ჩინეთმა ქვეყნის სათბური აირების სატელიტური მონიტორინგი დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჩრდილოეთ ჩინეთში ჰაერის დაბინძურების დონემ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, რის გამოც ჩაიშალა თვითმფრინავის რეისები, დროებით დაიხურა ქარხნები და სკოლები და ხელისუფლება იძულებული გახდა, „წითელი გაფრთხილება“ (red alerts) გამოეცა.
ჩინეთმა თანამგზავრი Long March-2D-ით გაუშვა. 620-კილოგრამიანი სატელიტი- TanSat, მზის სინქრონულ ორბიტაზე დედამიწიდან დაახლოებით 700 კმ ზემოთ განათავსეს. მისი საშუალებით ჩინეთი გააკონტროლებს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციას, გავრცელებასა და ნაკადს.
სატელიტი ჩინელ პოლიტიკოსებს სამი წლის მანძილზე დამოუკიდებელი მონაცემებით უზრუნველყოფს.
რაკეტამ TanSat-თან ერთად მაღალი რეზოლუციის მიკრო-ნანო თანამგზავრიც გადაიტანა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მონიტორინგს განახორციელებს.
ჩინეთი იაპონიისა და აშშ-ს შემდეგ მესამე ქვეყანაა, რომელიც სათბური აირების მონიტორინგს საკუთარი თანამგზავრით ახორციელებს.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”