close

სამხედრო

მსოფლიოპოლიტიკასამხედრო

ევროკავშირის ლიდერები საერთო თავდაცვითი სისტემის შექმნაზე თანხმდებიან

  ევროკავშირის ლიდერები ბრუსელში შეხვდნენ და შეთანხმდნენ საერთო სამოქმედო გეგმაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია შეიქმნას ევროკავშირის საერთო სამხედრო-საჯარისო ნაწილები.

წინადადების ინიციატორია ბელგია, საფრანგეთი, იტალია და გერმანია. ლისაბონის ხელშეკრულება უფლებას აძლევს მათ წარადგინონ და განახორციელინ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული პროექტები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზემოთ ხსენებულ საკითხზე შეთანხმება ევროპელმა დიპლომატებმა „სულ რაღაც 5 წუთში“ მოახერხეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტასკმა, ამ მოვლენას „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს უფრო მეტად განავითაროს თავდაცვითი ინტეგრაციის პროცესები. „ჩვენი მიზანი საკმაოდ აბიციური და ინკლუზიურია, ყველა წევრი ქვეყანა მოწვეულია, რომ აქტიურად ჩაერთოს მის განხორციელებაში. სამი თვის განმავლობაში უნდა შევთანხმდეთ კრიტერიუმებისა და ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ,“-განაცხადა მან.

აღნიშნულმა გეგმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ნატოს კომპეტენციასთან მიმართებით. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ინიციატივა არ არის ნატოს საპირწონე, არამედ, პირიქით. ევროკავშირის ფარგლებში, შესაძლებელია, რომ საერთო თავდაცვის სისტემაში ის ქვეყნები მოხვდნენ, რომლებიც არ არიან ნატოს რიგებში.

დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, დაგეგმილია ფონდის შექნა, რომლის ბიუჯეტი 1,5 მილიარდი ევრო იქნება 2020 წლიდან.

 

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარო: Reuters

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკასამხედრო

რუსეთი არქტიკის რეგიონში ახალ სამხედრო ბაზას აშენებს

 რუსეთის ახალი სამხედრო ბაზის, „არქტიკული ტრეფოილის“, მშენებლობა თითქმის დასრულებულია. იგი არქტიკის რეგიონში, ფრანც იოსების მიწაზე, იზოლირებულ არქიპელაგზეა განლაგებული. რუსეთისათვის არქტიკის რეგიონი წარმოადგენს რესურსებით მდიდარ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას.

სამხედრო ბაზის ფართობი 14 000 კვ. მეტრია და წარმოადგენს აქტიკაზე არსებულ, რუსეთის მეორე სამხედრო ბაზას, რომლის ოფიციალური და უპირველესი დანიშნულება საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს ამ რეგიონში თავდაცვისუნარიანობის  გაუმჯობესებას და 4 სხვა სამხედრო ბაზის მშენებლობითაცაა დაკავებული. (Rogachevo, Cape Schmidt, Wrangel, Sredniy)

გააქტიურების მთავარი მიზეზი არქტიკული ზღვაში ყინულის დნობაში უნდა ვეძიოთ, რაც უფრო მარტივს ხდის ტრანსპორტირებასა და გადაადგილებას. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ამ ფაქტს პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს, რადგან რესურსებით მდიდარი არქტიკის რეგიონი ხელმისაწვდომი გახდება სხვა საერთაშორისო აქტორებისთვისაც.

სამხედრო ექსპერტის, ვიქტორ ლიტვოკინის მოსაზრებით, პუტინი ცდილობს რამდენიმე სტრატეგიული მიზნის განხორციელებას არქტიკის რეგიონში:

  • გააკონტროლოს ჩრდილოეთის ზღვის წყლები;
  • დაიცვას რუსეთის ბუნებრივი აირისა და ნავთობის რესურსები არქტიკის რეგიონში;
  • დაიცვას რუსეთი საგარეო საფრთხისაგან: საბრძოლო ხმალდებისა და სარაკეტო თავდასხმებისაგან;

თავად პუტინის განცხადებით, „სწორედ ამ რეგიონთანაა დაკავშირებული რუსეთის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსები“, რომელთა საერთო ღირებულება 40 ტრილიონ $-ს აღწევს.

აშშ-ის გეოლოგიური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, არქტიკის რეგიონში დაახლოებით 90 მილიარდი ბარელი ნავთობი და 1699 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არქტიკის ტერიტორიის მფლობელ სახელმწიფოებს – რუსეთს, კანადას, აშშ-ს, დანიასა და ნორვეგიას შორის კონკურენცია სუფევს და ჯერ კიდევ ვერ წყდება იქ არსებული ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის საკითხი.

სამხედრო ბაზის მშენებლობამ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-ში. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გამორიცხულია სამხედრო დაპირისპირება: „ ჩვენ არ ვაპირებთ აშშ-სთან ომის წამოწყებას ან მისთვის კონკურენციის გაწევას, თუმცა, საჭიროა რუსეთმა დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები“.

აღნიშნულ სამხედრო ბაზას შეუძლია გამოიმუშაოს საჭირო ელექტროენერგია, აქვს ბიბლიოთეკა, სამედიცინო ცენტრი, ეკლესია, სავარჯიშო და კინო დარბაზი, ორანჟერეა და გიმნაზია. იქ 18-თვიანი ვადით 150-მდე სამხედრო იმსახურებს.

 

წყაროები:  BBC NEWS,CNN,REUTERS

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
სამხედროსაქართველო

მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება

თბილისის ქვეშ მეორე ქალაქი არსებობს, რომლის მშენებლობა მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. 1941 წელს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა გამოსცა საიდუმლო ბრძანება, რომლის თანახმად, მთავრობის ევაკუაციის მიზნით უნდა აშენებულიყო საიდუმლო ბუნკერები, ხელმძღვანელი გახლდათ ლავრენტი ბერია. გვირაბებმა დროთა განმავლობაში სამოქალაქო თავდაცვის ფუნქცია შეიძინა. დღეისთვის, თბილისში არსებული ბუნკერების უმეტესობა განადგურებულია. საუბრობენ იმაზეც, რომ სტალინისა და ლავრენტი ბერიას ინიციატივით აშენებული გვირაბი ატომური ბომბის დარტყმასაც კი უძლებს, ადგილმდებარეობა, რასაკვირველია, ცნობილი არ არის. ქალაქის მიწისქვეშა ნაწილი ბურუსითმოცულია, შესაბამისად, ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ გამოიკვლიოს და ნახოს ასეთი ადგილები, მათ დიგერებს უწოდებენ. აღნიშნულ თემაზე „დოქტრინა“ ესაუბრა დიგერ ლუკა ჯაფარიძეს.

-უპირველ ყოვლისა, მოგვიყევით თქვენ შესახებ, რამდენი ხანია, რაც მიწისქვეშა ნაწილს იკვლევთ? რა არის მიზანი?

-მოღვაწეობა დაახლოებით 4 წლის წინ დავიწყეთ.  დაგვაკავშირა ერთ-ერთმა ინტერნეტფორუმმა. ჩვენი ჯგუფი ამჟამად ოთხი ადამიანისგან შედგება და ჯერჯერობით არ ვფიქრობთ ჯგუფის გაფართოებაზე. შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ, საქართველოს საზღვრებსაც გავცდეთ და გამოვიკვლიოთ სხვა ქვეყნების მიწისქვეშა ადგილები. მაგალითისთვის, ბოლოს სომხეთში ვიყავით, ერევნის დაუსრულებელ მეტროსადგურ ,,აჯაპნიაკს” ვესტუმრეთ და გადასარბენი გვირაბები გამოვიკვლიეთ.

-როგორც ვიცით, მეოცე საუკუნის 30-ანი წლებიდან დაიწყო გვირაბების მშენებლობა. რა დანიშნულება ჰქონდა მათ? ცნობილია, რომ იყენებდნენ სამოქალაქო თავდაცვისათვის, საჰაერო დაბომბვისგან თავდასაცავად და ა.შ. დღეს თუ აქვს შენარჩუნებული აღნიშნული ფუნქცია?

-ჩვენი მონაცემებით, თბილისში პირველი თავშესაფარი აშენდა 1932 წელს. იგი არის ერთ-ერთი სკოლის ქვეშ, თუმცა იმის პირობები, რომ იქ თავი შეაფარონ, არ არის. ასევე გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში დაახლოებით 480 თავშესაფარია და მხოლოდ ორია მზად, რომ მიიღოს მოსახლეობის ნაწილი ომიანობის პერიოდში. თავშესაფრების უმეტესი ნაწილი განადგურდა ან საწყობებად იქცა.

-ვიცით, რომ ობიექტების მდებარეობა არ ხმაურდება, თუმცა რამდენიმე ადგილი ცნობილია საზოგადოებისთვის. გვიამბეთ მათ შესახებ.

-მაგალითად, რუსთაველის მეტროს გვერდით არსებული თავშესაფარი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი თბილისში. როგორც წესი, სწორედ აქედან იწყებენ „საქმიანობას“ ახალგაზრდა დიგერები. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ობიექტი არის დერეფნული სისტემის და არ აქვს ბევრი ოთახი. თავშესაფარს წლების მანძილზე ძარცვავდნენ, რაღაც ნაწილი მოსახლეობამ მიისაკუთრა და სათავსოებად გადააკეთეს.

-რომელმა ობიექტმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება და რატომ? რომელ ექსპედიციას გამოარჩევდით?

-რთულია, ასე გამოარჩიო რომელიმე ობიექტი, რადგან, როდესაც აღმოაჩენ რომელიმე თავშესაფარს და იწყებ მის კვლევას, ყოველთვის რაღაც განსხვავებული გხვდება, თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრით, ერთადერთი ობიექტი, რომელიც ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავდება კონსტრუქციით, ოთახების რაოდენობითა და ფუნქციით, არის მარჯვენა სანაპიროზე არსებული თავშესაფარი. იგი კლდეშია გაყვანილი. 100-მდე ოთახია, მისი მთავარი ფუნქცია კი იყო საომარი ვითარებების დროს მაღალჩინოსნების შეფარება. აღჭურვილი იყო საიდუმლო მასალების ოთახით და შესვლისას გაიცემოდა საშვები, სადაც პირდაპირ იყო აღნიშნული თუ რომელი ოთახების ნახვა შეეძლო ამა თუ იმ პიროვნებას.

სადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი”, რომლის მშენებლობა დაიწყო 1986 წელს, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის გამო სამუშაოები ვერ გაგრძელდა.

-საინტერესოა, რა სარგებლობის მომტანი შეიძლება იყოს ეს სფერო საზოგადოებისთვის?

-ამ სფეროს შეუძლია დიდი სარგებლობის მოტანა როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ბევრ ქვეყანაში (მაგალითად, რუსეთში, სადაც ძალიან განვითარებულია დიგერობა) არაერთი დიგერი აიყვანეს უშიშროების სამსახურებმა თავიანთ დაქვემდებარებაში და მათ იყენებენ ანტიტერორისტული ოპერაციების დროს. ასევე, ამ სფეროს შეუძლია შესთავაზოს ტურისტებს ურბანული ტურიზმი, რომელიც ევროპის არაერთ ქვეყანაშია განვითარებული. შესაძლებელია ობიექტების გადაკეთება მუზეუმებად, სასტუმროებად, კაზინოებად და ისეთ ადგილებად, საიდანაც სახელმწიფოს გარკვეული შემოსავალი ექნება, ხოლო საზოგადოების ნაწილი ისარგებლებს ამა თუ იმ ობიექტის განახლებული ფუნქციით.

-როგორ აგნებთ მსგავს ობიექტებს?

-ცოტა რთულია ამის ახსნა. როდესაც ამ სფეროში ახალი ხარ და ეცნობი კონსტრუქციებს, მაშინ ძნელია, მიაგნო რამეს, მაგრამ პრაქტიკაში მოდის ყველაფერი. საკმარისია იცოდე, რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს მიწისქვეშა ობიექტს, რა აკავშირებს მას მიწისზედა სამყაროსთან, როგორ შენობებს უკეთებდნენ მიწისქვეშა თავშესაფრებს და ამის მიხედვით მიაგნებთ ობიექტებს.

-გვესაუბრეთ საფრთხეების შესახებ.

-საფრთხე ძალიან ბევრია. შესაძლებელია მავნე ნივთიერება შეისუნთქო ან კიბემ ვერ გაგიძლოს და ა.შ. ბევრჯერ მქონია შემთხვევა ასბესტთან შეხების, ვერცხლისწყალსაც გადავურჩით რამდენჯერმე, კიბეც ჩაგვტყდომია, მაგრამ ეს ყველაფერი არ გვიშლის ხელს ჩვენს საქმიანობაში.

-საუბრობენ იმაზეც, რომ მიწისქვეშა ობიექტების დიდი ნაწილი ნადგურდება. რატომ? თუ მიმართეთ ვინმეს დასახმარებლად და, ზოგადად, რა გამოსავალს ხედავთ აღნიშნული რთული სიტუაციიდან?

-ნადგურდება იმიტომ, რომ არის უყურადღებოდ. როდესაც ხალხს უჭირდა, ასეთი ობიექტებიდან წამოიღეს რადიოგადამცემები და სხვა ელექტრომოწყობილობები. როდესაც ასეთი ფასეული ნივთები აღარ დარჩა, შემდეგ გადავიდნენ ჯართის ჩაბარებაზე, ხსნიდნენ ჰერმეტულ კარებს და თითქმის ყველაფერს, რაც მეტალის იყო. დასახმარებლად არავისთვის მიგვიმართავს, რადგან უარი გვითხრეს,ერთ-ერთ ობიექტზე გაგვეხსნა მუზეუმი და, შესაბამისად, ყველა იმედი გაგვიქრა. გამოსავალი არის ის, რომ ეს ადგილები განახლდეს სხვა ფუნქციით. ცალსახაა, რომ უმეტესობა ვეღარ აღდგება იმ პირვანდელი სახით და რეალურად იმ ფუნქციასაც ვერ შეასრულებს, რადგან ეს ობიექტები გათვლილი იყო იმ წლების გასანადგურებელი მოწყობილობების განვითარების დონეზე.

-სამომავლოდ რას გეგმავთ, როგორ განვითარდებით ამ მიმართულებით?

კონკრეტული გეგმა არ გვაქვს ამ ეტაპზე. ძალიან გვინდა, რომ გადავაკეთოთ ერთ-ერთი ობიექტი მუზეუმად, სადაც იქნება ისტორიები სხვადასხვა ობიექტზე, სურათები და ა.შ.

-არსებობს არაერთი ლეგენდა, რომელიმეზე მოგვიყევით.

-ლეგენდებს რაც შეეხება, ყველაზე პოპულარულია ე.წ თბილისის პენტაგრამა, რომელიც ხუთ სხვადასხვა სახლს აკავშირებს ერთმანეთთან, შესაბამისად, ისახება პენტაგრამა. ასევე არსებობს ლეგენდები იმის შესახებ, რომ ერთი ქალაქიდან მეორეში გადის გვირაბი და ა.შ. ზოგადად, ამ ყველაფერს არასერიოზულად აღვიქვამთ ჩვენ და არც ვინტერესდებით მსგავსი ლეგენდებით.

-რა რჩევებს მისცემდით მათ, ვისაც აინტერესებს მიწისქვეშა ქალაქი.

-ვისაც აინტერესებს მიწისქვეშა სამყარო, ვურჩევდი, რომ თავდაპირველად ადვილი ობიექტებით დაიწყონ, ეს მათ გამოცდილებას შესძენს. გაერკვნენ, როგორ გამოიყურება ასბესტი, ვერცხლისწყალი და მსგავსი საშიში მასალები, რომლებიც ხშირად გვხვდება მიწისქვეშა ობიექტებში. რაც ყველაზე მთავარია, ობიექტურად შეაფასონ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები, აღჭურვილობა და ობიექტის სირთულე.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
სამხედროსაქართველო

ქართველი სამხედრო ქალი, რომელმაც 2008 წლის ომის დროს რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არაერთი ქალი მსახურობს, ისინი ჩართულნი არიან ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ავღანეთის მისიებში, რამდენიმე, აგრეთვე, იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ერთ-ერთია – ზოია კურტანიძე – ამჟამად საჰაერო თავდაცვის ბრიგადის II საზენიტო-სარაკეტო ბატალიონის S-1-ის უფროსი. დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემია 2008 წლის ივნისში დაამთავრა და ახალბედა ოფიცერი აგვისტოში უკვე ომში აღმოჩნდა, 2008 წელს მუშაობდა IV ცალკეული საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის საბრძოლო მანქანის ინჟინერ-ოპერატორად. მისი თქმით, იმ დროს გაცნობიერებულიც არ ჰქონდა, რომ ომში იყო. დაიბადა გორში, სკოლა ხაშურში დაამთავრა. იმის გამო, რომ დედაქალაქში მუშაობდა, მამის გარდაცვალების შემდეგ, დედასთან ერთად თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. დედმამიშვილი არ ჰყავს. ორჯერ იყო მივლინებული ავღანეთში სამშვიდობო მისიით. ,,დოქტრინა” გთავაზობთ ინტერვიუს ზოია კურტანიძესთან:

-სამხედრო სამსახურში ქალის როლისა და ადგილის შესახებ თანამედროვე მსოფლიო მუდმივად დავობს. თქვენი აზრი ქალის სამხედრო სამსახურის შესახებ.

-ადამიანები მათი შესაძლებლობების მიხედვით ფასდებიან და არა სქესის გამო. მოსწონს თუ არა თანამედროვე მსოფლიოს, ქალის როლი თითქმის ყველა მიმართულებით იზრდება, შესაბამისად,  გარკვეული პროცენტულობა არმიაზეც მოდის. შესაშურად მიზანდასახული და პატრიოტი ქალბატონები მინახავს, დასანანია სტერეოტიპულმა შეხედულებებმა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მათზე, ვინც უკვე მსახურობს ან სურს ემსახუროს სამშობლოს.

-თქვენ შესახებ გვითხარით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას, ოჯახს, როცა გადაწყვიტეთ, რომ ჩამდგარიყავით ქვეყნის სამსახურში.

-სამხედრო აკადემიაში ჩაბარება რომ გადავწყვიტე, ყველაზე დიდი მხარდაჭერა მშობლებისაგან ვიგრძენი. გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაც თვითონვე მასწავლეს. უკვე 10 წელი ხდება, რაც სამხედრო სამსახურში ვარ, ჩემი გადაწყვეტილება კი ჯერ არ მინანია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იდეალურად იყო ან არის ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ჩემი შემართება ყველა სირთულეზე ძლიერი აღმოჩნდა. რაც შეეხება საზოგადოებას, მათი აზრი ორად გაიყო, იყვნენ ისინი, ვისაც ძალიან მოსწონდა ჩემი არჩეული გზა და ისინი, ვინც მიიჩნევდნენ, რომ  ქალის ადგილი ჯარში არ არის. ომის მერეც კი, როდესაც ჩემი საქმით ვთქვი სათქმელი, მაინც მიწევდა მეორე კატეგორიის ადამიანებთან კამათი. მერე გავიზარდე… ახლა აღარც დრო მაქვს და არც სურვილი, იმ ადამიანებთან დებატებში დავკარგო დრო, ვინც ვერ გადალახა სტერეოტიპები.

-ბოლო პერიოდში შეინიშნება ქალთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია სამხედრო სამსახურში, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

-ჩვენს ეპოქაში მამაკაცი და ქალი ყველა მიმართულებით თანაბრდება. გაჩნდა საქმიანობის სფეროები, სადაც ქალს და მამამაკაცს საქმის შესრულება თანაბარი წარმატებით შეუძლია, რიგ შემთხვევებში – ქალს უკეთესად. ეს ძირითადად დამოკიდებულია იმ პიროვნულ და პროფესიულ თვისებებზე, რასაც ესა თუ ის პროფესია მოითხოვს. მენტალიტეტი იცვლება. ქალებს სურთ მოსინჯონ ძალები ,,მამაკაცურ“ საქმეებში, რაც გენდერული თანასწორობის თანმდევი პროცესია.

-თუ იცით, როგორია დღევანდელი მდგომარეობა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ქალების როლთან მიმართებით?

-2014 წელს, ავღანეთში, ამერიკის არმიის ორ ქალ სამხედროს ვესაუბრებოდი, გამოცდილებას ვუზიარებდით ერთმანეთს. საუბარს ჩემი მეგობარი შემოესწრო, ხელი ჩამოართვა გოგოებს და ჩემზე უთხრა, იცით, 2008 წელს რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდოო… არასოდეს დამავიწყდება მათი გაოცებული სახეები, არ იჯერებდნენ, რომ საქართველოში ნებადართული იყო ქალებისთვის საბრძოლო ქვედანაყოფში, საბრძოლო პოზიციაზე მსახური და მით უმეტეს, ომში მონაწილეობა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ოფიცრებმა ჩემს ადგილას ყოფნა ინატრეს და თქვეს, რომ ამერიკამ მხოლოდ ბოლო წლებში დართო ქალებს ნება, ძალები მოსინჯონ საბრძოლო ქვედანაყოფებში. ევროპის ბევრ ქვეყანაშიც არის მსგავსი შეზღუდვები, ზოგან არ არის, მაგრამ ქალებს არ სურთ საბრძოლო თანამდებობების დაკავება. მაგალითად, საფრანგეთში სამხედრო ქალბატონთა მხოლოდ 1,7 პროცენტი მსახურობს ქვეით საბრძოლო თანამდებობებზე.

-როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა აქვთ ქალებს მამაკაცებთან შედარებით? მაგალითად, საუბრობენ მაღალგანვითარებულ ინტუიციასა და დაკვირვებულობაზე. ამბობენ, რომ ქალები არაჩვეულებრივი სნაიპერები არიან. 

-თუ შევადარებთ, მამაკაცს გაცილებით სწრაფი რეაქციის უნარი აქვს, ქალზე ფიზიკურად ძლიერია, ფოკუსირებული, შორი ხედვა აქვს, თუმცა ქალი უფრო უძლებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვებს, მისი ხედვა პერიფერიულია, შეუძლია გარემო 180 გრადუსზე მოიცვას, წვრილმანებისა და დეტალებისადმი ინტერესის წყალობით კი, ქალები მამაკაცებზე დაკვირვებულები არიან. რასაკვირველია, გამონაკლისები არსებობს ყველაფერში. და მაინც, სამხედრო სამსახურში მოტივაცია, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და პატრიოტიზმი ყველაზე დიდ უპირატესობად მიმაჩნია. ამ თვისებებს კი სქესი არ გააჩნია.

-მამაკაცებისა და ქალების ფიზიკური მომზადებისას, როგორც ცნობილია, ქალები 3-ჯერ უფრო ხშირად იღებენ ტრავმებს. ბევრის თქმით, ქალთა ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს მძიმე ფიზიკური დატვირთვა და სამხედრო წესი. თქვენი აზრი აღნიშნულ საკითხზე.

-ამ საკითხზე, ვფიქრობ, სტატისტიკა არ არსებობს. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, იყო ქალი სამხედრო, თუმცა, არცერთი სამხედრო სწავლება ან ფიზიკური დატვირთვა არ არის სულიერ სიმტკიცეზე ძლიერი.

-რამდენად ემხრობით ქალების სავალდებულო გაწვევას ჯარში? მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია.

-საზოგადოებას მომზადება სჭირდება. ვიდრე ქართველი დედები და მამები მიმართავენ სხვადასხვა ზომას, რათა ბიჭები არ გაუშვან ჯარში, რომ მოიხადონ ქვეყნის წინაშე ვალი, ქალების სავალდებულო გაწვევა ცოტა ნაადრევია ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის.

-რას ურჩევდით მას, ვისაც უნდა ამ მიმართულებით განვითარდეს? – ქართული სტერეოტიპული აზროვნების ფონზე, ამ ნაბიჯს, როგორც წესი, ვერ დგამენ.

-პრინციპულობა და მიზანსწრაფვა ანგრევს სტერეოტიპებს. იბრძოლეთ თქვენი მომავლისთვის!

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
სამხედროფილოსოფია

მიამოტო მუსასის საბრძოლო სტრატეგიები

მიამოტო მუსასი (1584–1645) – ხმლის ოსტატი, ფერმწერი, სკულპტორი, კალიგრაფი, ძენ–ბუდისტი იყო.  მსოფლიოსთვის უპირველესად ცნობილია მისი ლეგენდარული ნაშრომი -„ხუთი რკალის წიგნი” – სადაც იგი ცდილობს გადასცეს მკითხველს, თუ რა სტრატეგიები არსებობს ბრძოლის დროს და რომელია უმჯობესი.

  • „უდგომო დგომის შესწავლა“

„უდგომო დგომი“ გამორიცხავს ბრძოლაში გრძელი ხმლის რომელიმე ცნობილი მდგომარეობის გამოყენების საჭიროებას.

ამ პრინციპს „არარსებულად არსებული“ ეწოდება.

გახსოვდეს, როცა მახვილი გიპყრია, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, უნდა განგმირო მტერი. როცა დარტყმას იგერიებ, თავად ურტყამ, აკეთებ ილეთს, აცილებ მახვილს, თუ მეტოქის მოიერიშე ხმალს ეხები – მისივე მოძრაობით უნდა განგმირო მოწინააღმდეგე. მუდამ უნდა ილტვოდე მიზნისკენ. თუ მხოლოდ ილეთებსა და დარტყმების მოგერიებაზე იფიქრებ, მტერს ვესაფერს დააკლებ. მხოლოდ იმას უნდა ეცადო, როგორმე გაარღვიო შენი მახვილით მისი დაცვა და მიზანს მიაღწიო. გულდასმით შეისწავლე ეს სიტყვები.

ამ მიმართულებას სტრატეგიაში „ საბრძოლო მწყობრი” ეწოდება. სწორედ ასეთი შემართებაა ბრძოლოს მოგების საწინდარი.

  • ტყაპუნით მოგერიება

აი, რას ნიშნავს „ ტყაპუნით მოგერიება“:  როცა მტერთან ხმალს გადააჭდობ – შენი ხმლით შეაჩერებ მის მოქნეულ დარტყმას, მოწინააღმდეგის მოძრაობის რიტმში გაუტყაპუნებ მის მახვილს. ილეთის აზრი დარტყმის მოგერიებაში ან ძლიერ კონტრდარტყმაში არაა. მოწინააღმდეგის ხმალს თავისივე იერიშის რიტმში უნდა დაჰკრა. თუ სწორად მიაგნებ დარტყმის რიტმს, რაგინდ ძლიერ შეეტაკნონ ერთურთს ხმლები, შენი მახვილი იოტისოდენაზეც კი არ გადაიხრება. გულდასმით ვარჯიშია საჭირო ამის გასაგებად.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიოსამხედრო

ბრიტანეთი „ლაზერული იარაღის“ პროტოტიპს შექმნის

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 30-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ლაზერული იარაღის  პროტოტიპის წარმოებას ითვალისწინებს.

ბრიტანეთი მიზნად ისახავს, გაარკვიოს, წაადგება თუ არა „მართული ენერგიის“ ტექნოლოგია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს.

ხელშეკრულება ევროპის თავდაცვის ფირმების კონსორციუმის მიერ შეირჩა.

პროტოტიპის შეფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ ირჩევს და იკვლევს სამიზნეს სხვადასხვა დისტანციასა და მრავალფეროვან კლიმატურ პირობებში ხმელეთსა და წყალში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მეცნიერებისა და ტექნიკის ლაბორატორიის (DSTL)  წარმომადგენელმა  – პიტერ კუპერმა განაცხადა, რომ პროექტი  ,,ტექნოლოგიის პოტენციალის გასაგებად მაღალი სიმძლავრის ლაზერების ინოვაციურ კვლევას ახორციელებს. ეს კი იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომლის წინაშეც შესაძლოა, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები აღმოჩნდეს, უფრო ეფექტური რეაგირება იყოს.”

ზოგადად, „მართული ენერგიის იარაღის“ გამოიყენება თვითმფრინავების, რაკეტების, ნაღმტყორცნების, გზისპირა ბომბების და სხვა საფრთხეების გასანადგურებლად.

აშშ მაღალი ენერგეტიკული ლაზერების გამოცდას ათწლეულების განმავლობაში ახორციელებს, თუმცა დღემდე, ტექნიკური პრობლემების გამო, მათ ფრონტის ხაზზე არ იყენებენ.

თუმცა, აშშ-მ 2014 წელს ლაზერული იარაღის სისტემა – “Laws” – სპარსეთის ყურეში დისლოცირებულ სადესანტო ხომალდ „პონსეზე“ (USS Ponce) დატესტვის მიზნით განათავსა.

მან გაანადგურა პატარა ნავის ბორტზე განთავსებული სამიზნე და პატარა თვითმფრინავი ცაში.

თუკი დემონსტრაციამ წარმატებით ჩაიარა, პირველი ლაზერული იარაღი 2020-იანი წლების შუა პერიოდში გამოჩნდება.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
სამხედრო

ჩინეთმა ხელოვნურ კუნძულებზე საზენიტო-სარაკეტო სისტემები დაამონტაჟა 

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აგებულ შვიდივე ხელოვნურ კუნძულზე საზენიტო -სარაკეტო სისტემები დაამონტაჟა.

ამის შესახებ აშშ-ის ანალიტიკურმა ინსტიტუტმა ოთხშაბათს სატელიტიდან გადაღებულ ფოტომასალაზე დაყრდნობით განაცხადა.

როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრთან არსებული ორგანიზაცია – აზიის საზღვაო გამჭირვალობის ინიციატივა (AMTI) იუწყება, მათი კვლევის შედეგები წინააღმდეგობაში მოდის ჩინეთის ხელისუფლების განცხადებასთან, რომ პეკინს კუნძულების მილიტარიზაციის განზრახვა არ ამოძრავებს.

AMTI-ის ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულებზე მიმდინარე მშენობლობაზე დაკვირვებას ორგანიზაცია ივნისიდან აწარმოებს.   აღნიშნულ კუნძულებზე უკვე აგებულია აეროდრომები, რომლებსაც, როგორც ჩანს,  სამხედრო დანიშნულება აქვთ.

სატელიტური სურათებიდან ჩანს, რომ კუნძულებზე დამონტაჟებულია საზენიტო ქვემეხები და CIWS სისტემები. ,,რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში პეკინი თავის კუნძულებს დაიცავს,” –  აცხადებს აზიის საზღვაო გამჭირვალობის ინიციატივა.

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა გასული წლის სექტემბერში აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა, რომ ქვეყანას სპრატლის არქიპელაგის მილიტარიზაცია არ სურს. ამავდროულად პეკინი ამტკიცებს, რომ კუნძულები მას ეკუთვნის და მათი დაცვა მისი პრეროგატივაა.

რამდენიმე თვის წინ საერთაშიროსი ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე სადავო ტერიტორიებზე ისტორიული უფლება არ აქვს. ჩინეთი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსაფუძვლოსა და უსამართლოს უწოდებს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწასამხედრო

გაერო ბირთვული იარაღის სრული აკრძალვის მიზნით მოლაპარაკებებს დაწყებას გეგმავს

გერთიანებული ერების ორგანიზაცია ბირთვული იარაღის სრული აკრძალვის მიზნით მოლაპარაკებების ინიცირებას გეგმავს.

ნიუ იორკში გამართულ სხდომაზე გაერო-ს გენერალური ასამბლეის პირველმა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მსოფლიოში ბირთვული იარაღის სრული აკრძალვის მიზნით, მოლაპარაკებები დაიწყოს.

რეზოლციის წინააღმდეგ გამოვიდნენ ის სახელმწიფოები, რომლებსაც ბირთვული იარაღი აქვთ, მათ შორის, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი.

დოკუმენტს 123-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო -38, ხოლო თავი შეიკავა -16-მა. რეზოლუცია, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, ითვალისწინებს გაერო-ს კონფერენციის გამართვას 2017 წელს, რა დროსაც წევრი სახელმწიფოები ბირთვული იარაღის სრული აკრძალვის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს შეათანხმებენ.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენებას შესაძლოა ჰქონდეს „კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგები“.

მიმდინარე ბირთვული რეჟიმის გამო არაბირთვული სახელმწიფოები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. განადგურების ნაცვლად ბირთვული სახელმწიფოები თავიანთი არსენალის მოდერნიზაციას ახორციელებენ და, ზოგ შემთხვევაში, ზრდიან კიდეც. ამის გამო, აღნიშნული სახელმწიფოები ბირთვული იარაღის სრულ აკრძალვას უჭერენ მხარს.

წყარო: www.theguardian.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
სამხედრო

Jackson-ის დატესტვამ 3,7-ბალიანი „მიწისძვრა“ გამოიწვია

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ფლორიდის სანაპიროზე დაფიქსირებული იდუმალი ,,მიწისძვრა” სხვა არაფერი იყო, თუ არა ამერიკის საზღვაო ძალების მიერ ახალი სამხედრო გემის დატესტვის შედეგი.

მინესოტას, ტეხასისა და ოკლაჰამას სეისმოლოგებმა  Daytona Beach Shores-დან 168 მილის დაშორებით 3,7 მაგნიტუდის „მიწისძვრა“ დააფიქსირეს.

თუმცა აღმოჩნდა, რომ „მიწისძვრა“ ხელოვნურად დამზადებულმა, 10 000 ფუნტიანმა (1 ფუნტი=453,59 გრამს) ასაფეთქებელმა მასალამ გამოიწვია, რომელიც ახალი ამერიკული ხომალდის – USS Jackson-ის დასატესტად გამოიყენეს.

როგორც საზღვაო ძალების შესყიდვების დირექტორატის პრესსიკერმა განაცხადა, დატესტვის მიზანი აფეთქების მიმართ გემის გამძლეობის დადგენა იყო.

Jackson აშშ საზღვაო ძალების საბრძოლო ხომალდია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წყალქვეშა, წყალზედა და გამნამღვით ოპერაციებს განახორციელებს.

 

სტატია მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
DOCTRINA.GE

სრულად ნახვა
სამხედრო

ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო ძრავის „წარმატებული“ გამოცდა განახორციელა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ სარაკეტო ძრავის მიწაზე დატესტვამ „წარმატებით“ ჩაიარა.
როგორც სახელმწიფო მედია საშუალებები იუწყებიან, ქვეყნის ლიდერმა კიმ ჯონგ უნმა მეცნიერებსა და ინჟინრებს სთხოვა, რაც შეიძლება მალე დაიწყონ მზადება თანამგზავრების გასაშვებად.
აღსანიშნავია, რომ აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, ჩრდილოეთის მეხუთე ბირთვული ტესტის საპასუხოდ გაეროში თანამშრომლობა გააძლიერონ.

ჩრდილოეთ კორეის მიერ თვის დასაწყისში ჩატარებულ მიწისქვეშა ბირთვულ გამოცდას სპეციალისტები ყველაზე ძლიერ ტესტად აფასებენ.
ჩრდილოეთ კორეა გამუდმებით ამრკიცებს, რომ ქვეყნის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები პროგრესს განიცდის, თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მათი უმრავლესობის დამოუკიდებლად შემოწმება შეუძლებელია.
როგორც სააგენტო როიტერსი ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, აშშ-სა და ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა გაეროს შესაძლო სანქციებზე დისკუსიები დაიწყეს. თუმცა ჩინეთი ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ საუბრობს იმაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ფხენიანის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას.
ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მთავარი მოკავშირე და სავაჭრო პარტნიორია, თუმცა მისი სამხედრო ქმედებები და ჯონგ უნის აგრესიული რიტორიკა მისთვის მიუღებელია.
ჩინეთის მხარდაჭერა გაამკაცრებული სანქციების მიმართ გადამწყვეტია, თუმცა პეკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამგვარი ნაბიჯები საკითხის მიმართ საბოლოო პასუხი არაა.
ჩრდილოეთ კორეის მედიის ცნობით, კიმ ჯონგ უნი სარაკეტო ძრავის გამოცდას თანამგზავრ Sohae-ს  გაშვების ადგილიდან ადევნებდა თვალს. ეს ის ადგილი გახლავთ, საიდანაც ქვეყანამ თებერვალში რაკეტა გაუშვა, რომელსაც თანამგზავრი გადაჰქონდა. ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ ქყვეყანამ რაც შეიძლება მეტი რაკეტა უნდა გაუშვას იმისთვის, რომ რამდენიმე წელში „გეოსტაციონარული თანამგზავრების მფლობელი გახდეს.“ ეს სიტყვები შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ ჩრდილოეთ კორეა მალე კიდევ ერთ გრძელვადიან რაკეტას გაუშვებს.
ჩრდილოეთი ამტკიცებს, რომ მისი კოსმოსური პროგრამა წმინდა სამეცნიერო ხასიათისაა, თუმცა აშშ, სამხრეთ კორეა და ჩინეთიც კი აცხადებს, რომ რაკეტების გაშვება კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების განვითარებას ისახავს მიზნად.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სახელმწიფოებს ნებისმიერი ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო გამოცდების განხორციელებას უკრძალავს.

წყარო:BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4
Page 3 of 4