თანამედროვე ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმაგნატის, ინვესტორისა და ქველმოქმედის, Jack Ma-ს დაღმასვლის ისტორიას რთულია გვერდი აუარო. საინტერესოა, თუ რამ გამოიწვია ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის პოლიტიკურ დევნილად ქცევა. ერთი საბედისწერო განცხადებით, მილიარდერი Jack Ma ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიისთვის არასასურველ ადამიანად გადაიქცა.
Jack Ma-ს ისტორია 1999 წელს დაიწყო კომპანია Alibaba-ს დაფუძნებით, რომელიც ჩინეთის ამაზონად იქცა სულ რამდენიმე წელიწადში. 2020 წლისთვის, Alibaba-ს საბაზრო კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო Jack Ma-ს ქონებამ 61 მილიარდ დოლარს მიაღწია და ჩინეთის უმდიდრესი ადამიანიც გახდა. გარდა ამისა, Jack Ma ფლობს Ant Group-ს, რომელიც ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოებისგან ისევე მკაცრად არ კონტროლირდება, როგორც ჩინეთის სხვა ბანკები. შეიძლება ითქვას, რომ Jack Ma ჩინეთის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი და მსხვილი კომპანიის დამფუძნებელია, თუმცა სწორედ მარეგულირებლების მიმართ გამოჩენილმა სითამამემ გამოიწვია დიდების მწვერვალიდან მისი კატასტროფული ვარდნა.
2020 წელს, შანხაიში გამართულ ეკონომიკურ სამიტზე Jack Ma-მ კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნების, მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელების, გავლენიანი და უმდიდრესი ადამიანების წინაშე 20 წუთიანი საბედისწერო სიტყვა წარმოთქვა. მან უკმაყოფილება გამოთქვა კომუნისტური პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით, არაერთ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და ახსენა, რომ მარეგულირებლები მოძველებული ხერხებით მუშაობენ, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ინოვაციებსა და ბიზნესის განვითარებას. Jack Ma-ს კრიტიკა მთავრობის წარმომადგენლებმა უარყოფითად მიიღეს, თავად ჩინეთის პოლიტიკური ლიდერი, სი ძინპინიც განარისხა წარმოთქმულმა სიტყვამ. Jack Ma-ს გამოსვლიდან რამდენიმე საათში Ant Group-ისა და Alibaba-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, შეიქმნა ახალი ანტიმოპოლიური კანონპროექტი, მარეგულირებელმა ორგანომ კი ყველაზე მსხვილი საჯარო შეთავაზება დაბლოკა. მთავრობამ გარიგება ჩაშალა და Ant Group-ს საფონდო ბირჟაზე განთავსების უფლება არ მისცა. რამდენიმე თვეში კომპანია Alibaba ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში ამხილეს და 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს. 2021 წელს Jack Ma-მ ოფიციალურად დაკარგა ჩინეთისა და აზიის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი და 56-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. 2020 წლის შემდეგ საჯარო ინტერვიუში Jack Ma აღარ გამოჩენილი, რამდენიმე თვის განმავლობაში მისი ადგილმდებარეობაც კი უცნობი იყო. ამჟამად Jack Ma აღარ არის Ant Group-ის აღმასრულები დირექტორი და საბჭოს წევრი, გარდა ამისა იგი ჩამოშორდა კომპანია Alibaba-ს მენეჯმენტს.
საბედისწერო განცხადებისა და ჩინეთის მთავრობისთვის წითელი ხაზის გადაკვეთის შემდეგ, Jack Ma-ს რადარებს მიღმა უწევს დარჩენა. ჩინეთის მთავრობამ კი დასახულ მიზანს მიაღწია, ყველას დაანახა რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღლა არავინ დგას.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”