2 მარტს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა ამერიკის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის დროებით შეჩერებას. კენჭისყრის შედეგებს არ აქვს სავალდებულო ხასიათი – გადამწყვეტი იქნება ევროკომისია-ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, რომელმაც უნდა გამოიტანოს დასკვნა, გახდება თუ არა ეს ინიციატივა სავალდებულო.
გაცხადებული მიზეზი, რამაც საკითხი წინა პლანზე წამოწია, არის ის, რომ ევროკავშირის წევრი უმეტესი ქვეყნის მოაქალეებს შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა აშშ-ში. თუმცა, ეს არ ვრცელდება ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, პოლონეთისა და რუმინეთის მოქალაქეებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი მოითხოვს თანასწორ დამოკიდებულებას მისი ყველა წევრი ქვეყნისა და მოქალაქის მიმართ, ეს გარემოება, ავტომატურად უბიძგებს მას დაიცვას იმ ადამიანთა უფლებები და მოითხოვოს შესაბამისი ზომების გატარება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირმა, ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში, შეატყობინა აშშ-ს, რომ ამ უკანასკნელის რეგულაციები არ მოდიოდა ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში და მისცა 2 წლის ვადა სავიზო პოლიტიკაში ცვლილებების შესატანად, რაც არ დაკმაყოფილდა.
მეორე მხრივ, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს ნაბიჯი, შესაძლოა იყოს აშშ-ის ახალი, 45-ე პრეზიდენტ-დონალდ ტრამპისადმი რეაქცია, რომელიც, მაგალითად, მხარდაჭერას უცხადებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების მომხრეებს. თავის მხრივ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებიც, საერთო პიზიციას იჭერდნენ ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ – აკრძალულიყო აშშ-ში გადაადგილება 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ასე რომ, მხარეთა დამოკიდებულებათა ცვლილება სხვა საკითხებშიც გამოიხატა.
პარლამენტის ამ რეკომენდაციის იმპლემენტაციასა და ამოქმედებას დასჭირდება ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა და სხვა ტექნიკური პროცესების გავლა. რაც, სავარაუდოდ, დიდ დროს მოითხოვს. თუმცა, საერთო ტენდენცია მაინც იკვეთება: ევროკავშირში არსებობს გარკვეული სახის გაღიზიანება აშშ-ის მიმართ, თუნდაც მისი მოქალქეებისადმი უთანასწორო დამოკიდებულების გამო. თავის მხრივ, აშშ-ს შეუძლია არგუმენტირებულად დაიცვას საკუთარი პოზიცია – რომ ევროკავშირი არის სუპრანაციონალური ორგანიზაცია და არა სუვერენული სახელმწიფო და რომ, აშშ-ის აქვს უფლება ნებისმიერ ინდივიდუალურ სახელმწიფოს წაუყენოს ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც კი ქვეყნის ინტერესებში შედის.
ამ საკითხში, მთავარი პრაგმატიზმია. აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკავშირს, საკუთარი ინტერესების გასატარებლად და ურთიერთობების დაძაბვაც გამოიწვიოს – თუკი საქმე აქამდე მივა. ორმხრივი სავაჭრო- პოლიტიკური ურთიერთობების, ტურისტების ნაკადისა და ისტორიული მეგობრული ურთიერთობების გათვაალისწინებით – მოვლენების მსგავსი განვითარებით, ორივე მხარე წააგებს.
წყარო: The Economist
მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”