წონაში კლების პრეპარატი, რომელმაც სიმსუქნის მკვლევართა აზრით, „თამაშის წესები უნდა შეცვალოს“, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) დაამტკიცა. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც სააგენტომ ასეთ პრეპარატს მწვანე შუქი აუნთო.
Wegovy — წონის კონტროლის წამალი, რომელსაც დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ი გამოუშვებს, წონის კლების პირველი პრეპარატია, რომელიც FDA-მ 2014 წლის შემდეგ დაამტკიცა, მაგრამ არ გახლავთ მთლად ახალი პრეპარატი.
იგივე წამალი, სახელად სემაგლუტიდი, უკვე დიდი ხანია აშშ-სა და სხვა ქვეყნებში დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. თუმცა, ბოლო პერიოდში მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ განსხვავებული დოზირებით მიღებისას, სემაგლუტიდი ძლიერ და ეფექტიანად თრგუნავს მადასაც.
წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ კვლევაში 2000 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა 16 სხვადასხვა ქვეყნიდან; მკვლევართა ცნობით, ამ პრეპარატით გრძელვადიანმა მკურნალობამ ადამიანთა ამ ჯგუფში წონის საშუალოდ 15 პროცენტით კვლევა გამოიწვია.
ზოგმა უფრო მეტიც დაიკლო; ჯგუფის წევრთა 30-მა პროცენტმა სხეულის წონის 20 პროცენტი დაკარგა, რასაც მეცნიერები გამორჩეულ შედეგს უწოდებენ.
„წონის კლების ამ მაჩვენებელთან ახლოსაც ვერ მიდის ვერც ერთი სხვა პრეპარატი, თამაშის წესები ნამდვილად იცვლება. პირველად ისტორიაში, ადამიანები პრეპარატით დაიკლებენ იმდენს, რამდენიც აქამდე მხოლოდ ქირურგიული ჩარევით იყო შესაძლებელი“, — ამბობდა მაშინ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სიმსუქნის მკვლევარი რეიჩელ ბეტერჰამი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”