close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

ადამიანებს 1000 წლის შემდეგ წითელი თვალები იქნებათ [VIDEO]

მომავლის ადამიანს მოწითალო თვალები და მუქი კანი ექნება

ადამიანები 1000 წელიწადში ძალიან განსხვავებული არსებები იქნებიან.

ახლახანს გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტი და გენეტიკური მუტაციები მომავალში ჩვენი ორგანიზმის მკვეთრ ცვლილებებს განაპირობებს.

დნმ-ის მუტაციის შედეგად ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს წითელი თვალები და მუქი კანი – როგორც გლობალური დათბობის ევოლუციური პასუხი.

კანადაში დაფუძნებული AsapScience-ის მიერ გავრცელებული ვიდეო აღწერს ჰიპოთეტურ სცენარს, რომელშიც ადამიანის ორგანიზმი ნაწილობრივ ადამიანია და ნაწილობრივ – მანქანა.

 

„მომავალში ნანობოტები ან პატარა რობოტები ჩვენს ორგანიზმთან ინტეგრირდებიან და ჩვენს  შესაძლებლობებს გაზრდიან. ჩვენი ფიზიოლოგიის მიერ აღარ ვიქნებით შეზღუდულები და გავხდებით ბიოლოგიისა და მანქანის ნარევი,“ – ნათქვამია ვიდეოში.

იმავდროულად, “დიზაინერი ბავშვები” ხელს შეუწყობს ჭკვიანი, მიმზიდველი და ფიზიკურად კარგი აღნაგობის ადამიანების ჩამოყალიბებას.

„თუმცა რაც უფრო მეტად ჭკვიანები, ძლიერები და ლამაზები გავხდებით, მით მეტად დავშორდებით ადამიანის სახეობას და ამ გზით, კარი გაეღება მომავლის ახალ დაავადებას – მთელი კაცობრიობის განადგურებას.“

გლობალური დათბობის შედეგად ადამიანი კიდევ უფრო გამხდარი და მაღალი აგებულების გახდება. როგორც ვიდეოშია ნათქვამი, ასეთი სხეულის ფორმის მქონე ადამიანი სიცხეს უფრო მეტად აიტანს.

დოქტორი ალან კვანის თქმით ჩვენი სახეებიც შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს. ალან კვანმა შექმნა გამოსახულებების განსაცვიფრებელი სერია, რომელიც წარმოადგენს ადამიანის რასის  ერთ-ერთ შესაძლო ევოლუციას მომდევნო 100,000 წლის მანძილზე.

ალან კვანი მიიჩნევს, რომ  ჩვენი მომავალი ევოლუციის გასაღები იქნება ადამიანის ფორმის ბუნებრივ ევოლუციასთან დაშორება და მისი ბიოლოგიურ ვარიანტთან ადაპტაცია ადამიანის საჭიროებებიდან გამომდინარე.

„იმდენად, რამდენადაც  გენური ინჟინერია ნორმა ხდება, მომავალში ადამიანის სახეს კიდევ უფრო მეტად განსაზღვრავს მისივე გემოვნება. რაც შეეხება ადამიანის შუბლს, ის უფრო ფართო გახდება, ვინაიდან ადამიანის ტვინი კიდევ მეტად განვითარდება და გაიზრდება,“ – აცხადებს  დოქტორი ალან კვანი.

იმდენად, რამდენადაც ადამიანი აღწევს გენეტიკაზე სრულ ბატონობას, ადამიანის სახე გახდება ძალიან სუბიექტური იმ მახასიათებლებისადმი, რასაც იგი ძირითადად უჩივის : სწორი ცხვირი, შთამბეჭდავი თვალები, სახის ნაკვთების ოქროს პროპორცია და მარცხენა / მარჯვენა სრულყოფილი სიმეტრია.

დოქტორი კვანი მიიჩნევს, რომ იმ დროისთვის ადამიანს დიდი ზომის თვალები ექნება, ამას კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ ადამიანი მზის სისტემის კოლონიზირებას მოახდენს და ხალხი მზისგან შორს, უფრო ბნელ გარემოში დაიწყებს ცხოვრებას.

ფაქტობრივად, 2050 წლისთვის რადიკალური ახალი ტექნოლოგიის შედეგად სრულიად ახალი ტიპის ადამიანი ჩამოყალიბდება.

როგორც Global Brain Institute-ის მეცნიერი კადელ ლასტი აცხადებს, რომ კაცობრიობა მთავარ “ევოლუციურ ტრანზაციას“ გადის. მისი თქმით, დაახლოებით 40 წელში ადამიანები უფრო დიდხანს იცოცხლებენ, უფრო გვიან ასაკშიც შეეძლებათ შვილების გაჩენა და შესაძლებლობა ექნებათ ყოველდღიური საქმიანობა ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შეასრულონ.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ნაწყვეტი გალაკტიონის დღიურიდან: ,,… ახალ წელს ვხვდები ჯიბეგაფხეკილი”

,,დოქტრინა”  გთავაზობთ ნაწყვეტს გალაკტიონის დღიურიდან. 1932 წელი. 31 დეკემბერი:
,,ისევე ავადა ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბეგაფხეკილი… დავდივარ უფეხსაცმელოდ; ერთადერთი მიღწევა –  ეს პალტოა, რომელიც, როგორც იქნა, ვიშოვნე…
რაც ყველაზე საშინელია, ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობის ფიქრი, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე. საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბებიდან?..
მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბათ იმის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება. ათასჯერ გამძარცვეს. ერთხელ პალტო წამართვეს, მეორეჯერ პიჯაკი დოკუმენტებით (ოო, ეს საშინელება იყო), მესამეჯერ – ფეხსაცმლები და კალოშები, მეოთხეჯერ – ქუდი (სულ სამი ქუდი დავკარგე ამნაირად)…
სხვადასხვა დროს დავკარგე ორი ახალთახალი შარფი, კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი…
დედაჩემმა სოფლიდან წყევლით გამომისტუმრა.
აბესალომი აქ ჩამოვიდა, ცარიელი „ლაი-ლაი“ გამართა და ისევ წავიდა.
ოლია სწორედ მაშინ გაჰქრება, როდესაც ავადა ვარ და წყალის მომწოდებელი კაცი არ არის. ამასწინათ მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი და კაცი ჩემთან არავინ მოსულა; მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მარტოდმარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი.
ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მეგობარი არ მოსულა, ნუ თუ ეს არ არის უბედურება? კაცი რომ მოჰკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს.”

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ხავა მაჰალი – „ქარების სასახლე“, უნიკალური ნაგებობა სადაც ერთი კიბეც არაა

ალბათ, მთელ მსოფლიოში ვერ იპოვით ადამიანს, ვისაც თაჯ-მაჰალის, ინდოეთის დიდებული არქიტექტურული ძეგლის შესახებ არ სმენია. თუმცა ინდოეთში ბევრი სასახლეა, რომლის ფასადიც კი სულის შემკვრელია. მაგ., ქალაქ ჯაიპურში არის სასახლე ჰავა მაჰალი, რომელსაც ასევე ქარების სასახლეს უწოდებენ. იმის თქმა, რომ ის დიდებულია, ნიშნავს, რომ არაფერი თქვა.

ხუთსართულიანი შენობა გვირგვინის ფორმის სახურავით ვარდისფერი ქვიშაქვისგან 1799 წელს ააშენეს. სასახლე მაჰარაჯის ჰარემისთვის იყო განკუთვნილი. ფანჯრები უწვრილესი გისოსებით არის გაფორმებული, საიდანაც მაჰარაჯის ცოლებს ქალაქის ცხოვრებაზე მშვიდად თვალის დევნება შეეძლო. ასე მათ ვერავინ ხედავდა. თუმცა აქ ჰარემი ყოველთვის არ იყო. მმართველს თავისი ცოლები აქ სხვადასხვა დღესასწაულების დროს მოჰყავდა.

სასახლის არქიტექტურა უნიკალურია. მასში ათასზე მეტი ფანჯარაა გამოჭრილი, რომელიც ისეა გაკეთებული, რომ განსაკუთრებულ სავენტილაციო სისტემას ქმნის, რის გამოც ზაფხულის დღეებში აქ ძალინ გრილა. ამასთან, თითოეული ფანჯარა ადამიანის თავზე ოდნავ დიდია.

ამ ფანჯრებიდან სასახლის ქალებს ფესტივალის და სხვა მოვლენების ყურება შეეძლოთ, ასევე ყოველდღიური ცხოვრების ყურება.

ჯაიპურის კლიმატი საკმაოდ ცხელია, ამიტომ გამაგრილებელი შენობა, განსაკუთრებით ზაფხულში აუცილებელია. შენობა ისეა მოწყობილი, რომ ქალაქში რაც უფრო მეტია ჰაერის ტემპერატურა, მით უფრო ძლიერი ქარია შენობაში, რაც ბუნებრივ გაგრილებას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ ჰავა მაჰალს მეორენაირად „ქარების სასახლეს“ უწოდებენ.

სასახლის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ისაა, რომ შენობას არც ერთი კიბე არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხუთსართულიანია. სასახლეში გადასაადგილებლად დამრეცი გადასასვლელი პანდუსები გამოიყენებოდა, რომელიც სპეციალური ნაჭდევით იყო აღჭურვილი, ამის წყალობით ფეხები აღარ უსრიალდებოდათ.

ამბობენ, სასახლე განსაკუთრებით ზღაპრული მზის ამოსვლის დროს არის, როცა ჰორიზონტზე მზის პირველი სხივები ჩნდება. სწორედ ამ წამს ყველაზე ნამდვილ აღმოსავლურ ზღაპარს ჰგავს, რომლის ჯადოქრობას ძალიან მალე ტურისტების ბრბო დაარღვევს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ათი ყველაზე სასტიკი მმართველი კაცობრიობის ისტორიაში

1. ვლად III ბესარაბიელი, იგივე ვლად ცეპეში (გრაფი დრაკულას პროტოტიპი)
ვალახიის მმართველი 1448, 1456–1462 და 1476 წლებში- ვლად მესამე ბესარაბიელი, იგივე ვლად ცეპეში, იგივე ვლად დრაკულა შემდგომში გრაფ დრაკულას პროტოტიპი გახდა. როგორც ხელისუფალი, ის გამოირჩეოდა უკიდურესი სისასტიკითა და გაუწონასწორებელი, ქარიზმატული ბუნებით. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, მოზარდობის პერიოდში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმები იყო, როცა ცეპეში წლების განავლობაში მძევლად იმყოფებოდა თურქეთის სულთანთან. საყოველთაოდ ცნობილია შემთხვევა, როცა ცეპეშმა წვეულებაზე დაპატიჟა 500 ბესარაბიელი დიდებული, ხოლო სადილის შემდეგ მათ საშინელი წამებით სიკვდილი ხვდათ წილად- სასტიკმა მმართველმა ისინი სარზე გასმით დასაჯა. გრაფს ძალიან უყვარდა სიკვდილით დასჯის ადგილზე საუზმობა. ის მხევლებს უბრძანებდა იქ გაეშალათ სუფრა, სადაც რამოდენიმე საათის წინ ასობით ადამიანის სიკვდილის დასჯის შედეგად სისხლის ტბა იდგა. ხშირი იყო შემთხვევები, რომ როდესაც სხვა ქვეყნებისაგან წარგზავნილ ელჩებს ვლად ცეპეშის წინაშე ქუდის მოხდა ავიწყდებოდათ, მრისხანე ხელისუფალი თავის მსახურებს უბრძანებდა ლურსმნებით დაეჭედებინათ ეს ქუდი ურჩი ელჩების თავებზე. ვლადს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა სიკვდილით დასჯის შემდეგი ფორმები: ცოცხალ ადამიანს აგდებდნენ მდუღარეში, კვეთდნენ თავს, თხრიდნენ თვალებს, ჩამოახრჩობდნენ, წვავდნენ ან მარხავდნენ ცოცხლად; სასტიკ ტირანს ყველაზე დიდ ბედნიერებას ანიჭებდა, როდესაც მსხვერპლს აჭრიდა ცხვირს, ყურებს, კიდურებს, სასქესო ორგანოებს. ამგვარი ხერხებით მას 50 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავდა მოკლული. სწორედ თავისი სისასტიკის გამო გახდა ვლად ცეპეში საყოველთაოდ ცნობილი გრაფი დრაკულას პროტოტიპი.
2. ლეოპოლდ II

ლეოპოლდ II გახლდათ ბელგიის მეფე და იმავდროულად კონგოს სახელმწიფოს მმართველი. მან სამეფო ტახტი 1865 წელს დაიკავა და შეძლო სიკვდილამდე შეენარჩუნებინა ხელისუფლება. მის მიერ კონგოს მართვა გახდა ყველაზე სკანდალური მმართველობა მსოფლიო ისტორიაში. ლეოპოლდმა დაიპყრო აფრიკის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 76-ჯერ მეტი იყო ბელგიის ტერიტორიაზე. მისი დესპოტური რეჟიმის მსხვერპლი 3 მილიონზე მეტი კონგოელი გახდა.
3. კალიგულა (გაიუს იულიუს ცეზარ ავგუსტ გერმანიკი)

გადმოცემის მიხედვით, რომაელი დიქტატორის კალიგულას გიჟური სისასტიკე დაიწყო მას შემდეგ, რაც მან გადაიტანა ტვინის მძიმე დაავადება-ენცეფალიტი. სარგებლობდა რა ძალაუფლებით, ის ანხორციელებდა თავის არაადამიანურ ხუშტურებს: ამყარებდა სექსუალურ კავშირს ახლო ნათესავებთან, აწყობდა სისხლიან ორგიებს, არენაზე გამოყრილ მძვინვარე ველურ ცხოველებს შესაჭმელად უგდებდა ადამიანებს და შემდეგ ხარობდა მათი სასტიკი წამების ყურებით, ყოველგვარი მიზეზის გარეშე სიკვდილით სჯიდა უამრავ ადამიანს, არ ინდობდა ახლო ნათესავებსაც კი. ხშირად აიძულებდა ძმებს, მამა-შვილს ან ცოლ-ქმარს მის თვალწინ დაეხოცათ ერთმანეთი. მისი სისხლიანი მმართველობის პერიოდში მილიონობით ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.
4. ფრანსუა დიუვალიე

ფრანსუა დუვალიე ჰაიტელი დიქტატორი იყო, რომელიც შეუცვლელად მართავდა ჰაიტს 1957-1971 წლებში. ტირანმა მმართველმა სახელმწიფოში აკრძალა ყოველგვარი პარტიები, პროფკავშირები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. მან ციხეში გამოამწყვდია ყველა მღვდელი, რომლებმაც უარი თქვეს საეკლესიო ლოცვებში მის ქება- დიდებით მოხსენიებაზე. სარგებლობდა რა იმით, რომ ჰაიტიში გავრცელებული იყო ვუდუს კულტი, დუვალიე თავის თავს ვუდუს ყოვლისშემძლე ჯადოქრად ასაღებდა. სასტიკ მმართველს შეეძლო სიკვდილით დაესაჯა მთელი სოფლის ან დასახლების მოსახლეობა ყოველგვარი ბრალდებისა და მოტივაციის გარეშე, მისი ყველაზე საყვარელი გასართობი იყო ადამიანის მოთავსება ბასრი სამართებლებით სავსე ყუთში და ყურება იმისა, თუ როგორ იცლებოდა სისხლისაგან ბედშავი ტანჯული.
5. პოლ პოტი

პოლ პოტი იყო ლიდერი, პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფოს მეთაური დემოკრატიულ კამბოჯაში 1976 -1979 წლებში. მისი სახელი ისტორიაში შევიდა, როგორც სისხლიანი გენოციდის ავტორისა. პოტის მმართველობის პერიოდში კომუნისტურმა მთავრობამ განიცადა რადიკალური მასობრივი ევაკუაცია. ტირანის მმართველობის ოთხი წლის განმავლობაში დაიღუპა ქვეყნის მოსახლეობის 20% – ანუ დაახლოებით ერთნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი – იძულებითი შრომით, შიმშილით, ავადმყოფობით, წამებითა და სიკვდილით დასჯით.
6. ჟან ბედელ ბოკასა

ცენტრალური აფრიკის პრეზიდენტი 1966-1976 წლებში, ცენტრალური აფრიკის იმპერატორი 1976-1979 წლებში ჟან ბედელ ბოკასა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ექსცენტრიულ მონარქადაა მიჩნეული. ცენტრალურ აფრიკაში დღესაც კი ბევრი ადამიანი ბოკასას სახელს შიშის ცახცახით წარმოთქვამს და ეს შემთხვევითი სულაც არაა. ჟან ბოკასა არამარტო მკვლელი ტირანი და სადისტი იყო, არამედ ცნობილი კანიბალი და კაციჭამიაც გახლდათ. აი ძირითადი მეთოდები, რომლებითაც ბოკასა ურჩებსა და მისი რეჟიმის მოწინააღმდეგეებს უსწორდებოდა: ცოცხლად აჭმევინებდა მათ ნიანგებს, აჭყლეტინებდა სატვირთო მანქანის ბორბლებით, აბამდა ცხენის ძუაზე და შემდეგ ცხენს თავისუფლად უშვებდა, აჭრიდა კიდურებსა და სხეულის სხვა ნაწილებს, ცოცხლად ხარშავდა მდუღარეში და შემდეგ….სიამოვნებით შეექცეოდა ადამიანის ხორცს (!).
7. ნერონი (ნერონ კლავდიუს ცეზარ ავგუსტ გერმანიკი)

ნერონმა იმპერატორის კვერთხი 16 წლის ასაკში მიიღო. თავდაპირველად ის საკმაოდ მშვიდად მართავდა ქვეყანას, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ დაიწყო არამარტი ტირანიის, არამედ დესპოტიზმის ხანაც. ნერონს შემთხვევით შემოაკვდა თავისი პირველი ცოლი და ამ შემთხვევამ ის შეუბრალებელი მკვლელი და სისხლისმსმელი მონარქი გახადა. ის კლავდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, კალიგულას მსგავსად აწყობდა სისხლიან ორგიებს, სიკვდილით სჯიდა ადამიანებს სრულიად უმიზეზოდ. ნერონის თანამედროვეების გადმოცემით, მის სხეულზე არ იყო არცერთი შეურყვნელი ადგილი იმის გამო, რომ ეს რომაული იმპერატორი აქტიურად მონაწილეობდა საჭურისებსა და ხარჭებთან იმპროვიზირებულ ქორწილებში.
8. ადოლფ ჰიტლერი

ადამიანი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება, რადგან მისი სახელი სისხლიანი ასოებითაა ჩაწერილი კაცობრიობის ისტორიაში. ჰიტლერი იყო ლიდერი ეროვნული სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიისა და გერმანიის კანცლერი 1933-1945 წლებში. მის მიერ გაჩაღებული მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანი, მათ შორის გენოციდით 6 მილიონი ებრაელი. 1945 წლის 30 აპრილს ჰიტლერმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, დალია რა საწამლავი -ციანიდი და იმავდროულად თავში დაიხალა რევოლვერი.
9. ჰენრიხ VIII ტიუდორი

ჰენრიხ ტიუდორი გახლდათ ანგლიკანური ეკლეისიის დამაარსებელი. მან საშინელი რეპრესიები გააჩაღა მათ წინააღმდეგ, ვინც გაბედა და არ მიიღო ახალი სარწმუნოება. ისტორიკოსების შეფასებით, მისი მმართველობის პერიოდში ინგლისში დაანგრიეს 376 ეკლესია-მონასტერი, ხოლო 70 ათასამდე ადამიანი ჩამოახრჩვეს ან ცოცხლად დაწვეს კოცონზე.

10. თემურ-ლენგი (1330-1405)

თემურ-ლენგი შუააზიელი მხედარმთავარი და დამპყრობელი, თემურიდების დინასტიის დამაარსებელი გახლდათ. 1362 წელს ის ფეხში დაიჭრა და დაკოჭლდა, ამის გამო “თემურ-ლენგი” (ტაჯიკურად “კოჭლი თემური”) შეარქვეს. მის მიერ მოწყობილ დამპყრობლურ ომებში უთვალავი ადამიანი დაიღუპა, რომელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ამასთანავე ცნობილია, რომ დაპყრობილ ტერიტორიებზე ლენგი ტყვედ აყვანილ ადამიანებს სასტიკად ექცეოდა. მაგალითად, მან უბრძანა ცოცხლად დაეწვათ მისი მიერ დაპყრობილი ქალაქის ისფისორის განურჩევლად ყველა მცხოვრები, მათ შორის მოხუცები, ქალები და ბავშვებიც კი. განსაკუთრებით ცნობილია მისი სისხლიანი შურისძიება ქართველების მიმართ, რადგან ჩვენი მეომრები რიცხობრივი სიმცირის მიუხედავად არნახულ წინააღმდეგობას უწევდნენ თემურ-ლენგის მრავალრიცხოვან არმიას. შუააზიელი დამპყრობელი რვაჯერ შემოესია საქართველოს და ენით აუწერელი ზარალი მიაყენა მას. მის სისხლიან ომებს ათეულ ათასობით ქართველი შეეწირა.
P.S. იოსებ სტალინი (1878-1953)

ალბათ არასრული იქნებოდა ეს სია იოსებ სტალინის (იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის) გარეშე. საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო და პარტიული მოღვაწე, კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი, სკკპ წევრი 1898 წლიდან გარდაცვალებამდე-იოსებ ბესარიონის ძე სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ მმაართველადაა მიჩნეული. 1930-1933 წლებში მის მიერ განხორციელებული რეფორმების გამო მილიონამდე გლეხი შიმშილით დაიღუპა, ხოლო მასობრივი რეპრესიების შედეგად გადასახლებულთა რიცხვი 20 მილიონს აღწევდა. მათგან მხოლოდ 20% დაბრუნდა ცოცხალი, დანარჩენები გულაგის ბანაკებში გამეფებული სასტიკი რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ.

წყარო :http://intermedia.ge/

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები

1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში 130 დეპუტატი შედიოდა, აქედან 5 ქალი იყო

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის წევრი.

1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის არმიის თავდასხმისას მუშაობდა საქართველოს წითელ ჯვარში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. მომდევნო წლებში რეპრესიებს ემსხვერპლნენ მისი ქმარი და შვილები, თავად მინადორა კი მრავალგზის გადაასახლეს. მხოლოდ 1950 წელს მიეცა თბილისში დაბრუნების საშუალება. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე

ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი

1902 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ, ორგანიზაციამ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფი (რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ელეონორა) რეალურად ხელში აიღო ქალაქ სოხუმის მმართველობა და ჩაანაცვლა მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა. ამის გამო 1908 წელს პირველად დააპატიმრეს. 1917 წლამდე კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული.

1918 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. 1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩართული იყო არალეგალურ, ანტი-საბჭოთა მოძრაობაში. 1924 წლის აჯანყების შემდეგ აქტიურობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციების აღდგენის პროცესში. 1925 წელს აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას შემადგენლობაში.

საქართველოს სსრ-ს საგანგებო კომისიამ 1926 წელს დააპატიმრა და ამიერკავკასიის ფარგლებიდან გაასახლა. გადასახლებიდან დაბრუნდა 30-იან წლებში; ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას. გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ქრისტინე შარაშიძე

ფოტო: ეროვნული არქივი

იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი 1905 წლიდან. აქტიურად მონაწილეობდა 1905-1906 წლებში ტფილისში რევოლუციურ გამოსვლებში; ამზადებდა საგაზეთო ინფორმაციებს; 1905 წლის ნოემბერში, ტფილისში სომეხ-თათართა შეტაკებების განმუხტვისას მონაწილეობდა ე.წ. მფრინავ რაზმში, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევდა დაშავებულებს.

1917 წელს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი.

1919 წელს არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით; შედიოდა პრეზიდიუმის სამდივნოში, ასევე იყო საბიბლიოთეკო, სარედაქციო და სახალხო განათლების კომისიის წევრი.

ანა სოლოღაშვილი

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

1903 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. 1925 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

1937 წელს დააპატიმრა შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ. 1937 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. ტროიკა), ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და “შოვინისტური” განწყობების, ასევე “მენშევიკთა” ლიდერ რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ოლა სოლოღაშვილს დახვრეტა მიუსაჯა.

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე

ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი

1904 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა გურიაში გლეხებს შორის. 1905 წელს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ, მიემხრო მენშევიკებს. 1907 წელს გურიის პარტიულმა ორგანიზაციებმა აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიიის კომიტეტის წევრად. 1907 წელს გურიის კომიტეტის დაპატიმრებისა და გადასახლების შემდეგ ლიზა ნაკაშიძე გაძევებული იყო ამიერკავკასიის ფარგლებიდან. დაბრუნდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ.

1917 წლის 20 მარტს ლიზა ნაკაშიძე აირჩიეს გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ.1918 წლის მარტში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის წევრი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

“ცოლის დადგენილი 9 წესი ქმრისთვის” – ნოდარ დუმბაძისგან

ნოდარ დუმბაძემ თავისი მომავალი მეუღლე ნანული გუგუნავა უნივესიტეტში გაიცნო. ნოდარი ხშირად ელოდებოდა მას აუდიტორიის კართან, ლექციების შემდეგ კი გოგონას შინ მიაცილებდა.

თავდაპირველად ნოდარს ნანულის მეგობარი მოსწონდა და მასთან საქმის “მოეკვარახჭინებაში” სწორედ ნანული უწყობდა ხელს, მაგრამ ის გოგო რატომღაც თავს იკავებდა, ალბათ არ უნდოდა, რეპრესირებული მშობლების შვილისათვის დაეკავშირებინა თავისი მომავალი.

მერე უნივერსიტეტში ხმა გავარდა, ნოდარს იმ გოგოსთან დაქორწინებაში ნანული უშლის ხელსო.

ამას ძალიან გაუბრაზებია მწერალის მომავალი მეუღლე.

აი, რას იხსენებს ის:

“ლექციის დამთავრების მერე გამოვიდოდი აუდიტორიიდან და ნოდარი კართან მელოდებოდა. ლექციების მერე ხომ სულ ერთად ვიყავით. ჩვენი “მეგობრული ურთიერთობა” 6 თვე გაგრძელდა. 

ერთ მშვენიერ დღესაც ამბავი მომიტანეს, ნოდარს ერთი გოგო უყვარს, მაგრამ ნანულის გამო ცოლად ვერ მოჰყავსო. 

აღვშფოთდი და საქმის გასარკვევად ნოდარი შინ დავიბარე. მაშინვე გამოცხადდა. ბევრი ლაპარაკი არ დამიწყია, პირდაპირ მივახალე:

თუ სხვა გიყვარს, ჩემგან თავისუფალი ხარ. რატომ ამბობენ, რომ მე გიშლი ხელს გაბედნიერებაში-მეთქი?

ალმაცერად შემომხედა – არ გიყვარვარო? გავწიწმატდი,

– ეს მე უნდა გითხრა პირველმა? რატომ შენ არ მეუბნები-მეთქი.

ნოდარმა კი – თუ ამდენ ხანს ვერ მიხვდი, რომ მიყვარხარ, არ ყოფილა შენი საშველი. ახლა შენც მითხარიო.

მეც იგივე გავიმეორე – შენც თუ ამდენ ხანს ვერ მიხვდი, რომ მიყვარხარ, არც შენი საშველი ყოფილა-მეთქი.

გაეცინა: – აბა, ორივე უსაშველოები ვყოფილვართ და წამოი, გოგო, ჩემსასო.”

image

ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ ზრუნავდა და როგორ ეყვარებოდა ყველაზე მზიანი გულის კაცს, კაცს, რომელსაც მხოლოდ სიყვარული შეეძლო, თავისი მეუღლე.

მის ჩანაწერებში ვკითხულობთ:

“თხუტმეტი წელია ჩემი ცოლია…თითქოსდა კარგი ქმარი ვარ, ჯამაგირს კაპიკ-კაპიკ ვაძლევ, მე აქ რაში მჭირდება…საგზურს ვუღებ ყოველ წელს, საზღვარგარეთაც იყო სამჯერ…ბათუმში ახალი ბინა მივიღეთ, ავეჯი რიგის ვიყიდე, გოგო მუსიკალურ ტექნიკუმში გვყავს, ღვინოს მე არ ვსვამ და არაყს…შარშან დაბადების დღეზე კაბა ვუყიდე, ჩამეკრა გულში და ტირილი დაიწყო, ვეკითხები, რა გატირებს-მეთქი, ხმას არ იღებს, მეკვრის და ტირის…ეტყობა სხვა რამე სჭირდება ქალს….”

image

ეს კი დუმბაძისეული იუმორით გაჟღენითი ის კანონია, რომელსაც 

“ცოლის დადგენილი 9 წესი ქმრისთვის” – ასე ჰქვია :

1. არავითარ შემთხვევაში სამსახურიდან მოსულმა ქმარმა არ უნდა შეაწუხოს ოჯახი. ისე უნდა მოიქცეს, თითქოსდა ამ ქვეყანაზე საერთოდ არ ყოფილა;

2. თუ შია, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე შეეთრიოს სამზარეულოში და ჭამოს, თუ დახვდა რამე, თუ არადა გამოეთრიოს და დაეგდოს ტახტზე, სანამ არ მოსწყინდება, აკეთოს ეგრეთ წოდებული მკვდარი საათი;

3. რაც შეეხება გაზეთის კითხვას, ქმარმა უნდა იცოდეს, რომ სახლი სამკითხველო არ არის და რომ ქალები გაზეთს წასაკითხად არ ყიდულობენ;

4. თვითონ დარეცხოს და დაიუთოოს;

5. საჩუქრები იყიდოს ცოლის ამორჩევითა და დავალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოტანილი ნივთები დაეფშვნება თავზე;

6. როდესაც ბავშვები თამაშობენ, გაეთრიოს გარეთ და დაელოდოს, სანამ არ დაუძახებენ სახლში;

7. დროზე მოიტანოს ჯამაგირი და ჩააბაროს ცოლს კაპიკ-კაპიკ;

8. დილით ადრე ადგეს, დახვეტოს ოთახი, დაადგას ჩაი, ასაუზმოს ბავშვები, სამსახურში წათრევის წინ, ჩაუწიოს ნავთქურას, ფეხაკრეფით მივიდეს ცოლის საწოლთან, შუბლზე აკოცოს ცოლს და უხმოდ გაიპაროს. მსგავსი შრომა ალამაზებს ადამიანს.

9. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების შესრულება მამაკაცის ძალ-ღონეს აღემატება, ჯობს, საერთოდ არ მოვიდეს სახლში.

ამ თემას კი ნოდარ დუმბაძის ყველასათვის ნაცნობი სიტყვებით დავასრულებთ და ჩვენს მკითხველს სიყვარულით სავსე დღეს ვუსურვებთ :

image

” – სიყვარულიც სულში შედის, ქალბატონო ანიკო? – დაინტერესდა კუკარაჩა.
– ალბათ, ყოველ შემთხვევაში თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუცია ღმერთს ადამიანისთვის, სიყვარულის ნიჭია, ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.”

წყარო : http://intermedia.ge

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

განქორწინება და მასთან დაკავშირებული კრიზისები ბავშვებში

განქორწინება და ამ საკითხის ირგვლივ განხილვა, ჩვენს რეალობაში ნაკლებად ცნობად თემას წარმოადგენს , ხშირად როდესაც წყვილები ამ გადაწყვეტილებამდე მიდიან, ისინი დგებიან რიგი სირთულების წინაშე , რომლებიც მათ ემოციურ მდგომარეობას დიდი საფთხის ქვეშ აყენებს , წარმოიდგინეთ ამ სითულეების პერიოდში ასევე არსებობს ბავშვები , განქორწინებული წყვილის შვილები .რომლებიც ორმაგად განიცდიან მათ გარშემო მომხდარ ცვლილებებს. რა ხდება ამ დროს ბავშვებში როგორ შეიძლება რომ დავიცვათ მათი ემოციური მგომარეობა , ამაზე და კიდევ უფრო მეტზე გვესაუბრა , კლინიკური ფსიქოლოგი , ევროპული სტანდარტის დიპლომირებული გეშტალტთერაპევტი , მრავალი ცოდნის მქონე ფსიქოლოგი დარეჯან თოლორდავა.

1. რა ფაქტორები იწვევს წყვილთა ურთიერთობაში განქორწინებამდე მისვლას ?
ცნობილია, რომ განქორწინების რიცხვი მთელ მსოფლიოში იზრდება. ქორწინება კი ხდება არასტაბილური ინსტიტუტი. განსხვავებული სტატისტიკა არის ისლამურ სახელმწიფოებში, სადაც მხოლოდ მამაკაცს აქვს განქორწინებაზე გადაწყვეტილების უფლება.ბოლო ათი წლის მონაცემებით საქართველოში განქორწინების რიცხვი დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა.
ქორწინება თავის მხრივ ორ ადამიანს შორის შეთანხმებაა,პასუხისმგებლობის გადანაწილება, სადაც მოიაზრება სხვადასხვა საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. სიყვარულის , მიკუთვნებულობის,სექსუალური თუ ფინანსური სტაბილურობის,კეთილდღეობის, გამრავლების ,აღიარების. სწორედ ამ მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა წარმოადგენს განქორწინების მიზეზებს. რაც უფრო მეტია წყვილებში ილუზორული მოლოდინები და ნაკლები პასუხისმგებლობა ქორწინების მიმართ, მით მალე დგება იმედგაცრუება და განქორწინების კრიზისი. განქორწინების პროცესს აჩქარებს: ტოქსიური ურთიერთობები, ეჭვიანობა ,ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და თანადამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, ემპათიის ,ურთიერთნდობისა და ურთიერთგაგების დეფიციტი,საერთო ინტერესების და ღირებულებების არქონა, სექსუალური შეუთავსებლობა,ძალადობა,ალკოჰოლიზმი და ადიქციები(ინტერნეტ და თამაშდამოკიდებულებები). ოჯახური პასუხისმგებლობების არასწორად გადანაწილება.
თითოეულ წყვილში სამი შემადგენელი ნაწილია: მე შენ და ჩვენ. თითოეულ ნაწილს უნდა ჰქონდეს პირობები და სივრცე არსებობისთვის,ზრდისთვის. როდესაც წყვილთა შორის ერთ-ერთი პიროვნულად იზრდება, ხოლო მეორე რჩება და რეგრესს განიცდის, განქორწინება გარდაუვალია.
განქორწინებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:
ნაადრევი ქორწინება ხასიათდება წყვილებში თანაცხოვრებისა და სქესობრივი ურთიერთობის გამოცდილების არქონით.რაც გამოწვეულია ტრადიციითა და რელიგიური ღირებულებებით. დაქორწინება ამ მხრივ სექსის ლეგიტიმაციას ემსგავსება. დაქორწინების მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის მარტოობისგან გაქცევის, ოჯახური(იგულისხმება მშობლების ოჯახი)ურთიერთობის გაუცხოების შედეგად წარმოქმნილი ცარიელი ადგილის შევსების მცდელობა და არა საკუთარი ოჯახის შექმნის სურვილი და მზაობა. ახალგაზრდა წყვილი ადრეულ ასაკში ნაკლებად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას,რაც ოჯახს ახლავს თან. ამასთან ,მათი წარმოდგენები დაოჯახების შემდეგ თანაცხოვრების,ოჯახის ფუნქციების შესახებ ილუზორულია, ნაკლებად ეფუძნება რეალურ ფაქტორებს,რაც იწვევს სინამდვილესა და წარმოდგენებს შორის შეუსაბამობას, იმედგაცრუებებს,ფრუსტრაციას,კრიზისს.
ფინანსური სირთულეები, არასტაბილურობა. ოჯახის ფორმირების ეკონომიკური მიდგომის მიხედვით,წყვილი ერთად ცხოვრებას აგრძელებს მაშინ,როცა მათთვის ერთად ყოფნა უფრო მომგებიანია ეკონომიურად,ვიდრე ცალ-ცალკე. ხშირად დაქორწინების პროცესში არ ხდება რაციონალური(ეკონომიური ბენეფიტების)გააზრება.სტაბილური შემოსავლისა და საკუთარი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონა წყვილში კონფლიქტის წარმოქმნის მნიშვნელოვანი მიზეზია. უმუშევარი ქმრები ამჟღავნებენ უყურადღებობას მეუღლისადმი(წარმოქმნილი პრობლემების მიმართ),რაც იწვევს ცოლების უკმაყოფილებას და გაღიზიანებას.იმაზე მეტ უკმაყოფილებასაც კი ,ვიდრე მეუღლის უმუშევრობა და ოჯახის ელემენტარული საჭიროებებით დაუკმაყოფილებლობა.
ფიზიკური და მორალური ძალადობა ოჯახში. ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობა ოჯახში განქორწინების ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორია.თუმცა ქალებს სასამართლო პროცესზეც ხშირად უჭირთ ძალადობაზე საუბარი და რეალური მიზეზების დაფარვით სულ სხვა საკითხზე მიმდინარეობს დავა.
ღალატი. ერთ- ერთი იჩენს სხვა სექსუალურ პარტნიორს და ამის გამო ტოვებს ოჯახს.
სექსუალური შეუთავსებლობა განქორწინების ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რადგან ოჯახური კონფლიქტები ხშირად სექსუალური ურთიერთობის ნიადაგზე წარმოიშვება.
თანაცხოვრების პროცესში მესამე პირის ჩარევა. რაც შეეხება მშობლების ჩარევას , შეიძლება მივიჩნიოთ ერთ ერთ-ერთ დამაჩქარებელ ფაქტორად და არა მთავარ მამოტივირებელ მიზეზად.
დაბალი ფსიქოგანათლება ქორწინების კრიზისების შესახებ, პრობლემების გაცნობიერების,კრიზისის ამოცნობის, ხმამაღლა გაცხადების,ერთმანეთში გაზიარების და საუბრის დეფიციტი. დაბალი ცნობიერება ოჯახური ფსიქოთერაპევტის ჩართულობაზე განქორწინების კრიზისის დროს

2.როგორ უნდა მოხდეს წინასწარ ბავშვთა მომზადება განქორწინების ცვლილებებისთვის ?
განქორწინება ცვლილებაა, როგორც ბავშვისთვის, ისე იმ სისტემისთვის, რომელშიც ის იმყოფება. თუმცა ბავშვებზე ეს კრიზისი ბევრად მძიმედ აისახება, ვიდრე მშობლებზე: მშობლებმა თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ხოლო ბავშვი უნდა შეეგუოს ამ ცვლილებას და მიიღოს ახალი რეალობა, რაც საკმაოდ რთულია.
ბავშვზე მძიმედ მოქმედებს: ერთ- ერთ მშობელთან ურთიერთობის გაწყვეტა; მშობლებს შორის, როგორც კონფლიქტურ მხარეებს შორის, ყოფნა.
განქორწინების კრიზისი ბავშვისთვის უფრო დაძლევადი და ნაკლებ მტკივნეული ხდება, თუ მშობლები ითვალისწინებენ ბავშვის მდგომარეობას, მის გრძნობებსა და საჭიროებებს, თუ გაყრის პროცესი ბავშვისთვის მოულოდნელი არ არის და მხარს უჭერენ მას ცვლილებასთან შეგუებასა და კრიზისის დაძლევაში.
როგორ უნდა შევატყობინოთ ბავშვს განქორწინების შესახებ?
მშობლების განქორწინება ბავშვისთვის თავისთავად არის შოკი. ამიტომ საუბარი უნდა წარიმართოს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში.როდესაც ეს გადაწყვეტილება უკვე საბოლოოდ არის მიღებული. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ ჩამოყალიბებული, ნუ მოამზადებთ ბავშვს „შესაძლო განქორწინებისათვის“.რაც შეეხება კონკრეტულ დროს, უმჯობესია, ამის შესახებ შეატყობინოთ დასვენების დღეებში – ბავშვს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო ამ ამბის „მოსანელებლად“. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ის არ რჩებოდეს სახლში მარტო. ასევე, არ ღირს ამის თქმა ძილის წინ, რათა ბავშვს მივცეთ მშვიდი ძილის საშუალება .
თუ ბავშვი ემოციურად მიჯაჭულია ერთ რომელიმე მშობელზე, აჯობებს, სიახლე მან ამცნოს. საუკეთესო ვარიანტია, რომ მშობლებმა საუბარი წარმართონ ერთად, მშვიდ გარემოში შეატყობინონ თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ (ბუნებრივია, თუ გარემოება იძლევა ამის საშუალებას და მშობლებს არ აქვთ მწვავე კონფლიქტური ურთიერთობა).„ჩვენ გადავწყვიტეთ განქორწინება“, – ნუ გაექცევით სიტყვას „განქორწინება“ იმიტომ, რომ ეს ზუსტად ის არის, რაც ხდება თქვენს ოჯახში. „მე და მამა ბოლო დროს ვერ ვრიგდებოდით ბევრ რამეზე, ვერ ვმეგობრობდით და ხშირად ვკამათობდით. გადავწყვიტეთ, რომ თუ გავეყრებით ერთმანეთს, ორივესთვის უკეთესი იქნება“, – ეს ინფორმაცია საკმარისზე მეტია ბავშვისთვის. თუ ბავშვი ძალიან პატარაა და ვერ გაიგებს ამ სიტყვის მნიშვნელობას, მაინც გამოიყენეთ ეს ტერმინი და მერე განუმარტეთ, რას ნიშნავს ის: „განქორწინება ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით დაქორწინებულები, ჩვენ აღარ ვიცხოვრებთ ერთად“.
შემდეგ აუხსენით უშუალოდ მათი მდგომარეობის შესახებ. შეეცადეთ მხოლოდ არსებითზე ისაუბროთ და ნუ დაწვრილმანდებით, მოცემულ ეტაპზე საკმარისია საბაზისო ინფორმაცია. მაგალითად: ,,შენ (ან თქვენ)ისევ აქ იცხოვრებ, მხოლოდ მამა გადავა სხვაგან საცხოვრებლად ან თავის მშობლებთან (ბებოსთან და პაპასთან), შენ ყოველთვის შეძლებ მის ნახვას, შენ გაქვს და ყოველთვის გექნება სახლი, ყოველთვის გექნება საშუალება, ნახო მშობლები.
3. რა ხერხები უნდა მოიმოქმედოს წყვილმა რომ მოახერხოს ბავშვის ან მოზარდის ამ ცხოვრებისეული ცვლილებისკენ მომზადება და შემდგომ ადაპტაცია ამ სიტუაციისადმი ?
განქორწინების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისცეთ ბავშვს საშუალება, ჰქონდეს ორივე მშობელთან მჭიდრო კონტაქტი, არ აიძულოთ, რომ აირჩიოს თქვენ შორის ერთ-ერთი, არ ეცადოთ, ჩაუნერგოთ, რომ თქვენი ღალატი იქნება, თუ კარგი ურთიერთობა ექნება თქვენს ყოფილ მეუღლესთან .
ბავშვების უმრავლესობას სურს სტაბილური, მჭიდრო ურთიერთობა ორივე მშობელთან და უყვარს ორივე, მიუხედავად მათი უარყოფითი მხარეებისა და შეცდომებისა.
საუკეთესო რამ, რაც ამ დროს შეიძლება გააკეთოთ თქვენი ბავშვისთვის, ისაა, რომ აღიაროთ მისი უფლება, ჰქონდეს განსაკუთრებული გრძნობები (დამოკიდებულება) თქვენს ყოფილ მეუღლესთან, გრძნობები, რომლებიც არაა აუცილებელი, თქვენსას დაემთხვას.
თუ ბავშვს ეტყვით, რომ მხოლოდ ერთ მშობელს სურს განქორწინება და მეორეს – არა, ამით თქვენ ხსნით „პანდორას ყუთს“. ეს ლოგიკურია, რადგან ბავშვს არ უნდა, რომ მისი მშობლები განქორწინდნენ. ის სწრაფად იკავებს ,,მიტოვებული“ მშობლის მხარეს და იწყებს მანიპულირებას, განქორწინების ინიციატორის გადარწმუნებას, თავისი თავის იდენტფიცირებას მასთან, „ვისგანაც მიდიან“, მისი გრძნობების გაზიარებას.
განქორწინების დროს, ალბათ, ყველაზე გავრცელებული ფრაზაა: „მამა ჩვენგან წავიდა, მან მიგვატოვა, მისი დანახვა და გახსენება აღარ მინდა, ოჯახი საერთოდ არ ანაღვლებს“. ამ შემთხვევაში ბავშვი მთლიანად დედის მხარეს იჭერს და იზიარებს მის გრძნობებს მამის მიმართ. განქორწინება უფროსების დაშორებაა – ამ დროს სრულდება ურთიერთობა ცოლსა და ქმარს შორის, ხოლო დედისა და ბავშვის, მამისა და ბავშვის ურთიერთობა არასდროს სრულდება. ზუსტად მაშინ ტოვებთ ბავშვს ორივე მშობლის გარეშე, როცა მას აღიქვამთ, როგორც მოკავშირეს, თქვენს „ომში“ მეუღლის საწინააღმდეგოდ .
არასოდეს გარიოთ მეუღლის მიმართ თქვენს წყენასა და ბრაზში ბავშვი, არ უნდა გამოიყენოთ ის იარაღად ქმრის მიმართ ან მის დასასჯელად.
ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი „მედეას კომპლექსი“ – ბავშვზე მზრუნველი მამისთვის შურისძიების მიზნით დედა არა ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად „აზიანებს“ შვილებს.
მთავარია, ბავშვი დაარწმუნოთ, რომ მშობლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი ბრალი არ არის, უნდა შეახსენოთ, რომ კონფლიქტში წვლილი არ მიუძღვის, რომ განქორწინება უფროსების ურთიერთობაა. აჩვენეთ თქვენი ნამდვილი გრძნობები, რომ ისინი ყველაზე მეტად გიყვართ და მათი სიყვარულია თქვენი ბედნიერების სათავე. მათ უნდა იგრძნონ, რომ თქვენი ბედნიერება მათ არსებობასთანაა დაკავშირებული.
4.როდის ხდება საჭიროება იმისა რომ ამ ცვლილებებში ჩაერთოს ფსიქოთერაპევტი ?
მშობლების განქორწინება შესაძლოა, ბავშვის ცხოვრების ერთ-ერთ ტრავმულ გამოცდილებად იქცეს. გაყრის კრიზისი, რომელიც თავისთავად გულისხმობს დანაკარგს ან დანაკარგის შიშს, მიმდინარეობს ძლიერი სტრესის ფონზე. კრიზისი შეიძლება გადაიზარდოს ბავშვის ემოციურ და ქცევით დარღვევებში. ბრაზი, უიმედობა დანაშაულის განცდა და დაბნეულობა ძირითადი ემოციებია, რომელთაც განიცდიან ბავშვები განქორწინებისას და შემდგომ პერიოდში. სტრესის შედეგად გროვდება უარყოფითი ემოციები (შიში, ბრაზი, აგრესია, შფოთვა და სხვა), ვერ ხერხდება მათი ე.წ. ,,ემოციური ვენტილაცია“. ეს ემოციები, თავის მხრივ, აზიანებენ ბავშვს და იწვევენ ფსიქოსომატურ დარღვევებს. ცვლილებებზე რეაქცია დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების დონეზე, პიროვნულ მახასიათებლებსა და განქორწინების პროცესის კონკრეტულ გარემოებებზე.
განქორწინების კრიზისის დროს ბავშვი ყევლაზე ხშირად განიცდის
– შოკს, როგორც პირველად რეაქციას;
– ოჯახის/მშობლის დანაკარგის განცდას, მონატრებას;
– დარდს, გლოვას დანაკარგზე;
– ბრაზს;
– შიშს, შფოთვას და გაურკვევლობას მომავალთან დაკავშირებით;
– საკუთარი თავის დადანაშაულებას;
– ერთ-ერთი ან ორივე მშობლის დადანაშაულებას.
განქორწინების კრიზისზე რეაქცია ქცევითი დარღვევებით დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე.
სკოლამდელი ასაკი: 6 წლამდე
მოუსვენრობა და შფოთვა;
ქცევის მკვეთრი ცვლილებები (პასიურობა);
რეგრესი;
ფაქტის უარყოფა (თითქოს არაფერი მომხდარა, არ ახსენებს);
შიშები;
ფანტაზიები (რომ დაბრუნდება,შერიგდებიან);
თამაში (შინაარსი ყოველთვის ომია, სადაც ყოველთვის იმარჯვებენ ცუდები).
უმცროსი სასკოლო ასაკი: 6-9 წ.
დანაშაულის გრძნობა;(რომ მის გამო დაშორდნენ მშობლები ერთმანეთს)
ფანტაზიები (დაბრუნდება, მშობლები შერიგდებიან და სხვა);
სოციალური პრობლემები თანატოლებთან (რცხვენია დედის გამოჩენა იქ, სადაც მამა უნდა იყოს);
გამოხატული სევდა;
მონატრება ან ერთ-ერთი მშობლის დადანაშაულება;
შფოთვა, შიში, რომ მიატოვებენ;
მარტოობის და მიტოვების გრძნობა (სიცარიელის შევსება ასოციალური ქცევებით, საჩუქრების მოთხოვნით და ა.შ.);
ფსიქოსომატიკა (ავადმყოფობაში წასვლა, ნევროტული გამოვლინებები, ფრჩხილების კვნეტა, ტიკები და ა.შ.)

მოზარდები:
სიბრაზე;
იზოლაცია;
სახლიდან გაქცევები;
აგრესიული, მტრული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ;
დეპრესია;
სუიციდის მცდელობა;
სასკოლო, სასწავლო პრობლემებს თან ახლავს სევდის და სირცხვილის განცდა;
ფობიები;
დელინკვენტური ქცევა (ასოციალური, კანონდარმღვევი ქცევები).

სასოწარკვეთა და სევდა, დარდი, დათრგუნული მდგომარეობა ფაქტობრივად, განქორწინების კრიზისის მუდმივი თანამგზავრია. ეს მდგომარეობა ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი, კანონზომიერია. ბავშვსაც და უფროსსაც უწევს იმ მტანჯველი ეტაპის გავლა, რომელიც ოჯახის დაშლას ახლავს თან. დარდი, სევდა, დაბალი თვითშეფასება, ზოგჯერ არარაობისა და უსარგებლობის განცდა ამ პროცესის თანმხლები ემოციებია.
ბავშვურმა დარდმა და დათრგუნულმა მდგომარეობამ შეიძლება მიიღოს პასიური თვითიზოლაციის ფორმა. ბავშვმა შესაძლოა დაკარგოს ინტერესი იმის მიმართ, რაც ადრე მას სიამოვნებასა და სიხარულსა ანიჭებდა (სკოლასა და სწავლისადმი, მეგობრებისადმი…), ზოგჯერ კი პირიქით, ამ მდგომარეობას მიჰყავს ზეაქტიურობისაკენ, თითქოს ის ცდილობს სევდიანი აზრებისგან გაქცევას.
ბავშვი შეიძლება გახდეს მტირალა, ტიროდეს იმის გამო, რასაც ადრე საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, განიცადოს რეგრესი, დაეუფლოს შიშები, მაგალითად, სიბნელის შიში, რომელიც მან უკვე გადალახა ან შეიძინოს ახალი შიშები, დაეწყოს ენურეზი და ტიკები. შეიძლება მოითხოვოს მეტი ყურადღება და სკოლაში წასვლა აღიქვას აუტანელ ყოველდღიურ განშორებად, გაკვეთილზე დაეწყოს ფსიქოსომატური ჩივილები, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი ან მოუსვენრობა და ყურადღების დეფიციტი.
აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ დახმარებას. ბავშვთა ფსიქოთერაპევტი ბავშვს დაეხმარება ოჯახურ ცვლილებებთან დაკავშირებულ რთულ ემოციებთან გამკლავებაში.ხოლო მშობლებს დაეხმარება როგორ ისწავლონ ახალ სიტუაციაში „მშობლობა“.

მასალა მოამზადა : ემმა კოპალეიშვილმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

„შავი პარასკევი“ – ტრადიცია, რომელიც მე-19 საუკუნიდან გრძელდება

ნოემბრის თვეში ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა განსაკუთრებით მობილიზებულია, რადგან საოცარი ფასდაკლებებისა და სანუკვარი ნივთების იაფად შეძენის დღე მოდის. ამ დღისთვის განსაკუთრებით ემზადებიან მაღაზიებიც, აძლიერებენ დაცვას, სპეციალურ გადამზადებას გადიან კონსულტანტები, რადგან ხალხის დიდ და ძლიერ მასას მომზადებული უნდა შეხვდნენ. ეს ნამდვილი ამერიკული დღესასწაულია, თუმცა 1980-იანი წლებიდან მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ და ელოდებიან ნოემბერს, „შავი პარასკევის“ დღეს.

რას ნიშნავს „შავი პარასკევი“?

„შავი პარასკევი“ მადლიერების დღის მეორე დღეა ამერიკაში. ამ დღეს ეწყობა მასშტაბური ფასდაკლებები და აქციები სხვადასხვა პროდუქციაზე. აშშ-ში მოსახლეობის უმეტესობა სწორედ ამ დღეს ელოდება, რათა ძვირადღირებული ნივთები მიზერულ თანხად შეიძინოს. „შავი პარასკევი“ არაოფიციალურად ითვლება საშობაო ვაჭრობის დაწყების სეზონად. ეს ყველაზე დატვირთული დღეა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო ზოგ შტატში დასვენების დღედაც კია გამოცხადებული.

როდიდან იწყება „შავი პარასკევის“ ტრადიცია?

ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო. ტერმინი „შავი პარასკევი“ კი 1966 წლიდან დამკვიდრდა ფილადელფიის შტატში და თავდაპირველად გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს, რადგან მადლიერების დღის მეორე დღეს შტატში განსაკუთრებული საცობები იყო.

 

სად აღნიშნავენ „შავ პარასკევს“? 


ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, „შავი პარასკევი“ აღინიშნება კანადაში, მექსიკაში, რუმინეთში, ინდოეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში. ამ ქვეყნებში „შავი პარასკევი“ არაოფიციალურ დღესასწაულადაა ქცეული და ხალხი დღეების მანძილზე ელოდება მაღაზიების კარების გახსნას. ინტერნეტის მასშტაბურობის ზრდასთან ერთად „შავმა პარასკევმა“ ონლაინ მაღაზიებსა და საიტებზე გადმოინაცვლა.

საქართველო და „შავი პარასკევი“

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს „შავი პარასკევის“ შესახებ არც კი სმენია, ხოლო ისინი, რომლებმაც ამ დღეზე იციან, ძირითადად ონლაინ ფასდაკლებებს ელოდებიან. ამის მიზეზი, ერთი მხრივ ქართული მაღაზიების მიერ შემოთავაზებული მწირი ფასდაკლებებია და მეორე მხრივ, არაინფორმირებულობა. „შავ პარასკევს“ მაღაზიათა უმეტესობას საქართველოში 20-30% – იანი ფასდაკლება აქვს, მაშინ როცა აშშ-ში მაღაზიათა უმეტესობაში 80%-მდე ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ლარისა პეტროვნა კოსაჩის – „ლესია უკრაინკას“ ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს

უკრაინულ ლიტერატურაში წამყვანი ქალის- ლარისა პეტროვნა კოსაჩის, იგივე „ლესია უკრაინკას“ ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს. 

იგი დაიბადა 1871 წელს ქალაქ  ნოვოგრად-ვოლინსკში. განსაკუთრებული ტალანტის და გამორჩეული გონების გოგონას ათი წლის ასაკში ჭლექი დაუდგინეს ექიმებმა. მოგვიანებით ავადმყოფობა ფილტვებსა და თირკმელზე გადაუვიდა.

90-იან წლებში ბერლინში გაიკეთა ოპერაცია პროფესორ ბერგმანთან. იტალიის ქალაქ სან-რემოში დასვენებამ ვერ გამოაკეთა. და აი, 1913 წლის  შემოდგომაზე ლესია პირველად ჩამოდის საქართველოში.  ლესია და მისი მეუღლე კლიმენტი კვიტკა დაუახლოვდნენ ზაქარია ფალიაშვილს. ცნობილია, რომ კვიტკამ და ზაქარიამ ერთად იმოგზაურეს სვანეთში.

პოეტი, პერიოდულად, 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. ბათუმში, თბილისში, თელავში, ხონში, ქუთაისში ცხოვრებისას მან საუკეთესო დრამატული ნაწარმოებები შექმნა  – „ტყის ზღაპარი”, „ქვის ბატონი”, „რუფინი და პრისცილა”

ლესია უკრაინკა საქართველოდან თავის ოჯახის წევრებს წერდა: „ასეთი საინტერესო, განსაცვიფრებელი მხარე – საქართველო! შეუძლებელია იცხოვრო ასეთ მშვენიერ მხარეში და არ იყო პოეტი. მე დიდ მსგავსებას ვხედავ ჩემს სამშობლოსა და საქართველოს შორის. როცა ალაზნის ხეობას ვუყურებ, მშობლიური დნეპრის ნაპირები მაგონდება…”                                                                      

 ლესია უკრაინკა საბოლოოდ 1913 წლის  9 ივლისს ჩამოვიდა საქართველოში და სურამში, ზინდისის გორაკზე აგებულ პატარა სახლში დაბინავდა.  (სადაც დღეს-დღეისობით მისი სახლ-მუზეუმია)  მას იქაური ქალბატონი – სოფიოცუცქირიძე უვლიდა. ეს ჩამოსვლა პოეტისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 1913 წლის 1 აგვისტოს იგი  გარდაიცვალა.

მისი ნეშტის გადასვენების ცერემონიალზე  გიორგი ლეონიძემ წაიკითხა ლექსი,  რომელშიც პარალელი გაავლო საქართველოს უდიდესი მგოსნის – დავით გურამიშვილის უკრაინაში, ხოლო  ლესია უკრაინკას ქართულ მიწაზე გარდაცვალებას შორის.

ლესია უკრაინკა საქართველო- უკრაინის კეთილგანწყობის და მეგობრობის სიმბოლოდ იქცა, ვინაიდან მის უდიდეს სიყვარულს საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი მოწმობს მთელი მისი ბიოგრაფია და პირადი ჩანაწერები:

 ”ქართველები კავკასიაში მუდამ პირველები იყვნენ თავიანთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ბრძოლის სულისკვეთებით… თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოს მეზობელ ხალხთა ურთიერთობებს, უსათუოდ დამეთანხმებით, რომ ქართველები, როგორც მეზობლები, ქვეყნად ერთ-ერთი საუკეთესონი არიან”.

 “რა საინტერესო, რა საუცხოო მხარეა საქართველო, რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას. მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

გალაკტიონის 10 იშვიათი ფოტო – ციფრული ფოტომატიანე

ფოტოები, რომლებიც ამ სტატიისთვის შევარჩიეთ, ციფრულ ფოტომატიანეშია დაცული. პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს და შეაგროვოს სხვადასხვა ოჯახებში დაცული, აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი ფოტოების ციფრული ვერსიები.

1. დედასთან და ძმასთან ერთად

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე

მარცხნიდან მარჯვნივ: პროკლე (აბესალომ) ტაბიძე – პედაგოგი, მაკრინე ადეიშვილი – პოეტის დედა, გალაკტიონი.

2. გალაკტიონი კითხულობს ლექსს აკაკის საფლავზე

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

აკაკის გარდაცვალების დღესვე გალაკტიონმა დაწერა და ჟურნალ განთიადის მესამე ნომერში გამოაქვეყნა ვრცელი ლექსი “აკაკის გარდაცვალების გამო”, რომელშიც რვაჯერ მეორდება “და აკაკიც არ მომკვდარა, არა!”

3. ტიციან ტაბიძესთან ერთად

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

ფოტო გადაღებულია 1922 წელს

4. მიხეილ ჯავახიშვილთან ერთად, 1928 წელს

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / მარინა შიშნიაშვილი

5. ლექსის წერის დროს

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

6. ვაჟას მეუღლესთან, თამარ დიდებაშვილთან ერთად

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / ირაკლი ვართაგავა

გადაღებულია ჩარგალში

7. თბილისის სამხატვრო გალერეაში ოს მხატვართა ნამუშევრების გამოფენაზე

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / ვ. უბოჟენკო

ფოტო გადაღებულია 1956 წელს

8. ბავშვთან ერთად თავფარავნის ტბის პირას

ფოტო გადაღებულია 1955 წელს

9. სანატორიუმში

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

10. გალაკტიონ ტაბიძე მინერალური წყლის ბოთლით ხელში

ფოტოს უკანა მხარეს მიწერილი აქვს: გალაკტიონ ტაბიძე მინერალური წყლის, “ვარძიის” ბოთლით ხელში. როდესაც სურათი გადაუღიათ, უთხოვია, არ დაებეჭდათ, რადგან “სხვებს ღვინო ეგონობათო”. 1955 წლის ივლისი

წყარო : On.ge

სრულად ნახვა
1 2 3 4 41
Page 2 of 41