მე-14 საუკუნიდან მე-16 საუკუნის ჩათვლით დიდი მუსლიმური სისხლიანი ლაშქრობების, თემურ ლენგის და სპარსეთის შაჰების მიერ საქართველოში განუწყვეტელი ომების შედეგად ათიათასობით ტყვე აღმოჩნდა ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში. ინდოეთში დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი ტყვეების მიმართ, მათ გურჯ მონებს – ღულამებს უწოდებდნენ. ინდოეთში სპარსეთიდან მათ შესახებ ბევრი ისეთი რამ სმენოდათ, რომ სურდათ საკუთარი სამხედრო ძლიერება ბედკრული საქართველოს ტყვედ ჩავარდნილი შვილებით გაეძლიერებინათ. ქართველები ახერხებდნენ იმას, რასაც ვერ ახერხებდა მონობაში აღმოჩენილი თითქმის ვერც ერთი ერის წარმომადგენელი – ისინი მათი დამმონებლების მეფეები და მმართველები ხდებოდნენ. მარტო ინდოეთში მეფობდა 18 ქართველი მეფე და 2 ქართული სამეფო დინასტია.
ინდოეთის მმართველი ქართული დინასტიები
ქართველი ღულამის – უსუფ (იუსუფ) ადილ შაჰის მიერ დაფუძნებული ადილ შაჰთა დინასტია 200 წლის განმავლობაში მართავდა ბიჯაპურს და დიდ გავლენას ახდენდა მთელი სუბკონტინენტის პოლიტიკურ ვითარებაზე. ადილ შაჰთა სახელმწიფოს ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე კი კიდევ ერთი ქართველი ღულამის, ქასიმ ბარიდის მიერ დაარსებული სამეფო დინასტია გახლდათ. მისი ცხოვრების ბევრი დეტალი უცნობი რჩება, მაგრამ ეტყობა ბევრი სხვა ქართველის მსგავსად, ისიც მონობაში აღმოჩნდა.
ქართველი ქასიმ ბარიდი და მისი დინასტია, რომელიც 130 წელი მართავდა ბიჯაპურის სასულთნოს
ფერიშთას ცნობით, ახალგაზრდა ქართველი ინდოეთში მონობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ხვაჯა შაჰაბუდ-დინ ალი ეზდიმ იგი საჩუქრად მიართვა სულთან მუჰამად შაჰ ბაჰმან მესამეს, რომელმაც თავის მხრივ ქასიმი გაამწესა თავის ქართველ მონებს შორის. სხვა ქართველი ღულამების მსგავსად, ქასიმმა ძალიან მალე მოიხვეჭა სახელი, როგორც გამორჩეულად მამაცმა და ნიჭიერმა პიროვნებამ, რომელიც ამავე დროს, ჩინებული კალიგრაფი და მუსიკოსი იყო. ქასიმი დიდი წარმატებით ართმევდა თავს სამხედრო საქმეს. მე-16 საუკუნის ინდოელი ისტორიკოსის, მუჰამად ქასიმ ჰინდუ შაჰის ცნობით – “ქასიმმა თავი გამოიჩინა თავისი ვაჟკაცობით მეამბოხე მარათას წინაააღმდეგ ბრძოლებში, რომლის დასამარცხებლადაც იგი მიავლინეს პეიტუნსა და ჩაკუნს შორის მდებარე მხარეში.” გადამწყვეტ ბრძოლაში თვითონ ქასიმმა მოკლა მეამბოხეთა თავკაცი და ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად, სულთანმა მაჰმუდმა ქასიმს ნება დართო, ცოლად მოეყვანა მოკლული მარათველის ქალიშვილი და უხვად დააჯილდოვა მიწებით. 1490 წლისთვის ქასიმმა დიდი ზეგავლენა მოიპოვა სამეფო კარზე, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივ წარჩინებულთა შორის. სწორედ ამ დროს განუდგა სულთანს ქართველი ღულამი – იუსუფ ადილ ხანი, რომელმაც ბიჯაპურში საკუთარი სახელმწიფო შექმნა. ქასიმ ბარიდმა კი შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება და 14 წლის განმავლობაში სათავეში ედგა ბიდარის სასულთნოს.
ქასიმი გარდაიცვალა 1504 წელს, მაგრამ ამ დროისთვის მან მოახერხა და საფუძველი ჩაუყარა ბარიდთა დინასტიას, რომელიც ჯამში 130 წლის განმავლობაში მართავდა ინდოეთის სამეფოს – ბიდარს
ბიდარის სასულთნოს ქართული სამეფო დინასტია – მმართველები:
1) ქასიმ ბარიდ I – 1489-1504 წწ.
2) ამირ ბარიდ I – 1504-1542 წწ.
3) ალი ბარიდ შაჰ I – 1542-1580 წწ.
4) იბრაჰიმ ბარიდ შაჰი – 1580-1587 წწ.
5) ქასიმ ბარიდ შაჰ II – 1587-1591 წწ.
6) ალი ბარიდ შაჰ II – 1591 წ.
7) ამირ ბარიდ შაჰ II – 1591 – 1601 წწ.
8)მირზა ალი ბარიდ შაჰ III – 1601-1609 წწ.
9) ამირ ბარიდ შაჰ III – 1609-1619 წწ.
სტატიის სრულად სანახავად გადადით ლინკზე.
წყარო : qartuliazri.reportiori.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”