close
განათლებასაქართველო

ინგლისური ენის შემსწავლელი ინოვაციური პლატფორმა ქართველი გოგონასგან

თაკო ბაქრაძე პროექტის – „ინგლისური ყველასათვის“ ავტორია და მის შესახებ ჩვენი გამოცემა ცოტა ხნის წინ უკვე დაინტერესდა, თუმცა ამჟამად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კურსის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა ენთუზიასტმა იდეა სამოყვარულო საქმიანობიდან უკვე საქმიან ბიზნესად აქცია და აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ ინოვაციური სასწავლო პროგრამითაც გვაკვირვებს,  პროექტის შესახებ თაკო თავად გვიამბობს.

,,ინგლისური ყველასათვის” არის ,,Abz-ის” პირველი პროექტი, რომელიც ფართო მასშტაბებზეა გათვლილი, თაკოს ახალი პროექტი კი, ძირითადად, აბიტურიენტებზეა ორიენტირებული, რომლებსაც შეუძლიათ კურსი გამოიყენონ, როგორც დამხმარე ან  ძირითად სასწავლო საშუალებად დამოუკიდებელი მეცადინეობების დროს, აღსანიშნავია რომ პლატფორმა აბიტურიენტის მშობელს საშუალებას აძლევს აკონტროლოს შვილის პროგრესი, შეამოწმოს რა ეტაპზე, როგორი შეფასება მიიღო მან და ამჟამად რა მასალაზეა მოსწავლე შეჩერებული.

Abi.abz.ge-ს სასწავლო პლატფორმაში მოცემულია ყველაფერი, რაც აბიტურიენტებს, როგორც ეროვნული გამოცდების, ასევე საატესტატო გამოცდების მაღალ დონეზე ჩასაბარებლად სჭირდებათ. კურსი შედგება 430 გაკვეთილისა და 4350-მდე სავარჯიშოსგან, მისი უნიკალური სტრუქტურა კი, აბიტურიენტს ერთგვარად აიძულებს რომ ისწავლოს, რადგან გაკვეთილის წარმატებით გადალახვის გარეშე, მას არ ეძლევა საშუალება რომ გადავიდეს შემდეგზე.

კურსი დაყოფილია ოთხ ნაწილად – გრამატიკა, ლექსიკა, მოსასმენი სავარჯიშოები და წერითი დავალებები. გრამატიკა მოიცავს პროგრამით გათვლილ ყველა საკითხს, მათი გავლის შემდეგ აბიტურიენტი შეძლებს არა მხოლოდ გრამატიკული სავარჯიშოების შესრულებას, არამედ ისწავლის წინადადებების სწორად აგებასაც. ლექსიკის ნაწილში აბიტურიენტი ისწავლის 1000-ზე მეტ სიტყვას, რომელიც ტექსტების გააზრებასთან ერთად თემების დაწერაშიც გამოადგება.

   მოსასმენები სავარჯიშოები ექსკლუზიურად Abz-თვის ჩაწერა ინგლისელმა მსახიობმა – ენდრიუ ფიპსმა. ,,მოსმენის უნარის განვითარების საუკეთესო საშუალება იმ ტექსტის მოსმენაა, რომელსაც კითხულობ. სწორედ ამ პრინციპზეა ჩვენი მოსასმენი სავარჯიშოები აგებული, მაგრამ თუ ტექსტი მისი წაკითხვის გარეშეც ესმის აბიტურიენტს, არც ესაა დაბრკოლება, რადგან სავარჯიშოები მოსასმენი ტექსტების გარეშეც გვაქვს“-აღნიშნავს თაკო.

რაც შეეხება  წერით დავალებებს, ამ სექციაში აბიტურიენტები ისწავლიან სასვენი ნიშნების გამოყენებას, ესესა და წერილის წერას, მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მათ ნიმუშებსაც.

მსგავსი პლატფორმის შექმნა, რა თქმა უნდა, გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული და, შესაბამისად, წინა პროექტისგან განსხვავებით, მისი გამოყენება ფასიანი, თუმცა საკმაოდ ხელმისაწვდომია, თაკომ აღნიშნა, რომ თითოეული თემაში, პირველი სამი გაკვეთილი არის უფასო, რათა მომხმარებელი გაეცნოს სტრუქტურას, გადაწყვიტოს, სურს თუ არა კურსის გავლა და აკმაყოფილებს თუ არა ის მის მოთხოვნებს. „კურსის მინიმალური ფასია 50 ლარი, თანხას იხდით ერთჯერადად და შემდეგ, კურსის გამოყენება მომხმარებელს მუდმივად შეეძლება. ამასთანავე, კურსის თითოეული მოსწავლე დაემატება ჯგუფში, სადაც ყველა დასმულ შეკითხვაზე პირადად გავცემ პასუხს,“ -აღნიშნავს თაკო დასასრულს.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid