2017 წლის 11 მარტს ,,დავითიანნის” ფსიქოლოგიის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდის შეხვედრა ნაადრევი ქორწინების შესახებ. შეხვედრის მოდერატორი იყო ფსიქოლოგი – სალომე საბიაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის; წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის; თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ასევე იურისტი – თეა აბულაძე. შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზები, უარყოფითი შედეგები და პრევენციის გზები.
მონაწილეებმა გამოაქვეყნეს რეკომენდაციების პაკეტი რომელიც ასე გამოიყურება:
- უმთავრესი საკითხია მიეწოდოს მოზარდებს სწორი ინფორმაცია მოზარდების ფსიქო-სექსუალური განვითარებისა და მისი მახასიათებლების შესახებ. სასურველია, აღნიშნული საგანამანათლებლო საკითხებზე პასუხისმგებლობა შესაბამისმა სამთავრობო ორგანოებმა აიღონ. როგორიცაა – განათლების სამინისტრო და ასევე ჯანდაცვის სამინისტრო და მათმა დაქვემდებარებულმა უწყებებმა.
- სასურველია, მოხდეს მშობლებთან მუშაობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მითითებების და შეზღუდვების არგუმენტირებული მიცემა და არა მშრალი აკრძალვებით შემოფარგვლა. აკრძალვა იწვევს მოზარდის წინააღმდეგობრივ ქცევას. თუ შენ მე ამიკრძალავ ამას, უფრო მეტად დამაინტერესებს და სურვილი გამიჩნდება ამის გაკეთების.
- სწავლება მშობელსა და შვილს შორის სწორი კომუნიკაციისა, რომლის პროცესშიც მშობელი მეგობრის როლს ირგებს, უზიარებს თავის გამოცდილებას, ესაუბრება ქორწინების მნიშვნელობაზე, პასუხისმგებლობაზე, ვალდებულებებზე. ასევე, ეფექტურია, მათთან გასაუბრება, ვინც ნაადრევად შექმნა ოჯახი – როგორ ცხოვრობენ, როგორ აფასებენ გადადგმულ ნაბიჯს, შეცვლიდნენ თუ არა არჩევანს, რა შედეგები მოჰყვება ნაადრევ ქორწინებას.
- მოზარდის პიროვნული და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, მისი დაინტერესება მისივე ასაკის შესაფერისი საქმიანობით – ჰობით, სხვადასხვა წრეზე შეყვანა, ტრენინგებსა და ზრდაზე ორიენტირებულ სხვა სახის ღონისძიებებზე მისი ხშირი დასწრება.
ნაადრევი ქორწინების საშუალო ასაკად განსაზღვრულია 13-18 წელი, მოზარდობის პერიოდი. პუბერტატის პროცესის მიმდინარეობა აქტიურდება სწორედ ამ ასაკში, იწყება ჰორმონალური ცვლილებები, რაც მოქმედებს მოზარდის ფსიქიკასა და ფიზიოლოგიაზე. ის ხდება მეტად გაღიზიანებული, წინააღმდეგობრივი, მეამბოხე. ეს საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი პერიოდია მოზარდის ცხოვრებაში მისი შემდგომი განვითარებისათვის.
ნაადრევი ქორწინების რღვევის ყველაზე ხშირი მიზეზია პიროვნული შეუთავსებლობა, როდესაც მოზარდებს ასაკი ემატებათ, მათი ხასიათი ფორმირდება და შესაბამისად პარტნიორები ვეღარ უგებენ ერთმანეთს ემოციურად, ვერ ეწყობიან ფსიქოლოგიურად. ასევე ხშირი მიზეზია სიყვარულისა და ვნების არევა, ქორწინდებიან ვნების გამო, რომლის დაკმაყოფილების შემდგომაც ქრება სიყვარულის ილუზია და შეიძლება ეს გახდეს გაყრის საფუძველი.
მოზარდს არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის აღება კი ქორწინებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ საჭიროა მოზარდი ჩამოყალიბდეს სრულფასოვან პიროვნებად და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს ცხოვრებისეულად ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ხშირ შემთხვევაში იმპულსური სურვილითაა გამოწვეული.
ის თუ რატომ ქმნიან ოჯახებს ნაადრევად შესაძლოა მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული:
რაც უკვე ვახსენეთ – ვნებას მიიჩნევენ სიყვარულად და დგამენ ამ ნაბიჯს, თუმცა მცირე ხანში აცნობიერებენ, რომ ეს შეცდომა.
შესაძლოა ოჯახში არსებული ყურადღების დეფიციტის კომპენსაცია სურდეთ თავიანთი ოჯახის შექმნით.
ასევე ხშირია მშობლების მიბაძვით მიღებული გადაწყვეტილება – თუ მშობელი ნაადრევად დაქორწინება, იზრდება შანსი, რომ შვილმაც იგივე გაიმეოროს.
არ აქვთ საკმარისად გაცნობიერებული ქორწინების მნიშვნელობა და ამას აღიქვამენ ერთგვარ თამაშად ან აკრძალულ ხილად.
ოჯახის შექმნა ძალიან სერიოზული ნაბიჯი და მნიშვნელოვანი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამენ მოზარდები უნდა დაფიქრდნენ, არის ეს სიყვარულით თუ ვნებით ნაკარნახევი, იქნებ მშობლების გავლენისგან გაქცევის ან დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილია. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მათ კარგად უნდა გაიაზრონ და გააცნობიერონ რამდენად მზად არიან, რა არის ქორწინება, როგორი მზაობა სჭირდება მას და სურთ თუ არა მათ ამ ასაკში დიდ დათმობებზე წასვლა, ოჯახის შენარჩუნებისთვის ბრძოლა.
მნიშვნელოვანია ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეიქმნას პრევეციული ღონისძიებების მთელი ჯაჭვი. რაც გულისხმობს სწორ განათლებას დაწყებითი კლასიდანვე, პროფორიენტაციაში დახმარებას და სხვადასხვა კუთხით პიროვნული ზრდის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, საინფორმაცია კამპანიის წარმოებას როგორც მშობლებისთვის, ასევე შვილებისთვის.
რეკომენდაციების ამ სახეზე თანხმდება მრგვალი მაგიდის მონაწილე თითოეული წევრი. შესაბამისად, ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი.
მასალა მოამზადა: ნინო თოფურიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”