close
ბიზნესიეკონომიკასაქართველო

,,ყოველთვის გულით გამომცხვარი“ – ინტერვიუ ,,იფქლის“ დირექტორთან

სამეცნიერო პორტალი „დოქტრინა“ გთავაზობთ ახალ რუბრიკას, რომელიც ქართველი ბიზნესმენებსა და მათ წარმატებულ ბიზნესს გაგაცნობთ. საქართველოში პურფუნთუშეულის ინდუსტრია საკმაოდ მზარდია და კონკურენციაც დიდია. ამ მიმართულებით კი, ,,იფქლი“ ერთ-ერთი გამორჩეულია. გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის დირექტორთან – არისი ბოჭოიძესთან:

-საიდან წამოვიდა თქვენი ბიზნესიდეა და რატომ მაინცდამაინც პურფუნთუშეული?

-კომპანია 1993 წლის იანვარში შაქრო ბაკურაძემ თავის კოლეგასთან ერთად დაარსა. მოგეხსენებათ მაშინ საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო ქვეყანაში. მიუხედავად ყველაფრისა, პურზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, მიწოდება კი სუსტი. სწორედ ამიტომ შაქრო ბაკურაძემ კოლეგასთან ერთად დააფუძნა კომპანია, რომელიც მოსახლეობას პურფუნთუშეულით მოამარაგებდა. პირველი პროდუქტი რაც გამოცხვა „იფქლში“ მრგვალი ფუნთუშა იყო, რომელიც დღესდღეობით ჩვენი კომპანიის საფირმო პროდუქტია. შემდგომ ეტაპებზე სხვადასხვა სახის ფუნთუშების წარმოების პარალელურად და კომპანიამ პურის ცხობაც დაიწყო, რადგან როგორც აღვნიშნეთ მოთხოვნა მაღალი იყო.

„იფქლი“ პირველი იყო ქართულ ბაზარზე, რომელმაც ბატონის ფორმის პური გამოაცხო და შესთავაზა მომხმარებლებს. დღეს მოგეხსენებათ, ბატონის პურს ყველა აცხობს, თუმცა მაშინ, ჩვენ დაგვჭირდა იტალიიდან ჩამოგვეტანა სპეციალური დანადგარები და საქართველოშიც დაგვენერგა სისტემა, რომელიც ბატონის პურის წარმოებას შესაძლებელს გახდიდა.

მას შემდეგ, ყოველთვის ვცდილობთ ბაზარზე გამორჩეული ადგილი გვეჭიროს და, ტექნიკური თუ პროფესიული თვალსაზრისით, პურის სფეროში განვსაზღვროთ ტენდენციები. ამ ეტაპზე, მაგალითად, „იფქლი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მასიურ წარმოებაში პურს ხაშზე აცხობს.

-რას გვეტყვით ხაშზე დამზადებულ პურზე, რითია იგი გამორჩეული?

-ხაში დამჟავებულ ცომს ჰქვია, რომელიც პურის გასაფუებლად გამოიყენება. ეს პურის ცხობის ძალიან ძველი მეთოდია და პურის ამ მეთოდით ცხობას მრავალი უპირატესობა აქვს. უპირველასად ის, რომ პურის ხაშზე დამზადება 6 -აათიანი ციკლია. თუ მშრალი საფუარის გამოყენების შემთხვევაში პური დაჩქარებული მეთოდით, 2 საათში ცხვება, ხაშზე ცხობის პირობებში, ცომი დიდხანს ყოვნდება, რაც პურს უფრო სასრგებლოს, ჯანსაღს და გემრიელს ხდის.

იმისთვის, რომ პურის ხაშზე ცხობა შეგვძლებოდა, 2015 წელს ევროპიდან ჩამოვიტანეთ დანადგარები და ევროპელი კოლეგების დახმარებით რამდენიმე თვეში გავმართეთ ხაშის ცხობის ხაზები. მოხარულები ვართ რომ მასიურ ინდუსტრიაში დღეს მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია პურის ხაშზე ცხობა.

-რას გვეტყვით თქვენ მიერ 2015 წელს წარმოებულ კამპანიაზე – ,,ამოიცანი შავი პური“ –  რა მახასიათებლებითაა გამორჩეული თქვენი კომპანიის მიერ წარმოებული შავი პური?

-კამპანია 2015 წელს დავიწყეთ, რადგან ბაზარზე ძალიან აქტუალური იყო ჯანსაღი შავი პურის ფერის დადგენა. საზოგადოებაში ბევრი არასწორი შეხედულებაა იმის შესახებ რომ საქართველოში ყველა შავი პური იღებება, რაც არასწორია. ხშირად მომხმარებელი ამბობს რომ შავი ფქვილი არ აქვთ ქართველი პურის მწარმოებლებს. რეალურად, შავი ფქვილი არ არსებობს ბუნებაში, რადგან არ არსებობს შავი ხორბალი. ყველა ფქვილი თეთრი ფერისაა, შავ პურეულს კი შეფერილობას ალაო აძლევს (მოხალული და დაფქვილი ქერის ან ჭვავის მარცვლები), რაც ერთადერთი ბუნებრივი ინგრედიენტია პურისთვის გემონური თვისებების მისანიჭებლად და ფერის შესაცვლელად.

რა თქმა უნდა, არსებობს საჭმელად ვარგისი საღებავებიც, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს მწარმოებელმა პურის ცხობისას. ბუნებრივია, ნატურალური ალაოთი მომზადებული პური ბევრად უფრო ჯანსაღი და სასარგებლოა. კამპანიის ამოცანა იყო, მომხმარებელს სცოდნოდა, რომ შავი ფერის მიღება საღებავების გარეშეც შესაძლებელია და მაქსიმალურად ვეცადეთ ამის შესახებ მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია.

-ბევრმა არ იცის, რომ დღესდღეობით  ბაზარზე რამდენიმე „იფქლი“ აწარმოებს პროდუქციას. რა გახდა თქვენი კომპანიის გაყოფის მიზეზი?

 -საუბრის დაწყებისას აღვნიშნე, რომ კომპანიის დამფუძნებელმა საქმიანობა კომპანიონთან ერთად დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ პარტნიორები გაიყვნენ და ცალ-ცალკე გადაწყვიტეს წარმოების გაფართოება. ამის მიზეზი არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება ან კონფლიქტი, უბრალოდ ბიზნესის განვითარებისთვის პარტნიორებმა ასე ამჯობინეს საქმიანობის გაგრძელება. დღეს ჩვენი კომპანიის პარალელურად ბაზარზე კომპანია „იფქლი დიღომი“, „იფქლი 1“ და „იფქლი პირველი“-ც აწარმოებენ პურფუნთუშეულს. მათ სახელწოდება „იფქლის“ გამოყენების უფლება დაიტოვეს, თუმცა ჩვენთან არც წარმოების და არც მენეჯმენტის თვალსაზრისით, საერთო არაფერი აქვთ.

-როგორ უნდა შეძლოს მომხმარებელმა ერთი და იგივე სახელწოდებით წარმოებული პროდუქტების ერთმანეთისგან გარჩევა?

-განსხვავდება როგორც პროდუქტების წარმოება, ისე მათი ვიზუალი. ჩვენ კომპანიას მწვანე ლოგო აქვს სლოგანით: გულით გამომცხვარი, რომელიც ყველა პროდუქტზე გვაქვს დატანილი. ამას გარდა, ჩვენი თეთრი პურეულის შეფუთვებს აქვს ხაშზე ცხობის ნიშანიც თანდართული, რაც განგვასხვავებს კონკურენტი პროდუქციისაგან.

-2013, 2014, 2015 წლებში თქვენი კომპანია გახდა ,,გოლდენ ბრენდის“ მფლობელი, თქვენი აზრით, რა გახდა ,,იფქლის“ წარმატების მიზეზი?

-„იფქლი“ დაარსების დღიდან ორიენტირებულია განვითარებაზე. 1993 წლიდან დღემდე, მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ სიახლე ბაზარზე, შევთავაზოთ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და გავითვალისწინოთ მათი სურვილები. ჩვენი აქტიურობა და ზრდისკენ სწრაფვა რამდენჯერმე გახდა მიზეზი მიგვეღო „გოლდენ ბრენდის“ ტიტული, რაც გვაძლევს მოტივაციას მომავალშიც აქტიურად განვავითაროთ ჩვენი საქმიანობა.

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid