close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართული პლატფორმა, სადაც სასურველი ნივთების გაჩუქებასა და უსასყიდლოდ მიღებას შეძლებთ

15 მაისს დაიწყო ფუნქციონირება ინოვაციურმა ქართულმა ვებგევრდმა –,,Fulwish.com-ი“, ის საშუალებას გვაძლევს გავაჩუქოთ ნივთები, რომლებიც აღარ გვესაჭიროება და მსგავსადვე, თავადაც შევძლოთ სხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული ნივთებიდან სასურველის შერჩევა. პლატფორმა საკმაოდ ორიგინალურია და მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება, მის შესახებ იდეის ერთ-ერთ ავტორს -გიორგი გოგუაძეს გავესაუბრეთ.

ალბათ ყველას გვაქვს ნივთები, რომლებსაც აღარ ვიყენებთ, მაგრამ გადასაყრელად გვენანება და გულმოდგინედ ვინახავთ თვალისგან დამალულ ადგილას, მაშინ როცა შესაძლოა ისინი სხვისთვის ძალიან სასურველიც კი აღმოჩნდეს.„Fulwish.com-ი” ინგლისურენოვანია და მომავალში გაცილებით უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ვებგვერდის გამოყენება ძალიან მარტივია – თქვენ უღებთ ფოტოს ნივთს, რომლის გაცემაც გსურთ და ტვირთავთ ვებგვერდზე, მსურველები კი მარტივად გიკავშირდებიან და თანხმდებით შეხვედრის დროსა და ადგილზე. ასევე, სურვილის შემთხვევაში თავადაც შეგიძლიათ სხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული ნივთებიდან შეარჩიოთ სასურველი, მისწეროთ მფლობელს და დაელოდოთ გამოხმაურებას.

იდეის ავტორები გიორგი გოგუაძე და გიგა მეხრიშვილი არიან, როგორც გიორგი აღნიშნავს, კარგი იდეები ყველას მოგვდის, მთავარია გაგვაჩნდეს საიმისო გამბედაობა, რომ იდეა რეალობად ვაქციოთ – ,,ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს პროექტი გაამართლებდა, რამდენიმე საგრანტო პროგრამაშიც მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა უშედეგოდ, მაგრამ ჩვენ იმდენად ბევრ დადებით რაღაცას ვხედავდით ამ საქმეში, რომ ვარჩიეთ მაინც გაგვერისკა და ჩვენი დრო, ენერგია და ფული ამ საქმისთვის მოგვეხმარა“.

საიტი, უპირველეს ყოვლისა, საშუალებას მოგცემთ გამოემშვიდობოთ წარსულსა და ისეთ ნივთებს, რომლებიც აღარ გჭირდებათ და  ტყუილად იკავებს ადგილს არა მარტო თქვენს საცხოვრებელში, არამედ თქვენს გონებაშიც კი.  ამავე დროს, სასიამოვნოა, როცა შესაძლებელია ამ მარტივი ქცევით სხვას ბედნიერება მიანიჭო, მაგრამ მხოლოდ ეს როდია, მეგობრების იდეას გაცილებით უფრო დიდი პრობლემაც დაედო საფუძვლად.

გლობალურად, რომ შევხედოთ მსოფლიოში, 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ეს რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. შესაბამისად, ამდენი წარმოება და ჭარბი მოხმარება, ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას. ,,ვცდებით თუ გვგონია, რომ თუ, მაგალითად, ამაზონის ტყე იჩეხება, ეს ჩვენთვის ზიანის მომტანი არ არის, ვცდებით, რადგან დედამიწაზე ყველაფერი ურთიეთდაკავშირებულია და ჟანგბადის 20% სწორედ ტროპიკული ტყეებიდან მოდის. ჩვენ მიერ გადაგდებული ნაგვით კი ოკეანეები იწამლება. პროდუქციის ჭარბად მოხმარების შედეგად ათასობით ტონა ქიმიკატი ჩაედინება მდინარეებში. ვფიქრობ, რომ ჩვენი, როგორც კაცობრიობის, ვალია უფრო გააზრებულად ვიცხოვროთ. უფრო გააზრებულად ცხოვრება კი,  ნიშნავს რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და უაზრო მომხმარებლობის სინდრომისგან თავის დაღწევას. ამასთან ერთად, ეს მოტივაციას გვაძლევს დავფიქრდეთ, როცა რამეს ვყიდულობთ, მართლა გვჭირდება ეს ნივთი თუ ლამაზი რეკლამით ვართ გაბრუებული ან უბრალოდ მოგვწონს,“ -აღნიშნავს გიორგი.

აღსანიშნავია, რომ საიტს უცხოერი ანალოგი არ აქვს, მეგობრებმა მოიძიეს ინფორმაცია მსგავსი პლატფორმების შესახებ, რომლებიც რამდენამდე მიახლოებული არიან ,,Fulwish.com-თან“, თუმცა საბოლოო ჯამში ვერცერთმა მათგანმა ვერ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები, მათ სურდათ, რომ ვებგვერდი მაქსიმალურად მარტივი და გასაგები ყოფილიყო, ზედმეტი ინფორმაციისა და ვიზუალური დატვირთვის გარეშე, რასაც მიაღწიეს კიდევაც. სამომავლოდ პლატფორმა კიდევ უფრო დაიხვეწება და მეგობრებს იმედი აქვთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოუერთდება მათ სახალისო და ძალიან პრაქტიკულ ინიციატივას.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკა

დუბაიში მუშაობას რობოტი პოლიციელები იწყებენ

 

დუბაის ღირშესანიშნაობებს მალე რობოტი პოლიციელები შეემატება. პირველი რობოკოპი მუშაობას მაისში დაიწყებს, 2030 წლამდე კი საემიროს საპოლიციო ძალების 25 პროცენტი რობოტიზებული იქნება.

დუბაის პოლიციის პირველი რობოტი წევრი, ესპანურ კომპანია „PAL რობოტიქსის“ მიერ შექმნილი რობოტი ჰუმანოიდი – REEM-ი – გახდება. ის 2011 წელს შეიქმნა, როგორც მომსახურების რობოტი, რომელიც სხვადასხვა სამუშაოსთვის გამოდგება. ის ბორბლებიანი პლატფორმით გადაადგილდება და წარმოადგენს საინფორმაციო მაღალტექნოლოგიურ მანქანას, რომელიც აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებში, მუზეუმებსა და ჰოსპიტალებში, მომხმარებლებს საჭირო ინფორმაციას აწვდის.

რობოტისთვის საპოლიციო ფუნქციების მისანიჭებლად, „PAL რობოტიქსს“ კონსულტაციებს დუბაის პოლიცია უწევდა. ადაპტირებული ვერსია გასული წლის ბოლოსთვის მზად იყო. ,,CNN-თან” საუბრისას საპოლიციო რობოტების პროექტის შეფმა, ხალიდ ნასერ ალრაზუქიმ განაცხადა, რომ რობოკოპი თავიდან მუშაობას სავაჭრო ცენტრებში და ტურისტულ ატრაქციონებზე დაიწყებს. შემდგომ ეტაპზე კი მას საპოლიციო უბნებშიც „დაასაქმებენ“, სადაც მიმღების ფუნქცია დაეკისრება.

მოქალაქეებს რობოტ პოლიციელთან ჯარიმების გადახდის საშუალება ექნებათ. გარდა ამისა, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება ძარცვაზე და სხვა არასამრთლებრივ ქმედებაზე პოლიციაში განაცხადების შეტანა. რა თქმა უნდა, რობოტი ფორმალობებსაც თავად შეასრულებს და საჭირო საბუთებსაც შეავსებს, რის შემდეგაც მათ უბანს დისტანციურად გადაუგზავნის.

2020 წელს დუბაის პოლიციაში მუშაობას მობილური რობოტები დაიწყებენ. სავარაუდოდ, ეს „ექსპო 2020 დუბაის“ გახსნამდე მოხდება. უფრო მოგვიანებით, ქალაქში პირველი, სრულად რობოტიზებული საპოლიციო უბანი დაიწყებს მუშაობას. მას მთლიანად რობოტები გააკონტროლებენ. ოღონდ, რობოტ პოლიციელებს ჯერჯერობით არ დაეკისრებათ ეჭვმიტანილების დაკავება. ამ საქმისთვის, უფრო განვითარებული რობოტების შექმნა იქნება საჭირო, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სისტემებით და კარგად განვითარებული კიდურებით აღიჭურვებიან.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

,,Ford-ი” პირველ უკაბელო პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას 2016 წლის ავტომობილებში იყენებს

Ford Motor Co- მა პარასკევს განაცხადა, რომ უკაბელო პროგრამული უზრუნველყოფის განახლება 2016 წლის ავტომობილებში გამოიყენა.

კომპანიის ინფორმაციით, Sync 3-ით აღჭურვილ 2016 წლის ავტომობილებს Android Auto-სა და Apple CarPlay- ს უკაბელო პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით დაამატებს.

Sync 3-ის უახლესი განახლება, Ford- ის ინტერაქტიული სენსორული სისტემა, Wi-Fi-ს გამოყენებით  უკაბელო განახლებით განხორციელდება.

უკაბელო სისტემა პირველად 2015 წელს Tesla Inc- მა გამოიყენა. ამის შემდეგ კი ტრადიციულმა ავტომწარმოებლებმა ნელ-ნელა დაიწყეს ახალი ტექნოლოგიის დანერგვას.

დღემდე ავტომწარმოებლებს უკაბელო სისტემა უსაფრთხოების სისტემებისთვის არ გამოუყენებიათ.

კლიენტებს ასევე შეუძლიათ მიიღონ განახლება თავიანთი დილერებისა და USB დრაივის ტრადიციული საშუალებების გამოყენებით, განაცხადა Ford-მა.

Android Auto და Apple CarPlay Alphabet’s Google-ის და Apple Inc-ის ოპერაციული სისტემებია, რომლებიც მძღოლებს საშუალებას აძლევს თავიანთი სმარტფონები   მანქანების ტორპედოს შეუერთონ.

გარდა იმისა, რომ მომხმარებლებისთვის უფრო მოსახერხებელია, OTA ხელს უწყობს დანახარჯების შემცირებას, ვინაიდან საგარანტიო სარემონტო საკითხებისა და მისი გაუქმების ძირითადი პროცენტის  შესწორება OTA-ს საშულებითაა შესაძლებელი.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოტექნოლოგიები

,,VRZ Torment-ი” – ქართული თამაში საერთაშორისო სადისტრიბუციო პლატფორმაზეა

 

“VRZ:Torment-ი“ ქართული თამაშია ვირტუალურ რეალობაში, რომელიც ცოტა ხნის წინ თამაშების საერთაშორისო სადისტრიბუციო პლატფორმაზე –,,Steam-ზეც“ გახდა ხელმისაწვდომი  და დღეს უკვე საკმაოდ ბევრი ერთგული მოთამაშე ჰყავს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ჩვენ აღნიშნული VRთამაშის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელსა და დირექტორს – ირაკლი ქოქრაშვილს გავესაუბრეთ.

კომპანიამ ,,VRZ Torment-ზე“ მუშაობა გასულ წელს დაიწყო და თავდაპირველად მხოლოდ სამუშაოთი გადაღლილი გუნდის წევრების განტვირთვის საშუალებას წარმოადგენდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თამაში საკმაოდ სახალისო გამოდგა, გადაწყვიტეს თამაშების მსოფლიოში ყველაზე დიდი სადისტრიბუციო პლატფორმისთვის შეეთავაზებინათ, დადებითმა პასუხმაც არ დააყოვნა და მალე მისი შეძენა ,,Steam-ზეც“ გახდა ხელმისაწვდომი.

თამაში არის ე.წ. Sandbox-ის ტიპის და მასში მთავარია არა მიზანი, არამედ თუ რა გზით მიაღწევს მოთამაშე მიზნამდე, როგორც ირაკლი აღნიშნავს, ინტერნეტში უკვე მრავალი ვიდეოა გავრცელებული იმის შესახებ, თუ როგორ გადიან VRZ-ს მოთამაშეები და მათ მიერ შერჩეული პრობლემის გადაწყვეტის ხერხი  მაინც ყოველთვის საინტერესოა.

ტრადიციულად, თამაშის მიმდინარე ვერსიაშიც წარმოდგენლია ე.წ. გეიმერებისთვის საყვარელი 20-მდე სახეობის კლასიკური თუ სხვა ტიპის საბრძოლო იარაღი. მოთამაშეს შეუძლია მოწინააღმდეგე გაყინოს ან სახიფათო ზონაში მიიტყუოს სპეციალური ბიოლოგიური ყუმბარის გამოყენებით. აგრეთვე, ჩვეულებრივი “Story“ რეჟიმის გარდა VRZ-ში არის ე.წ. არკადა რეჟიმიც, სადაც მოთამაშემ მაქსიმალურად დიდხანს უნდა გაუძლოს მოწინააღმდეგეების შემოტევებს. ასევე, მასში განთავსებულია იარაღების პოლიგონიც, სადაც შესაძლებელია იარაღების დატესტვა და ისეთი მინითამაშების თამაში, როგორიცაა, მაგალითად, იხვებზე ნადირობა.

ვირტუალური რეალობის თამაშებში დღემდე პრობლემად რჩება ე.წ. ლოკომოუშენი, რაც გულისხმობს ვირტუალურ სამყაროში დიდ მანძილზე გადაადგილებას, იმ ვითარებაში, როცა რეალურად ადგილზე ვდგავართ ან შეზღუდულ არეალში გვიწევს მოძრაობა, გუნდმა ამ შემთხვევაშიც საკუთარი გზა აირჩია აღნიშნავს ირაკლი – ,,ჩვენი თამაში მხარს უჭერს ლოკომოუშენის 6 სხვადასხვა მეთოდს, ყველაზე გავრცელებული „ტელეპორტის“ მეთოდიდან დაწყებული, ჩვენ მიერ გამოგონილი ,,Click-n-point-ის“ მეთოდით დასრულებული, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ მეთოდის საშუალებით მოთამაშეს შეუძლია მიუთითოს მიმართულება და ვირტუალური პერსონაჟიც მოთამაშის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ნელი და თანაბარი ტემპით გადაადგილდება მიზნისაკენ, რაც განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ მიუჩვეველია ვირტუალურ რეალობაში თამაშს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მომხმარებელი ამ მეთოდის VR-ის ლოკომოუშენის სტანდარტად დანერგვასაც კი ითხოვდა“.

,,VRZ:Torment-მდე“ კომპანიამ შექმნა რამდენიმე არაკომერციული, თუმცა საკმაოდ წარმატებული VRპროექტი, მაგალითად, წლინახევრის წინ გუნდმა მონაწილეობა მიიღო ,,Leap Motion-ის“ 3D Jam-ში, სადაც მსოფლიოს 1900-ზე მეტი დეველოპერი და სტუდია მონაწილეობდა, მათ აქ მეორე ადგილი მოიპოვეს თამაშით – ,,Warlock VR-ი”, მოგვიანებით კი, ამ თამაშის ქსელური ვერსიაც გაავრცელეს სახელწოდებით – “Warlock Battle“.

გუნდი ასევე ქმნის მობილურ თამაშებსაც და მათ უკვე აქვთ  30-ზე მეტი მსგავსი ფორმატის თამაშის ვერსიაც, მაგალითად, მათი ერთ-ერთი უახლესი მობილური და PCთამაშია –  “Pixel Fury 3D“, რომელსაც უკვე ჰყავს მილიონობით მომხმარებელი.  მაგრამ მათი პროდუქტი, ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოს ფარგლებს გარეთ უფროა ცნობილი, ვიდრე საქართველოში და კომერციული თვალსაზრისითაც უცხოური ბაზარი უფროა აქტიური ვიდრე ჩვენი, ირაკლი არსებული მდგომარეობის შესახებაც გვესაუბრა –,,ჯერჯერობით მსოფლიოშიც სულ 10 მილიონამდე მომხმარებელია, რომელსაც პირადად გააჩნია VRმოწყობილობები, რაც გაცილებით უმნიშვნელო რაოდენობაა PC და Console-ის მომხმარებლებთან შედარებით. ამიტომ, ძირითადი კომერციული შემოსავალი VRთამაშების მწარმოებლებისთვის არის ,,VR Arcade-ის“ ცენტრები, რომლებიც სოკოებივით მრავლდება აზიაში, ევროპასა და ამერიკაში. ჩვენდა სასიხარულოდ, საქართველოშიც ბოლო წლებში უკვე გაიხსნა რამდენიმე მსგავსი ტიპის დაწესებულება, მათ შორისაა  – ,,VR House-იც“.

საქართველოში VRთამაშის სფეროში კონკურენცია ნაკლებადაა, რადგან თამაშების 99% საერთაშორისო ბაზრისთვის იქმნება, თუმცა ქართული თამაშების ინდუსტრიის ყველაზე დიდი პრობლემად ირაკლი კვალიფიციური კადრების დეფიციტს ასახელებს და იმედოვნებს, რომ მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ შეიცვლება.

დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ თამაშის ოფიციალურ ტრეილერს:

 

 

 

თამაშის საიტი:

http://www.vrzgame.com

თამაშის ბმული Steam-ზე:

http://store.steampowered.com/app/484350/VRZ_Torment

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

მფრინავი ავტომობილი ავტოშოუზე გამოჩნდა

საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიები საერთო პროექტებზე იშვიათად მუშაობენ და როცა მათ საერთო ინტერესები უჩნდებათ, მათი ერთობლივი ქმნილება გაოცებას იწვევს. სწორედ ამის თქმა შეიძლება იტალიურ კომპანიაიტალდიზაინისადა ევროპულ აეროკოსმოსურ კონსორციუმეარბასისერთობლივ კონცეპტუალურ პროექტზე, სახელადპოპ.აპ“ (Pop.Up), რომელიც მათ ჟენევის მოტორშოუზე წარადგინეს.

აპარატი იმითაა საინტერესო, რომ გადაადგილებას შეუძლია როგორც ჰაერში, ასევე გზაზე. ამისთვის მას აქვს ორი ელექტრული ამძრავი მოდული და ერთიც სამგზავრო კაფსულა. აპარატის მთავარი ნაწილი არის სამგზავრო კაფსულა, რომელიც ორ ადამიანზეა გათვლილი. ის კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. კაფსულის სიგრძე 2.6 მეტრია, სიგანე 1.4 მეტრი, სიმაღლე კი – 1.5 მეტრი.

ფრენის მოდული დრონის ტიპის კვადროკოპტერია, რომელსაც ოთხი წყვილი პროპელერი აქვს. თითო წყვილში ხრახნები საპირისპირო მიმართულებით ბრუნავენ. საჰაერო მოდული კაბინას სახურავით იმაგრებს და ვერტიკალურად აფრენის უნარი გააჩნია. საგზაო მოდული წარმოადგენს ელექტრულ პლატფორმას, რომელზეც კაბინა ძირით მაგრდება. საფრენი და საგზაო მოდულები ელემენტების საკუთარი ბლოკებითაა აღჭურვილი.

კაბინა აღჭურვილია მგზავრებთან კავშირის ციფრული სისტემით, რომელიც აპარატის განსხვავებულ რეჟიმებს თავად ირჩევს. მთავარია მის პროგრამაში დანიშნულების ადგილის შეყვანა. ის თავად განსაზღვრავს ოპტიმალურ მარშრუტს, გადაწყვეტს ჰაერით მგზავრობა სჯობს, თუ გზით და შესაბამის მოდულს „გამოიძახებს“. მასთან მიმაგრებაც ავტომატურად ხდება. ის მოდული კი, რომელიც საჭირო არაა, თავად დაუბრუნდება სადგომს, სადაც თავისი ელემენტების დამუხტვას გააგრძელებს.„პოპ.აპ-ის“ აგებულება იმის საშუალებას იძლევა, რომ საგზაო და საფრენი მოდულები, სხვადასხვა კაბინებმა გამოიყენონ. ისინი ქარშეარინგის პრინციპით იმუშავებენ.

მარშრუტის შედგენისას კი ითვალისწინებენ გზებზე არსებულ სიტუაციას, ამინდს და სხვა ინფორმაციას, რომლებსაც სხვა მსგავსი აპარატებისგან ღებულობენ.საგზაო მოდული ორი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 80 ცხენის ძალაა. 15-წუთიანი დამუხტვა საკმარისია იმისათვის, რომ მისი მეშვეობით, 130 კილომეტრი გაიაროთ. მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-ია. საჰაერო მოდულის ძრავების ჯამური სიმძლავრე 182 ცხენის ძალას აღწევს. მისი ელემენტების ბლოკიც 15 წუთში იმუხტება, რაც 100 კილომეტრის სიშორეზე საფრენად არის საკმარისი.გამოფენაზე პროექტის ავტორებს არაფერი უთქვამთ იმაზე, აპირებენ თუ არა „პოპ.აპ-ის“ წარმოებას. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს და საშუალოვადიან პერსპექტივაში, მსგავსი მფრინავი მანქანის ბაზარზე გამოჩენა მოსალოდნელი არ არის.

 

წყარო: Bpn.ge

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიასაქართველო

სტარტაპი „თრიფექსი“ და ,,ბია” ბორჯომის ტყის აღსადგენად

დროთა განმავლობაში ადამიანის ბუნებრივი გარემო გარდაიქმნა, ეს შეუქცევად პროცესად იქცა და კვლავაც გრძელდება. მწვავე პრობლემად რჩება ტყეების გაკაფვა, რომლის შედეგადაც ირღვევა ეკოსისტემები, ნადგურდება ქარსაცავი ზონები და, ზოგადად, ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი. ეს, ჩვეულებრივ, წინაპირობაა როგორც სტიქიური უბედურებებისა, აგრეთვე, სხვადასხვა უარყოფითი ფაქტორის გამოწვევისა. ატმოსფერული დაბინძურების მთავარი „შემოქმედნი“, როგორც წესი,  ადამიანები არიან. ჯანსაღი ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად მათი გაერთიანება და ტყის ხელოვნურად აღდგენა გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესია. სწორედ ამისთვის შეიქმნა სტარტაპი „თრიფექსი“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის გაერთიანებას უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. კომპანიის დამფუძნებლები არიან ბაჩო ხაჩიძე და ლაშა კვანტალიანი.

„თრიფექსი“ მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპია. როგორც ფიზიკურ პირებს, აგრეთვე, ბიზნესკომპანიებს შეუძლიათ შეიძინონ ხე სპეციალური აპლიკაციით. ფიზიკურ პირებს ეძლევათ საშუალება, რომ გაახარონ საყვარელი ადამიანები, დაარქვან ხეს სახელი, ხოლო კომპანიებისთვის არაჩვეულებრივი გზაა სოციალური პასუხისმგებლობის დასაფიქსირებლად. ხის ფასია 10 ლარი. შეკვეთის შემდეგ რეინჯერები დარგავენ ხეებს. აპლიკაციით შეგიძლიათ ნახოთ ხის გეოგრაფიული მდებარეობა, ფოტო და კოორდინატები, დააკვირდეთ როგორ იზრდება ხე, რამდენი ჟაგბადი გამოიმუშავა და რამდენი ნახშირორჟანგი შთანთქა.

„აღნიშნულ სტარტაპზე მუშაობა დავიწყეთ წელიწად-ნახევრის წინ. ამ პერიოდში კონცეფცია რამდენჯერმე შეიცვალა, დაიხვეწა და დღეს გვაქვს „თრიფექსი“ამ სახით. ეს არის გლობალური პროექტი და სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე ხეების დარგვას. ამჟამად დაწყებულია ბორჯომის ტერიტორიის სრული აღდგენა, ჩვენი პარტნიორები არიან ბიზნეს საინფორმაციიო სააგენტო (ბია) და ეროვნული სატყეო სააგენტო. უკვე დაირგო 25000-მდე ხე და ეს რიცხვი მზარდია. ჩართულია 150-მდე კომპანია. გვსურს, რომ მცირე დროში დავრგოთ 750000 ხე“ – აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი – ბაჩო ხაჩიძე.

ამ ეტაპზე კომპანიამ გადაწყვიტა, გააერთიანოს საზოგადოება ბორჯომის ტყის გადასარჩენად.  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა მაღალი ეკოლოგიური ღირებულების წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარული 950 ჰექტარი ტყის მასივი. კამპანიის მთავარი მიზანია, რომ სრულიად აღადგინოს ბორჯომის ტყე, ამისთვის კი თითოეული ადამიანის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. საზოგადოებას ხის დარგვა შეუძლია  ვებგვერდ aghadgine.ge-ის საშუალებით.

„როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის გლობალური პროექტი, შესაბამისად, გვინდა, რომ გავცდეთ საზღვრებს. სამომავლოდ გადავალთ ნიუ-იორკში, რათა განვავითაროთ კომპანია და ჩავრთოთ მეტი ადამიანი“ – აღნიშნავს ბაჩო ხაჩიძე.

რაც შეეხება ხის სახეობებს, ამ მიმართულებით ჩართულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. ამჟამად ბორჯომის ტერიტორიაზე ირგვება შემდეგი სახეობის ხეები: მაღალმთის მუხა, კავკასიური ფიჭვი, მაღალმთისა და მინდვრის ნეკერჩხლები. „დოქტრინა“ მოგიწოდებთ, რომ შეუერთდეთ აღნიშნულ პროექტს ბორჯომის ტყის გადასარჩენად.

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

მარკ ცუკერბერგი – ,,სმარტფონების ერა სრულდება”

მიმდინარე კვირას სანხოსეში გამართულ ,,Facebook-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მომავალი 10 წლის გეგმა გააცნო.

,,Business insider-ისცნობით, გეგმაზე მუშაობა კომპანიაში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

კონფერენციაზე მარკ ცუკერბერგმა უფრო დეტალურად განიხილა და გააორმაგა განვითარების 10-წლიანი გეგმის მიზნები, რომლის შესახებაც პირველად 2016 წელს ისაუბრა. პრეზენტაცია ძირითადად ასახავდა სოციალური ქსელის განვითარების სამ ეტაპს:

  1. ტექნოლოგიურ განვითარებას.

       2.პროდუქტის შექმნას, რომელიც დაეფუძნება ამ ტექნოლოგიებს.

  1. ამ ყველაფრისთვის სისტემური სახის მიცემას, სადაც დეველოპერებს და სხვადასხვა კომპანიას შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ ზემოხსენებული ტექნოლოგიები თავიანთი ბიზნესის შექმნისთვის.  

გეგმას საფუძვლად დაედო მოლოდინი, რომ 2026 წლისთვის მსოფლიოს მთელ მოსახლეობას ექნება წვდომა ინტერნეტთან, რაშიც მათ ,,ფეისბუკის” კიდევ ერთი ინტერნეტმომარაგების გლობალური პროექტი დაეხმარება.თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის დანერგვასაც ,,ფეისბუკი” აპირებს, არის ვირტუალური რეალობის სათვალე. მსგავსი გაჯეტი შექმნილია იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში დაიკავოს სმარტფონის, ტაბლეტის, ტელევიზორისა ან სხვა ნებისმიერი იმ მოწყობილობის ადგილი, რომელსაც მონიტორი აქვს.

ცუკერბერგის თქმით, ხელოვნური ინტელექტი იმდენად განვითარდება, რომ მომავალში, კომპიუტერებს ისევე მარტივად გავესაუბრებით, როგორც ახლა ჩვენს მეგობრებთან ვამყარებთ კომუნიკაციას.

გარდა ამისა, ვირტუალური სათვალის ტარებისას ყველას ექნება შესაძლებლობა დაბეჭდოს ტვინით ანუ რასაც გაიფიქრებს, ავტომატურად ტექსტად აქციოს. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი მეშვეობით, სოციალური ქსელების მომხმარებლებს შეეძლებათ ვირტუალურად ,,დრო გაატარონ” სხვა ადამიანებთან, რაც ამ ქსელების მოდელს საერთოდ ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შესაძლებლობა ამაღელვებლად ჟღერს, ის, თავის მხრივ, საკმაო საფრთხის ქვეშ აყენებს კლიენტის პირად მონაცემებს. ვინაიდან ,,ფეისბუკს” საშუალება ექნება გააკონტროლოს ყველაფერი, რასაც ის ისმენს, აკეთებს ან, თუნდაც, ფიქრობს.

როგორც ,,ფეისბუკის” დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია “,,culus -ის” მთავარი მეცნიერი – მაიკლ აბრაში – ამბობს, არათუ 10, არამედ 5 წელი დარჩა მანამდე, სანამ სათვალე მასობრივი მოხმარების პროდუქტად იქცევა.

 

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

iPhone 8-ის გამოშვების თარიღი უკვე ცნობილია

 

ახალი პროდუქტის გამოსვლა პირველი iPhone-ის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.

,,Apple-ის” ახალი სმარტფონი iPhone8 ბაზარზე სექტემბერში გამოჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ,,Express-ი” ავრცელებს.

ამასთან ერთად, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ეფლის“ პრობლემების გამო სმარტფონის გამოსვლა გადაიდება და სავარუდოდ, ოქტომბერში ან ნოემბერში გამოვა.

iPhone8-ის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა სხვადასხვა წყაროს ცნობით, ტელეფონს კიდეებში მოღუნული ეკრანი ექნება და მთლიანად მოიცავს წინა ნაწილს. ამასთან, ტელეფონის ჩარჩოს სისქე მხოლოდ 4 მილიმეტრი იქნება, საიდანაც 2.577 მილიმეტრს ეკრანის კიდეები დაიკავებს. ტელეფონის უკანა მხარეს, ორი კამერა ვერტიკალურად განლაგდება.

რაც შეეხება ფასს, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ახალი ტელეფონი ყველაზე ძვირი „I phone“ გახდება. მისი ფასი 1 000 დოლარზე მეტი იქნება. ერთ-ერთი წყარო, რომელიც iPhone8-ის ფასზე საუბრობს, Goldman Sachs-ია.

„ჩვენი მოლოდინით iPhone8-ს 128-გიგაბაიტანი და 256-გიგაბაიტანი მოდელები იქნება, რომლებიც შესაბამისად 999 დოლარი და 1 099 დოლარი ეღირება“, – განუცხადა Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა, სიმონა იანკოვსკიმ, “Business insider-ს“.

მიმდინარე წელს iPhone-ის წარმოების დაწყებიდან 10 წელი სრულდება. სტივ ჯობსმა პირველი „iPhone-i“ ბაზარზე 2007 წლის 9 იანვარს წარადგინა, კომპანიამ მისი გაყიდვა კი 29 ივნისს დაიწყო.

 

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

,,ჭკვიანი დაფა“ – სახალისო და შემეცნებითი პროექტი ქართველი ახალგაზრდებისგან

 

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია ,,EuHack-ის” ორგანიზებით აპრილში ,,პროფესიული განათლების ჰაკათონიჩატარადა, რომელშიც ორი მეგობრის საინტერესო და სახალისო პროექტმა ,,ჭკვიანმა დაფამგაიმარჯვა. პროექტის შესახებ იდეის ერთერთი ავტორსარჩილ გობეჯიშვილს გავესაუბრეთ.

,,ჭკვიანი დაფის“ იდეა არჩილ გობეჯიშვილსა და დავით კუჭუხიძეს ეკუთვნით. არჩილი 25 წლისაა და ამჟამად საფეხბურთო კლუბ ,,სიმბას“ მწვრთნელი და მენეჯერია, მან გასულ წელს ჩააბარა კოლეჯში ,,სპექტრი“, რათა მისთვის კიდევ ერთი საინტერესო სფერო – ხის დამუშავება შეესწავლა, ნახევარ წელიწადში კი უკვე შეძლო ნამუშევრები საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში,  ფართო საზოგადოებისთვის წარედგინა. კოლეჯმა, როგორც თავად აღნიშნა, დიდი პროფესიული განათლებასთან ერთად საკმაოდ საინტერესო ნაცნობობაც შესძინა, დავით კუჭუხიძემაც სწორედ ერთ-ერთი გადაცემიდან გაიცნო და დაუკავშირდა მას.  დავითი 35 წლისაა და პროფესიით 3Dსპეციალისტია, ასევე აქვს პატარა ლაბორატორია – ,,Artisan-ი”, სადაც ხის ულამაზეს ნივთებს – სათამაშოებს, სანათებსა და სუვენირებს ქმნის.

კოლეჯში სწავლის ბოლო პერიოდში არჩილმა გადაწყვიტა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პირველ პოფესიულ ჰაკათონში დავითთან ერთად მიეღო მონაწილეობა. ჰაკათონის პირველ ტურში გუნდმა ჟიურის დავითის მიერ შექმნილი 3Dგამოსახულებით გააცნო ,,ჭკვიანი დაფის“ იდეა და ფინალურ ეტაპზეც დამსახურებულად გადავიდა. შემდეგ, ილიაუნის ფაბლაბის დახმარებით, 24 დღის განმავლობაში შექმნეს პირველი პროტოტიპი, რომელმაც ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა და პირველი ადგილის მფლობელიც გახდა.

,,ჭკვიანი დაფა“ არის ერთგვარი სახალისო დაფა, რომელზეც პაზლის პრინციპით ეწყობა ხის სხვადასხვა ნატურალური ჯიშისგან დამზადებული საქართველოს გაერთიანებული რუკა, რუკა ჯამში 68 დეტალისგან შედგება და თითოეულ დეტალს აქვს საქართველოს კონკრეტული რაიონის  ფორმა. ხოლო, რელიეფური ფორმები მაქსიმალურად მიმსგავსებულია საქართველოს ფიზიკურ ლანდშაფტს. 68-ვე დეტალში ჩამონტაჟებულია მინიატურული მაგნიტი რაც საშუალებას გვაძლევს რუკა ავაწყოთ, როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში.

დაფის შექმნის იდეა კი მეგობრებს ჩვენივე რეალობაში არსებული პრობლემიდან  გამომდინარე გაუჩნდათ, არჩილმა აღნიშნა – ,,მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, სამწუხაროდ ბევრი ქართველი ყველა მხარეში არ არის ნამყოფი და საუბედუროდ ბევრმა ქართველმა საქართველოს კუთხეების ადგილმდებარეობაც არ იცის! რა თქმა უნდა, ყველას აქვს შესაძლებლობა დაინტერესების შემთხვევაში მოიძიოს და მიიღოს საჭირო ინფომაცია, თუმცა, ჩვენი მხიარული დაფა პროცესს ბევრად უფრო მიმზიდველსა და ეფექტურს ხდის“.

მხიარულ დაფას გააჩნია სპეციალურ მობილური ვებგვერდის დემოვერსია, რომელშიც მოთავსებულია ინფორმაცია საქართველოს რეგიონებზე, მათი ისტორია, გეოგრაფია, ფლორა და ფაუნა, სოფლის მეურნეობა,  ტურისტული მარშრუტები, კულტურული მემკვიდრეობა, არქეოლოგიური ძეგლები და ა.შ. ვებგვერდის მობილური ვერსია ბლუთუზის საშუალებით უკავშირდება დაფაზე დამონტაჟებულ დინამიკს, რომელიც ხმოვან რეჟიმში გვაწვდის ჩვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას.

ამ ეტაპზე პროტოტიპის დასახვეწად და საჭირო დანადგარების შესაძენად გუნდი დამატებითი გრანტებისა და დაფინანსების მოპოვებას ცდილობს, ამის შემდეგ კი, უკვე შესაძლებელი გახდება დაფის რეალიზება და ბაზარზე გატანა. აღსანიშნავია, რომ მეგობრები სამი ტიპის დაფის წარმოებას აპირებენ – შედარებით დაბალფასიანი დაფა განკუთვნილი იქნება ოჯახებისთვის, საშუალო ფასიანი და ძვირფასი კი სასწავლო დაწესებულებებისა თუ ტურისტული ცენტრებისთვის.

სამომავლოდ მეგობრები მხიარული დაფისვე პრინციპით აპირებენ მსოფლიოს კონტინენტების რუკების შექმნას და ასევე, დაფის მეშვეობით ეცდებიან იგავების და ზღაპრების პერსონაჟებიც გააცოცხლონ, არჩილმა აღნიშნა, რომ ,,დაფა ხმოვან რეჟიმში მოყვება პროფესიონალი მსახიობების მიერ გახმოვანებულ ზღაპარს და ბავშვებს საშუალება ექნებათ  საკუთარი ხელით ათამაშონ ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან დამზადებული ზღაპრის პერსონაჟები. ამასთანავე, სპეციალურად დაფისთვის დაიწერება ახალი ზღაპრები და შეიქმნება ახალი პერსონაჟები“

 

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

iPhone 8 ,,Apple-ის” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოდელი იქნება

 iPhone7-ის გამოშვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მომხმარებელი უკვე ელის ახალ მოდელს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ბევრი სიახლით იქნება გამორჩეული.

iPhone8-ის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა სხვადასხვა წყაროს ცნობით, ტელეფონს კიდეებში მოღუნული ეკრანი ექნება და მთლიანად მოიცავს წინა ნაწილს. ამასთან, ტელეფონის ჩარჩოს სისქე მხოლოდ 4 მილიმეტრი იქნება, საიდანაც 2.577 მილიმეტრს ეკრანის კიდეები დაიკავებს. ტელეფონის უკანა მხარეს, ორი კამერა ვერტიკალურად განლაგდება.

ტრადიციულად, ,,Apple-ი” უახლეს „iPhone-ებს“ ბაზარზე სექტემბრის პირველ ნახევარში წარადგენს ხოლმე, რაც კარგი დროა წინასაშობაო სავაჭრო სეზონისთვის. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად კომპანია ამ ტრადიციას დაარღვევს და ახალ „iPhone-ს“ უფრო ადრე გაგვაცნობს.. სავარაუდოდ, ეს ივნისში მოხდება. მაშინვე დაიწყება „iPhone 8“-ის წარმოება.

რაც შეეხება ფასს, ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ახალი ტელეფონი ყველაზე ძვირი „iPhone“ გახდება. მისი ფასი 1 000 დოლარზე მეტი იქნება. თუმცა, ამ ინფორმაციას ამერიკული კომპანია ჯერჯერობით არ ადასტურებს. იმავე წყაროს ცნობით, ,,Apple-ი” წელს სამი ტელეფონის გამოშვებას აპირებს. მათგან ერთი იქნება „iPhone 8“ 5.8-დუიმიანი ეკრანით, მეორე „iPhone 7S plus“ 5.5-დიუმიანი ეკრანით და „iPhone 7S“ 4.7-დიუმიანი ეკრანით. ამათგან მერვე მოდელს OLED (შუქდიოდური) ეკრანი ექნება. სწორედ ესაა მკვეთრად გაძვირების მიზეზი, რადგან ასეთი ეკრანი ორჯერ ძვირია LCD ეკრანებზე, როგორებსაც ,,Apple-ი” ამჟამად იყენებს. გაიზრდება ტელეფონის მეხსიერების მოცულობაც.

მიმდინარე წელს,,“iPhone-ის” წარმოების დაწყებიდან 10 წელი სრულდება. სტივ ჯობსმა პირველი „iPhone-ი“ ბაზარზე 2007 წლის 9 იანვარს წარადგინა, კომპანიამ მისი გაყიდვა კი 29 ივნისს დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ,,Apple-მა” ბევრი ტექნოლოგიური სიახლე მერვე „iPhone-ისთვის“ გადაინახა, რომლის პრემიერასაც პირველი „iPhone-ის“ გამოსვლიდან 10 წლის იუბილესთვის გეგმავს.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 71 72 73 74 75 88
Page 73 of 88