „ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმები საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს შესაბამის პროვაიდერ კლინიკაშიც გადაამისამართებენ, სადაც მათ 10-40%-მდე ფასდაკლებით მოემსახურებიან. ამგვარად, პლატფორმა საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ თქვენი დრო და ფინანსები,“ – აღნიშნავს გიორგი.

ამჟამად ონლაინკლინიკას სამი ტიპის პაკეტი აქვს, რომელთა ღირებულება სურვილისამებრ 12 დან 25 ლარამდე მერყეობს. მომხმარებელს ჯერჯერობით გინეკოლოგის, თერაპევტისა (ოჯახის ექიმი) და პედიატრის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ, მაგრამ უახლოეს მომავალში დაემატება ფსიქოლოგის მომსახურებაც.

საქართველოში „ონლაინ კლინიკას“ ანალოგი არ აქვს, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში კი მსგავსი კლინიკები უკვე დიდი ხანია წარმატებით ფუნქციონირებს. თუმცა, ქართული ონლაინკლინიკის მთავარი მიზანია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს კვალიფიციურ და პროფესიონალურ ექიმთან კონტაქტი და შესაბამისად, მის მიერ არჩეული პროფილი განსხვავდება სხვა ქვეყნების ფინანსური პოლიტიკისგან.

იდეის ავტორები სამომავლოდ გეგმავენ პლატფორმის განვითარებას, უკვე დაგეგმილია მასშტაბური პროექტი, რომელზე ინტენსიური მუშაობაც უკვე დაიწყეს და სავარუდოდ 4 თვეში შემოგვთავაზებენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული დეტალები არ ხმაურდება.

დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობთ კლინიკის ონლაინმისამართს:

onlineclinic.ge

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
1 69 70 71 72 73 88
Page 71 of 88