თუკი ,,რომაული არდადეგები” გინახავთ, მაშინ აუცილებლად გაგახსენდებათ ,,სიმართლის პირი” (იტალიურად La Bocca della Verita) – მარმარილოს დისკო, ქალაქ რომის ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელსაც იტალიის დედაქალაქში ჩასული ტურისტი აუცილებლად ესტუმრება ხოლმე და რომლის ნახვის მოლოდინში დამთვალიერებელთა უწყვეტი ჯაჭვი არ წყდება. ,,სიმართლის პირი” წარმოადგენს ძველრომაულ მარმარილოს დისკოს, რომელზეც რელიეფურად ადამიანის – წვერიანი მამაკაცის პირისახით – წარმართული ღვთაებაა გამოსახული.
დისკოს შესახებ არაერთ თქმულებას მოუღწევია დღემდე, თუმცა ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, ის ერთგვარ სიცრუის დეტექტორს წარმოადგენდა, თუკი მატყუარა ადამიანი ხელს ჩაყოფდა ღვთაების გაღებულ პირში, იგი აუცილებლად დაიხურებოდა, ხოლო დისკოს უკან ჩასაფრებული ჯალათი ალესილი ხმლით მას სასტიკად დასჯიდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ღირსშესანიშნაობას სულხან-საბა ორბელიანიც ესტუმრა, როდესაც დიპლომატიური მისიით იყო მივლინებული ევროპაში.
ვერსიის თანახმად, მარმარილოზე გამოსახულია ღვთაება ოკეანოსი – სამყაროს უდიდესი მდინარის სტიქია.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”