“Proactive Group Georgia” ერთ–ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელთა მთავარი პრიორიტეტი ახაგაზრდების წარმატებისთვის ხელშეწყობა, მათი ორგანიზებით უკვე მრავალი წარმატებული პროექტი შედგა და ბევრ ახალგაზრდას მიეცა საშუალება საკუთარი ძალები სხვადასხვა ინტელექტუალურ კონკურსში გამოეცადა. ამ მოკლე ვადაში ორგანიზაციის სახელით უკვე 50-ზე მეტ ახალგაზრდას მიეცა შანსი ემოგზაურა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებზე. ამჯერად, ,,პროაქტივ ჯგუფი” დებატების ჩემპიონატს მართავს, რომელში მონაწილეობაც სტუდენტებთან ერთად, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. კონკურსის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელი – გიორგი აგირბაია გაგვესაუბრა.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეულ დებატების ჩემპიონატი – „იდებატე და მოიგე ევროპა!“ სტარტს 24 ნოემბერს აიღებს და სამ დღეს მოიცავს, კონკურსის ძირითადი თემატიკა დღევანდელ საქართველოში არსებული პრობლემები და აქტუალური გამოწვევები იქნება, რაც ასევე გაზრდის აუდიტორიის დაინტერესებასა და ჩართულობას დებატების პროცესში. კონკურსში მონაწილეობის მიღება კი 16-დან 22-წლამდე ახალგაზრდებს შეეძლებათ როგორც ინდივიდუალურად, ისე სამი წევრისგან შემდგარი გუნდით.
აღსანიშნავია, რომ უშუალო ტურნირამდე მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები დებატების ტექნიკაზე, დროის მენეჯმენტსა და საჯარო გამოსვლების ხელოვნებაზე, რაც მონაწილეებს დაეხმარებათ, იყვნენ კიდევ უფრო ეფექტურები და პროდუქტიულები უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას. ტრენინგის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები ასევე შეისწავლიან სწორი აქცენტებისა და კითხვის დასმის ტექნიკებს, რეზოლუციის შემუშავებისა თუ არგუმენტების წერის სტრუქტურას.
ტრენინგს სერტიფიცირებული ტრენერები გაუძღვებიან, მათ შორის, თვითონ ორგანიზაციის ხელმძღვანელი – გიორგი აგირბაია, ანა კვიჟინაძე და საჯარო გამოსვლებში დახელოვნებული სხვა ცნობილი სახეები, რომლებიც ახალგაზრდებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და შეეცდებიან დაეხმარონ მათ ისეთი უნარების განვითარებაში როგორიცაა, ანალიტიკური აზროვნება, ახალი კონტაქტების დამყარების გზები, ე.წ. Networking Skills და ა.შ.
დებატების მსვლელობისას პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით მონაწილეებს 3 ძალიან საინტერესო სასწავლო-გასართობი დღე ელოდებათ მრავალი სიურპრიზითა და საჩუქრით. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო, ორენოვანი სერტიფიკატი, ხოლო, კონკურსის საუკეთესო მოდებატე სრულიად უფასოდ გაემგზავრება ევროპაში, თუმცა, როგორც გიორგიმ აღნიშნა, ფინალამდე კონკრეტული მიმართულება საიდუმლოდ დარჩება.
როგორც უკვე აღვნიშნე, წლევანდელი კონკურსი პირველი არ არის ორგანიზაციისთვის და მათ გასულ წელს „Yout Speaker-ისა“ და ინგლისური ენის კონკურსის ფარგლებშიც შეარჩიეს სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც გერმანიაში განხორციელებული საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები 100%-ით დაუფინანსდათ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტი ხელს უწყობს როგორც პიროვნული, ასევე პროფესიულ განვითარების დონის ამაღლებას ახალგაზრდებში და დაინტერესებულ პირებს 10 ნოემბრამდე ექნებათ საშუალება რომ შეავსონ ონლაინგანაცხადი, დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ დებატების ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”