გაერო საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ, არსებული მონაცემებით, დედამიწაზე 3C გრადუსით ტემპერატურის მომატება ახლო მომავალში საკმაოდ რეალურია, რაც გამოიწვევს ზღვის დონის მატებას. ცნობილი საზღვაო კურორტები და ქალაქები, მათ შორის, მაიამი, შანხაი, რიო კი საფრთხის ქვეშაა, თუკი სახელმწიფოები არ დაიწყებენ ერთობლივ ქმედებას ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად.
,,Guardian-ში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რომელიც კლიმატის ცვლილების მეცნიერთა ჯგუფის მონაცემებს ემყარება, ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი წყლის დონეს თითქმის 2 მეტრით გაზრდის.
გაეროს განცხადება წინ უსწრებს ქალაქ ბონში დაგეგმილ შეხვედრას შემდეგ კვირაში, სადაც სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ მონიტორის მექანიზმებსა და დაფინანსების საკითხებზე იმ მიზნით, რომ შემცირდეს CO2-ის გამოყოფა, დედამიწის ტემპერატურის მოსალოდნელი ზრდა 1.5-დან 2 C-მდე ახლო მომავალში, მოხდეს რაც შეიძლება უმტკივნეულოდ. ეს მიზნები კერ კიდევ 2015 წლის პარიზის შეთანხმების ფარგლებში გამოიკვეთა. თუმცა, რეალური შედეგის მიღება ვერ მოხერხდა სახელმწიფოთა პასიურობის გამო. გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სახელმწიფოებმა საჭირო ქმედებების მხოლოდ მესამედი განახორციელეს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, კარბონ დიოქსიდის კონცეტრაცია ატმოსფეროში წელს რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, რაც გლობალური დათბობის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. იმ შემთხვევაში, თუკი დედამიწაზე ტემპერატურა 3C გრადუსით გაიზრდება, უფრო სწრაფად დაიწყებს დნობას ყინულის საფარი, შესაბამისად, გაიზრდება წყლის დონეც, ქარიშხლები კი გახდება უფრო ხშირი – გვაფრთხილებს ორგანიზაცია.
არსებული მონაცემებით, 275 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს საფრთხისშემცველ ზონაში. მათი უმეტესობა დასახლებულია აზიის სანაპირო ზოლის ქალაქებში, რომელთა შორისაა – შანხაი, ტოკიო, ბანგკოკი.
მაიამი, რომელსაც წყლით დაფარვა ელის 2C გრადუსით ტემპერატურის მატების შემთხვევაშიც, ცდილობს გამოსავლის მოძიებას. შეიქმნა ,,Miami Forever-ი” – პროგრამა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, რომელიც გულისხმობს 192 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას წყლის საფარის ზრდის საწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შემუშავებისა და აგებისათვის.
ეგვიპტეში წყლის დონის 0.5 მეტრით მატებაც კი გამოიწვევს 8 მილიონის ადამიანის საცხოვებლის დატბორვას, თუკი წინასწარ არ მიიღება სპეციალური ზომები. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პრობლემას არ მიიჩნევენ მნიშვნელოვნად, რადგან კლიმატის ცვლილება საერთოდ არ არის სტრატეგიული პრიორიტეტების სიაში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციას მეცნიერები 2100 წლისთვის ვარაუდობენ, კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ცვლილებები იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე სახელმწიფოთა წარმომადგენლები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ვარაუდობდნენ. ამიტომაც, გაერო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უფრო მეტი ძალისხმევა გასწიონ გარემოსა და ჰაერის დაბინძურების შემცირების შემცირებისთვის.
წყარო: Guardian
მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“