საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ფართო საზოგადოების წინაშე აცხადებს, რომ იბრძოლებს ევროკავშირის კვლავ გასაძლიერებლად: „ეროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენულობა და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა“ .
საბერძნეთში, ათენში წარმოთქმულ სიტყვაში, მაკრონმა მოუწოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს უფრო გაეძლერებინათ თანამშრომლობა და გამოეხატათ სოლიდარობა, რათა ევროკავშირმა შეძლოს არსებულ და მომავალ კრიზისებთან გამკლავება. საფრანგეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ კავშირი უნდა მოდერნიზდეს, გახდეს მეტად დემოკრატიული და „არა უბრალოდ გაიხურონ სამუშაო შეხვედრის კარი ყოველი სამიტის შემდეგ“.
რას ითვალისწინებს მაკრონის გეგმა?
პრეზიდენტმა საზოგადოებას ევროკავშირის გაძლიერებისთვის ახალი სამოქმედო გეგმა შესთავაზა, რომლის მთავარი ელემენტი სახელმწიფოთა უერთიერთშეთანხმებული ქმედებაა საერთო პრობლემების წინააღმდეგ, მათ შორის, ტერორიზმისა და კლიმატის ცვლილების.
მაკრონი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან შემდგარ ინტეგრირებული ევროზონის შექმნას, რომელსაც ეყოლება ფინანსთა მინისტრი, პარლამენტი და ექნება საკუთარი ბიუჯეტი.
უფრო დეტალური გეგმის დასახვა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგან, შემდეგ თვეში, გერმანიაში არჩევნებია. სწორედ არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენად დაუჭერს მხარს მაკრონის იდეებს გერმანიის ახალი ხელისუფლება.
ემანუელ მაკრონი, როგორც ახალი ლიდერი?
ზოგიერთი მიჩნევს, რომ ემანუელ მაკრონი შესაძლოა გახდეს ევროკავშირში წამყვანი ფიგურა.
მეორე მხარის შეხედულებით კი, მსგავსი გამოსვლები ემსახურება მხოლოდ შიდაპოლიტიკურ მიზნებს, რადგან მაკრონის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა და რომ შესაძლოა, მიზანი მხარდამჭერების მოზიდვა იყოს. ცნობილია, რომ მას სურს მოდიფიცირება გაუკეთოს საფრანგეთის ზოგიერთ კანონმდებლობას. (საპენსიო სისტემის შეცვლა, შრომითი კანონი), რაც უკმაყოფილებას იწვევს საფრანგეთის მოქალაქეებში, ფიქრობენ რა, რომ მაკრონი უფრო მეტად იჭერს მდიდარი ელიტის მხარეს, ვიდრე მოსახლეობის.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ მაკრონმა სწორედ საბერძნეთი, ათენი აირჩია მსგავსი მოწოდებისთვის, რადგან საბერძნეთი, ბევრი მახასიათებლით ევროკავშირის კრიზისის სიმბოლოდ გვევლინება.
საბერძნეთის ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა განაცხადა: „ეს ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს შორის გაღრმავდება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თანამშრომლობაც და შეიცვლება ევროკავშირის პოლიტიკური დინამიკა, სადაც, უკვე წლებია, დომინანტურ როლს გერმანია თამაშობს.“
მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ
წყარო: The Guardian, The Washington Post
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”