close
მედიცინა

რა სარგებლისა და ზიანის მომტანია დუკანის დიეტა ჯანმრთელობისთვის

 ბოლო პერიოდში სიმსუქნით  დაავადებული ადამიანების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. როგორც წესი, ჭარბწონიანობის მიზეზი არაჯანსაღი კვება და უმოძრაობაა. აღნიშნულმა დაავადებამ, თავის მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2), მაღალი არტერიული წნევა,  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რეპროდუქციული ფუნქციის მოშლა (რომელიც უშვილობის წინაპირობაა), ფილტვების დაავადება და ა.შ. ბოლო დროს საქართველოში აქტუალური გახდა ფრანგი ნუტრიციოლოგის, პიერ დუკანის,  „ცილოვანი დიეტა“. დუკანის დიეტის მთავარი იარაღი შვრიის ქატოა, რომლის რაოდენობაც ეტაპების მიხედვით განისაზღვრება. დიეტა შედგება ოთხი ფაზისაგან:

  • შეტევის ფაზა – დროის ხანგრძლივობა დასაკლები წონის მიხედვით განისაზღვრება. ეს პერიოდი მერყეობს 1-10 დღემდე. რაციონი მრავალფეროვანია, თუმცა მიირთმევთ მხოლოდ ცილოვან საკვებს: ხორცს, ზღვისა და რძის პროდუქტებს. აუცილებელია 1,5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება.
  • მონაცვლეობა – რაციონს ემატება ნებისმიერი ბოსტნეული, რომელიც არ შეიცავს სახამებელს. აუცილებელია 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება.
  • განმტკიცება – აღნიშნული ფაზა მიღწეული შედეგის განმტკიცებას გულისხმობს. ხანგრძლივობა დამოკიდებულია თითოეულ დაკლებულ კილოგრამზე (თითო კილოგრამზე განმტკიცებითვის 10 დღეა საჭირო). შეგიძლიათ მიირთვათ ყველა პროდუქტი, რომელიც დაშვებულია პირველ და მეორე ფაზაში, აგრეთვე, რაციონს ემატება სახამებლის შემცველი პროდუქტები და ხილი. აუცილებელია 2,5 სუფრის კოვზი ქატოს მიღება.
  • სტაბილიზაცია – შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ კვირაში ერთი დღე უნდა მიიღოთ ცილები. აუცილებელია 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება.

ყველა ეტაპზე აუცილებელია ყოველ დღე ფეხით სიარული არანაკლებ 20 წუთისა, აგრეთვე, მინიმუმ 2 ლიტრი სითხის მიღება.

დუკანის დიეტას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნის დიეტოლოგებისა და ჯანსაღი კვების სპეციალისტებისგან, მათი თქმით, დიეტა არაჯანსაღია, შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა პათოლოგია, დამანგრევლად მოქმედებს თირკმელებზე, მით უმეტეს თუ უკვე აღინიშნება პრობლემა.

„დოქტრინა“ გაესაუბრა გიორგი მაღლაფერიძეს, რომელიც აქტიურად იცავს აღნიშნულ დიეტას და უკვე გარკვეული შედეგიც აქვს, მისი თქმით: „აუცილებელია გამოვიკვლიოთ ორგანიზმი, რათა დადგინდეს ჭარბი წონის მიზეზი. ცილის გადამუშავება მჟავიანობის მომატების ხარჯზე მიდის, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ასევე ზეგავლენა მოახდინოს  ნერვულ სისტემაზე. დიეტის დაწყებამდე მნიშვნელოვანია მოტივაცია და შინაგანი მზაობა. საკმაოდ გრძელი და რთული გზაა, რომლის ბოლოს ახალი ცხოვრება გელოდებათ. აუცილებლად გაეცანით დიეტას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიწყეთ ექიმთან ვიზიტით, რათა არ დაიზიანოთ ჯანმრთელობა. ასევე საუბრობენ, რომ ცილოვანი დიეტა საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა ეს თავიდან, როდესაც საკვების ოდენობა იკლებს, თანხაც მცირდება. დღეისთვის მე დაახლოებით 7-10 ლარის პროდუქტები მჭირდება დღის განმავლობაში“.

,,დუკანის დიეტას” იცავს, აგრეთვე, სოფიკო ფუტკარაძე, რომელმაც 5 თვეში 38 კილოგრამი დაიკლო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავს მშვენივრად გრძნობს და ადამიანებს მოუწოდებს, რომ დაწყებამდე კარგად გაერკვნენ და სულიერად მოემზადონ დიეტისთვის, რომელიც საკმაოდ დიდი ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა აღნიშნავს, რომ ზედმიწევნით შესრულებისას შედეგი გარდაუვალი იქნება.

ჩვენ გავესაუბრეთ ნინო კობალაძეს, რომელმაც ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა, პრიზი კი პიერ დუკანთან შეხვედრა იყო. მისი თქმით , ,,დუკანს ძალიან ახარებს ამდენი მიმდევარი რომ ჰყავს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ბედნიერია, რადგან ამდენ ადამიანს ეხმარება სასურველი წონის მიღწევაში. მან აღნიშნა, რომ მთელი ცხოვრება ამ საქმეს მიუძღვნა, შეყვარებულია თავის პროფესიაზე და გვირჩევს, რომ ვიცხოვროთ ჯანსაღად”.

აღნიშნულ საკითხზე ნუტრიციოლოგმა, ნატა გაგუამ, აღნიშნა: „ხანგრძლივი ცილოვანი დიეტა, როდესაც რაციონიდან ამოღებულია ნახშირწყლები (ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული), შეუზღუდავი რაოდენობით ხორცის, თევზის, კვერცხისა და რძის ნაწარმის მიღება დაუშვებელია. მოგეხსენებათ, ასეთი საკვები შეიცავს არა მარტო ცილებს, არამედ ცხიმებსაც. ორგანიზმი ვერ ასწრებს ამდენი ცილოვან-ცხიმოვანი საკვების სრულყოფილ გადამუშავებას, ამან კი შეიძლება ქოლესტერინის შემცველობა გაზარდოს სისხლში. შეიძლება ბოლომდე არ გადამუშავდეს ეს საკვები პროდუქტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ადამიანს ჰქონდეს მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები, თავბრუსხვევა, დაღლილობა, მოთენთილობა, არასასიამოვნო სუნი პირიდან, გულისრევა, მადის დაქვეითება. მკაცრი ცილოვანი დიეტა იწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას – ყაბზობას. მისი უპირატესობა ისაა, რომ დიეტის პირველ დღეებში სწრაფად იკლებენ, თუმცა რის ხარჯზე? სითხისა და მადის დაკარგვის ხარჯზე. როდესაც პაციენტს ეუბნება ექიმი, რომ სიმსუქნის სამკურნალოდ საჭიროა სრული კურსის გავლა და პირდაპირი მოტივაცია, რასაკვირველია, არაპოპულარულად ჟღერს. სამწუხაროდ, ბევრი ირჩევს „მარტივ“ გზას, მკაცრი და „ეფექტური“ დიეტები ბევრია სხვადასხვა საიტზე, მაგრამ ცხიმოვანი ქსოვილის შემცირების ხარჯზე სწრაფად ვერ ვიკლებთ, უბრალოდ, ორგანიზმი კარგავს სითხეს და თუ ასეთი არასწორად შერჩეული დიეტა ხანგრძლივია, კუნთები განილევა ანუ კუნთის მასა მცირდება ორგანიზმში, რაც ცალსახად ცუდია“.

აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებენ სხვადასხვა ქვეყნის დიეტოლოგები და აღნიშნავენ, რომ ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს ხანგრძლივი ცილოვანი დიეტა, შესაბამისად, აუცილებელია, რომ დაკლების სურვილით შეპყრობილებმა არ გადავამეტოთ. სიმსუქნე დაავადებაა, აუცილებელია ორგანიზმის გამოკვლევა და მასზე მორგებული რაციონის შემუშავება. რაციონის შედგენისას კი გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის ინდივიდუალური მონაცემები, კერძოდ, სქესი, ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, კუნთოვანი ქსოვილების მასა და ხარისხი, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა და ა.შ. მათი აზრით, საკვები გაჯერებული და დაბალანსებული უნდა იყოს ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. თუკი ადამიანი ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას, უპირველეს ყოვლისა, მინიმალურ რაოდენობამდე უნდა დაიყვანოს ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები, უარი  თქვას ტკბილეულობაზე, ასევე შეამციროს ცხიმიანი საკვები, მიიღოს მეტი ბოსტნეული და ხილი. ეს არის სწორი კვების რეკომენდაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ყველამ.

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid