close
მედიცინა

ჯანმო: ,,2030 წლისთვის მოწევა წელიწადში 8 მილიონ ადამიანს მოკლავს”

სიგარეტის მოწევა გლობალურ ეკონომიკას წელიწადში 1 ტრილიონი აშშ დოლარზე მეტი უჯდება და მის გამო 2030 წლისთვის ერთი მესამედით მეტი ადამიანი დაიღუპება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ამერიკის კიბოს ნაციონალური ინსტიტუტი ერთობლივ კვლევაზე დაყრდნობით იუწყებიან.

ეს ღირებულება აჭარბებს თამბაქოს გადასახადებისგან შემოსულ გლობალური შემოსავლებს, რომელმაც, ჯანმოს მონაცემებით, 2013-2014 წლებში დაახლოებით 269 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია.

,,2030 წლისთვის თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა წელიწადში 6 მილიონიდან 8 მილიონამდე გაიზრდება, (80 პროცენტი დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში),“ – ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლიv ანგარიშში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა.

ჯანდაცვის ექსპერტების ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარება სიკვდილის უდიდესი პრევენცირებადი მიზეზია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ხარჯების ზრდა, სავარაუდოდ, გაგრძელდება, და მიუხედავად იმისა, რომ მთავრობებს აქვთ თამბაქოს მოხმარებისa და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების მექანიზმები, ისინი ეფექტურად არ იყენებენ მათ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ დღეში ერთი შეკვრა თამბაქოს მოწევა, წელიწადში ფილტვის ყოველ უჯრედში 150 მუტაციას იწვევს.

,,ხელისუფლებების შიში იმის შესახებ, რომ თამბაქოს კონტროლი უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, მტკიცებულებით გამყარებული არაა. მეცნიერება კი უტყუარია და ნათელია, რომ მოქმედების დროა.“    

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014-2015 წლებში თამბაქოს კონტროლისთვის გლობალური მასშტაბით 1 მილიარდ დოლარზე ნაკლებია დახარჯული.

თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლის დაწესების მხრივ აღსანიშნავია ავსტრალიის გადაწყვეტილება: 1-ლი დეკემბრიდან ქვეყანაში თამბაქოს კომპანიების ლოგოები სიგარეტის კოლოფებზე შეიცვალა მუქი ფერის წარწერით, რომელსაც თან ახლავს გამოსახულებები მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების შესახებ.

ავსტრალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ვალდებულია რაღაც მოიმოქმედოს, რადგან ყოველწლიურად მოწევისგან გამოწვეული დაავადებების გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 15 ათას ადამიანს შეადგენს.

 

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და  აცხადებენ, რომ ისინი მოკლებულნი არიან რეკლამირების სამართლებრივ უფლებებს.

ავსტრალიის მაგალითის გამოყენებას სხვა ქვეყნებიც აპირებენ, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ინდოეთი.

წყარო: www.cbc.ca/news

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid