close
განათლებასაქართველო

განათლების სისტემაში რადიკალური ცვლილებები იგეგმება

 

გასული წლის  3 ივნისს ხელი მოეწერა მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავას წარდგენის საბუთს, რის შემდეგადაც განათლების სისტემაში მრავალი ცვლილება გატარდა.  ახალი, 2017 წლიდან  კი, კიდევ უფრო მეტი რეფორმა იგეგმება, “Doctrina“ გთავაზობთ  რამდენიმე მათგანს:

 

პროფსასწავლებლების სტუდენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას შეძლებენ და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს პროფესიულ პროგრამებთან ინტეგრირებულად შეისწავლიან.  აღსანიშნავია, რომ დღემდე უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად საშუალო სკოლის ატესტატი იყო აუცილებელი.

ცვლილება შეეხება ასევე ზრდასრულებს, რომლებსაც აქვთ ცხრა კლასის ატესტატი, სამინისტრო მუშაობს მათთვის საღამოს სკოლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაზე, ისინი დამამთავრებელი კლასების საგნების გავლას საღამოს საათებში შეძლებენ. საღამოს სკოლების მოწყობა კი პროფესიული სასწავლებლების შენობებში იგეგმება.

პროფესიული სერტიფიკატი ამიერიდან პროფესიული დიპლომის ალტერნატივა გახდება. ამასათანავე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრდასრულთა განათლების ფორმალიზების მიზნით კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დაფინანსებას გეგმავს.

დაწესდა საგაზაფხულო არდადეგები, რომელიც 8 მარტიდან 15 მარტამდე გასტანს. „ჩვენ რაღაც მომენტში დაგვავწიყდა, რომ ბავშვები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან ფიზიკა და ქიმია არ უშველით. ანუ საათები არ შემცირდება. ეს ყველა საათი რაც დავაკელით დაკომპენსირდება სასწავლო საათებით. მარტში ჩვენს მოსწავლეებს და მათ მშობლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაისვენონ ზამთრის  და ნებისმიერ სხვა კურორტზე,“– განაცხადა მინისტრმა.

სკოლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, კვირაში ორი საათი ჯანსაღ გაკვეთილებსა და სპორტულ აქტივობებს დაეთმობა. მინისტრის განცხადებით თითოეული სკოლა ერთ, ან რამდენიმე ფედერაციასთან გააფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც ითანამშრომლებს მასთან. ყველა სკოლას გადაეცემა დამატებითი თანხაც ინვენტარისთვის.

ახალი სასწავლო წლიდან დაემატება საგანი „მე და საზოგადოება“, რომელსაც  დაწყებითი კლასების მასწავლებლები ასწავლიან. საგანი ითვალისწინებს დაწყებითი კლასის მოსწავლეების საზოგადოებასთან ინტერგრირების პროცესის ხელშეწყობას.

იცვლება სტუდენტების დაფინანსების წესი. აბიტურიენტები ამიერიდან ვეღარ მოიპოვებენ ოთხწლიან გრანტს, რისი მიზეზიც, როგორც მინისტრი ამბობს, ის სტუდენტები არიან,  რომლებიც გრანტის ერთხელ მოპოვების შემდეგ სწავლას აღარ აგრძელებენ, ან პირიქით, ისინი, ვინც, ვთქვათ, ვერ აიღეს გრანტი, მაგრამ კარგად სწავლობენ უმაღლეს სასწავლებელში. მინისტრი უკვე 2017 წლის ეროვნული გამოცდებისთვის აპირებს ნაწილობრივ მაინც შეძლოს ამ წამოწყების განხორციელება.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid