close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციასაქართველო

,,SignOut-ი“- დასაქმების ახალი პლატფორმა ქართველი ახალგაზრდებისგან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 11-12 მარტს ჩატარდა ,,Weekend Accelerator-ი“, სადაც ახალგაზრდებმა შეზღუდულ დროში მოახდინეს ინოვაციური ბიზნეს იდეების გენერირება და პრეზენტაცია. პროექტის გამარჯვებული გუნდი გახდა, Signoutსტარტაპი, რომელიც ქმნის ინოვაციურ დასაქმების პლატფორმას. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა იდეის ერთ-ერთ ავტორს – დავით  რუტკაუსკასს, რომელმაც ისაუბრა მათი წამოწყებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

პროექტ ,,SignOut-ის” იდეის ავტორები გახლავთ დავით რუტკაუსკასი და ნინი ზენაიშვილი, ორივე მათგანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ნინი ამჟამად მუშაობს პროექტზე ,,Sadari”, რომელიც გახლავთ საძიებო-სანავიგაციო მობილური აპლიკაცია და პარალელურად Anti Gaming Studio-შიც ახორციელებს კომპიუტერულ თამაშს. მათი  გუნდი Signout-ის სახელით უკვე რამდნეიმე მეიქათონსა და სტარტაპკვირეულზე გამოვიდა, ამჟამად კი, მუშაობს საკმაოდ თემატურ და აქტუალურ პრობლემაზე, რომელიც სტუდენტების დასაქმებას ეხება და არა მარტო სტუდენტების.

პროექტი ,,SingOut-ი” ერთ-ერთი მეიქათონის დროს ჩამოყალიბდა  და მასზე მუშაობა ჯერაც არ დამთავრებულა და ჩამოყალიბების ეტაპზეა.  როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტი განსაკუთრებით სტუდენტების დასაქმებას ეხება, რაზეც დავითმა ,,დოქტრინასთან“ ინტერვიუშიც ისაუბრა ,,უპირველეს ყოვლისა, პროექტი აერთიანებს სამ სხვადასხვა იდეას, რომლებიც ჩვენი, როგორც სტუდენტების, ყოველდღიური პრობლემებიდან წამოვიდა. მთავარი პრობლება არის ზუსტად ის, რომ სტუდენტები ხშირად ვერ ახერხებენ სამუშაო და სასწავლო დროის ერთმანეთთან შეთავსებას, რის გამოც უწევთ ან ლექციების გაცდენა, ან სამუშაოზე უარის თქმა, ამიტომაც გვინდა შევქმნათ პლატფორმა, სადაც განთავსდება განცხადებები დროებითი სამუშაოების შესახებ, ეს იქნება პლატფორმა, მსგავსი ფრილანსერისა სადაც  მსურველს შესაძლებლობა ექნება იხილოს ყველა სახის რეალური ვაკანსია, რომელიც შესაძლოა ეხებოდეს სულაც ძაღლის გასეირნებას ან ნებისმიერი სახის დახმარებას, რომლისთვისაც  დამქირავებლები მზად არიან თანხა გადაიხადონ“.

 

როგორც ჩანს, პლატფორმას საქართველოში ჯერჯერობით ანალოგი არ ჰყავს და შესაბამისად, საკმაოდ აქტუალურიცაა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, დროთა განმავლობაში შეიქმნება ლოგოც და მომხმარებელს უკვე შეეძლება პლატფორმით სარგებლობა. ამის შემდეგ კი, გუნდი კიდევ უფრო მეტი იდეით აპირებს კარიერული მოღვაწობის გაგრძელებას.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

,,J&Sister-ი” – ქართველი გოგონების ბრენდი ორგანული მინის ელემენტებით

,,დოქტრინა“ ქართველი ახალგაზრდების კიდევ ერთ წამოწყებაზე გთავაზობთ ინფორმაციას, ეს არის ორი გოგონას მიერ შექმნილი სამოსისა და ჩანთების ხაზი, რომელიც მომხმარებელს სრულიად განსხვავებული მასალის გამოყენებით შექმნილ პროდუქტს სთავაზობს. წამოწყება სულ რამდენიმე თვეა რაც არსებობს, თუმცა უკვე საკმაოდ პოპულარულია და ნელ-ნელა იმკვიდრებს თავს  ,,J&Sister-ის” სახელით.

,,J&Sister-ის” ხაზი დებს – ჯული და ელენე ცერცვაძეებს, ეკუთვნის. ელენე 22-ის, ხოლო  ჯული – 25  წლისაა, ორივე მათგანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტია და დიზაინერულ საქმიანობასთან ერთად, პარალელურად, საკუთარი პროფესიითაც მუშაობს.

როგორც თავად ამბობენ, გოგონები ჩანთების, ტანსაცმლის და აქსესუარების დიზაინს  ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ქმნიდნენ. მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც ელენემ ლაზერულ მჭრელთან მუშაობა და სხვადასხვა მასალის დამუშავება ისწავლა, თანდათან გაჩნდა სახლის დეკორის იდეაც, რომელიც ძირითადად ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტის შექმნას გულისხმობდა, იქნებოდა ეს ხის თაროები, გასართობი დაფები თუ სხვა. დაახლოებით სამი თვის წინ კი, გოგონებს გაუჩნდათ იდეა, რომ ის მასალა, რომელსაც ელენე იყენებდა, აქსესუარების და დეტალების სახით გამოეყენებინათ ჩანთებსა და ტანისამოსშიც.

იდეის გაჩენის შემდეგ, სატესტოდ შეიკერა ზურგჩანთა, რომელსაც გოგონებმა სამკუთხედის ფორმის გამჭირვალე ორგანული მინა ჩააკერეს. როგორც ,,დოქტრინასთან“ საუბარში მათ აღნიშნეს, ორგანული მინა საკმაოდ მოსახერხებელია და ჩვეულებრივი მინის მსგავსად არ არის ადვილად მსხვრევადი, ვინაიდან მის შემადგენლობაში შედის პლასტმასი და როგორც პრაქტიკიდან ჩანს საკმაოდ კომფორტულიცაა ყოველდღიური გამოყენებისთვისაც. რაც მთავარია, ორგანული მინა, ისევე როგორც ხის დეტალები, განსხვავებულს ხდის აქსესუარებს და მოლოდინისამებრ, გამჭვირვალე დეტალმა თავისებური ეფექტი მოახდინა. საბოლოოდ კი,  ჩანთას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან და პირველივე დღეს გაიყიდა, რამაც გოგონებს სტიმული მისცა, რომ ამ ყველაფრისთვის ბიზნესის სახე მიეცათ და უფრო აქტიურად დაეწყოთ ახალ ჩანთებზე მუშაობა.

იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ მხოლოდ 2 თვეა, რაც ახალგაზრდებმა საქმიანობა დაიწყეს, არ ჰქონიათ სერიოზული წარდგენა საზოგადოების წინაშე, თუნდაც სტარტაპის სახით. თუმცა, რამდენჯერმე მიიღეს მონაწილეობა საქველოქმედო „ბაზრობებზე“. ამრიგად, როგორც თავად აღნიშნავენ, გზა იდეიდან პროდუქტამდე არ ყოფილა რთული და გრძელი, რადგან  ყველანაირი რესურსი გააჩნდათ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და დიდი მონდომებით ძალიან მალე შეძლეს სახასიათო პროდუქტის შექმნაც.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ახალგაზრდა დიზაინერებს  საკმაოდ ბევრი იდეა აქვთ ჩანთების, აქსესუარების და სახლის დეკორის მიმართულებით. მაგალითად გეგმავენ, რომ პროდუქციას შემატონ მამაკაცის ზურგჩანთები და ხელჩანთები, ოღონდ ამჯერად უკვე ხის დეტალებით.

ელენეს და ჯულის ჯერჯერობით მაღაზია და სახელოსნო არ აქვთ და პროდუქციას სოციალური ქსელის მეშვეობით ყიდიან, თუმცა, უახლოეს მომავალში გეგმავენ სახელოსნოს გახსნას, სადაც მომხმარებელი პროდუქციის დათვალიერებასა და შეძენასაც შეძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ  ,,J&Sister-ის” პროდუქცია შეკვეთებზეც მუშაობს და ყველა მსურველს აქვს საშუალება ატაროს საკუთარი დიზაინით შექმნილი აქსესუარი თუ სამოსი.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

ახალი პროგრამა კიბოს დიაგნოზს სიმტპომების გაჩენამდე სვამს 

მოწყობილობა, რომელსაც სისხლის ნიმუშში კიბოს აღმოჩენა მისი სიმპტომების გამოვლენამდე შეუძლია, ერთ წელში იქნება მზად.

ამერიკელმა მეცნიერებმა კომპიუტერული პროგრამა შეიმუშავეს, რომელსაც სიმსივნური დნმ-ის აღმოჩენა და იმის დადგენა შეუძლია, თუ სხეულის რომელი ნაწილიდან მოდის ის.

ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი პროგრამა – CancerLocator – კიბოს დნმ-ში კონკრეტულ მოლეკულურ ნიმუშს ეძებს შემდეგ კი ამ ნიმუშებს სხვადასხვა ტიპის კიბოს შედეგად გამოწვეული გენეტიკური მოდიფიკაციების მონაცემთა ბაზას ადარებს.

,,კიბოს არაინვაზიური დიაგნოსტიკა ძალიან  მნიშვნელოვანია, რადგან იგი კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას და შესაბამისად – განკურნების მეტ შანსს იძლევა. ჩვენ შევქმენით კომპიუტერული ტესტი, რომელსაც  სისხლის ნიმუშით არა მხოლოდ კიბოს აღმოჩენა, არამედ მისი ტიპის განსაზღვრაც შეუძლია,“- აცხადებენ მეცნიერები.

ახალი კომპიუტერული პროგრამის ტესტირება ორ სხვა პოპულარულ მოწყობილობასთან, Random Forest (RF) და Support Vector Machine (SVM), ერთად განახორციელეს.

სამივე მათგანი ტესტირება ღვიძლის კიბოთი დაავადებული 29 პაციენტის, ფილტვის კიბოთი დაავადებული 12 პაციენტისა და ძუძუს კიბოთი დაავადებული 5 პაციენტის . სისხლის ნიმუშებით განახორციელეს.

მკვლევარების გუნდმა თითოეული მეთოდის ცდომილების ხარისხი შეადარეს, აღმოჩნდა, რომ RF-სა და SVM-ის ცდომილება 0.646 და 0.604 იყო, ხოლო ახალი პროგრამის – 50 პროცენტით ნაკლები – 0.265.

პროგრამის საშუალებით ღვიძლის კიბოთი დაავადებული 29 პეციენტიდან 25 კიბოს ადრეული სტადიის დაუსვეს, პროგრამამ შემთხვევების 80 პროცენტის აღმოჩენა შეძლო.  ხოლო ფილტვის კიბოთი დაავადებული 12 პაციენტიდან 5 შემთხვევა გამოავლინა.

პროგრამის ავტორების განცხადებით, კვლევის ფარგლებში მხოლოდ სამი ტიპის კიბოს (ძუძუს, ღვიძლისა და ფილტვის) შეფასება მოხდა. „ზოგადად, რაც უფრო მაღალი იყო სიმსივნური დნმ-ის წილი სისხლში, მით უფრო ზუსტ დიაგნოზს სვამდა პროგრამა, რომელიც ხელმსისაწვდომი იქნება ერთი წლის ფარგლებში,“ – აცხადებენ მეცნიერები.

მკვლევარებმა კვლევის დასკვნები ჟურნალ ,,Genome Biology-ში” გამოაქვეყნეს.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა შექმნეს ქვიშის საათი, რომელიც სიკვდილის დროს აჩვენებს

 

ქვიშის საათს ჰგავს, აჩვენებს, რამდენი დარჩა ადამიანს სიცოცხლე –ლანკასტერის უნივერსიტეტის ორმა პროფესორმაენტა სტეფანოვსკამ და პიტერ მაკლინტოკმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც კანის ზედაპირიდან იღებს კაპილარების ძირითადი შემადგენელი უჯრედების ანალიზს.

კაპილარებში მიმდინარე სისხლი – ორგანიზმის დაბერების პროცესის ძირითადი მაჩვენებელია. თუ მოწყობილობაზე ნიშანი “0″ გამოისახა, ეს სიკვდილის მომასწავებელია, ხოლო “100″ – ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას, სიცოცხლისუნარიანობას აღნიშნავს.

ლაზერი, რომელიც კაპილარებში სისხლის მიმოქცევის ტესტირებას აკეთებს, ასევე აჩვენებს ადამიანის ორგანიზმში დემენციისა და კიბოს უჯრედების რაოდენობას.

 

წყარო: The Daily mail

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკა

რობოტების მე-11 საერთაშორისო კონკურსისთვის შერჩევა მიმდინარეობს

10-12 მაისს, კონიაში, (თურქეთის რესპუბლიკა) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპორტისა და კონგრესის ცენტრის ხელშეწყობით, ეროვნული განათლების სამინისტრო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რობოტების მე-11 საერთაშორისო კონკურსს ატარებს.

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 21 აპრილია.

კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.

 

წყარო: www.tsu.ge/

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

ხილის ფორმის სენსორი ხილს ტრანსპორტირების დროს დაზიანებისგან დაიცავს

ახალი ხილის ფორმის სენსორი გადამზიდ კომპანიებს ხილის ტრანსპორტირებაში დიდ დახმარებას გაუწევს.

ნამდვილი ხილის ზომის, ფორმისა და შემადგენლობის იმიტაციის მქონე მოწყობილობა, რომელსაც გადასატან პროდუქტთან ათავსებენ, ტემპერატურას აკონტროლებს და გადამზიდ ფირმებს განგაშის სიგნალით ატყობინებენ გაგრილების პროცესთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ.

პროექტს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ საცდელ ეტაპზეა, შვეიცარიის მასალების მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ფედერალური ლაბორატორიების (EMPA) მიერ ხორციელდება.

„მანგო, ბანანი და ფორთოხალი მაღაზიებში მოხვედრამდე დიდ გზას გადიან. მიუხედავად იმისა, რომ ხილი რეგულარულად მოწმდება, გარკვეული რაოდენობა მგზავრობის დროს მაინც ზიანდება,“- აცხადებენ მეცნიერები. მათოვე განმარტებით, ეს საფრთხეს უქმნის როგორც მიმწოდებლებს, ასევე მომხმარებლებს.

,,ტრანსპორტირებისას ტვირთს შესაძლოა გარეთ გაჩერება მოუწიოს, ან  ელექტროენერგია გაითიშოს, რაც საბოლოოდ ხილის ხარისხზე უარყოფითად აისახება,“ –  განაცხადა პროექტის ლიდერმა – თიჯს დეფრაიმ.

„ექსპორტიორებს სიახლის გასაზომი სხვადასხვა საშუალება აქვთ, თუმცა ჩვენი სენსორი უფრო ზუსტია, ვინაიდან ის ინდივიდუალური სახეობის ხილის მახასიათებლების სიმულაციას წარმოადგენს,“ –  აღნიშნა დეფრაიმ.

მიზნის მისაღწევად, მეცნიერთა გუნდმა რენტგენის საშუალებით რეალური ხილის ფორმისა და ტექსტურის მოდელირება განახორციელა.

ამის შემდეგ თითოეული ხილის შემადგენლობა განსაზღვრეს და წყლის, ნახშირწყლებისა და  პოლისტიროლის ნარევის გამოყენებით ლაბორატორიაში მათი იმიტაცია შექმნეს.

ნარევი 3D პრინტერზე შექმნილ ხილის ფორმის სენსორულ ფორმაში ჩაასხეს.

,,იმედი გვაქვს, რომ მოწყობილობა დაეხმარება მიმწოდებლებს, სანიტარული ნორმების დაცვაში, შეამცირებს ლოჯისტიკის დროსა და ხარჯებს,“-  აცხადებენ გამოგონების ავტორები.

ამჟამად მკვლევარები მოწყობილობას ტესტავენ  და პოტენციურ კომერციულ პარტნიორებს ეძებენ.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკა

Kaspar-ი – რობოტი, რომელიც აუტისტ ბავშვებს სოციალურ უნარებს უვითარებს

,,მშვენიერია, ძალიან მეღიტინება,“ – ეუბნება სოციალური რობოტი კასპარი 4 წლის აუტისტ ბიჭს, ფინს. ბიჭი და რობოტი ლონდონის აუტისტ ბავშვთა სკოლაში თამაშობენ.

ლურჯ კეპსა და შოტლანდურას პერანგში გამოწყობილ რობოტ ბიჭუნა კასპარს, რომელიც University of Hertfordshire-ის მეცნიერებმა შექმნეს, სიმღერა, ჭამის იმიტირება, დაირაზე დაკვრა და თმის დავარცხნა შეუძლია.

თუკი თამაშის დროს ფინი უხეშად იქცევა, კასპარი ყვირილს იწყებს: „რას აკეთებ, მტკივა“ და იქვე მყოფი თერაპევტი ცდილობს რობოტის ტერფებზე მოღიტინებით ბიჭს საქციელის გამოსწორებისკენ უბიძგოს.

ფინი იმ 170 აუტისტ ბავშვს შორისაა, რომელსაც კასპარი ბოლო ათი წლის განმავლობაში სოციალური უნარების განვითარებაში დაეხმარა. თუმცა აუტიზმის ეროვნული საზოგადოება, რომელიც 2 აპრილს აუტიზმის მსოფლიო დღეს აღნიშნავს,  აცხადებს, რომ ბრიტანეთში 700,000 აუტისტი ადამიანი ცხოვრობს და უნივერსიტეტის სურვილია, კასპარი მეტ ადამიანს დაეხმაროს.

ბრიტანეთში მდებარე აუტისტ ბავშვთა ცენტრმა – TRACKS-მა – კასპართან მუშაობისას დადებითი შედეგები მიიღო.

„ვცდილობდით, პატარა ბიჭისთვის თანატოლებთან ერთად ჭამა გვესწავლებინა. ის კი ამას გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა. ამის გაკეთება კასპერთან ერთად ვცადეთ და მას მართლაც, მართლაც სიამოვნებდა კასპერის გამოკვება. შედეგად, მან უკვე დაიწყო კლასთან ინტეგრირება და თანატოლებთან ერთად ჭამა.

ბევრ აუტისტ ბავშვს ადამიანის ძირითადი კომუნიკაციისა და ემოციის გაშიფვრა უჭირს. ამიტომ კასპარის დიზაინერებმა  ისეთი რობოტი ბიჭუნა შექმნეს, რომელიც ნამდვილ ბიჭს არცთუ ისე ძალიან გავს. თუმცა მისი სახის ნაკვთები ისეთი მასალისგანაა დამზადებული, რომელიც მიმსგავსებულია ადამიანის კანთან.

ეს რობოტი ერთ-ერთ იმ განვითარების მქონე ტექნოლოგიას მიეკუთვნება, რომელსაც აუტისტი ადამიანების ცხოვრებაში დიდი ცვლილების მოხდენის პოტენციალი აქვს,“ – განაცხადა ბრიტანეთის აუტიზმის საზოგადოების ეროვნული ცენტრის დირექტორმა –  ქეროლ ფოვეიმ.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიები

რუსეთი ,,Yahoo-ზე” ჰაკერულ თავდასხმას უარყოფს

რუსეთი უარყოფს შეერთებული შტატების ხელისუფლების ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ქვეყნის სადაზვერვო სააგენტო კომპანია ,,Yahoo-ს” მონაცემებზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაში მონაწილებდა.

„როგორც არაერთხელ გვითქვამს, გამორიცხულია, რომელიმე რუსული სააგენტოს,  მათ შორის ფსბ-ს [სადაზვერვო სააგენტო], კიბერსივრცეში ჩადენილ უკანონო ქმედებაში ოფიციალური მონაწილეობა,“ –  განაცხადა ფსბ-ის პრესსპიკერმა  – დიმიტრი პესკოვმა.

აშშ-is ოფიციალურმა პირებმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ორ თანამშრომელს, დიმიტრი დოკუჩაევი და იგორ სუშჩინი,  2014 წელს ,,Yahoo-ის” წინააღმდეგ მოწყობილ ჰაკერულ თავდასხმაში დაადანაშაულეს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მათი სახელები უკავშირდება ჰაკერულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც Yahoo-ს  500 მილიონამდე მომხმარებლის ანგარიში დაზარალდა.

 

წყარო : BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

,,მეცნიერი მე“ – ქართველი გოგონას პროექტი ბავშვებში შემეცნების დონის ასამაღლებლად

 ,,მეცნიერი მეარის  კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომლის მიზანია, შექმნას სახლში მარტივად ჩასატარებელი სამეცნიერო ექსპერიმენტები ქართველი ბავშვებისთვისა და ტინეიჯერებისთვის. მასში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ექსპერიმენტები მიზნად ისახავს მოზარდების ცოდნის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა – ასტრონომია, გეოლოგია, მეტეოროლოგია, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, მათემატიკა და ინჟინერია. ,,დოქტრინადაინტერესდა პროექტით და გაესაუბრა თაკო ბასიაშვილს.

თაკო ბასიაშვილი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსისტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია, თუმცა უკვე მოასწრო საკმაოდ საპასუხისმგებლო და საინტერესო პროექტის განხორციელებაში მიეღო მონაწილეობა. ეს არის პროექტი – „მეცნიერი მე“, რომლის იდეაც გაჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია  -„JumpStart Georgia-ში“, სადაც ის პირველი კურსის დასასრულს მივიდა ამ პროექტზე სამუშაოდ. პროექტი უშუალოდ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზაცია „JumpStart Georgia-ში“ განხორციელდა.

პროექტი ,,მეცნიერი მე“ (mecnieri.me) 12-წლამდე ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი ონლაინპლატფორმაა, სადაც განთავსდა საინტერესო და რაც მთავარია, მარტივი ექსპერიმენტები. ამ ექსპერიმენტების მთავარი ხიბლი კი ისაა, რომ თითოეული მათგანის გაკეთება შესაძლებელია სახლში მარტივად მოსაპოვებელი ნივთებით.  ,,საიტზე თავმოყრილია ისეთი ექსპერიმენტები, რომელიც სახალისოა და პარალელურად ძალიან საინტერესოც, როგორც პატარებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვისაც. მაგალითად, ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, თუ როგორ შეუძლიათ გაბერონ გიგანტური საპნის ბუშტები სახლის პირობებში, ან თუნდაც სხვადასხვა ტიპის მფრინავის დიზაინს, რომლის კეთების დროსაც ისინი გართობასთან ერთად, საკმაოდ ბევრს სწავლობენ აეროდინამიკის შესახებ,“ – აღნიშნა თაკომ.

პროექტის იდეის უკეთ გასაგებად ავიღოთ რამდენიმე მარტივი ექსპერიმენტი, ერთ-ერთი მათგანია „უჩინარი მელანი“. ამ ექსპერიმენტისთვის საჭიროა მხოლოდ ფურცელი და ლიმონის წვენი. თუ ბავშვი ლიმონის წვენით ფურცელზე დაწერს რაიმე სიტყვას და გააშრობს მას, ფურცელზე არაფერი გამოჩნდება, თუმცა ფურცელის შეთბობის შემთხვევაში  გარკვევით გამოისახება დაწერილი სიტყვა. თვითონ პროცესი კი, არა მარტო სახალისო, არამედ შემეცნებითიცაა, რადგან ბავშვებს საიტზევე შეუძლიათ ნახონ ამ პროცესის ახსნა და გაიგონ მეტი თუ რატომ მიმდინარეობს ეს პროცესი, საიტი აწვდის მათ შესაბამის ინფორმაციას, ამრიგად მათთვის ცნობილი ხდება, რომ ლიმონის წვენი, ისევე, როგორც სხვა ხილის წვენი, შეიცავს ნახშირბადის ნაერთებს. ეს ნივთიერებები ოთახის ტემპერატურაზე უჩინარები არიან, მაგრამ სითბოს შეუძლია დაშალოს ისინი და გაათავისუფლოს ნახშირბადი. თუ ნახშირბადი ჰაერს შეხვდება, იწყება დაჟანგვის პროცესი და ნივთიერება გადაიქცევა ღია ან მუქ ყავისფრად, რაც განაპირობებს ზუსტად ამ ექსპერიმენტის შედეგსაც.

 

შემდეგი მარტივი ექსპერიმენტია ,,გიგანტური საპნის ბუშტები“, ალბათ ყველა ბავშვს უოცნებია დიდი ზომის საპნის ბუშტებზე,  რაც სინამდვილეში არც ისეთი რთულია, როგორიც ჩანს.  ამისთვის საჭიროა, ერთ ჭიქა წყალს შევურიოთ ორი სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე, ერთი სუფრის კოვზი გლიცერინი (შესაძლებელია აფთიაქში შეძენა) და ერთი ჩაის კოვზი შაქარი, მათი ნარევი 1 სთ-ის განმავლობაში უნდა შევინახოთ დახურულ კონტეინერში, რის შემდეგაც, ნაზად უნდა მოვურიოთ და დრეკადი მეტალის ჯოხებით შევუდგეთ გიგანტური ბუშტების შექმნას.

პროექტი „მეცნიერი მე“ ხელს უწყობს ბავშვების ინტერესის გაღვივებას სამეცნიერო სფეროების მიმართ და აძლევს მათ საშუალებას სხვა თვალით შეხედონ მათ გარშემო მიმდინარე პროცესებს. პროექტის პრეზენტაცია უკვე შედგა თბილისში, ქუთაისში, გორსა და ხარაგაულში, სამომავლოდ შეიძლება პროექტმა ბანაკის სახეც მიიღოს და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიაც დაემატოს, თუმცა, როგორც თაკომ აღნიშნა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ფაქტი ერთია -პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდებისთვის შემეცნების დონის ამაღლებისთვის, ,,მეცნიერებასთან და ტექნოლოგიებთან ადრეული ასაკიდანვე ურთიერთობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროების მიმართ გარკვეული სტერეოტიპების დარღვევას და ტექნოლოგიურ-სამეცნიერო სფეროების მომავალი განვითარების და წარმატების საწინდარიც იქნება,“-აღნიშნა თაკომ დასასრულს.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა ელექტრონული კანის დასამუხტად გრაფენი გამოიყენეს

მეცნიერებმა ექსპერიმენტული სახის ელექტრონული კანის მზის ენერგიის გამოყენებით დამუხტვის გზა გამონახეს. ეს კი შეხების შეგრძნების მქონე პროთეზებისა და რობოტების შექმნისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

მთელი მსოფლიოს მეცნიერები მუშაობენ ხელოვნური კანის  მოქნილი ვერსიების შექმნაზე, რომელსაც სხვადასხვა სახის სენსორული რეცეპტორის სიმულაციის საშუალებით შეგრძნების უნარი აქვს.

ასეთი სისტემის დამუხტვა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმდა გლაზგოს უნივერსიტეტის ინჟინერიის სკოლის მეცნიერებმა ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად გრაფენის (ულტრათხელი ნახშირბადი) გამოყენების ხერხი განავითარეს.

გრაფენი, რომელიც მხოლოდ ერთი ატომის სისქისაა, ძლიერი, უაღრესად მოქნილი, ელექტრონულად გამტარი და გამჭვირვალე, რაც მას მზის ენერგიის შეგროვების გზით ელექტროენერგიის გამოსამუშავებელ იდეალურ საშუალებად აქცევს.

თუკი მენციერები შეძლებენ, რომ სმარტპროთეზის ხელებს, რომლებსაც ადამიანის კიდურების ბევრი მექანიკური თვისების აღდგენა შეუძლიათ, კანის შეხების მსგავსი გრძნობის უნარიც მიანიჭონ, ისინი ამპუტირებული კიდურების მქონე ადამიანებისთვის კიდევ უფრო სასარგებლო გახდებიან.

შეხების მიმართ მგრძნობიარე ელექტრონული კანის  გამოყენება რობოტებშიცაა შესაძლებელი, რაც მანქანებს ადამიანებთან ურთიერთობის დროს პოტენციური საფრთხეების აღმოჩენაში დაეხმარება.

მეცნიერების შემდგომ მიზანს იმავე ტექნოლოგიის გამოყენებით პროთეზირებული ხელის მამოძრავებელი ძრავის დამუხტვა წარმოადგენს. „ამან კი შესაძლოა ენერგოდამოუკიდებელი პროთეზირებული კიდურის შექმნის შესაძლებლობა მოგვცეს,“– აცხადებენ მეცნიერები.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 77 78 79 80 81 88
Page 79 of 88