ეგვიპტელმა არქეოლოგებმა აქამდე უცნობი ნეკროპოლისი აღმოაჩინეს, რომელიც ასწლეულების განმავლობაში ხელუხლებელი იყო.
2 000-ზე მეტი წლის სასაფლაო ფარაონული გვიანი პერიოდით თარიღდება და, სულ მცირე, 8 სამარხს შეიცავს, თითოეულ მათგანში კი რამდენიმე სარკოფაგია.
კაიროს სამხრეთით ახლად აღმოჩენილი მიწისქვეშა საფლავის კომპლექსი ხმუნის ნეკროპოლისიდან ექვს კილომეტრში მდებარეობს.
გათხრები გასული წლის ბოლოს დაიწყო. მკვლევართა ჯგუფი ეძებდა უძველესი ეგვიპტის მე-15 ადმინისტრაციულ განყოფილებას.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თოტის ქურუმის ერთ-ერთი საფლავი – იბისისთავიანი სიბრძნის, არბიტრაჟის, დამწერლობის, მეცნიერების, ჯადოსნობისა და გარდაცვლილთა განაჩენის ღმერთი.
საფლავში აღმოჩენილ იეროგლიფებზე ქურუმი მოხსენიებულია, როგორც – Djehuty-Irdy-Es, ასევე, როგორც ,,დიდი ხუთიდან ერთ-ერთი”.
საფლავში ასევე აღმოჩნდა თაბაშირისგან დამზადებული რამდენიმე ქილა. ოთხ მათგანს ღმერთი ჰურუსის ოთხი შვილის თავი აქვს. მათში მუმიფიცირებული ქურუმის ორგანოები დღემდე კარგადაა შემონახული.
საფლავში ასევე აღმოჩენილია 1000-მდე მოსამსახურის თიხისგან გაკეთებული ფიგურა, რომლებიც ეგვიპტელ დიდგვაროვნებთან იმ მიზნით მოათავსეს, რომ იმ ქვეყნად მომსახურებოდნენ.
მუმია შემკობილია ბრინჯაოს საყელოთი, რომელიც ასახავს ქალღმერთ Nut-ს, რომელიც იმ ქვეყნად ფრთებით ,,იცავდა” გარდაცვლილებს. მუმიაზე ასევე აღმოაჩინეს ლურჯ და-წითელმძივებიანი ძვირფასი ქვა, ბრინჯაოს მოოქროვილი ფილები, სპილოს ძვლითა და კრისტალით მორთული ორი თვალი და ნახევრად ძვირფასი ქვების ოთხი ამულეტი.
სასაფლაოში 13 საფლავი იყო. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი საფლავი დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნის; საერთო ჯამში, კომპლექსში 8 საფლავი და 40 სარკოფაგი აღმოაჩინეს.
წყარო: ttps://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”