გურიაში, აგროპროექტ ”დანერგე მომავლის“ ფარგლებში, ლურჯი მოცვის ბაღები გააშენეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხსენებული კომპანიები პროგრამაში 2016 წელს ჩაერთნენ.
”ლურჯი ველისა“ და ”მოცვის“ მიერ გაშენებული ბაღების ფართობი 5-5 ჰექტარს შეადგენს. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის მათ 75 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს. ორივე ბენეფიციარის მიერ მიღებული დაფინანსებიდან 66,096.16 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 8,903.84 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
”გურიის რეგიონში აგროპროექტ ”დანერგე მომავალის“ ფარგლებში ხეხილის ბაღები 24 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხეხილის ახალი ბაღები 1,438 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 7,4 მილიონ ლარს აღემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის ”დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა”, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, აგროპროექტ ”დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: – ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთიან აგროპროექტს ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
წყარო: http://ibusiness.ge/
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”