კიდევ ერთი წარმატებული ქართული სტარტაპი მზის ენერგიის რაციონალურ გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს და ცდილობს პოპულარიზება გაუწიოს – ზოგადად, ეკოლოგიური რესურსების გონივრულად გამოყენების ტექნოლოგიებს. კომპანია უკვე ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს და მისი იდეის ავტორი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, პროფესიით იურისტია. თორნიკე დარჯანია ბიზნესად ქცეული გატაცების შესახებ თავად გვიამბობს.
-თორნიკე, პირველად როდის დაინტერესდი ეკოლოგიური რესურსების რაციონალურად გამოყენებით?
-2006 წელს გერმანიაში სწავლის დროს, პირველად გავეცანი ალტერნატიული ენერგიის წყაროს – მზის ელექტროსადგურების ტექნოლოგიას, თუმცა ამ ყველაფრით სერიოზულად 2016 წელს დავინტერესდი, შესაბამისად, ვეცადე სხვადასხვა უცხოური წყაროდან უფრო ახლოს გავცნობოდი საკითხს და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია დამეგროვებინა მის გარშემო. საბოლოოდ, საპილოტე პროექტიც საკუთარ სახლში განვახორციელე, რამაც კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა, რომ ჩემი ეს გატაცება სხვებისთვისაც გამეზიარებინა, საზოგადოება დამეინტერესებინა და შემექმნა კომპანია, რომელიც როგორც სფეროს პოპულარიზაციით, ისევე მზის ელექტროსადგურების მშენებლობით დაკავდებოდა.
-კონკრეტულად რას გვთავაზობს თქვენი კომპანია?
-“Helios Energy” გთავაზობთ მზის ელექტროსადგურების დამონტაჟების მომსახურებას, ვამონტაჟებთ როგორც მცირე, ისე დიდი ზომის სადგურებსაც ანუ შესაძლებელია თანამშრომლობა როგორც კომპანიებთან, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ კერძო პირთან.
ერთწლიანი ფუნქციონირების პერიოდში ჩვენმა კომპანიამ ათამდე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა, რის პარალელურადაც ვცდილობთ საზოგადოებას გავაცნოთ ის ადამიანებიც, რომლებიც პირველები დაინტერესდნენ ბუნებრივი ეკოლოგიური რესურსის რაციონალურად გამოყენებით, რათა დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ეს ნამდვილად სასარგებლო საქმეა.
ბოლო დროს ჩვენი პარტნიორი გახდა გერმანული კომპანიაც, რომელიც უფრო დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურებს ამონტაჟებს და შესაბამისად, ამჯერად კომპანიაში საუბარია უკვე მეგავატებზე და არა მცირე სიძლიერის სადგურებზე.
-ძირითადად ვინ არიან დამკვეთები და რამდენად ხელმისაწვდომია მომსახურება?
-მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ჩვენი ტექნოლოგია ძვირია, რადგან დიდ სასტარტო კაპიტალს საჭიროებს, გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად გამართლებადი კაპიტალდაბანდებაა და, ამავდროულად, გარემოსთვის დიდი სარგებლობის მომტანიც. ამ ეტაპზე, ჩვენი კლიენტები ძირითადად მწვანე ენერგიით დაინტერესებული ენთუზიასტები არიან, რომელთა რაოდენობაც ჯერჯერობით ძალიან მცირეა და ამიტომ, ჩვენს მიზანსაც სწორედ საზოგადოებაში ეკოლოგიისა და ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ ცოდნის გავრცელება და ინტერესის ამაღლებაა.
-პარალელურად შემეცნებით ვიდეოებსაც აქვეყნებთ, აქვს თუ არა ამას სისტემატიური ხასიათი და სად შეუძლია დაინტერესებულ პირს თვალი ადევნოს მათ?
-როდესაც ჩვენი გეგმის განხორციელება დავიწყეთ, მივხვდით, რომ, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო ხალხისთვის მოგვეთხრო იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს მზის ელექტროსადგურები, რატომ არის სანდო, როგორ იყენებენ ამ ტექნოლოგიას წამყვანი ქვეყნები და ა.შ სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ვიდეომასალების გავრცელებით განგვეხორციელებინა ერთგვარი საგანმანათლებლო პროექტი, რომელსაც პარალელურად მარკეტინგული დანიშნულებაც აქვს და ამ გზით გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის ჩვენს კომპეტენციის დონე აღნიშნულ სფეროში.
ჩვენს შემეცნებით ვიდეოჩანაწერებს შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ჩვენს Youtube -არხზე.
-თორნიკე, გვიამბე სამომავლო გეგმების შესახებ.
–ზოგადად, ნებისმიერი სტარტაპის მიზანია გადაიქცეს სრულფასოვან ბიზნესად, ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, ამ ეტაპზე ვართ და ვცდილობთ საკუთარი ადგილი დავიმკვიდროთ ბაზარზე. გრძელვადან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ მასშტაბები გავზარდოთ და ამასთანავე, ბოლოდროინდელი თანამშრომლობის ფარგლებში, ვგეგმავთ ჩვენი პერსონალის გაგზავნას და გადამზადებას სწორედ გერმანიაში. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო თავდაჯერებულად შეგვეძლება თქმა, რომ ჩვენი კომპანია ნამდვილად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და მომხმარებელს ღირებულ პროდუქტს სთავაზობს.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“