კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო, რომლის მიხედვითაც, მეცნიერები შეეცდებიან შექმნან ისეთი მოწყობილობა, რომლითაც მომხმარებლები სმარტფონის მართვას ხელის გარეშე, გონებით შეძლებენ.
Thenextweb-ის ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე პატარა ზომის პროცესორების შექმნაზე მუშაობს. მოწყობილობას თმის ღერზე წვრილი ძაფები ექნება მიმაგრებული, რომლებიც ადამიანის თავის ქალას დაუკავშირდება.
მოწყობილობა, სახელწოდებით Link-ი ადამიანებს ყურის უკან დაუმაგრდებათ და მისი საშუალებით iPhone-ის კურსორსა და კლავიატურას გონებით მართავენ.
Neuralink-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოწყობილობა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებსაც დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია, როდის იქცევა აღნიშნული იდეა რეალობად.