აკაკი წერეთელი 1840 წლის 21 ივნისს სოფელ სხვიტორში დაიბადა. აკაკის მამა – როსტომ წერეთელი კარგი მოჭადრაკე, გონებამახვილი და ენამოსწრებული მოსაუბრე ყოფილა, რასაც პოეტი თავის მოგონებებში ასე აღწერს:
„მამაჩემი… ძლიერი გონების კაცი იყო, მოსწრებული და ენა მჭევრი, თუმცა კი ხშირად ენამწარეც. დედაჩემი იტყოდა ხოლმე: „ამ ჩემ შვილებს მამამისის ენა გამოჰყვათ დახურდავებულიო“. ჩვენ ხუთნი და-ძმანი ვიყავით, ღვთის მადლით, არც ერთს არ გვქონია სუსტი ენა და აქედან შეგვიძლია ვიგულისხმოთ, თუ რა უნდა ყოფილიყო მამაჩემის დაუხურდავებელი ენა? სწორედ სასიამოვნო და საყვარელი სანახავი იყო მამაჩემი, როდესაც გუნებაზე იყო. იმას რომ სწავლა მიეღო და ცხოვრებაში განვითარება ჰქონოდა, შესანიშნავი რამე იქმნებოდა“.
აკაკის დედა – ეკატერინე, იმერეთის მეფის სოლომონ პირველისა და გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის შთამომავალი იყო.
ოჯახში ხუთი შვილი იყო: ანა, დავითი, იასონი, აკაკი და მავრა.
ტრადიციის მიხედვით, პატარა აკაკი აღსაზრდელად ძიძას იქვე მდებარე სოფელ სავანეში მიაბარეს, სადაც ის უღარიბეს გლეხის ბავშვებთან ერთად გაიზარდა. როგორც თავად წერს მოგონებებში, ამან მასზე დიდი გავლენა მოახდინა: „არ შემიძლია არ გამოვტყდე, რომ, თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხის შვილებთან ერთად ვიზრდებოდი“ – წერს აკაკი.
როგორც ცნობილია, პოეტს 8-10 წლის ბავშვს უკვე რამდენჯერმე ჰქონდა გადაკითხული „ვეფხისტყაოსანი“.
რაც შეეხება მის სიყვარულის ისტორას, როგორც ცნობილია, მისი მეუღლე ნატალია ბაზილევსკაია იყო. საინტერესოა, რას წერს ამაზე აკაკი:
„ნურავინ ნუ დაიჩემებს: მომავალში ამას ვიზამ, თუ იმასო! მე გადაწყვეტილი მქონდა გუნებაში, რომ ცოლი არ შემერთო და მერე ისიც უცხოელი, მაგრამ შემთხვევას ყველაფერი შესძლებია!“
პოეტმა ქალი რუსეთში ყოფნისას გაიცნო, მასზე დაქორწინდა. მათზე საკმაოდ ბევრი ჭორი დადიოდა, რაც აკაკის საკმაოდ სწყინდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს წერეთლის როლი ქართული სატირული ჟურნალისტიკის განვითარებაში – მისი რედაქტორობით გამოვიდა პირველი ქართული სატირული ჟურნალი ,,ხუმარა”, რომელიც საკმაოდ სარკასტული იყო და ამის გამო პოეტს რამდენიმე დღე ციხეში ყოფნაც კი მოუწია.
აკაკი ქართულ ენას ძალიან აფასებდა. აი, რას წერს ის თავის ერთ-ერთ წერილში:
„ძვირად, რომელიმე ხალხი გვეგულება, რომ ქართველებსავით მდიდარი ლექსიკონი ჰქონდეს… არა, ჩვენი ენა მდიდარი არის. ძვირად დარჩენილა ენა, რომელსაც არ შემოეწიროს ჩვენთვის რამდენიმე სიტყვა.”
პოეტი 1915 წლის 8 თებერვალს 75 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”