ბოლო დროს, ტრენდად იქცა ლოგოს იდეისა და კონცეფციის მარტივი, მინიმალისტური შესრულებით გადმოცემა. ამის მაგალითად შეგვიძლია ,,იუვენტუსის” ახალი ლოგო განვიხილოთ, თუმცა, რაღა შორს წავიდეთ. ყველას გვახსოვს როგორი ორაზროვანი გამოხმაურება მოჰყვა ქუთაისის ახალ ლოგოს. მომხმარებელთა ნაწილი უკმაყოფილო დარჩა ლოგოს შესრულებით, რადგან მათი აზრით, ასეთი მარტივი ლოგო არ შეეფერება დიდი ისტორიის მქონე ქალაქს. კომენტარების უმრავლესობის ავტორები საკმაოდ მაღალ დონეზე აფასებდნენ თავიანთ Paintსქილებს და მიაჩნდათ, რომ მათაც მარტივად შეეძლოთ მსგავსი ლოგოტიპის დახატვა. რა თქმა უნდა, ამ აზრს აქვს არსებობის უფლება. არავის ეპარება ეჭვი ვინმეს ნიჭიერებაში, ამიტომ წარმოგიდგენთ კიდევ რამდენიმე ლოგოს, რომელთა დახატვასაც აუცილებლად მოახერხებდით Paint-ში.
ნაიკი
რომელიმე ბერძნული მითოლოგიისა და Paint-ის უბადლო მცოდნეს, ალბათ აუცილებლად მოაფიქრდებოდა, რომ გამარჯვების ქალღმერთი ნიკე კარგი თემაა ლოგოს გასაკეთებლად. თავიდან იფიქრებდა, რომ სიტყვა “Victory”-ს პირველი ასო კარგი იქნებოდა, თუმცა, მეტი ორიგინალურობისთვის მას მოქნეული ფრთის ფორმას მისცემდა, ქალღმერთი, ხომ, ბოლო-ბოლო ფრთოსანია. აი, ასე შექმნიდა მე-4 კლასში „როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგების“ თემის ბოლოს მასწავლებლის მიერ აღნიშნულ „პწიჩკას“, რომელიც შემდეგ მსოფლიო ბრენდის ლოგო გახდებოდა.
შანელი
წარმოიდგინეთ, რომ ლოგოს აკეთებთ ადამიანისთვის, რომლის სახელიცა და გვარიც ერთსა და იმავე ასოზე იწყება. ასოთა წყება ერთ მხარეს რომ იყოს, უშნო და ბანალურია. ერთმანეთისაგან საპირისპირო სახით რომ დასვა, უკვე საინტერესოა. როგორ გავხადოთ უკეთესი? მოდით, ფერი იყოს შავი, შავი ხომ ყოველთვის ელეგანტურია. სულ 4 მოძრაობა Paint-ში და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დიზაინერული სახლის ლოგოც მზადაა.
ფედექსი
ინგლისური შრიფტით დაწერილი ფედექსის დიდხანს ყურებისას, გრაფიკოსი გრაფიკოსი აუცილებლად შეამჩნევდა, რომ Ex-ს შორის ისრის გამოსახულება ჩანს. თან რა კარგია, როდესაც პირველივე შეხედვით ვერ ამჩნევ და ცოტა ხანი დაკვირვება გჭირდება, ეს უფრო „აზრიანს“ გახდიდა ლოგოს, რომლის გაკეთებასაც რა უნდა. უბრალოდ დაწერე სახელი და მორჩა.
ამაზონი
ბრენდი, რომელიც ყველა დასახელების პროდუქტს ყიდის თავის საიტზე. ანუ რა გამოდის, რომ ანბანის ყველა ასოზე შეგიძლია შენთვის სასურველი პროდუქტის მოძებნა? სახელში ანბანის პირველი და ბოლო ასოებიც ურევია. მიახატე Paint-ით ისარი a-დან z-მდე და ეგ არის. გენიალური ლოგოც მზადაა.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, კიდევ უამრავი ლოგოა, რომელთა დახატვაც საკმაოდ მარტივია Paint-ით, ამიტომ ყველას აღარ ჩამოვთვლით და უბრალოდ გიჩვენებთ, დანარჩენს თავადაც მიხვდებით.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”