სი-აი-ეი“- ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. ალბათ მრავალ ჩვენგანს ახსოვს ეს სახელი ჰოლივიდური ფილმებიდან. „სი-აი-ეი“ შეიქმნა 1947 წელს და მის მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის მიღება, ანალიზი და მათი გადაცემა მთავრობისათვის. უნდა ითქვას, რომ „სი-აი-ეი“-მ თავისი დანიშნულება ნამდვილად შეასრულა, შეიძლება ითქვას გადაჭარბებითაც კი. თუმცა, არც თუ ისე იშვიათად ინფორმაციის მისაღებად ყოველგვარი კანონისა და ეთიკის ზღვარს სცილდებოდნენ. ამ მხრივ „სი-აი-ეი“-ს პროექტებიდან ყველაზე მასშტაბური და სკანდალური იყო პროექტი „მკ-ულტრა“.
„მკ-ულტრას“ ფარგლებში არაერთ არარეგალურ და არაჰუმანურ საშუალებებს ცდიდნენ ადამიანებზე
„მკ-ულტრა“ იყო გასაიდუმლოებული პროექტის სახელწოდება, რომლის მიზანიც გახლდათ ადამიანის გონებაზე ზემოქმედება და მისი გაკონტროლება. პროექტი ოფიციალურად დაიწყო 1953 წელს „სი-აი-ეი“-ს შეფის- ალენ დალესის ბრძანებით, სამეცნიერო ხელმძღვანელად დაინიშნა სიდნი გოტლიბი, ე.წ. „ექიმი სიკვდილი“, რომელიც დიდად არ ჩამორჩებოდა ცნობილ ნაცისტ ექიმს-იოზეფ მენგელეს. პროექტი გაგრძელდა 1964 წლამდე. შემდეგ გადაერქვა სახელი და ეწოდა „მკ-სერჩი“, შეიცვალა პროექტის მიზანიც, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ.
„მკ-ულტრა“ საკმაოდ გრანდიოზული პროექტი გამოდგა. მასში ჩართული იყო 85 ინსტიტუტი და 145 მკვლევარი. აღსანიშნავია, რომ ნაწილმა არც კი იცოდა მათ მიერ ჩატარებული კვლევები რა მიზნებით გამოიყენებოდა.
მთავარი მიზნის- ადამიანის გონების გასაკონტროლებლად ატარებდნენ უამრავ ექსპერიმენტს ადამიანებზე. აქვე უნდა დავამატოთ, რომ არც ექსპერიმენტების მონაწილეთა დიდმა ნაწილმა არ იცოდა, რომ ე.წ. „ლაბორატორიული ვირთხები“ გახდნენ. ამ ქმედებით „სი-აი-ეი“ არღვევდა ნიურბერგის კოდექსს, რომლითაც განისაზღვრა მეცნიერ-მკვლევართა ეთიკური საზღვრები და რომელზეც აშშ-საც ჰქონდა ხელი მოწერილი.
პროექტის ფარგლებში ადამიანებზე ცდიდნენ სხვადასხვა საშუალებას. მათ შორის ყველაზე ფართოდ დანერგილი იყო LCD- ლიზერინგის დიეთილ მჟავა. LCD-ს ფართოდ გამოიყენებოდა სამხედრო თუ სამედიცინო პერსონალში, ასევე მეძავებსა და განსაკუთრებით კი დაკითხვებზე. მეცნიერები აკვირდებოდნენ წამლის გავლენის ქვეშ მყოფთა ქცევას. საინტერესოა, რომ „სი-აი-ეი“-მ სანფრანცისკოში საროსკიპოც კი გახსნა, სადაც კლიენტებს ამარაგებდნენ LCD-თ, შემდეგ კი მათზე დაკვირვებას აწარმოებდნენ (რა თქმა უნდა კლიენტმა არაფერი იცოდა). მრავალი იატაკქვეშა „ოფისი“ გახსნეს დასავლეთ ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. საბოლოოდ LCD ამოიღეს ხმარებიდან, როგორც არაპროგნოზირებადი საშუალება.
ხშირად გამოიყენებოდა ელექტროშოკი. ელექტროენერგიის შეყვანით პაციენტში აკვირდებოდნენ მისი ბიო-ლექტრული ველის ცვლილებას. დენის ძაბვა რამდენჯერმე აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს.
პოპულარული საშუალება გახდა ჰიპნოზიც, რომელიც განსაკუთრებით „მკ-სერჩის“ ფარგლებში განვითარდა. ჰიპნოზის მეშვეობით ცდილობდნენ ისეთი თვითმკვლელის შექმნას, რომელიც საკვანძო სიტყვის გაგონებისთანავე მსხევრპლს მოკლავდა. კვლევის ამ მეთოდის და საერთოდ „მკ-სერჩის“ ოფიციალური სამიზნე იყო კუბის ლიდერი- ფიდელ კასტრო. მის მოსაკლავად „სი-აი-ეი“-ში არაერთი გეგმა შემუშავდა.
აქტიურად მიმართავდნენ სხეულში სხვადასხვა ძლიერმოქმედი წამლის შეყვანას. მაგალითად გავრცელებული მეთოდი იყო პაციენტის სხეულში ბარბიტურატის შეყვანა, ხოლო როცა პაციენტს ჩაეძინებოდა ამფეტამინს უმატებდნენ. შედეგად იწყებდა არეულ და შეუჩერებელ საუბარს. ამ მეთოდს იყენებდნენ დაკითხვის გასაუმჯობესებლად. ხშირად გამოიყენებოდა ჰეროინი, მორფინი, მარიხუანა, ალკოჰოლი და ა.შ.
სიდნი გოტლიბი- „სი-აი-ეი“-ს ერთ-ერთი მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. ე.წ. „ექიმი სიკვდილი“
ცალკე სქემა მოქმედებდა კანადაში. აქ სისტემას ხელმძღვანელობდა დონალდ ევენ კამერონი. იგი ნიუ ორკიდან ყოველ კვირა მიემგზავრებოდა მონრეალში, სადაც 69 000 $-ად ატარებდა ექსპერიმენტებს „მკ-ულტრა“-სათვის. მონრეალის საავადმყოფოში ქიმიკოსებმა და ექიმებმა ისეთი პაციენტები შეარჩიეს, რომლებთაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია და შფოთვები ქონდათ. მათ ნარკოტიკული საშუალებები გაუკეთეს, რათა ელექტროკონვულსიურ თეორიას დაქვემდებარებოდნენ და ინდუცირებულ კომაში ჩავარდნილიყვნენ. ხშირად გამოყენებული ელექტრშოკი 30-ჯერ ან 40-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს. შემდეგ პაციენტებს განუწყვეტლივ მოკლე შეტყობინებებს ასმენინებდნენ. შედეგები სავალალო იყო. აღსანიშნავია, რომ კამერონი იმავე პერიოდში, როცა მონრეალში ექსპერიმენტებს ატარებდა, მსოფლიოს ფსიქოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრად და ამერიკისა და კანადის ფსიქოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ამავდროულად ის ერთ-ერთი იყო ზემოთაღნიშნული „ნიურბერგის კოდექსის“ შემდგენელთაგან. ეს ფაქტი ცხადად მეტყველებს თუ რა მასშტაბებზე მოქმედებდა „სი-აი-ეი“ და რამდენად მიმზიდველი იყო მასთან თანამშრომლობა ამბიციური და უმორალო პიროვნებებისათვის.
დონალდ ევენ კამერონი- ცნობილი ფსიქოლოგი, რომელიც „მკ-ულტრას“ კვლევებს უძღვებოდა კანადაში
ბუნებრივია, ის მეთოდები, რომლებიც ზემოთ აღვნიშნეთ პაციენტებზე ზეგავლენას მოახდენდა. ხშირად ეს ზეგავლენა დამღუპველიც იყო. პაციენტთა დიდი რაოდენობა, საუბარია ათასობით ადამიანზე ექსპერიმენტების მსხვერპლი გახდა, არანაკლებმა მიიღო ჯანმრთელობის გამოუსწორებელი ზიანი: ამნეზიის დაკარგვა, გონებრივი აშლილობა, მეტყველების დაქვეითება და ა.შ. მსხვერპლთა შორის აღმოჩნდნენ ის მეცნიერები, რომლებიც „სი-აი-ეი“-ს უსაფრთხოებისათვის „საეჭვოდ“ მიაჩნდა. მათ შორის ყველაზე სკანდალურია ფრენკ ოლსონის გარდაცვალება. ოლსონი ერთ-ერთ სამეცნიერო დეპარტამენტში მოღვაწეობდა „სი-აი-ეი“-ში. როგორც ცნობილია სიდნი გოტლიბმა ისიც ექსპერიმენტის სუბიექტად აქცია, ისე რომ ოლსონმა ამაზე არაფერი იცოდა. 1953 წელს ის სამსახურიდან გადადგა, რადგან მიაჩნდა, რომ ის, რასაც მისგან მოითხოდვნენ ყოველგვარ მორალურ ჩარჩოებს სცილდებოდა. მალევე ოლსონი გარდაიცვალა. დღესდღეობით არსებული ფაქტების საფუძველზე ბრალს არც თუ უსაფუძვლოდ „სი-აი-ეი“-ს სდებენ.
ფრენკ ოლსონი-„სი-აი-ეი“-ს თანამშრომელი და მსხვერპლი
1973 წელს „სი-აი-ეი“-ს შეფმა რიჩარდ ჰელმსმა ბრძანა „მკ-ულტრასა“ და „მკ-სერჩის“ შესახებ ყველა დოკუმენტის განადგურება. დოკუმენტები გაანადგურა თვით სიდნი გოტლიბმაც. თუმცა 20 000 დოკუმენტი ამ პროექტებზე გადარჩა სრულიად შემთხვევით-ისინი შეცდომით სხვა ადგილას დაუარქივებიათ.
1974 წელს „The New York Times”-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც „სი-აი-ეი“-ს ბრალს სდებდა 60-იან წლებში ჩადენილ არაჰუმანურ და უკანონო ექსპერიმენტების ჩატარებაში, რომლის სუბიექტები და ხშირად მსხვერპლნი ადამიანები ხდებოდნენ. მომდევნო წელს შეიქმნა კომისიები: „საეკლესიო კომიტეტი“ კონგრესში და „როკფელერის კომიტეტი“ პრეზიდენტის რწმუნებით. მათ დაევალათ გამოეძიებინათ „სი-აი-ეი“-ს „საეჭვო“ ქმედებები. ამ კომისიების მუშაობის შედეგად მართლაც მრავალი საიდუმლო გახდა ცნობილი საზოგადოებისათვის.
დღესდღეობით კვლავაც გრძელდება „სი-აი-ეი“-ს დანაშაულებრივი წარსულის კვლევა, თუმცა მრავალი დოკუმენტის განადგურების გამო შეუძლებელი გახდა უამრავი არალეგალური პროექტის გამომზეურება.
მოამზადა:
ოთარ ჭიღლაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”