,,დოქტრინამ” რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზათ ფიზიკოს სტივენ ჰოუკინგის განცხადება დედამიწის შესაძლო ,,დასასრულისა” და ალტერნატიული საცხოვრებელის მოძიების შესახებ. როგორც ჩანს, ინგლისელი მეცნიერი სულაც არ არის მარტო და მის მოსაზრებას 15 000-მდე მეცნიერი იზიარებს. ისინი ამბობენ, რომ თუკი კაცობრიობა არ მიიღებს მკაცრ ზომებს, დედამიწას გამოუსწორებელ ზიანს ვეღარ ავაცილებთ თავიდან.
14 ნოემბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „მსოფლიო მეცნიერთა გაფრთხილება კაცობრიობას: მეორე შეტყობინება“. ამ სტატიას ხელს 15 000-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს 184 ქვეყნიდან აწერს ხელს, ხელმოწერების რაოდენობა კი იმატებს.
საინტერესოა, რომ მსგავსი მესიჯით 1992 წელს საზოგადოებას 1 700-ზე მეტმა მეცნიერმა მიმართა, მათ შორის, ბევრი ნობელის პრემიის ლაურეატიც კი იყო. ცხადია, ბევრი არაფერი შეცვლილა.
„ეს არის აურაცხელი პასუხი იმაზე, რომ ჩუმად ყოფნა და ლოდინი აღარ შეგვიძლია“, — ამბობს სტატიის თანაავტორი, სიდნეისა და დიკინის უნივერსიტეტების მეცნიერ-თანამშრომელი თომას ნიუსამი
1992 წლის რეპორტი გამოყოფდა ცხრა სხვადასხვა სფეროს, რომლებსაც გაუმჯობესება ესაჭიროებოდა; მათ შორის იყო – ოზონის გამოფიტვა, ტყეების ჩეხა, კლიმატის ცვლილება და მოსახლეობის რაოდენობის ზრდა.
ერთადერთი დადებითი ფაქტი, რომელიც მკვლევარებმა გამოავლინეს, არის ის, რომ თავდაპირველ დოკუმენტში ხაზგასმული გაუმჯობესების ექვსი სფეროდან, წარმატებით გადაიჭრა მხოლოდ ოზონის ხვრელის პრობლემა. NASA-სა და NOAA-ს მეცნიერთა ცნობით, სწორედ ამ თვეში, თანამგზავრებიდან ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ანტარქტიდის თავზე, ოზონის ფენაში არსებული ხვრელი ყველაზე მეტად დაპატარავდა 1988 წლის შემდეგ.
2017 წელს გამოქვეყნებულ წერილში კი შეფასებულია, რამდენად იმოქმედა გაფრთხილებამ საზოგადოებას და ის ტენდენციები, რომლებიც, ფაქტობრივად, იდენტურია 25 წლის წინანდელი ვითარებისა. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, კაცობრიობამ არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.
რეპორტის ყველაზე საგანგაშო პუნქტები შემდეგია:
მტკნარი წყლის ოდენობის 26 პროცენტით შემცირება ერთ სულ მოსახლეზე;
120 მლნ ჰექტარი ტყიანი ტერიტორიის დაკარგვა;
დედამიწაზე 29 პროცენტითაა შემცირებული ძუძუმწოვრების, რეპტილიების, ამფიბიების, ფრინველებისა და თევზების რიცხვი;
ოკეანის მკვდარი ზონების 75%-იანი ზრდა.
სტატიის მიხედვით, ადამიანმა უკვე დაუდო საფუძველი მეექვსე მასობრივ გადაშენებას. ასე რომ, მკვლევარების აზრით, 2100 წლიდან ამ პროცესს უნდა ველოდოთ.
მეცნიერების თქმით, ამ ტენდენციების გაგრძელება ბიომრავალფეროვნების დაკარგვის წინაპირობად იქცევა.
გარემოს კატასტროფათა მნიშვნელოვანი ნაწილი გამოწვეულია ადამიანთა რაოდენობის ზრდით – 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდს გადააჭარბებს.
სტატიაში არის მოწოდება გავლენიანი პირებისადმი, რომ არ დაიშურონ ძალისხმევა და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები – მეტი ინვესტიცია ჩადონ განახლების შესაძლებლობის მქონე ენერგიაში, ასევე, კვლევებში და წიაღისეული საწვავის სუბსიდირებაში. თავად საზოგადოებას კი, რესურსების გონიერ გამოყენებაში სთავაზობენ გამოსავალს.
დაბოლოს, მეცნიერებს ხელმოწერა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.
წყარო: BioScience, sciencedaily.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”