close
არქიტექტურა/დიზაინიისტორიარელიგია და მეცნიერება

პირველი ეკლესიები და სარწმუნოებრივი რიტუალების შენობების ისტორია საქართველოში

 IV-VII საუკუნეები უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდია ქართული კულტურის ისტორიაში. თუმცა იმდროინდელი – ადრეული შუა საუკუნეების – ქართული ნივთიერი კულტურის მაღალი დონის ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელი ხუროთმოძღვრებაა, არა მარტო გადარჩენილ ძეგლთა სიმრავლის, არამედ მათი განსაკუთრებული მხატვრული ღირებულების გამოც. ქრისტიანულმა რელიგიამ ხუროთმოძღვრებს სრულიად გარკვეული ამოცანა დაუსახა – სარწმუნოებრივი რიტუალის ჩასატარებლად უნდა შექმნილიყო საგანგებო შენობა, რომელიც ბევრ მლოცველს დაიტევდა.

ახალი ამოცანის გადაწყვეტა, ცხადია, ერთბაშად ვერ მოხერხდებოდა. წერილობითი წყაროებისა და უძველეს ეკლესიათა შემორჩენილი ნიმუშების შესწავლა მოწმობს, რომ თავდაპირველად ღვთისმსახურების დროს მლოცველები გარეთ იდგნენ, ეკლესიაში კი – მხოლოდ მღვდელი შედიოდა. პირველი ეკლესიები მინიატურული სამლოცველოები იყო, რომლებიც თანდათან იქცა მეტ-ნაკლებად ტევად ნაგებობებად, V საუკუნის ბოლოს კი უკვე საკმაოდ დიდი ტაძრების შენებაც დაიწყეს. როგორც ცნობილია, ადრეულ ქრისტიანულ ხანაში დასავლეთსა და ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული იყო საეკლესიო ნაგებობათა ორი უმთავრესი სახეობა: წაგრძელებული უგუმბათო შენობა ბაზილიკა და ცენტრული ჯვრისებრი შენობა, რომლის ცენტრი წრიული ან მრავალწახნაგაა (ჩვეულებრივ, რვაწახნაგა); ის ყოველთვის გუმბათით არ იყო გადახურული. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს ორი სახეობა შენობათა ორ განსხვავებულ ფუნქციას შეესაბამებოდა: ბაზილიკები ჩვეულებრივი ეკლესიები იყო, სადაც ყოველდღიური წირვა-ლოცვა წარმოებდა, ცენტრული შენობები კი – წმინდანის საფლავთან დაკავშირებული მემორიალური სამლოცველოები.

 ქართულ ქრისტიანულ არქიტექტურაშიც ვხვდებით ამ ორ სახეობას – წაგრძელებულ უგუმბათო ნაგებობებსა და ცენტრულ ნაგებობებს, მაგრამ მათ შორის არ არსებობს ზემოთ აღნიშნული ფუნქციური სხვაობა. გარდა ამისა, საქართველოში უცნობი იყო ცენტრული შენობის ისეთი წრიული ან მრავალწახნაგა გეგმა, როგორიც დასავლეთსა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში გვხვდება. ქარელრთული ცენტრული ტაძრის ბირთვს, როგორც წესი, წარმოადგენს კვადრატი, რომელზედაც აღმართულია გუმბათი და რომლის გარშემოც ვითარდება ჯვრისებრი გეგმა. კვადრატზე დამყარებული გუმბათის თემა უკავშირდება, ერთი მხრივ, ანალოგიურ კომპოზიციას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ძველ ხუროთმოძღვრებაში, მეორე მხრივ, ქართული ხალხური არქიტექტურის ტრადიციებს, კერძოდ, საცხოვრებელი „დარბაზის“ ტიპს, რომელიც ქრისტიანობის გავრცელებამდე ბევრად უფრო ადრე შეიქმნა. სამნავიანი ბაზილიკის ტრადიციულ ტიპს ნერგავდა ოფიციალური ეკლესია, რადგანაც ეკლესიას დასაწყისში ესაჭიროებოდა უკვე აღიარებული, ქრისტიანული სარწმუნოების მიერ ხელდასხმული ნიმუშები. ქართველ ოსტატთა მიერ ბაზილიკის აგების პირველი ცდები ამჟღავნებს ახალ ამოცანათა გადაჭრის სიძნელეს, მოწმობს, როგორ „ებრძოდა“ ეს ახალი თემა ცენტრული გეგმის გავლენას. რაოდენობის თვალსაზრისით, საქართველოში ტრადიციულ სამნავიან ბაზილიკათა შეფარდება გუმბათოვან ეკლესიებთან ისეთი არ არის, როგორიც, მაგალითად, სირიაშია, სადაც ბაზილიკათა რაოდენობა ბევრად სჭარბობს ცენტრული ტაძრების რაოდენობას. საქართველოში შემუშავდა ბაზილიკის თავისებური ვარიანტი, ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელიც გარედან არ განსხვავდება ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკისაგან, მაგრამ შიგნით ნავები ერთმანეთისაგან სვეტებით კი არა, არამედ კედლებითაა გაყოფილი. არსებითად, აქ ერთ შენობაში გაერთიანებულია სამი დამოუკიდებელი სამლოცველო. ეკლესიის ეს ფორმა, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უცნობია, VII საუკუნიდან მოყოლებული გარკვეულ ევოლუციას განიცდის. ამ ტიპის ეკლესიებს X საუკუნემდე აშენებდნენ, ისევე, როგორც ბაზილიკას. გარდა ამისა, საქართველოში იმთავითვე გავრცელდა უგუმბათო ნაგებობათა კიდევ ერთი, უმარტივესი სახე – ერთნავიანი ეკლესია, რომელიც არსებობდა ძველი ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ყველა ეტაპზე. სოფლის მცირე სამლოცველოთა უმეტესობა ამ ტიპს მიეკუთვნება, თუმცა არსებობს საკმაოდ მოზრდილი ერთნავიანი ეკლესიებიც.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid