close
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

დედამიწის ზომისა პლანეტა, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობს, თანდათან გვიახლოვდება

მეცნიერებმა ახალი პლანეტა – Ross 128b აღმოაჩინეს. ის წითელი ვარსკვლავის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს და დედამიწისგან 11 სინათლის წლითაა დაშორებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიით იქამდე მისვლას დაახლოებით 141,000 წელი დასჭირდება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწის ზომისა და დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის მსგავსი პლანეტა შესაძლოა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ადგილი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დედამიწასა Ross 128b-ს შორის მანძილი 11 სინათლის წელია, პლანეტა ჩვენკენ მოემართება და დაახლოებით 79,000 წელიწადში დედამიწის უახლოესი მეზობელი ეგზოპლანეტა გახდება. ეს დრო კოსმოსური თვალსაზრისით, ერთი თვალის დახამხამებაა.

ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის მაღალი სიზუსტის რადიალური სიჩქარის პლანეტის მძებნელის (HARPS) ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ წითელი ჯუჯა ვარსკვლავს,  Ross 128-ს 9,9 დღეში ერთხელ გარს მცირე მასის ეგზოპლანეტა უვლის. 

რატომ არაა იგი სიცოცხლისთვის ზედმეტად ცხელი? იმიტომ, რომ როს 128 ცივი, მკრთალი წითელი ჯუჯა ვარსკვლავია. გამოყოფს გაცილებით ცოტა რადიაციას, ვიდრე ჩვენი ყვითელი მზე. შესაბამისად, როს 128 b დედამიწაზე 1,38-ჯერ მეტ რადიაციას იღებს. მისი ტემპერატურის ეკვილიბრიმი შეფასებულია -60 — 20 გრადუს ცელსიუსს შორის.

ამოფრქვევების თვალსაზრისით, ეს ვარსკვლავი გაცილებით მშვიდია, ვიდრე სხვა წითელი ჯუჯები, მაგალითად, პროქსიმა კენტავრი — წითელი ჯუჯა, რომლის გარშემოც მოძრაობს ჩვენი უახლოესი მეზობელი ეგზოპლანეტა პროქსიმა b. აქედან გამომდინარე, როს 128 b, სავარაუდოდ, გაცილებით მეტად სტაბილურია.

წითელი ჯუჯები ერთ-ერთი ყველაზე ცივი, მკრთალი და ყველაზე მეტად გავრცელებული ვარსკვლავებია სამყაროში. შესაბამისად, არაჩვეულებრივი სამიზნეებია ეგზოპლანეტათა საძებნელად.

ბევრი წითელი ჯუჯა, მათ შორის პროქსიმა კენტავრიც, გამოაფრქვევს დიდ ალებს, რომლებიც ვარსკვლავის გარშემო მოძრავ პლანეტებს მომაკვდინებელ ულტრაიისფერ და რენტგენული გამოსხივების საბურველში ახვევს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, როს 128 გაცილებით მშვიდი ვარსკვლავია და შესაბამისად, მისი პლანეტები შეიძლება ჩვენთან უახლოესი კომფორტული ადგილი იყოს სიცოცხლისათვის.

ეს ყველაფერი მკვლევრებმა დაადგინეს პლანეტათა გამოვლენის რადიალური სიჩქარის მეთოდით, რომელიც განსხვავდება ჩვენ მიერ ხშირად გაგონილი ტრანზიტის მეთოდისგან. შედეგად, დასტურდება, რომ მას ჯერ კიდევ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ეგზოპლანეტათა აღმოსაჩენად.

ეგზოპლანეტებზე ნადირობისათვის, ყველაზე ხშირად ტრანზიტის მეთოდს იყენებენ. ამ დროს, ეგზოპლანეტის არსებობას ადგენენ მისი ჩავლით დედავარსკვლავის წინ. როდესაც პლანეტა ჩვენს ტელესკოპსა და თავის მასპინძელ ვარსკვლავს შორის ჩაივლის, ვარსკვლავის შუქი ოდნავ ბნელდება.

სწორედ ამ გზით ნადირობს ეგზოპლანეტებზე კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი, რომელმაც უკვე აღმოაჩინა 2337 დადასტურებული ეგზოპლანეტა. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ ამ ციფრებს, ეს მეთოდი ყველაზე პროდუქტიულია ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად.

თუმცა, ტრანზიტის მეთოდს თან ახლავს ერთი მნიშვნელოვანი სისუსტე. იგი მოითხოვს, რომ პლანეტის ორბიტა განთავსებული იყოს ისე, რომ მან ვარსკვლავსა და ტელესკოპს შორის გაიაროს.

იმ ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად, რომლებიც ასე არ არიან განლაგებული, იდეალურია დედავარსკვლავის რადიალური სიჩქარის მეთოდის გამოყენება.

არსებითად, როცა პლანეტა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, ვარდკვლავი ადგილზე ფიქსირებული არ რჩება. პლანეტა ძალიან უმნიშვნელო გრავიტაციული ძალით ძაბავს დედავარსკვლავს, რაც განაპირობებს მის მოძრაობას მცირე წრეზე ან ელიფსზე.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავის დაშორება დედამიწიდან უმნიშვნელოდ იცვლება და როდესაც ასე ხდება, იცვლება მისი სინათლის სპექტრიც. როდესაც ის დედამიწასთან უფრო ახლოსაა, ოდნავ მოლურჯოა; როდესაც შედარებით შორსაა, ოდნავ მოწითალო ხდება. ამას დოპლერის წანაცვლებას უწოდებენ და სწორედ ისაა, რასაც რადიალური სიჩქარის მეთოდი ზომავს.

„პირველი ეგზოპლანეტის აღმოჩენა მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო (51 პეგასი b), უზარმაზარი სიურპრიზი იყო, რადგან სრულიად მოულოდნელი იყო თავისი ვარსკვლავის გარშემო ასეთი მანძილიდან მოძრავი ასეთი პლანეტის პოვნა. ამის მსგავსად, იქნებ როს 128 b-ის ატმოსფეროში ვიპოვოთ სახესხვაობები, რომლებიც იმისაგან ნამდვილად განსხვავებული ბიომარკერებია, რაც დედამიწის შემთხვევაში გვაქვს; შესაბამისად, კვლევას ვაგრძელებთ,“ – აცხადებენ მეცნიერები.

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid