პრინც დავით ბაგრატიონის სტუმრობამ ბრიტანეთში და მის მიერ დედოფლისთვის მიძღვნილმა საცერემონიო მოსართავმა ორაზროვნება გამოიწვია სამეფოში. მის ამ საქციელს ინგლისური ,,DailyMail-ი“ გამოეხმაურა, რომელმაც პრინცს ,,მასხარაც“ კი უწოდა, ,,დოქტრინა“ გაგაცნობთ თუ რა შეფასებები მოჰყვა ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენლის ზემოთაღნიშნულ საქციელს.
პრინცმა დავითმა ბრიტანეთის დედოფალს ოქროს საცერემონიო მოსართავი მიართვა, ერთი შეხედვით ეს არის გულუხვი საჩუქარი ერთი სამეფო ოჯახის მხრიდან მეორესადმი, მაგრამ დედოფლის საზეიმო ცერემონიალის ეს ნაწილი პროტოკოლის საუკუნეების მანძილზე უპრეცედენტო დარღვევად მიიჩნიეს, რამაც შეშფოთება გამოიწვია ბრიტანეთის სამეფოში. საჩუქარი წარმოადგინა არა უცხო სახელმწიფოს მეთაურმა, როგორც ამას ტრადიცია კარნახობს, არამედ პრინცმა დავითმა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს საქართველოს ტახტზე, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ერს 1810 წლიდან უკვე აღარ ჰყოლია მეფე.
პრინცი დავითი საჩუქრის გადასაცემად მარტის დასაწყისში ესტუმრა კენსინგტონის სასახლეს, სადაც გლოსესტერის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ დედოფლის სახელით მიიღეს ის. ბუკინგემის სასახლესა და საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტს მწვავე გამოხმაურება არ მოჰყოლია და ის ბუნებრივ ქმედებადაც მიიჩნიეს, მაგრამ სოციალურ მედიაში აღნიშნული ტრადიციის დარღვევამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ამის შესახებ გამოჩენილმა ისტორიკოსმა – ჰიუგო უიკერსმაც – ისაუბრა.
გამოცემა დაინტერესდა თვითონ პრინცი დავითის ისტორიითაც და აღნიშნა, რომ ის საკუთარ თავს საქართველოს ტახტის კანონიერ მემკვიდრედ და ევროპაში ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტიის წევრად მიიჩნევს, რომელსაც დასაბამი ბიბლიური მეფის, დავითის, დროიდან დაედო. გამოცემას არ გამორჩენია მისი პირადი ცხოვრებაც, ,,პრინცი დავითი, რომლის სახელიც დაკავშირებულია ,,Playboy-ს” ერთ-ერთ მოდელ და ეროტიკულ ტელეწამყვნათან – შორენა ბეგაშვილთან, დიდი პატივით მოიხსენიება ევროპის მასშტაბით, რამდენადაც არისტოკრატიის წევრად და რელიგიურ ფიგურად მიიჩნევენ,” – აღნიშნულია გამოცემაში.
ბატონმა უიკერსმა აღნიშნა, რომ დედოფალი, როგორც წესი, მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურების თხოვნებსა და სამშვენისებს იღებს, იქნება ეს მეფე თუ პრეზიდენტი და ეს ყოველივე ყოველთვის დაკავშირებულია მათ საზეიმო სტუმრობასთან. მისი აზრით, ამ საქციელმა შესაძლოა ბიძგი მისცეს სხვადასხვა ტახტის დიდი რაოდენობით პრეტენდენტს, რომელსაც სურს დედოფალს პატივი სცეს. ,,დედოფლისთვის საჩუქრის გადასაცემად უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ ადამიანები ამას, როგორც წესი, საკუთარი მიზნებისთვის აკეთებენ და არა მისთვის. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერს მოჰყვება გარკვეული შედეგები და მოსაზრებები. არ მიმაჩნია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა გააჩნია, მაგრამ თუ კი არ არსებობს რაიმე კარგი მიზეზი, რომ დედოფალი საჩუქარს დასთანხმებოდა, ეს ფაქტი სასირცხვილოა,”- აღნიშნა უიკერსმა.
ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლების განცხადებით კი, საჩუქარი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ გადაიცა, რასაც დაუმატეს ისიც, რომ – ,, ეს ფაქტი შეესაბამებოდა ნორმალურ პროცესებს და საქართველოს მთავრობაც მხარს უჭერდა მას. მეორე მხარემ კი საჩუქარი მიიღო ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობის გასამყარებლად”.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”