close
კვლევებიმედიცინამსოფლიოსაქართველო

,,ღეროვანი უჯრედები ინსულტის შემდეგ ტვინის აღდგენას შეუწყობს ხელს” – ზაალ კოკაია

 დღეისათვის, ვარჯიში ერთადერთი სამკურნალო საშუალებაა, რაც შეგვიძლია ტვინის ინსულტიან პაციენტებს შევთავაზოთ: მათ, ვინც ინსულტით პარალიზებულია, დაკარგეს მგრძნობელობა ან მეტყველების უნარი. ლუნდში პროფესორ ზაალ კოკაიას კვლევითი ჯგუფი მკურნალობის ახალი მეთოდის დანერგვაზე მუშაობს. დაზიანებულ ტვინში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია პაციენტის დაკარგული ფუნქციების აღდგენის იმედს იძლევა. ზაალ კოკაია ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამ მეთოდს დიდ შესაძლებლობებს უწინასწარმეტყველებს.

– ჩვენ ვიცით, რომ ღეროვან უჯრედებს დიდი პოტენციალი აქვთ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ისინი დაზიანებულ უჯრედებს ჩაანაცვლებენ, ამასთან, ისინი გამოიმუშავებენ სხვადასხვა ნივთიერებებს და ფაქტორებს, რომლებიც ღეროვანი უჯრედების გარემომცველ, ინსულტის შემდეგ გადარჩენილ ნერვულ უჯრედებს საშუალებას აძლევს, უკეთესად იმუშაოს.

ზაალ კოკაია და მისი თანამშრომლები ადამიანის კანის უჯრედებიდან აღებულ ღეროვან უჯრედებს იყენებენ, რომლებსაც ჯერ ე.წ. პლურიპოტენტურ ღეროვან უჯრედებად „გადააპროგრამებენ“. ღეროვანი უჯრედებზე შემდგომი ზემოქმედებით ისინი ისეთ თვისებებს იძენენ, რომლებიც ტვინში ტრანსპლანტაციის შემდეგ მათ ნერვულ უჯრედებად გარდაქმნის.

– ჩვენ ეს უჯრედები იმ ვირთაგვების და თაგვების ტვინში გადავნერგეთ, რომელთაც ადამიანის ინსულტის მსგავსი დაზიანებები ჰქონდათ და ვნახეთ, რომ უჯრედები გადარჩა, სხვა ნერვულ უჯრედებთან კავშირი დაამყარა და დაზიანების გარშემო არსებული ნერვული ქსელის ნაწილი გახდა. თანაც აღმოჩნდა, რომ ღეროვანი უჯრედები მათ გარშემო მყოფ სხვა უჯრედებზეც პოზიტიურ გავლენას ახდენენ.

უჯრედების გადანერგვის შემდეგ მეხსიერება უმჯობესდება.

ის, რომ გადანერგილ უჯრედებს სხვა ნერვული უჯრედებიდან სიგნალების მიღება და გაგზავნა შეუძლია, ამ მეთოდის ფუნქციონირების წინაპირობაა.

– ამ უჯრედების გადანერგვის შემდეგ საცდელი ცხოველების მოძრაობის უნარი უმჯობესდება. ჩვენ შევძელით გადანერგილი უჯრედების ელექტრული აქტივობის ჩაწერა. მაგალითად, როცა თათს ვეხებით, გადანერგილი უჯრედები ამ შეხებაზე, ანუ გამღიზიანებელზე, რეაგირებენ და ამის რეგისტრაცია ჩვენ მოვახერხეთ. წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ გადანერგილ უჯრედებს ინსულტით დაქვეითებული მეხსიერების და სხვა კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებაც შეუძლია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ინსულტის გადატანის შემდგომ ბევრი პაციენტის კოგნიტური უნარები უარესდება.

მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მკვლევრებმა უნდა გადაჭრან, არის რამდენ ხანს იცოცხლებენ გადანერგილი უჯრედები და მოქმედებს თუ არა ეს მეთოდი ასაკოვან ცხოველებში. ხანდაზმულ ადამიანებში ინსულტი გაცილებით უფრო გავრცელებულია, თუმცა ეს დაავადება ახალგაზრდებშიც გვხვდება.

– კვლევებმა გვაჩვენა, რომ გადანერგილი უჯრედები, სულ მცირე, ექვს თვეს ცოცხლობენ. ეს ვირთაგვების სიცოცხლისთვის დიდი პერიოდია. ისიც ვნახეთ, რომ ხანდაზმული ინსულტიან ცხოველებში გადანერგილი ღეროვანი უჯრედები გადარჩება, ნერვულ უჯრედებად გარდაიქმნება, მასპინძლის ტვინის ქსელში ჩაერთვება და განსაზღვრულ ფუნქციებს აუმჯობესებს. ეს იმედს გვაძლევს, რომ მომავალში ეს მეთოდი ინსულტგადატანილ ხანდაზმულ პაციენტებშიც შეგვეძლება გამოვიყენოთ.

ინსულტი რთული დაავადებაა, რომელსაც მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი სჭირდება

ჯერ კიდევ ბევრი კვლევა უნდა ჩატარდეს, ვიდრე ამ მეთოდს პაციენტებზე გამოიყენებენ, თუმცა ზაალ კოკაიას ოპტიმისტური განცხადებით, ცხოველებზე ცდები იქამდე მიგვიყვანს, რომ მეთოდი მომავალში ადამიანებზეც გამოიცადოს. დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო კვლევა, რომელიც ღეროვანი უჯრედების პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებას ეხებოდა და, რასაკვირველია, აქედან მიღებული ბევრი გაკვეთილი ტვინის ინსულტისაც შეგვიძლია მივუსადაგოთ.

– ინსულტი რთული დაავადებაა და სხვადასხვა გზით მკურნალობას საჭიროებს. მწვავე სტადიის სამკურნალოდ არსებობს პროცედურები, რომლებიც სისხლის კოლტს შლის ან აქრობს. მეთოდი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, მიზნად არ ისახავს მწვავე სტადიის მკურნალობას, ეს მეთოდი აღადგენს დაზიანებულ ტვინს ისე, რომ პაციენტს დაკარგული ფუნქციები უბრუნდება. ჩვენ გვჯერა, რომ ღეროვან უჯრედებს შეუძლია ვარჯიშის და რეაბილიტაციის ეფექტის გაუმჯობესება და ამიტომაც მომავალში სავარაუდოდ ეს მეთოდი ინსულტგადატანილ პაციენტებს დიდ დახმარებას გაუწევს.

 

წყარო: http://www.hjarnfonden.se

შვედურიდან თარგმნა: ნატო კვარაცხელიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid