რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში ნათქვამია:,,ახელმწიფომ უნდა გააუმჯობესოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პრაქტიკა სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების სისტემების განვითარებით” და რომ სახელმწიფოს სტრატეგიული მიზანია უზრუნველყოს საჯარო უსაფრთხოება, ადამიანის ძირითადი და სამოქალაქო უფლებები, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
რამდენიმე კვირის წინ რუსეთში აკრძალეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ისეთი სურათების გამოქვეყნება ან/და გაზიარება სოციალურ ქსელში, სადაც ადამიანს, რომელიც ძალიან ჰგავს პრეზიდენტს, აქვს მაკიაჟი და ასახავს ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანს.
პუტინის სურათი,ტუჩსაცხითა და რუჟით, სოციალურ ქსელებში 2011 წლიდან ჩანს. თუმცა, ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მხოლოდ 2013 წელს, როცა რუსეთის ხელისუფლების ინიცირებულ კანონს – ,,გეიპროპაგანდის წინააღმდეგ”, ძლიერი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
აღნიშნული კანონი კრძალავს დისკუსიას ჰომოსექსუალური ურთიერთობების ირგვლივ ყველგან, სადაც ეს საუბარი შესაძლოა მოისმინონ ბავშვებმა. ინიციატივამ პროტესტი გამოიწვია რუსეთის საზღვრებს გარეთაც, აღქმული იყო რა, როგორც სახელმწიფოს მხრიდან წახალისებული ჰომოფობიური დამოკიდებულება, იმ მიზნით, რომ მოესყიდა კონსერვატიზმისკენ გადახრილი ამომრჩევლები.
გამოხატვის უფლების შეზღუდვის პრაქტიკა
2015 წლიდან დაიწყო ისეთი ვებგვერდებისა და ანონიმური ბლოგების გაუქმება, რომლებიც შეიცავდნენ პუტინისა და მისი პოლიტიკის კრიტიკას. საჯარო პირებს კი შეუძლიათ სარჩელი შეიტანონ სასამართლოში, თუკი ინტერნეტში გადააწყდებიან ისეთ ინფორმაციას მათ შესახებ, რაც შესაძლოა არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებდეს მათ პიროვნებას.
ცნობილ პოპმომღერალს, მადონას, სასამართლოში უჩივლეს იმიტომ, რომ სანკტ-პეტერბურგში კონცერტისას, ის ჰომოსექსუალი ადამიანების უფლებების სასარგებლოდ საუბრობდა.
ჰომოფობია, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიის ნაწილი
ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების ქმედებები ეხმიანება საბჭოთა კავშირში გაბატონებულ იდეას, რომ სახელმწიფომ თავისი მოქალაქეებისთვის უნდა დასახოს მორალური ცხოვრების გზა და უკარნახოს, თუ რა არის მორალურად სწორი არჩევანი. ისტორიის მკვლევარ ლიზაბეტ ვუდსისთვის, ზემოაღწერილი ქმედებები მიუთითებს რუსეთის ხელისუფლების მცდელობაზე, გამოიყენოს ჰომოსექსუალობა, რომ საზოგადოებაში ჩამოაყალიბოს განსხვავება ,,ჩვენსა” და ,,სხვას” შორის, სადაც ,,სხვა”- დასავლური ღირებულებების ქვეყნებია, რომელთა წინააღმდეგაც უნდა გამოვიდეს რუსული ერი.
მსგავსი ტენდენციის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკლესიაც, რომელიც პუტინის რუსეთში, სახელწიფოსთან ერთად მოქმედ ინსტიტუტად გვევლინება. პატრიარქი კირილი: ,,ლიბერალიზმი მიგვიყვანს სახელმწიფოს დანგრევამდე და, საბოლოოდ, აპოკალიფსამდე,” მაშინ, როცა, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობას ის ,,მოვლენილ სასწაულს” უწოდებს.
რუსეთის მოსახლეობის მსოფლმხედველობაზე ეკლესიისა და სახელმწიფოს გავლენას მოწმობს სტატისტიკური მონაცემებიც: პოპულაციის 80-დან 90 %- მდე თავს ორთოდოქს ქრისტიანად მიიჩნევს. თუმცა, უმეტესობა არ ასრულებს რელიგიურ რიტუალებს, არ დადის ეკლესიაში თვეში ერთხელაც კი. საპირისპიროდ, რესპოდენტების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ რელიგია მათთვის არის ,,ეროვნული ტრადიცია”, ,,მორალური და ეთიკური სტანდარტების ერთგულება”, მხოლოდ 16 % მიიჩნევს რელიგიას სულიერი ხსნის საშუალებად.
მოსაზრება, რომ პუტინი ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზაციას ახდენს საგარეო და საშინაო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, კერძოდ, ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად, დასტურდება უკრაინისა და მოლდოვის მაგალითებით. პირველ შემთხვევაში, პრორუსულმა ოლიგარქებმა დააფინანსეს ორგანიზაციები, რომელთა მთავარ მიზანს წამოადგენდა საზოგადოების დარწმუნება, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, უკრაინას მოუწევდა გეიპარადების გამართვა და ერთი სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონება. მოლდოვაში კი, თავად პატრიარქი კირილი გამოვიდა ასოცირების ხელშეკრულების წინააღმდეგ, რადგან მასში ჰომოსექსულობისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდის ,,საფრთხეს” ხედავდა.
შედეგი
სხვადასხვა მოსაზრებით, ზემოაღნიშნულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო იმას, რომ საზოგადოების ნაწილი ანტირუსულ და პროდასავლურ დამოკიდებულებას ავტომატურად აიგივებს ჰომოსექსუალობისადმი დადებით დამოკიდებულებასთან, რომელიც ხელს უწყობს ერის მორალურად გარყვნას, რასაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მათ პოლიტიკურ ორიენტაციასა და არჩევანზეც.
მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძე
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”