გიორგი გურჯიევი XX საუკუნის უდიდესი მისტიკოსი, მკვლევარი, ფილოსოფოსი, ეზოთერიკოსი, მანიპულატორი, მაგი და შემოქმედი ადამიანი გახლდათ, რომელსაც ,,შავ ბერძენსა“ და „თეთრი ეშმაკსაც“ უწოდებდნენ. წყაროები იმოწმება, რომ მას ჰიპნოზის არაჩვეულებრივი მეთოდები ჰქონდა, რის შესახებაც ფსიქოლოგი და მვლევარი გიორგი გიორგაშვილი გვესაუბრა.
გიორგი გურჯიევი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლობდა ადამიანის ფენომენს, მის ცნობიერსა და არაცნობიერს. მან ძალიან კარგად შეისწავლა ადამიანების ფსიქოლოგია და ადამიანებს მანქანებსაც კი უწოდებდა, რომლებიც მარტივად იმართებიან. რის საფუძველსაც აძლევდა ის ფაქტი, რომ მას თავადვე შეეძლო ადამიანების, როგორც ჰიპნოზის ქვეშ მოქცევა, ასევე მათი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა და მანიპულირება. ,,სანამ თანამედროვე მენტალისტები თუ ფსიქოლოგები გამოჩნდებოდნენ და დაიწყებდნენ ჰიპნოზირებას, მანამდე ამას გურჯიევი აკეთებდა და, შეიძლება ითქვას, სწორედ ის გახლავთ ამ საქმის პიონერი და ამ სფეროს განვითარებაც სწორედაც რომ მას მიეწერება,“-აღნიშნავს გიორგი.
გიორგი გიორგაშვილი ,,გურჯიევის ამერიკის საზოგადოების“ წევრი გახლავთ 2014 წლიდან, გაერთიანებას გურჯიევის მოსწავლის – ჰოლანდიელი უილიამ ნილენდის მოსწავლე, ალ ფინი ხელმძღვანელობს, ისინი ყოველკვირეულად იკრიბებიან და გურჯიევის ცხოვრებასა და შემოქმედებას განიხილავენ და სწორედ მათი წყალობით ბევრი უცნობი ფაქტი ხდება გურჯიევის შესახებ ცნობილი.
როგორც ცნობილია, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გურჯიევმა საქართველო დატოვა და იმოგზაურა თურქეთში, ირანსა და ეგვიპტეში, მან საკმაოდ დიდი დრო გაატარა ტიბეტში, სადაც დალაი-ლამას მრჩეველი და მასწავლებელი გახლდათ. ცხოვრებისეული გამოცდილებით მან შეძლო დიდი ცოდნის დაგროვება სპირიტუალურ სფეროში და რამდენიმე ტიპის ჰიპნოზის ტექნიკაც შეიმუშავა.
ზოგადად ჰიპნოზი ძველი ბერძნული სიტყვაა, რომელიც ძილს ნიშნავს, ეს არის ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელიც ღრმა მოდუნებით ხასიათდება. ჰიპნოზის ქვეშ მყოფი ადამიანი გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცაღა რეალურად მასში ძილი საერთოდ არ მონაწილეობს და ადამიანი ამ მდგომარეობაში ჰიპნოტიზიორის მიმართ მომატებული შთაგონებადობით ხასიათდება.
წყაროები ძალიან მწირია, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ გურჯიევს ადამიანებზე ზემოქმედების დიდი ნიჭი ჰქონდა, გიორგი აღნიშნავს, რომ მას შეეძლო ჟესტების გამოყენებით ადამიანებისთვის სასურველი ქმედება ჩაედენინებინა, მაგალითად, მან მხოლოდ და მხოლოდ ჟესტების გამოყენებით შეძლო ქუჩაში სრულიად უცხო პიროვნება დისტანციურად დაეჩოქებინა.
გურჯიევის ერთ-ერთი ტექნიკა სუნთქვით ზეგავლენის მოხდენა გახლავთ ანუ მას შეეძლო სუნთქვის ტემპის ცვლილებით დამსწრე საზოგადოება ჰიპნოზის ქვეშ მოექცია. ყველაზე საინტერესოა კი, მის მიერ სიტყვების თამაშით ცნობიერის გათიშვა და პროგრამირებაა. გურჯიევის თანამედროვეები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მასთან საუბრისას დროის შეგრძნებას კარგავდნენ და სრულიად უცხო და ამასთანავე, სხვა ეპოქებში მოღვაწე პიროვნებებთან დაკავშირებულ ფაქტებსაც იმგვარი სიზუსტით გადასცემდა მათ, თითქოს ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი და მსმენელსაც იმავე შეგრძნებას უტოვებდა. გურჯიევი პოლიგლოტიც იყო და ათამდე ენას ფლობდა, ეს კიდევ უფრო უწყობდა ხელს ადამიანებთან კონტაქტისას, ვინაიდან ადამიანს უფრო მეტი სანდოოობის შეგრძნება უჩნდება, როცა საკუთარ მშობლიურ ენაზე ესაუბრებიან.
თვალებში ყურებით ადამიანისთვის ბრძანების მიცემა გურჯიევის კიდევ ერთი უნარი გახლდათ. ერთ-ერთი ცნობილ რესტორანში ყოფნისას გურჯიევი მეგობარს დაენიძლავა, რომ კუთხეში მჯდომ ორ მამაკაცს აჩხუბებდა, რამდენიმე წუთში ასეც მოხდა.
გურჯიევი დღემდე არ კარგავს საიდუმლოებით მოცული საინტერესო პიროვნების ტიტულს და მასთან დაკავშირებული, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ისტორიები მუდმივად განსჯის საგანია დაინტერესებულ პირებს შორის.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”