close
გეოგრაფიასაქართველოტურიზმი

ეროვნული მნიშვნელობის უცნობი ადგილები გიორგი დვალაშვილის წიგნში

საქართველოს სრულქმნილი ბუნება ოდითგანვე აღფრთოვანებას იწვევდა დამთვალიერებელში, თითოეული კუთხე გამორჩეულია როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით. ეროვნული მნიშვნელობის მქონე უნიკალური, მომნუსხველი, ბუნების დიდებული და სრულყოფილი ქმნილებები შესულია წიგნში ,,საქართველოს ბუნების 100 საოცრება”, რომლის ავტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი – გიორგი დვალაშვილი. წიგნში იხილავთ ზღაპრულ მღვიმეებს, კლდე-შთენილებს, ტბებს, მყინვარებს, ტრავერტინებს, ხეობებს, მოკლედ, მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე გასაოცარ ადგილებს.

,,აღნიშნული ადგილები შევარჩიეთ რეგიონების მიხედვით, ნაშრომში ზუსტადაა აღწერილი მარშრუტი, მითითებულია მანძილი ქვეყნის დედაქალაქიდან, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან და რეგიონის ცენტრიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნში შესული ბუნების 22 საოცრება, ამავდროულად, არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მაგალითად, უფლისციხე. ვფიქრობ, წიგნში ბევრ უცხო და გამორჩეულ ადგილს იხილავს საზოგადოება. წიგნი ილუსტრირებულია 350 ფოტოკადრითა და რუკით. გამოიცა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რადგან, მოგეხსენებათ, დაინტერესება დიდია, შესაბამისად, ვიზრუნეთ ტურისტებზეც,” – აღნიშნა გიორგი დვალაშვილმა ,,დოქტრინასთან” საუბრისას.

1.ტაბაწყურის ტბა

სოფელი ტაბაწყური მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საზღვარზე. მისი სახელი ტბის (ტაბის) ყურეს ნიშნავს. სოფელი მართლაც პირდაპირ ტბაშია შეჭრილი.  ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილ ტბასაც ტაბაწყური ჰქვია. ტბის მაქსიმალური სიღრმე 40.2 მეტრია და საქართველოს ტბებს შორის ყველაზე დიდი მოცულობა აქვს (221 მლნ მ3). ზაფხულში ცისფრად მოლივლივე ტბა ნოემბერში სარკესავით იყინება. ტბის წყალი იმდენად სუფთაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა წლების მანძილზე სასმელად იყენებდა.

2.ასკანის თიხები

თიხა საქართველოში ბევრგან მოიპოვება და მას უძველესი დროიდან იყენებს ადამიანი. საბადო, რომელიც გურიაში, სოფელ მთისპირში, 1932 წელს აღმოაჩინეს, უნიკალურია. ეს არის 60 მილიონი წლის წინათ წყალქვეშა ვულკანების ფერფლის ზღვის წყლის პირობებში დალექვის შედეგად წარმოქმნილი ბუნებრივი განძი, რომელსაც მეცნიერები ბენტონიტურ თიხებს უწოდებენ. ასკანის თიხა გამოიყენება: ფარმაცევტულ თუ საფეიქრო მრეწველობებში, პარფიუმერიაში, ენერგეტიკულ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ასკანგელი გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, კერამიკულ და საფეიქრო მრეწველობაში და ა.შ. ,,ასკანის” წარმოშობის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს, ამბობენ, რომ გურიაში გავრცელებული ეპიდემიის დროს ჯანმრთელი მხოლოდ ამ სოფლის მოსახლეობა დარჩა, სწორედ ამიტომ, მათ ,,ასკანიანები” უწოდეს. კიდევ ერთი ვერსიით, მოსახლეობა მეფუტკრეობას მისდევდა, ,,ასკანის” ფუძეც სიტყვა ,,სკა” არის.

3.ჩანჩხალოს მღვიმე-მაცივარი

აჭარაში მდებარე სოფელ ჩანჩხალოში მდებარეობს საინტერესო ბუნებრივი წარმონაქმნი ,,მღვიმე-მაცივარი”. სოფლის ამ ნაწილს ნამალევი ჰქვია. სიტყვა ,,ნამალევიდან” გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ომიანობის დროს ციხესთან არსებული ბუნებრივი მღვიმე სამალავადაც გამოიყენებოდა. მოსახლეობა მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად თხრის ორმოს და სურსათს ინახავს თხრილში, სადაც ზაფხულში დაახლოებით ისეთივე ტემპერატურა ფიქსირდება, რაც მაცივარში. პაპანაქება სიცხეშიც კი მღვიმეში არ დნება ყინული, რომელიც სოფლის მოსახლეობას ამოაქვს და სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს. ჩანჩხალოს მკვიდრს, რომელსაც კლდესთან ახლოს აქვს სახლი, მღვიმე-მაცივრის პრაქტიკული გამოყენებაც გადაუწყვეტავს, ბუნებრივი ,,მაცივრისთვის” რკინის კარი შეუბამს და საკუჭნაოდ გაუკეთებია.

4.უშოლთის მღვიმე

რაჭის ქედზე, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერთან ახლოს, ფოცხვრების მთის აღმოსავლეთ ფერდობზე, სუბალპურ სარტყელში, სათავეს იღებს მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი – მდინარე ხეორი. ეს ანკარა მთის მდინარე პირდაპირ, სოფლის ორღობეებში მოედინება. მისი სიგრძე 14,5 კმ-ია.

ხეორის ძნელად მისადგომი კანიონის ქვეშ, ე.წ. ბრმა ხეობაში მიედინება ხეორი. მდინარის აუზში მდებარეობს უშოლთის მღვიმე. 2150 მ სიგრძის ბუნებრივი გამოქვაბული მდიდარია ქიმიური ნაღვენთებით, განსაკუთრებით ორი დარბაზი – ,,თბილისის უნივერსიტეტი” და ,,ვახუშტი”.

5.კაცხის სვეტი

ზემო იმერეთის სოფლებს შორის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესია სოფელი კაცხი, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს. სიტყვა ,,კაცხი” სვანურია  და მწვერვალს ნიშნავს. კაცხის ტერიტორიაზე აღმართულია ბუნებრივი კირქვული სვეტი – ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილი კლდოვანი მასა, გეოლოგების ენაზე – დენუდაციური ,,მოწმე” შთენილი. კაცხის სვეტის მიდამოები და თხემი ფართოფოთლოვანი მცენარეებითა და ლიანებით არის შემოსილი, რაც განუმეორებელ ლანდშაფტს ქმნის.

ადრინდელ შუა საუკუნეებში აქ განდეგილთა სამყოფელი და სალოცავი ყოფილა. სვეტის ზედა ბაქანზე დგას მომცრო ზომის ეკლესია.

6.კვერნაქების კლდე-შთენილები

კვერნაქის ქედი გადაჭიმულია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარე საქაშეთისხევიდან მდინარე არაგვამდე.

აღმოსავლეთ კვერნაქის სამხრეთ კალთაზე კლდოვანი რელიეფი მრავალრიცხოვანი ფლატეებითა და ქარაფებითაა წარმოდგენილი. აქ მრავლდაა ხელოვნური გამოქვაბულები. მათგან ყველაზე გამორჩეულია კლდეში ნაკვეთი კომპლექსი-გამოქვაბული – ციხე-ქალაქი უფლისციხე. დღეს უფლისციხე ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია. უფლისციხეში არის წმიდა გიორგის სახელობის ბიზანტიური სტილის სამნავიანი ბაზილიკა.

7.ხორხების მღვიმე

ხორხების ყინულოვანი მღვიმე ბედენის პლატოს სამხრულ შვერილზე მდინარე კლდეისის წყლის ორ მდგენელს შორის მდებარეობს. ლოდების ქვეშ საყინულეა. სწორედ ამ ლოდებს შორის არის ვიწრო შესასვლელი, საიდანაც გვირაბებით დაქსელილ მიწისქვეშეთში შეიძლება შესვლა.

სოფელ კლდეისის ტერიტორიაზე არის ჩანჩქერი, სწორედ აქ მდებარეობს გამოქვაბული. თქმულების მიხედვით, აქ ნადირობდა თამარ მეფე, ნადირობისას კლდეს ისარი შეერჭო და სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს – ,,კლდეისი”.

8.შამგონის კუნძული

ზუგდიდში მდებარე სოფელი შამგონა გაშენებულია მოშლამულ მდინარეულ კუნძულზე. დღევანდელი შამგონა შორეულ წარსულში ტყით ყოფილა დაფარული. ძველად იქ ხარობდა ვაზის ჯიში – შამგუ, რომელიც გადაშენდა, თუმცა სახელი შემორჩა კუნძულს. იტალიელ მისიონერ არქანჯელო ლამბერტის, რომელიც სამეგრელოს ეწვია (1611-1657), თავის ნაშრომში ნახსენები აქვს შამგონაში მდგარი ,,წიფურიას მონასტერი”. მისივე ჩანახატის მიხედვით, მონასტერი მდებარეობდა მდ.ენგურის მარცხენა ტოტის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ნობაკევსა და ზუგდიდს შორის – ეს კი თანამედროვე შამგონის ტერიტორიაა.

9.აბუდელაურის ტბები

აბუდელაურის მყინვარის მოქმედების მიერ წარმოქმნილ ჩადაბლებაში მდებარეობს სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ტბა: მწვანე, ლურჯი და თეთრი. სოფელ როშკიდან ტბებამდე საფეხმავლო მარშრუტი მიემართება. მარშრუტის პირველი ობიექტი მწვანე ტბაა. მას დიდი რაოდენობით ბალახებეულობის გამო აქვს მწვანე შეფერილობა. ტბის მაქსიმალური სიღრმე 3.8 მეტრია, მოცულობა 45500მ3.

მწვანე ტბის ჩრდილოეთით 200 მეტრში მდებარე ჩადაბლებაში გვხვდება ,,ლურჯი ტბა”. ამ ტბაში ზაფხულის პერიოდში ნაკადები არ შეედინება, შესაბამისად, წყალი სუფთა და ანკარაა, სწორედ ამიტომ ტბას მკვეთრად ლურჯი ფერი აქვს.

ლურჯი ტბიდან ჩრდილო-დასავლეთით, 1 კილომეტრში, მდებარეობს ,,თეთრი ტბა”, რომელიც წარმოიქმნა აბუდელაურის მყინვარის დაბოლოების ადგილას. ტბებიდან მიწისქვეშა გამოსავლებით გამოედინება ნაკადები, რომლებიც ქმნიან მდინარე აბუდელაურს.

10.გომბორის შთენილი

გომბორის უღელტეხილის საავტომობილო გზასთან ახლოს, სოფელ ვერონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე გომბორულას აუზში, საავტომობილო გზასთან ახლოს, დაახლოებით 50 მ სიმაღლის საინტერესო ფორმის ბუნებრივი წარმონაქმნი დგას. გადმოცემით, ომიანობის დროს მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ამ გამოქვაბულებს თავშესაფრად იყენებდა. კლდე-შთენილის ჩრდილოეთი მხარე ტყით არის დაფარული. მწვერვალზე მოხვედრა სწორედ ამ კლდის გავლით შეგიძლიათ. გომბორის ქედის თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია, კალთებზე – ფოთლოვანი ტყე და ფიჭვნარი. ახლოს მდებარეობს მარიამჯვრის ნაკრძალი. ეს ტერიტორია კულტურული, სათავგადასავლო და საფეხმავლო ტურების მოყვარულთა საყვარელი ადგილია.

11.თუშეთი

დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და მოიცავს რამდენიმე სოფელს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. სოფლები განლაგებულია ზღვის დონიდან 1900 მ-დან 2400 მ-მდე. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.

თუშეთი დღეს მთლიანად დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები: უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები, ციხე-კოშკები ბუნებრივ გარემოსთან ერთად ლანდშაფტურ ღირებულებას ქმნის.

თუშეთში იხილავთ სოფელ ბოჭორნას – ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტს, რომელიც ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარეობს.

 

 

მომზადებულია გიორგი დვალაშვილის წიგნის მიხედვით – ,,საქართველოს ბუნების 100 საოცრება”.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid