რატომ ვერ ვასწრებთ ვერაფერს?
უკვე მერამდენედ დავგეგმეთ უამრავი რამ, მოტივაციაც გვქონდა, მონდომებით დავიწყეთ და შემდეგ? დრო არაფრისთვის გვეყო, უამრავი საქმის გამო ვეღარ შევძელით მოგვეხერხებინა ის, რაც ამდენად მნიშვნელოვანია. შემდეგ ისევ იმედგაცრუება – რატომ არ გამომდის, რატომ ვერ ვასწრებ ვერაფერს? როგორ მოხდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის ვერ გამოვნახე დროო? ახლა კი ყველაფრის კეთება ერთდროულად მიწევს – ყველაფერს ერთად ვცდილობ და არაფერი გამომდის კარგად.
დღევანდელი ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარებულია, რომ დავაკვირდეთ, ყველას სადღაც ეჩქარება, აგვიანდება, ჩვენც თითქოს ეს ქაოსი გვშთანთქავს და გაქცევა, თავის დაღწევა გვინდება. როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი?
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა დროის მენეჯმენტში ბალანსის დაცვას ეხება, როდესაც ვერ ვახერხებთ შესასრულებელი სამუშაო და დასვენება სათანადოდ გადავანაწილოთ. ხშირად იმდენს ვშრომობთ ერთბაშად, რომ შემდეგ არაფრის თავი გვაქვს, ხოლო ზოგჯერ გასაკეთებელი საქმე ბოლო წუთამდე გადაგვაქვს, მანამდე ვისვენებთ, შემდეგ კი ერთბაშად ჩქარ-ჩქარა ვაკეთებთ ყველაფერს _ შესაბამისი ხარისხით.
იმისათვის, რომ შევძლოთ დროის სწორი გადანაწილება, საჭიროა ჩამოვწეროთ ჩვენი გეგმები, შემდეგ კი ის გარკვეულ ჯგუფებში მოვაქციოთ. უნდა დავყოთ გეგმები, მნიშვნელოვნად და უმნიშვნელოდ, სასწრაფოდ და არასასწრაფოდ. ამისთვის უნდა ჩამოვწეროთ ისინი შემდეგნაირად: დიდ თაბახის ფურცელს ვყოფთ ოთხ ნაწილად, ოთხ კვადრატად. ფურცლის მარცხენა ზედა მეოთხედს უნდა დავაწეროთ თავზე ,,სასწრაფო და მნიშვნელოვანი”. აქ ყველაზე სასწრაფო და ამასთანავე მნიშვნელოვან გეგმებს ჩამოვწერთ, ამიტომ ეს არის ის კვადრატი, რომელსაც ყველაზე დიდი ყურადღებას დაუთმობთ შემდეგ. მის ქვემოთ ანუ მარცხენა ქვედა კვადრატს უნდა დავაწეროთ ,,სასწრაფო და უმნიშვნელო”, ეს კვადრატი მისი შესაბამისი გეგმებით უნდა დავტვირთოთ. მარჯვენა ზედა კვადრატში ვწერთ ,,არასასწრაფო და მნიშვნელოვან” გეგმებს, ხოლო ქვედა მარჯვენა კვადრატში გროვდება “ არასასწრაფო და უმნიშვნელო” გეგმები. ამ კვადრატებში დროთა განმავლობაში ცვლილება შეგვაქვს, აქედან გამომდინარე ზოგიერთი რამ არასასწრაფოდან სასწრაფოში გადაინაცვლებს, მნიშვნელოვანიდან ნაკლებად მნიშვნელოვანში და სხვა. კვადრატის შინაარსიდან გამომდინარე ნაკლები ყურადღება და ენერგია დაეხარჯება მარჯვენა დაბლა არსებულ მეოთხედს, ხოლო მარცხენა მაღალი კუთხე ყველაზე დიდ ენერგიას მოითხოვს თქვენგან.
თუ ჩვენ ასეთ ცხრილში გადავანაწილებთ გეგმებს და მას დროდადრო გადავხედავთ, არ გამოგვრჩებათ ყურადღების მიღმა მნიშვნელოვანი გეგმები და არც პრობლემები შეგვექმნება მათი არშესრულების გამო. სასურველია მარცხენა ზედა კვადრატში შევიყვანოთ აქტივობებთან ერთად დასვენებაც, რათა ბევრი საქმის შემდეგ აღვიდგინოთ ენერგია ჩვენთვის სასურველი გზებით. დროის მენეჯმენტის კარგი მაგალითია, რომ დიასახლისი, რომელმაც მნიშვნელოვანი საჩქარო სახლის საქმეები შეასრულა, დასასვენებლად მოეწყოს და დატკბეს მისი საყვარელი ნუგბარით, წიგნის კითხვით, ტელეგადაცემის ყურებით ან სხვა. გისურვებთ წონასწორობას დროის, საქმისა და დასვენების სარფიან გადანაწილებაში!
მასალა მოამზადა: თიკო ორჯონიკიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”