close
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ხის ჩანთები – ქართველი გოგონების წარმატებული სტარტაპი

სტარტაპი ,,Begels-ი“ ორ ქართველ ახალგაზრდა გოგონას ეკუთვნის, რომლებმაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით შეძლეს იდეის რეალურად განვითარება და ამჟამად მყიდველისთვის უკვე ხელმისაწვდომია მათი უნიკალური, ხის მასალით დამზადებული ჩანთები. წამოწყების შესახებ ერთ-ერთ დამაარსებელს, ნათია მგელაძეს გავესაუბრეთ.

,,Begels-ის“ იდეის ავტორები ნათია მგელაძე და ქეთი უბილავა არიან, გოგონებს უნივერსიტეტის ბოლო კურსზე გაუჩნდათ სურვილი მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტში – ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“, რომელშიც მათი რამდენიმე მეგობარიც მონაწილეობდა, ,,სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წაროომედგინა, თუ ოდესმე მექნებოდა შესაძლებლობა საკუთარი ბიზნესის ქონისა, თუმცა, დღეს თამამად ვიტყვი, რომ ეს ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა“ – აღნიშნავს ნათია.

ჩანთების შექმნის იდეა 2015 წელს გაჩნდა და ახალგაზრდები მასზე 3-4 თვის განმავლობაში ფიქრობდნენ, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ფაბლაბში დანადგარები ძირითადად ხეზე და ორგანულ მინაზე მუშაობენ, მათ გადაწყვიტეს ჩანთები სწორედ ხისგან შეექმნათ. თავდაპირველი იდეით ჩანთები მთლიანად ხის უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ ტყავისა და ხის სინთეზი ბევრად უფრო ორიგინალური და ლამაზი გამოვიდოდა. ამგვარი ტიპის ჩანთები დღეს რამდენიმე ცნობილ დიზაინერის ნამუშევრებშიც გვხვდება, გოგონებმა კი ის ქართულ ბაზარს მოარგეს. ამასთანავე, ჩანთებს უკეთდება კლიენტისთვის სასურველი გრავირებაც, რაც კიდევ უფრო  გამოარჩევს მათ.

საინტერესოა  თვითონ სახელწოდების ისტორიაც,  ნათიას თქმით, ,,Begels-ი“ თავისი ჟღერადობით ბადებს ,,Bag and Girls-ის“  ასოციაციას, შესაბამისად სახელის იდეაც სწორედ აქედან, სპონტანურად გაჩნდა და ორივეს ძალიან მოეწონა. რაც შეეხება ნაწარმის რეალიზებას, გოგონები  სოციალური ქსელის მეშვეობით ახერხებენ საკუთარი ნაწარმის ხალხისთვის მიწოდებას, პერიოდულად მართავენ გამოფენებსაც, თუმცა, ჯერჯერობით მაღაზიის გახსნა არ იგეგმება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნათია ამის შესახებაც გვესაუბრა – ,,სტარტაპი არაფერია განვითარების გარეშე. აუცილებელია, რომ მუდმივად იზრუნო და სიახლე შესთავაზო მომხმარებელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტაბილურობას შედეგი არ მოაქვს, ან თუ მოაქვს, საკმაოდ მოკლევადიანი. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავაჟღერეთ სანათიანი ჩანთის იდეა, რომლის საბოლოო დამუშავებული სახე უკვე ზაფხულში გვექნება“.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld