close
ისტორიასაქართველო

,,ეშმაკის მათრახით” გაშარჟებული ბოლშევიკური რუსეთი

ყველასთვის ცნობილია, რომ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაეცა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა, თბილისის თავზე კი წითელი დროშა ააფრიალეს. თუმცა, თავისუფლებისმოყვარე ერს წინააღმდეგობა არ შეუწყვეტია და კომუნისტური ტირანიის მიუხედავად, ჯერ კიდევ ამ თარიღამდე ცდილობდა, თუნდაც შეფარვით გამოეხატა წინააღმდეგობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი – ,,ეშმაკის მათრახი“.

გამოცემა თბილისში 1907 წლიდან გამოდიოდა, მაგრამ, თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით, 1908 წლის 11 აგვისტოს დაიხურა. მისი გამოცემა განახლდა 1915 წლის 1-ლ მარტს და გამოდიოდა 1917 წლის ბოლომდე. შემდეგ ,,ეშმაკის მათრახის” გამოცემა კვლავ შეწყდა და კვლავ განახლდა 1919 წლის დეკემბერს, გამოცემა გაგრძელდა 1921 წლის 14 თებერვლამდე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ,,ეშმაკის მათრახი” გამოდიოდა სხვადასხვა სახელწოდებით: „მათრახი“, „მათრახი და სალამური”, ,,სალამური“, ,,ჩვენი სალამური“ და სხვა.

ჟურნალში გაშარჟებულია ბოლშევიკური რუსეთი, როგორც, ერთი მხრივ, ჩვენი თავისუფლების აშკარა მტერი და პოტენციური აგრესორი და, მეორე მხრივ, გაშარჟებულია, რუსეთის ბოლშევიკური ტოტალიტარული რეჟიმი მისი ყველა გამოვლინებით. მასალის დიდ ნაწილს შეადგენს პოლიტიკური შარჟები და კომიქსები, თუმცააგრეთვე  წარმოდგენილია თხრობითი მასალაც (ნაწყვეტები ფელეტონებიდან და ეპიგრამებიდან).

აღნიშნული მდიდარი მასალა საინტერესოა ბევრი ასპექტით, თუმცა განსაკუთრებით ხაზგასასმელია იმპერიალისტური რუსეთის დაუნდობელი კრიტიკის პათოსი, რომელიც იგრძნობა ლამის ყოველ ნომერში და რომელიც მიანიშნებს თუ რამდენად ძლიერი იყო უნდობლობა რუსეთის, როგორც პოტენციური აგრესორის მიმართ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის გარდა კარიკატურები ეხებოდა საქართველოს არაკეთილმოსურნე სხვა სახელმწიფოებსაც და, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკა შეეხო  დასავლეთ ევროპის საზოგადოებას, რომლის მაგალითიცაა შემდეგი კარიკატურა, სახელწოდებით  -,,უმაღლესმა საბჭომ იცნო საქართველოს დამოუკიდებლობა“, სადაც გაშარჟებულია დასავლეთ ევროპის სრული გულგრილობა და ინფორმაციული ვაკუუმი  ჩვენი ქვეყნისადმი:

                      ჟურნალი ეშმაკის მათრახი. 1920 . №24, მაისის 2

          კარიკატურების გარდა ჟურნალში მუდმივად ქვეყნდებოდა პამფლეტებიც,  რომელთაგან აღსანიშნავია  ,,კორესპონდენტი ანუ სინდისიც კარგი საქონელია“. აღნიშნულ პამფლეტში გაშარჯებულია დეზინფორმაცია, რომელიც, როგორც წესი, ვრცელდებოდა ხოლმე ჩვენი ქვეყნის შესახებ დასავლეთის პრესაში, ამ პამფლეტის ავტორი არის გამოგონილი ინგლისელი ჟურნალისტი – ,,ჯონ ჯოლი“, რაც კიდევ ერთი მახვილგონივრული ლიტერატურული ხერხია, ,,დოქტრინა“ გთავაზობთ ამონარიდს პამფლეტიდან: ქალაქი თბილისი საშიშარ სანახაობას წარმოადგენს. არცერთი სახლი, არცერთი ტელეგრაფის ბოძი, არცერთი ქუჩის ფანარი სწორათ არა დგას. ყველაფერი მინგრეულმონგრეული და მიღრეცილმოღრეცილია.  ქუჩებში გააფთრებული ბოქსია გამართული: ქუჩებში  ვერ შეხვდებით ვერცერთ ადამიანს, განურჩევლათ სქესის, ეროვნების, რწმენისა და მიმართულებისა, რომ თავზე ჭრილობა არაჰქონდეს შეხვეულიჭრილობა აქვს მიღებული არა მარტო ადამიანს, არამედ პირუტყვებსაც! აქ ვერ ნახავთ ვერცერთ ძაღლს, ცხენს, კატას, რომ თავი შეხვეული არა ჰქონდეს.

საქართველოს ჰყავს ჯარი  და სახალხო გვარდია. ისინი ერთმანეთს სჭამენ. ქუჩაში გვარდიელი და ჯარისკაცი ერთად ვერ გაივლის. უთუოდ ერთმანეთს დახოცენ და შემდეგ შესჭამენქართველებს ბრძოლა არ ეხერხებათ: ჯარიც და გვარდიაც მხდალები არიან, სომხებს და თათრებს ამ მხრივ არ ჰგვანან.  პამფლეტის ავტორი ბოლოს დასკვნის სახით ამბობს: ,,ქართველო კორესპოდენტებო, ისწავლეთ უცხოელებისაგან, როგორ უნდა კორესპოდენციების წერა, როგორ უნდა პატარა ერის დახმარებაჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჯონ ჯოლი  თქვენთვის მაგალითი იქნება. ‘’სინდისიც კარგი საქონელია’’ ტყვილად როდი ამბობს ქართველი ხალხი..

შემდეგი კარიკატურაა ,,ბათუმის ოპერაცია“, სადაც ინგლისის იმპერიალისტური პოლიტიკა არის გაშარჟებული:

    ჟურნალი ეშმაკის მათრახი. 1920 . №21, აპრილის 11

            თუმცა, ჟურნალი არც ჩვენივე ქვეყნის უარყოფითი მხარეების ნათლად გაკიცხვას ერიდებოდა, როგორც ეს შემდეგ პამფლეტშია ნაჩვენები. ,,ქართველი მხედარი“ ასახავს  ჩვენსავე სუსტ პოლიტიკას მსოფლიო ასპარეზზე:

       ჟურნალი ეშმაკის მათრახი. 1920 . №16, მარტის 17

უშუალოდ  რუსულ რეჟიმს სატირულად ასახავს კარიკატურა ,,საბჭოთა რუსეთის ღმერთი“, სადაც  რუსეთი გამოსახულია როგორც ერთ-ერთი ინდუისტური ღვთაება – შივა, რომელსაც ოთხი კიდურის ნაცვლად, ამ შემთხვევაში, რვა კიდური აქვს და თითოეული მათგანით უჭირავს დანა, სასმელი, იარაღი, სახრჩობელა, და ა.შ.:

                  ჟურნალი ეშმაკის მათრახი. 1920 . №23, აპრილის 25

საბჭოთა პოლიტიკამ, რა თქმა უნდა საზოგადოების ყველა სფერო მოიცვა და, მათ შორის, ხელოვნებაც, ,,ეშმაკის მათრახიც“  ბევრჯერ შეეხო ამ თემას და შემდეგ კარიკატურაშიც ასახა მთავრობის ძალადობრივი პოლიტიკა, თუნდაც ხელოვნებასთან მიმართებით:

   ჟურნალი ეშმაკის მათრახი. 1920 . №37 აგვისტო

დაბოლოს, კიდევ ერთი საინტერესო კარიკატურაა ,,სიფრთხილეს თავი არა სტკივა”, რომლის გაშიფვრა, წაშლილი წარწერის მიუხედავადაც, რთული არ არის,  აქ ვხედავთ საქართველოს, რომელიც დამალულია და უფრთხის თეთრ დათვს. მნიშვნელოვანია რომ საქართველო ამ შემთხვევაში გაიგივებული ქალთან, ქალს  კი, როგორც წესი,  მაინც უფრო მეტად მიეწერება უმწეობა:

         ჟურნალი ეშმაკის მათრახი. 1920 . №10, იანვრის 25

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid