აღნიშნული თავის ქალა პირველია, რომლის მიხედვითაც მეცნიერებს შეუძლიათ აქამდე უცნობი ადრეული ადამიანის ანატომიის შესწავლა (თავის ქალის ტვინის მოცულობა დმანისელებს შორის ყველაზე მცირეა (546 სმ3), რაც დაახლოებით თანამედროვე ადამიანის ტვინის ერთი მესამედია. მას ყველაზე მასიური, წინ წამოწეული სახე და დიდი კბილები აქვს). ეს ნიმუში ზრდასრული ინდივიდის ერთადერთი საუკეთესოდ შემონახული თავის ქალაა.
დმანისის კოლექცია მეცნიერებს პირველად აძლევს საშუალებას დააკვირდნენ და შეისწავლონ 1.8 მილიონი წლის წინანდელი პოპულაცია. ინფორმაცია დმანისის აღმოჩენების შესახებ არაერთხელ ყოფილა გაშუქებული ისეთ სამეცნიერო და პოპულარულ გამოცემებში როგორებიცაა: Science, Independent, National Geographic, Le Figaro, New York Times, BBC, CNN, Guardian და სხვა.
2013 წელს Science-ში დაიბეჭდა სტატია ,,სრული თავის ქალა დმანისიდან და ადრეული ჰომოს ევოლუციური ბიოლოგია” – სტატიის თანაავტორები ქართველი მეცნიერები დავით ლორთქიფანიძე, აბესალომ ვეკუა და ანი მარგველაშვილი არიან. ასევე აღსანიშნავია რომ, 2000 წლის მსოფლიოს ათ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენათა შორის დმანისის პალეოანთროპოლოგიური მონაპოვარი მესამე ადგილზე იქნა დასახელებული.
წყარო: museum
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”