close
ემიგრანტიისტორია

გურული მოჯირითეები XIX ს-ის ამერიკაში, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკეს

გურული მოჯირითეები ამერიკაში — სწორედ ასე უწოდებენ რუსეთის იმპერიიდან წასული ქართველების ჯგუფს,   რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის ამერიკა აალაპარაკა და მათი სახელ დღემდე სათანადო ადგილს იკავებს ისტორიულ ფურცლებზე. ადამიანები, რომლებიც 1892 წლიდან აშშ-ში გამართულ ველური დასავლეთის შოუებში – „Wild West Shows“  მონაწილეობდნენ,  მას შემდეგ გაუდგნენ უჩვეულო გზას, რაც ბათუმში ცნობილი ამერიკელი შოუმენის  – ბუფალო ბილის წარმომადგენელი, იმპრესარიო თომას ოლივერი ჩამოვიდა და შოუსთვის ცხენოსნები ამოარჩია.

ოლივერმა აშშ-ს კონსულთან მისი მდგმური და მდივანი, ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე გაიცნო, რომლის დახმარებითაც გურიაში ათკაციანი გუნდი შეკრა ივანე მახარაძის მეთაურობით. პირველი ჯგუფი ამერიკაში 29 მარტს ჩავიდა გემით „ჩესტერი“ . საიმიგრაციო დეკლარაციაში მათი პროფესიის ველებში მხედარი ფიქსირდება, თუმცა ოდნავ მოგვიანებით მათ არტისტებსაც უწოდებდნენ.

უცნაურია, მაგრამ ქართველებს ამერიკაში „რუსი კაზაკების“ სახელით მოიხსენიებდნენ და ეს არ იყო შეცდომის ნაყოფი, არამედ კომერციული გათვლა, ვინაიდან გურულებს კაზაკობის თამაში არ უჭირდათ, ისინი კარგად იცნობდნენ რუსებს და კონკრეტულად კაზაკებსაც, რომელთა 50-მდე კომლი გურიაშიც სახლობდა. პრესაში თავად თომას ოლივერი  ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ეს ადამიანები იყვნენ ზაპოროჟიელი კაზაკები, რომელთა სახელიც ბაირონმა უკვდავყო პიესაში „მაზეპა“. თავად მხედრებიც ყვებოდნენ საკუთარი გამოგონილი გმირობების შესახებ. გურულებს ჭრელ ფერებში შეკერილი ჩოხები ეცვათ და ესეც შოუს კომერციული ნაწილი იყო. ხშირად მოჯირითეებს პრინცებად და პრინცესებადაც მოიხსენიებდნენ.

ამერიკაში საჯირითო სეზონი მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდებოდა. ზამთარში მოჯირითეები შინ ბრუნდებოდნენ, ან ამერიკაში რჩებოდნენ, თუმცა უხელფასოდ. გურული მხედრები ჯირითის დროს იშვიათი ილეთებით გამოირჩეოდნენ და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათი შოუს აუცილებელი ატრიბუტი იყო ცეკვები, სიმღერა, იარაღი და ტანისამოსი. ქართველმა მხედრებმა დიდი გავლენა მოახდინეს ადგილობრივ კოვბოებზე. ამ შოუების აქტიური მაყურებლები იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტები, ვუდრო ვილსონი და თეოდორ რუზველტი, რომელმაც ერთ-ერთ ქართველ მოჯირითეს –  გიორგი ჩხაიძეს, საჩუქრად ლანგარი და ბეჭედი გადასცა. სამშობლოში დაბრუნებულ ჩხაიძეს საბჭოთა ხელისუფლებისგან პატიმრობა ემუქრებოდა და იძულებული გახდა, ბეჭედი გაეყიდა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილ მხედრებს შორის იყვნენ ქალბატონებიც, რომელთა სახელებიც ისტორიას შემორჩა, წყაროები ადასტურებს, რომ ფრიდა მგალობლიშვილი, ქრისტინე ცინცაძე, მარო და ბარბალე ზაქარეიშვილები საკმაოდ წარმატებულები იყვნენ თავიანთ სფეროში.

სპირველმა მსოფლიო ომმა წერტილი დაუსვა გურული მოჯირითეების მოღვაწეობას აშშ-ში. ომის გამო დაიკეტა საზღვრები და როგორც ამერიკაში წასვლა, ასევე ევროპაში მოგზაურობა შეუძლებელი შეიქნა. გურულები, რომლებიც დარჩნენ ამერიკაში, სამშობლოში მხოლოდ ომმის შემდეგ დაბრუნდნენ. ბევრმა მოჯირითემ ამერიკული ოჯახი შექმნა და სამუდამოდ იქ დარჩა. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ, ამერიკას მიაწყდა ნამდვილი კაზაკების დევნილი ჯგუფები. მათ ჩაანაცვლეს შოუებში გურულები, რომლებიც უკვე ასაკში იყვნენ შესულები და აღარ ჰქონდათ ძველებური ენერგია.

გაზიარება:
fb-share-icon0