close
ეზოთერიკაფსიქოლოგია

რატომ ვერ უახლოვდება ადამიანი სულიერების უმაღლეს საფეხურებს?

 ყოველი ადამიანი, რომელიც უნიკალური ქმნილებაა, მიწიერ ქმნილებათა შორის გარკვეულ სულიერ მდგომარეობას განიცდის. თვალი უხილავის დანახვას ვერ შეძლებს, მაგრამ ადამიანს  ძალუძს  შეიგრძნოს და იზრუნოს იმაზე, რაც მისი მაცოცხლებელი ძალაა.  ხორციელი სხეული მარად ატარებს, რაღაც უმაღლესს, მარადისობასავით ამოუცნობსა და ბრწყინვალეს, რომელსაც სული ჰქვია.

სულიერება – ეს კავშირია ამაღლებულ სამყაროსთან, რომელთანაც სიახლოვე ამოუწურავი შინაგანი სიხარულითა და ენერგიით გვასაჩუქრებს. ენერგია კი ისეთი ძალაა, რომლის გარეშე არ იქნებოდა სამყარო, რომლის ნაწილი თითოეული ჩვენგანი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობთ, შეგვიძლია, მივუახლოვდეთ არამეტერიალურს- გრძნობებსა და ემოციებს, რომლებიც გამოწვეულ იქნება არა საგნებით არამედ ჩვენივე შინაგანი მდგომარეობით. რატომ ჩანს ეს ასე რთულად და მიუწვდომლად? რატომ ვერ უახლოვდება ადამიანი სულიერების უმაღლესს საფეხურებს?

დღევანდელი რეალობა სხვაგვარია. ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალი ხშირად ჩვენდაუნებურად მატერიალისტური საკითხებისაკენ სისწრაფით მიგვაქანებს და სულიერება განზე გვრჩება. ადამიანი უსასრულო წვრილმანებში იძირება და არ უხმობს მასთან ციურ სხივებს, რაც მხოლოდ ართულებს მის მდგომარეობას. სიმშვიდე ქრება და უსახელო გუნება-განწყობილება იპყრობს მას. მაინც რაები მოიაზრება ციურ სხივებად? – თვისებები. მათ ხომ უდიდესი გავლენა აქვთ ჩვენს ადამიანურ ყოფაზე. სულს კვებავს  სიყვარული, სიკეთე და გამძლეობა. ის მხოლოდ მაშინაა მშვიდად, როდესაც ყოველივე ეს გააზრებული, გულითა და გონებით განმტკიცებული გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით და მიუხედავად ამისა, სიმშვიდეს, მადლიერებასა და იმედს არ დავკარგავთ სულიერ ამაღლებას და უხილავ ძალას ვიგრძნობთ, რომელიც თითქოს ნაზად ჩაგვჩურჩულებს: ,,ეს ხომ დროებითია და ერთ დღესაც გაივლის?!“. ამის შემდეგ, სიხარული მოდის  და ვხვდებით, თუ რაოდენ ბევრი რამ დაფარული, მაგრამ არსებულია. უმეტეს შემთხვევებში კი რა ხდება?  ადამიანი სასოწარკვეთილებას მიეცემა ხოლმე, რწმენას დაკარგავს, ხელს ჩაიქნევს და უიღბლობაზე იწყებს ფიქრს. რწმენის არდაკარგვა სულს ახარებს, რომელსაც ადამიანი შინაგანად გრძნობს. რის წყალობითაც, სირთულეს აღარ უშინდება, არამედ ამტანობით და გონიერებით ცდილობს შეხვდეს განსაცდელს. შეიძლება კარი ჩაკეტილი იყოს, თუმცა რწმენის წყალობით ფანჯარა აუცილებლად გაიღება, საიდანაც იმედის სხივი გაანათებს ოთახს.

ადამიანი, აღჭურვილი ტექნიკითა და კომფორტისათვის საჭირო პირობებით, თავს სასოწარკვეთილად და უიმედოd გრძნობს. ერთი შეხედვით, მის ხელთ ბევრი აუცილებელი რამაა, რაც სიმშვიდეს მოუტანდა, მაგრამ მისი მდგომარეობა სულ სხვაგვარია. ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობისა და განსხვავების შექმნა შეუძლია ადამიანთა რწმენის ნაირგვარობას. ზოგი სულის აყვავებისათვის ირჯება, ზოგი კი ხორციელი სიამოვნებების დაკმაყოფილებისაკენ ისწრაფვის, რომლითაც ტკბობა მცირე ხანს გრძელდება. ადამიანი კი მთავარი საზრდოს გარეშე რჩება.

შინაგანი მდგომარეობის სრულყოფილებისათვის ადამიანს შეუპოვარი და დიდხნიანი ბრძოლა უწევს. იოლი როდია უარი თქვა მაცდურ სურვილებზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც პიროვნება რასმე გადაწყვეტს, თუმცა მის შესასრულებლად ნებისყოფა არ ჰყოფნის. ამიტომ, უმალვე ცდილობს გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს და ახლით ჩაანაცვლოს იგი. ეს ნებელობის სისუსტეა, რომელსაც განმტკიცება სჭირდება. რადგან სულიერი აყვავებისათვის ადამიანმა მავნე ჩვევებზე უარი უნდა თქვას და სასიკეთო არჩევანი გააკეთოს საკუთარი თავისათვის. უპატიოსნო ადამიანი საქმეში და ურთიერთობებში საბოლოოდ ფიასკოს განიცდის. ტყუილი და ყალბი ენერგია ისევ და ისევ იმას აზარალებს, ვინც ამ გზით რაიმეს მოპოვებას ცდილობს.

 

 

მასალა მოამზადა:  მედეა გელდიაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid