რამდენიმე დღის წინ, კიევში გამართული მხატვრულ ტანვარჯიშის გრან პრიზე საქართველო კიდევ ერთმა ახალგაზრდა სპორტსმენმა ასახელა. ამჯერად, გოგონა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა, 21 წლის სალომე ფაჟავაა, რომელიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
სალომესთვის 2019 წელს ეს უკვე მეორე უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რამდენიმე კვირის წინ, მან მოსკოვის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა, თუმცა მიუხედავად ამისა, არის გარკვეული ნეგატიური დეტალი, რის შესახებაც ტანმოვარჯიშე გოგონამ სოციალურ ქსელშიც დაწერა.
“კიევში გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. არცერთ ტელევიზიას ჩემ მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს. გული მწყდება. ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ. მაინტერესებს – რატომ?,”- დაწერა მან.
მიუხედავად ამისა, ფაქტია რომ გოგონას საამაყო წარმატებას უამრავი გულშემატკივარი იზიარებს, რაც ინტერნეტსივრცეში მათი აქტიურობიდანაც ჩანს.