,,Google-მა” საკუთარ საძიებო სისტემაში ონლაინსესხების რეკლამის აკრძალვის შესახებ განაცხადა. შეზღუდვა ძალაში 13 ივლისიდან შევა და საძიებო სისტემაში აღარ განთავსდება ნებისმიერი სახის დღიური სესხის რეკლამა, რომლის დაბრუნების ვადა 60 დღეზე ნაკლებია.
ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბლოკება ყველა ის რეკლამა, სადაც სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 36 %-ზე მაღალია. რეკლამის აკრძალვა არ შეეხება ავტოგანვადებებს, სტუდენტურ ან სხვა მსგავს კრედიტებს. ,,აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი მომხმარებლებისთვის ზიანის მომტანი ფინანსური პროდუქტისგან თავის არიდებას ემსახურება” – ნათქვამია „Google-ის”განცხადებაში.
ინტერნეტგიგანტი ონლაინსესხების გარდა, სხვა პროდუქტების რეკლამირებასაც ზღუდავს. სიაშია სამხედრო თამაშებისთვის საჭირო ატრიბუტები, პიროტექნიკა, სიგარეტი, ნარკოტიკები, სათამაშო ბიზნესი, ჰაკერული სერვისები. „Google-ი” ასევე კრძალავს ყველა სახის პროდუქტის რეკლამას, რომელიც მოგებას ცხოველების საშუალებით იღებს. მათ შორის არის ვეფხვის ტყავი, სპილოს ძვალი და სხვა. ,,რეკლამების ნაწილი ზიანის მომტან პროდუქტებთან არის დაკავშირებული. ჩვენ სისტემიდან არასასურველი რეკლამების ამოღების სპეციფიკური მიდგომა გვაქვს შემუშავებული. შედეგად, მხოლოდ 2016 წელს 780 მილიონი რეკლამა იქნა დაბლოკილი,,” – ვკითხულობთ „Google-ის” განცხადებაში.
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”