close
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

კატალონია ოქტომბერში დამოუკიდებლობის რეფერენდუმს გამართავს

 ესპანეთის ეროვნული ხელისუფლება ბრალს სდებს კატალონიის პარლამენტს კონსტიტუციური და დემოკრატიული თვალსაზრისით არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან ამ უკანასკნელმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ოქტომბერში ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობს.

ახალი კანონმდებლობა ძალადაკარგულად გამოაცხადა ესპანეთის ხელისუფლებამ და განაცხადა, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ ხერხს, რათა დაგეგმილი რეფერენდუმი გაუქმდეს.

ესპანეთის პროკურატურის ოფისში აცხადებენ, რომ კატალონიის პარლამენტის ზოგიერთ წევრს სასამართლოში უჩივლებენ, რადგან ისინი არ დაემორჩილნენ  სასამართლოს განაჩენს კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სამართლებრივი ქმედებების აკრძალვასთან დაკავშირებით.

მანამდე, 2017 წლის მარტში, კატალონიის ყოფილ  პრეზიდენტს, არტურ მასს, აეკრძალა გამოეყენებინა პრეზიდენტობის 2-წლიანი ვადა მას შემდეგ, რაც ის არ დაემორჩილა ესპანეთის კონსტიტუციურ სასამართლოს და გამართა სიმბოლური დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2014 წელს.

კატალონია ესპანეთის ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია. შესაბამისად, კატალონიელი სეპარატისტები ფიქრობენ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის მოპოვების უფლება. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების აზრით კი, კატალონიის დამოუკიდებლობა და რეფერენდუმი კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, უარყოფენ რა ყველა შეთავაზებულ ალტერნატივას.

 რეფერენდუმში მხოლოდ ერთი კითხვა იქნება დასმული: „გსურთ თუ არამ რომ კატალონია იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, რესპუბლიკის სახით?“. სავარაუდო თარიღად 1-ლი ოქტომბერი დასახელდა.

კატალონიის პარლამენტი ითხოვს, რომ მომავალი რეფერენდუმის შედეგს სამართლებრივად სავალდებულო სტატუსი მიენიჭოს. თუკი წარმატებით განხორციელდება კამპანია, კატალონია 48 სთ-ის განმავლობაში გამოაცხადებს დამოუკიდებლობას და სუვერენული სახელმწიფო გახდება.

შეეძლება თუ არა დამოუკიდებელ კატალონიას ევროკავშირში დარჩენა?

ისევე, როგორც შოტლანიის რეფერენდუმის შემთხვევაში, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა, ამ ეტაპზე, შეუძლებელია. თავად კატალონიის ხელისუფლების შეკვეთით ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა შესაძლოა შეაყოვნოს ან საერთოდ დაბლოკოს კატალონიის წევრობის საკითხი, რადგან, პირველ რიგში, ეს იქნება პრეცედენტი, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს შოტლანდიამ, უფრო მეტად გაღვივდეს სეპარატისტული მისწრაფებები. ამავე დროს, გართულდება ესპანეთთან მოლაპარაკებები, რომელიც შოტლანდიის შემთხვევაში, დიდ წინააღმდეგობას უწევდა მისი ევროკავშირში წევრობის მომხრეებს კატალონიის პრობლემის გამო.

როგორ იფუნქციონირებს დამოუკიდებელი კატალონია?

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, კრიზისის შექმნის საფრთხე იზრდება როგორც ესპანეთში, ასევე ევროკავშირის შიგნითაც.

რამდენიმე შესაძლო სცენარი, თუ როგორი გზა შეიძლება აირჩიოს კატალონიამ:

  • კატალონია შესაძლოა გახდეს ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყანა, თუკი ესპანეთთან შეთანხმება მოხერხდება;
  • კატალონია შესაძლოა გახდეს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის გაერთიანების წევრი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის სტატუსით. მიბაძოს ნორვეგიის, შვეიცარიის მაგალითს;
  • კატალონია შესაძლოა გამოირიცხოს ევროკავშირის ზონიდან. ამ შემთხვევაში, ესპანეთი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებს, რომ მოახდინოს ქვეყნის საერთაშორისო ბლოკადა;

 

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელი სცენარია უფრო რეალური. თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, თუკი რეფერენდუმში მონაწილეობას მოსახლეობის 50% მიიღებს, დამოუკიდებლობის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი 72%-ს მიაღწევს.

 

მასალა მოამზადა:  ცირა შვნაგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid