close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაცია

წყლიანი ბიოდეგრადირებადი ბურთები პლასტმასის ბოთლების ნაცვლად

ბუნებრივი ან არომატიზირებული წყლით სავსე მცირე გამჭვირვალე სფეროებმა შესაძლოა ლონდონში პლასტიკური ნარჩენების პრობლემა გადაჭრას.

ამის შესახებ ბრიტანეთის დედაქალაქში დაფუძნებული ის სტარტაპკომპანია იუწყება, რომელიც აღნიშნულ ბურთებს აწარმოებს.

ბიოდეგრადირებადი “Ooho“ ბურთები, რომელიც მომხმარებელს წყურვილის გრძნობას უკარგავს, სან-ფრანცისკოსა და ლონდონში ორიოდე დღის წინ წარადგინეს.

ბურთებს ჟელესმაგვარი გარსი აქვთ, რომელიც მცენარეული და ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტებისგანაა დამზადებული.

კომპანია ,,Skipping Rocks Lab-ის” ინფორმაციით, გამოუყენებელი გარსები 4-6 კვირაში იშლება და ქრება.

ლონდონის მუნიციპალური მთავრობის ინფორმაციით, მდინარე ტემზადან ერთი თვის განმავლობაში 4,000-მდე პლასტიკური ბოთლი ამოიღეს, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ბრიტანეთის დედაქალაქი, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთი ქალაქი თუ დედაქალაქი, პლასტიკური ბოთლებისგან გამოწვეული ნარჩენების მართვის სერიოზული პრობლემის წინაშე დგას.

„Ooho ყველა იმ თვისებას ვერ ჩაანაცვლებს, რაც პლასტიკურ ბოთლას აქვს, თუმცა მოკლევადიანი მოხმარებისთვის ის ნამდვილად გამოსავალია შექმნილ სიტუაციაში,“ –  განაცხადა კომპანია Skipping Rocks Lab-ის დამფუძნებელმა გარსია გონსალესმა.

ლონდონის საკრებულოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ “Ooho” წინ გადადგმული ნაბიჯია.

,,Skipping Rocks-მა” ,,Ooho-ს” შექმნას სამი წელი მოანდომა. კომპანია დღეში 2,000-მდე ბურთს აწარმოებს და იმედს გამოთქვამს, რომ ამ მონაცემებს უახლოეს მომავალში გაზრდის. იგეგმება პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გაზრდა და მემბრანის  რეზისტენტულობის გაუმჯობესება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
სამხედროსაქართველო

ქართველი სამხედრო ქალი, რომელმაც 2008 წლის ომის დროს რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არაერთი ქალი მსახურობს, ისინი ჩართულნი არიან ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ავღანეთის მისიებში, რამდენიმე, აგრეთვე, იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ერთ-ერთია – ზოია კურტანიძე – ამჟამად საჰაერო თავდაცვის ბრიგადის II საზენიტო-სარაკეტო ბატალიონის S-1-ის უფროსი. დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემია 2008 წლის ივნისში დაამთავრა და ახალბედა ოფიცერი აგვისტოში უკვე ომში აღმოჩნდა, 2008 წელს მუშაობდა IV ცალკეული საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის საბრძოლო მანქანის ინჟინერ-ოპერატორად. მისი თქმით, იმ დროს გაცნობიერებულიც არ ჰქონდა, რომ ომში იყო. დაიბადა გორში, სკოლა ხაშურში დაამთავრა. იმის გამო, რომ დედაქალაქში მუშაობდა, მამის გარდაცვალების შემდეგ, დედასთან ერთად თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. დედმამიშვილი არ ჰყავს. ორჯერ იყო მივლინებული ავღანეთში სამშვიდობო მისიით. ,,დოქტრინა” გთავაზობთ ინტერვიუს ზოია კურტანიძესთან:

-სამხედრო სამსახურში ქალის როლისა და ადგილის შესახებ თანამედროვე მსოფლიო მუდმივად დავობს. თქვენი აზრი ქალის სამხედრო სამსახურის შესახებ.

-ადამიანები მათი შესაძლებლობების მიხედვით ფასდებიან და არა სქესის გამო. მოსწონს თუ არა თანამედროვე მსოფლიოს, ქალის როლი თითქმის ყველა მიმართულებით იზრდება, შესაბამისად,  გარკვეული პროცენტულობა არმიაზეც მოდის. შესაშურად მიზანდასახული და პატრიოტი ქალბატონები მინახავს, დასანანია სტერეოტიპულმა შეხედულებებმა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მათზე, ვინც უკვე მსახურობს ან სურს ემსახუროს სამშობლოს.

-თქვენ შესახებ გვითხარით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას, ოჯახს, როცა გადაწყვიტეთ, რომ ჩამდგარიყავით ქვეყნის სამსახურში.

-სამხედრო აკადემიაში ჩაბარება რომ გადავწყვიტე, ყველაზე დიდი მხარდაჭერა მშობლებისაგან ვიგრძენი. გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაც თვითონვე მასწავლეს. უკვე 10 წელი ხდება, რაც სამხედრო სამსახურში ვარ, ჩემი გადაწყვეტილება კი ჯერ არ მინანია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იდეალურად იყო ან არის ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ჩემი შემართება ყველა სირთულეზე ძლიერი აღმოჩნდა. რაც შეეხება საზოგადოებას, მათი აზრი ორად გაიყო, იყვნენ ისინი, ვისაც ძალიან მოსწონდა ჩემი არჩეული გზა და ისინი, ვინც მიიჩნევდნენ, რომ  ქალის ადგილი ჯარში არ არის. ომის მერეც კი, როდესაც ჩემი საქმით ვთქვი სათქმელი, მაინც მიწევდა მეორე კატეგორიის ადამიანებთან კამათი. მერე გავიზარდე… ახლა აღარც დრო მაქვს და არც სურვილი, იმ ადამიანებთან დებატებში დავკარგო დრო, ვინც ვერ გადალახა სტერეოტიპები.

-ბოლო პერიოდში შეინიშნება ქალთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია სამხედრო სამსახურში, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

-ჩვენს ეპოქაში მამაკაცი და ქალი ყველა მიმართულებით თანაბრდება. გაჩნდა საქმიანობის სფეროები, სადაც ქალს და მამამაკაცს საქმის შესრულება თანაბარი წარმატებით შეუძლია, რიგ შემთხვევებში – ქალს უკეთესად. ეს ძირითადად დამოკიდებულია იმ პიროვნულ და პროფესიულ თვისებებზე, რასაც ესა თუ ის პროფესია მოითხოვს. მენტალიტეტი იცვლება. ქალებს სურთ მოსინჯონ ძალები ,,მამაკაცურ“ საქმეებში, რაც გენდერული თანასწორობის თანმდევი პროცესია.

-თუ იცით, როგორია დღევანდელი მდგომარეობა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ქალების როლთან მიმართებით?

-2014 წელს, ავღანეთში, ამერიკის არმიის ორ ქალ სამხედროს ვესაუბრებოდი, გამოცდილებას ვუზიარებდით ერთმანეთს. საუბარს ჩემი მეგობარი შემოესწრო, ხელი ჩამოართვა გოგოებს და ჩემზე უთხრა, იცით, 2008 წელს რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდოო… არასოდეს დამავიწყდება მათი გაოცებული სახეები, არ იჯერებდნენ, რომ საქართველოში ნებადართული იყო ქალებისთვის საბრძოლო ქვედანაყოფში, საბრძოლო პოზიციაზე მსახური და მით უმეტეს, ომში მონაწილეობა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ოფიცრებმა ჩემს ადგილას ყოფნა ინატრეს და თქვეს, რომ ამერიკამ მხოლოდ ბოლო წლებში დართო ქალებს ნება, ძალები მოსინჯონ საბრძოლო ქვედანაყოფებში. ევროპის ბევრ ქვეყანაშიც არის მსგავსი შეზღუდვები, ზოგან არ არის, მაგრამ ქალებს არ სურთ საბრძოლო თანამდებობების დაკავება. მაგალითად, საფრანგეთში სამხედრო ქალბატონთა მხოლოდ 1,7 პროცენტი მსახურობს ქვეით საბრძოლო თანამდებობებზე.

-როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა აქვთ ქალებს მამაკაცებთან შედარებით? მაგალითად, საუბრობენ მაღალგანვითარებულ ინტუიციასა და დაკვირვებულობაზე. ამბობენ, რომ ქალები არაჩვეულებრივი სნაიპერები არიან. 

-თუ შევადარებთ, მამაკაცს გაცილებით სწრაფი რეაქციის უნარი აქვს, ქალზე ფიზიკურად ძლიერია, ფოკუსირებული, შორი ხედვა აქვს, თუმცა ქალი უფრო უძლებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვებს, მისი ხედვა პერიფერიულია, შეუძლია გარემო 180 გრადუსზე მოიცვას, წვრილმანებისა და დეტალებისადმი ინტერესის წყალობით კი, ქალები მამაკაცებზე დაკვირვებულები არიან. რასაკვირველია, გამონაკლისები არსებობს ყველაფერში. და მაინც, სამხედრო სამსახურში მოტივაცია, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და პატრიოტიზმი ყველაზე დიდ უპირატესობად მიმაჩნია. ამ თვისებებს კი სქესი არ გააჩნია.

-მამაკაცებისა და ქალების ფიზიკური მომზადებისას, როგორც ცნობილია, ქალები 3-ჯერ უფრო ხშირად იღებენ ტრავმებს. ბევრის თქმით, ქალთა ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს მძიმე ფიზიკური დატვირთვა და სამხედრო წესი. თქვენი აზრი აღნიშნულ საკითხზე.

-ამ საკითხზე, ვფიქრობ, სტატისტიკა არ არსებობს. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, იყო ქალი სამხედრო, თუმცა, არცერთი სამხედრო სწავლება ან ფიზიკური დატვირთვა არ არის სულიერ სიმტკიცეზე ძლიერი.

-რამდენად ემხრობით ქალების სავალდებულო გაწვევას ჯარში? მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია.

-საზოგადოებას მომზადება სჭირდება. ვიდრე ქართველი დედები და მამები მიმართავენ სხვადასხვა ზომას, რათა ბიჭები არ გაუშვან ჯარში, რომ მოიხადონ ქვეყნის წინაშე ვალი, ქალების სავალდებულო გაწვევა ცოტა ნაადრევია ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის.

-რას ურჩევდით მას, ვისაც უნდა ამ მიმართულებით განვითარდეს? – ქართული სტერეოტიპული აზროვნების ფონზე, ამ ნაბიჯს, როგორც წესი, ვერ დგამენ.

-პრინციპულობა და მიზანსწრაფვა ანგრევს სტერეოტიპებს. იბრძოლეთ თქვენი მომავლისთვის!

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

,,ვოლგას” ახალი სიცოცხლე იწყება

ე.წ. კორტეჟის პროექტის მიხედვით, რუსეთის მაღალჩინოსნებისთვის ახალი წარმომადგენლობითი ავტომობილები შეიქმნება. საინტერესო ისაა, რომ მოკრძალებულ სედანებზე ,,გორკის” ქარხანა მუშაობს, რომელიც  იმის წინაპირობა უნდა იყოს, რომ ,,ვოლგას” ახალი სიცოცხლე იწყება.

წარმოდგენილი კონცეპტს  GAZ 5000 GL ეწოდება. პირველადი ესკიზების მიხედვით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ახალი ,,ვოლგა”.  სავარაუდოდ, ის 3,2 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიან ძრავას მიიღებს, რომლის სიმძლავრე 300 ცხენის ძალა იქნება.

არ არის გამორიცხული, რომ ჰიბრიდული ვერსიაც ვიხილოთ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

,,Garage48″ თბილისშია – 48-საათიანი მხიარულება ამბიციური და ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის

Garage48 თბილისშია – 48 საათიანი მხიარულება ამბიციური და ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის 21 აპრილს, 17:30 საათზე, სასტუმრო ,,რუმსში” სტარტს აიღებს და ,,Impact Hub Tbilisi-ში” გაგრძელდება 48-საათიანი ჰაკათონი, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტმენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს.

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირდა 100-მდე მონაწილე, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებენ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად. პროექტ ,,Garage48-ის” ადგილობრივი პარტნიორები არიან ,,Impact Hub Tbilisi”,,, თიბისი ბანკი” და ,,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო”. სამი გამარჯვებული გუნდი საჩუქრად მიიღებს ,,იმფაქთ ჰაბის” ერთთვიან ულიმიტო წევრობას და პრიზებს თიბისი ბანკისგან.

,,Garage48″ ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპკულტურის ხელშეწყობა, ასევე, ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.

დღის წესრიგი: პარასკევი (@Rooms Hotel) 17:30 – რეგისტრაცია, ნეთვორქინგი, ყავა 18:00 – მისასალმებელი სიტყვა 18:15 – იდეების წარდგენა (90 წამი თითო იდეა) 20:00 – შესვენება 20:15 – იდეების წარდგენა (გაგრძელება) 20:45 – გუნდების შექმნა, ყველა ირჩევს სასურველ იდეას 21:00 – გუნდების მუშაობა იწყება! შაბათი (@Impact Hub Tbilisi) 09:00 – ყავა და მსუბუქი საუზმე 10:00 – ჩექფოინთი #1 11:00 – მენტორების შემოვლა 13:00 – ლანჩი 14:00 – “როგორ ვესაუბროთ ინვესტორებს” – Yrjö Ojasaar, მეწარმე Startup Wise Guys 15:00 – მუშაობა გრძელდება 18:00 – ჩექფოინთი #2 & რეპეტიცია 19:00 – ვახშამი 20:00 – მუშაობა გრძელდება კვირა (@Impact Hub Tbilisi) 09:00 – ყავა და მსუბუქი საუზმე 10:00 – ჩექფოინთი #3 11:00 – Pitch drill სესია #1 13:00 – ლანჩი 14:00 – Pitch drill სესია #2 17:00 – ყავის შესვენება 17:30 – დასკვნითი ღონისძიება & LIVE სტრიმი 20:00 – ჟიურის მსჯელობა 20:30 – გამარჯვებულების გამოვლენა

კონტაქტი: ქეთევან ებანოიძე ტელ: 577425611 ელ.ფოსტა:ketevan.ebanoidze@impacthub.net მისამართი: ნინოშვილის №8, თბილისი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

,,ტესლამ” ბავშვებისთვის ახალი მანქანა გამოუშვა

,,ტესლამ” ახალი ავტომობილი – მოდელი S – წარმოადგინა, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის არის შექმნილი. ავტომობილი ელექტროძრავზეა და აღჭურვილია სინათლით, დამტენი მოწყობილობითა და ხმოვანი სისტემით. იგი 3-დან 8 წლის ასაკამდე ბავშვებისთვისაა შექმნილი, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 9კმ/სთ-ია.

ისევე, როგორც დიდი ზომის ავტომობილებს, ამ საბავშვო მოდელსაც შეუძლია უკუსვლით სიარული და აქვს განსხვავებული ფერთა პალიტრა. ის, როგორც წითელი და ლურჯი, ისე ვერცხლისფერი და შავი ფერისაა.

ავტომობილი მაღაზიებში მაისში გამოჩნდება და მისი ღირებულება 500$ იქნება.

 

წყარო: http://hbr.com/

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიო

პოლიციამ ციხეში პატიმრების აწყობილი კომპიუტერები აღმოაჩინა 

 ამერიკაში,ოჰაიოს შტატში, პატიმრებმა დემონტაჟისთვის განკუთვნილი კომპიუტერებით პერსონალურ კომპიუტერები ააწყვეს და სავარჯიშო ოთახის სხვენში დამალეს.

კომპიუტერები 2015 წელს აღმოაჩინეს, თუმცა საქმე მხოლოდ ახლახან გასაჯაროვდა.

გამომძიებლებმა კომპიუტერებში  პროგრამები, პორნოგრაფია და ნარკოტიკების მიღების შესახებ სტატიები აღმოაჩინეს.

კომპიუტერების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ციხის ITპერსონალმა ერთ-ერთი კონტრაქტორის ანგარიშზე ინტერნეტის მოხმარების უჩვეულო დონე გამოავლინა იმ დღეს, როცა ის საერთოდ არ მუშაობდა.

ერთ-ერთმა პატიმარმა, რომელიც კომპიუტერის აწყობაში მონაწილეობდა, პოლიციას უამბო, თუ როგორ გამოიყენეს კომპიუტერების ასაწყობად კომპიუტერული ნარჩენების გადასამუშაველ პროგრამის კუთვნილი პერსონალური კომპიუტერების კომპონენტები. შემდეგ კი ისინი ინტერნეტკავშირის მოწყობილობას შეუერთეს.

კომპიუტერებში უამრავი მონაცემი აღმოაჩინეს, მათ შორის პატიმრებისთვის გასაცემი საშვები, რაც მათ ციხის სხვადასხვა ნაწილში შეღწევის საშუალებას აძლევდათ.

ციხის ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

,,Holo” – ქართველი ახალგაზრდების ინოვაციური პროდუქტი რეკლამირებისათვის

 8 აპრილს ,,ტექნოპარკში” ჩატარდა ,,Microsoft-ის” მიერ ორგანიზებული ImagineCup-ის დემოდღე, რომელშიც მონაწილეობა ხუთმა სტარტაპერმა გუნდმა მიიღო. ერთერთი მათგანია – ,,Holo“, რომელიც სრულიად ინოვაციურ პროდუქტს ქმნის სერვისების რეკლამირებისთვის. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა იდეის ერთ-ერთ ავტორს – სანდრო ჯავახიშვილს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა სტარტაპის შესახებ.

გუნდი სამი წევრისგან შედგება, 19 წლის სანდრო ჯავახიშვილი და  20 წლის ნიკა ბერეკაშვილი სკოლის პერიოდიდან მეგობრობენ, გუნდის შედარებით ახალი წევრი კი  – 19 წლის შოთა ბაწაშვილია, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. სანდრო თავისუფალ დროს ელექტრონული მუსიკის შექმნით არის დაკავებული, ნიკა კი გრაფიკული დიზაინერია. მიუხედავად ასაკისა, შოთას დიდი გამოცდილება აქვს გაყიდვების მიმართულებით, რაც აუცილებელი აღმოჩნდა გუნდისთვისაც.

სტარტაპის შექმნის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ სანდროსა და ნიკას გაუჩნდათ,  ,,შექმნის დღიდან, ფაქტობრივად, ყოველ დღე „ჰოლოზე“ ვმუშაობთ, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ წარმატებული პროექტი იქნება. მუშაობის განმავლობაში არაერთი ექსპერიმენტი ჩავატარეთ ბიზნესმოდელიც არაერთხელ შევცვალეთ, საბოლოოდ კი,  გადავწყვიტეთ ჰოლოგრამა სარეკლამო ბაზარზე დაგვენერგა და ბოლო რამდენიმე თვეც ამას დავუთმეთ,“ – აღნიშნა სანდრომ.

გუნდი გეგმავს ქართულ ბაზარზე ახალი ტიპის აუთდორ სარეკლამო სისტემის დანერგვას, რომელიც სხვადასხვა კომპანიას ჰოლოგრამების (სივრცითი გამოსახულება) მეშვეობით საშუალებას მისცემს პროდუქტისა და სერვისების უფრო ეფექტური გზით რეკლამირება მოახდინონ ანუ ,,ჰოლო“ არის კომპანია, რომელიც,  მოწყობილობის შექმნის გზით, ნებისმიერ გრაფიკულ ვიზუალს სივრცულ გამოსახულებად გარდაქმნის. იხ.ვიდეო:

გუნდმა უკვე არაერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილოება, მათ შორისაა ბიზნესფორუმი, მეცნიერების და ინოვაციების თბილისის ფესტივალი, განათლების საერთაშორისო გამოფენა და სხვა, მათ  მოახერხეს რამდენიმე ადგილობრივი ინვესტორის დაინტერესებაც და ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამდენიმე მოლაპარაკება მათთან. თუმცა, სანამ აქამდე მივიდოდნენ გუნდის წევრებს მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ, რაზეც სანდრომ გულღიად ისაუბრა ,,ყველაზე დიდი პრობლემა რასაც ამ ერთი წლის განმავლობაში გადავაწყდით უნდობლობა იყო; ყოფილა შემთხვევები, როდესაც სწორედ ასაკიდან გამომდინარე გამოუცხადებიათ ჩვენთვის უნდობლობა. იყო მომენტებიც, როცა ტრადიციულ ქართულ დამოკიდებულებასაც ვაწყდებოდით – სიახლის, რისკის შიშს და ა.შ. ქართული სტარტაპგარემო თავისუფლად აძლევს ნებისმიერ სტარტაპერს იმის შესაძლებლობას, რომ იდეა განახორციელოს, თუკი ავტორს იდეის სჯერა და დათმობას არ აპირებს”.

ამ ეტაპზე გუნდი აქტიურად თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, კონკრეტულად ისინი არიან პრეაქსელერატორ ,,Zoomout”-ის წევრები და მათი მენტორების დახმარებით აგრძელებენ საქმიანობას. სამომავლოდ  გეგმებს კი რაც შეეხება, მათ დიდი სურვილი აქვთ ჰოლოგრამები არა მარტო ქართულ სარეკლამო სივრცეში დანერგონ, არამედ განავითარონ ტექნოლოგია და  სხვა სფეროებშიც შეიტანონ ის, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არის. ,,ამ ეტაპზე ჰოლოგრამა ტრენდული სფეროა მსოფლიოსთვის და ახლა ვითარდება. შესაბამისი ძალისხმევით გვინდა ამ განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანაც და დარწმუნებულები ვართ, რომ წარმატებას მივაღწევთ,“- აღნიშნა სანდრომ დასასრულს.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაცია

გახდება ,,Twitter-ი” ფასიანი?

 

„Twitter-ი “შესაძლოა ფასიანი გახდეს. კომპანიაში ფასიან პაკეტზე მუშაობენ, რომელიც ბიზნეს და სპეციალური დანიშნულების მომხმარებლებს მეტ შესაძლებლობებს შესთავაზებს. მომხმარებლები, რომლებიც „Twitter-ის” ექაუნთისთვის გადაიხდიან, ისარგებლებენ უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობებითა და პრივილეგიებით. გახდება თუ არა ,,Twitter-ის” ექაუნთი ფასიანი რიგითი მომხმარებლებისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

პრემიუმმომხმარებლის შეთავაზების დამატებამ, „Twitter–ს” შესაძლოა შემოსავლების ახალი, დიდი ნაკადები მოუტანოს. ბოლო პერიოდში სოციალური ქსელის მომხმარებლები ინტერესდებიან სხვადასხვა აპლიკაციით,  მათ შორის „Snapchat“-ით, თუმცა „Twitter“–ის სარეკლამო შემოსავლები შემცირებულია.

კომპანიამ ამ სიახლესთან დაკავშირებით, მომხმარებლების აზრი გამოიკვლია. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მუდმივად ახორციელებენ მომხმარებელთა აზრის კვლევას იმისთვის, რომ ქსელი პროფესიონალებისთვის უფრო კომფორტული და ღირებული გახდეს.

მეილში, რომელიც კომპანიამ შერჩეულ მომხმარებლებს გაუგზავნა, აღწერილია როგორ იმუშავებს ახალი ინსტრუმენტი. ,,პრემიუმინსტრუმენტების ნაკრები უზრუნველყოფს დამთვალიერებლების, პოსტების, შეტყობინებების, აქტიურობის სტატისტიკასა და ანალიტიკას, ასევე სხვა საჭირო შესაძლებლობის ერთ დაფაზე თავმოყრას”, – ნათქვამია მეილში.

 

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
რობოტექნიკა

იაპონია რობოტების დასაქმებას აგრძელებს

 

იაპონია აგრძელებს ექსპერიმენტებს რობოტებთან მიმართებით. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა Pepper-ის შესახებ, რომელიც ადამიანის შესახედაობის მქონე პირველი რობოტია. იგი ,,Aldebaran-მა” ,,SoftBank Mobile-სთვის” შექმნა. რობოტის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას აქვს უნარი გაარჩიოს ადამიანის ემოციები და მასზე რეაგირება მოახდინოს.

კომპანია ,,Softbank-ი” რობოტებს გამყიდველებად დაასაქმებს და ისინი მობილურ ტელეფონებს გაყიდიან. Pepper-ს ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა შეეძლება. კონსულტანტი კი მხოლოდ კონტრაქტის გასაფორმებლად იქნება საჭირო.  თავდაპირველად რობოტები 1-კვირიანი გამოსცდელი ვადით დასაქმდებიან. იმ შემთხვევაში კი, თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდება, ასეთი დამხმარეები ,,Softbank-ის” ყველა მაღაზიაში გამოჩნდებიან.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველოსოფლის მეურნეობა

ქართულ კომპანია ,,Bubblestack-ს” მოსავალი მხოლოდ წყლის ნაკადით მოჰყავს

 ,,Bubblestack-ი“არის ,,სტარტაპ საქართველოს” მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც წარმატებით გაიარა ბიზნესისთვის ყველაზე რთული – საწყისი ეტაპი, შექმნა რეალური პროტოტიპი და უკვე მზადაა ბაზარზე აქტიურად შესასვლელად.  გუნდმა შექმნა ჰიდროფონიკული სისტემა, რომელიც გულისხმობს მცენარეების გაზრდას ნიადაგის გარეშე, წყლის თხელ ნაკადში. ,,დოქტრინა“ დაინტერესდა საკითხით და გაესაუბრა იდეის ერთ-ერთ ავტორს –  ნიკა ჩხიკვიშვილს.

,,Bubblestack-ს” სამი დამფუძნებელი ჰყავს – ნიკა ჩხიკვიშვილი, ქეთი ხულუზაური და დათო გოქაძე.  ნიკასა და დათოს სამუშაო სფერო ინფორმაციულ ტექნოლოგიებს მოიცავს, ხოლო ქეთის – ბიზნესგანათლება და გამოცდილება აქვს. ნიკამ აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდი ქიმიითაც იყო დაინტერესებული, რამაც დიდად შეუწყო მას ხელი აღნიშნულ საქმეში.

            იდეა საქართველოსთვის საკმაოდ აქტუალური პრობლემიდან გამომდინარე გაჩნდა, ვინაიდან ჩვენს ბაზარზე ნაკლებადაა შესაძლებელი ახალდაკრეფილი  და პესტიციდებისგან თავისუფალი ხილ-ბოსტნეულის შეძენა, ,,ჩვენს აგრარულ სფეროს ძალიან სჭირება მაღალი ტექნოლოგიები – ძნელია, იმ ადამიანების ყურება, ვინც მთელი წელი შრომობს და ხუთწუთიანი სეტყვის გამო ყველაფერს კარგავს; შესაბამისად, სოფლის მეურნეობაში მუშაობა არავის უნდა, რადგან ეს არანორმალურ შრომასა და დაბალ შემოსავალთან ასოცირდება, არადა მსოფლიოს მოსახლეობა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ 2050 წლისთვის საჭირო იქნება არსებული საკვების წარმოების გაორმაგება, იმისთვის რომ 9 მილიარდი ადამიანის საკვებზე მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს,“ -აღნიშნა ნიკამ.

საერთოდ, ჰიდროფონიკა ნიშნავს მცენარეების გაზრდას ნიადაგის გარეშე, წყალში, რომელშიც  მცენარისათვის საჭირო მინერალებია გახსნილი. ამ მეთოდით მოსავალის მოყვანა შეიძლება ყველგან,  მთაშიც, უდაბნოშიც და კოსმოსშიც, თანაც წელიწადის ნებისმიერ დროს. დღეს განვითარებულ ქვეყნებში ყველაფერი, რისი მოყვანაც ჰიდროფონულად მომგებიანია ღია გრუნტზე ფაქტობრივად აღარ მოჰყავთ (სალათის ფურცელი, მწვანილი, კიტრი, პომიდორი, მარწყვი და ასე შემდეგ), რადგან ამ მეთოდს 90%-ით ნაკლები წყალი, 10-ჯერ ნაკლები ფართობი სჭირდება და არ საჭიროებს პესტიციდებს. მაგალითად, ისრაელი, რომელიც ჩვენზე პატარა ქვეყანაა და, ფაქტობრივად, უნაყოფო ნიადაგით გამოირჩევა, ამ მეთოდის შედეგად არამხოლოდ საკუთარ ბაზარს, არამედ სხვა ქვეყნებსაც ამარაგებს.

როგორც ჩანს, ჰიდროფონიკული მეურნეობის მართვა ავტომატიზაციის გარეშე, ძალიან რთულია, რადგან ის ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის კარგ ცოდნას საჭიროებს და ორმოცამდე პარამეტრის, იქნება ეს მარილიანობა, მჟავიანობა, ჟანგვა-აღდგენის პოტენციალი, ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და სხვა მრავალი,  უწყვეტ რეჟიმში მართვას მოითხოვს, ამასთანავე, მცენარის ზრდაც სხვადასხვა ფაზაში სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს. ამიტომაც გუნდმა შექმნა ავტომატიზაცია, რომელიც მცენარის ჩარგვიდან მოსავლის აღებამდე მიმდინარე პროცესებს ავტომატურად მართავს და მისი დახმარებით ჰიდროფონიკული მეურნეობის მართვას შეძლებს ყველა, ისინიც კი, ვისაც სოფლის მეურნეობაში არავითარი გამოცდილება არ აქვთ.

აღნიშნული მეთოდი, ეკოლოგიურ უპირატესობებთან ერთად, მომგებიანიცაა, რადგან იდეალური პირობების გამო მცენარეები სწრაფად იზრდება და თან მთელი წლის განმავლობაშია მოსავლის აღება შესაძლებელი,  როგორც ნიკამ ხაზი გაუსვა, ამ მეთოდით, მაგალითად, სალათის ფურცლის მოსავალი წელიწადში 15-ჯერ მიიღება, რადგან 1 მოსავალს მხოოდ 21-24 დღე სჭირდება.

ამ ეტაპზე გუნდს აქვს ლაბორატორია, სადაც პროტოტიპი შეიქმნა და დაიტესტა, ახლა კი მის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს, ,,ძალიან გვინდა ურბანული ფარმინგის განვითარება, რაც დიდ ქალაქებში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროფონიკული მეურნეობების შექმნას გულისხმობს, რათა უმაღლესი ხარისხის, პესტიციდების გარეშე მოყვანილი პროდუქტი მოკრეფვის დღესვე განთავსდეს სუპერმარკეტებში, რაც გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება მომხმარებლისთვის“ -აღნიშნა ნიკამ დასასრულს.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 76 77 78 79 80 88
Page 78 of 88