,,ღია ბარათების კლუბი“ – ასე ჰქვია ახალ წამოწყებას საქართველოში, რომელიც საკმაოდ ინოვაციურ იდეასა და ქველმოქმედებას აერთიანებს. დეტალური ინფორმაციისათვის ,,დოქტრინა“ მის დამაარსებელს – მადონა სელიმაშვილს დაუკავშირდა.
– უპირველეს ყოვლისა, პროექტის ავტორების შესახებ გვიამბეთ.
-,,ღია ბარათების კლუბი“ მე შევქმენი ჩემს გოგონებთან ერთად. დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოვაყალიბე საქველმოქმედო ორგანიზაცია „თბილი სახლი ახალგაზრდებისთვის“. ჩემი ორგანიზაცია ეხმარება სოციალურად დაუცველ სტუდენტებს საცხოვრებლითა და სტიპენდიით. გადავწყვიტეთ, საკუთარი ბიზნესიც დაგვეწყო.
-რატომ, რის საფუძველზე და როდის წარმოიშვა იდეა, დაგეწყოთ ხელნაკეთი მისალოცი ბარათების დამზადება და ბაზარზე გამოატანა?
-,,ღია ბარათების კლუბის“ დაარსების იდეა წამოვიდა ჩემი ამერიკაში ვიზიტის შემდეგ, იქ დავესწარი ბარათების კლუბის სამუშაო პროცესს, საოცარი განცდა იყო რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ გუნდს არაჩვეულებრივ იდეები ქაღალდებზე როგორ გადაჰქონდა და უამრავ ადამიანს ანიჭებდა ბედნიერებას.
ჩვენი ბარათები გამოირჩევა ორიგინალურობითა და კრიატიულობით. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ამბავი. ხანდახან მხოლოდ ბარათია საკმარისი საუკეთესო საჩუქრის გასაკეთებლად. გვინდოდა, ჩვენი პროდუქცია უფრო მეტ ხალხს ენახა და ჩვენც დამატებითი შემოსავალი გვქონოდა.
– ეს ბაზარი საკმაოდ გააქტიურებულია ბოლო პერიოდში. რა განგასხვავებთ სხვა კომპანიებისგან?
-ჩვენს კლუბში მუშაობა სიამოვნებაა. სიყვარულით ამზადებ თითოეულ ბარათს. ყველაფერი ხელნაკეთია და ორიგინალური. შესრულების ხარისხი მეტად დახვეწილი. ამასთანავე, სტუდენტების მიერაა შექმნილი, რაც მათთვის შემოსავალია.
-როგორია ამ ბარათების დამზადების პროცესი და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
-ბარათების დასამზადებლად გვაქვს უამრავი სხვადასხვა მასალა, ქაღალდის საჭრელები, სხვადასხვა ფერისა და დიზაინის შტამპები, უამრავი ფერადი ქაღალდი, რაც, ძირითადად, შემოწირულობებია ჩვენი მეგობარი კლუბის წევრებისგან. კლუბის თითოეული წევრი ქმნის ბარათს თავისი დიზაინით და მერე უხსნის სხვებს, როგორ დაამზადა ესა თუ ის ბარათი.
-რამდენად დიდია მოთხოვნა თქვენი პროდუქციის მიმართ?
-გვაქვს გვერდი, სადაც მომხმარებელი თვითონ გვიკავშირდება და გვიკვეთავს სხვადასხვა შინაარსისა და დიზაინის ბარათს. ასევე, ვყიდით სხვადასხვა მაღაზიასა და ფლი მარკეტებზე.
-თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეთ – აპირებთ თუ არა გაფართოებასა და სხვა ბაზრებით დაინტერესებას?
-მომავალში ვაპირებთ გავაფართოვოთ ჩვენი ბარათების წარმოება. ასევე, შევიტანოთ ეროვნული ელემენტები. ვაპირებთ, მოვძებნოთ კომპანია, რომელიც დაგვეხმარება ქართულწარწერებიანი შტამპების დამზადებაში. ეს ტურისტებისთვის და სტუმრებისთვის უფრო საინტერესო იქნება. იქნებ, მომავალში ჩვენი საკუთარი მაღაზიაც კი გავხსნათ, სადაც სხვადასხვა ნაკეთობასაც გავყიდით.
მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა“