უკვე შესაძლებელია კიბოს უჯრედების მიზანში ამოღება და განადგურება მეტალით, რომელსაც დიდი ოდენობით შეიცავდა ის ასტეროიდი, რომლის დაცემამაც დედამიწაზე დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. ამის შესახებ უორვიკის უნივერსიტეტისა და ჩინეთის სუნ იატ-სენის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევა იუწყება.
როგორც მკვლევრებმა აჩვენეს, შესაძლებელია, რომ ირიდიუმი — მეორე ყველაზე მკვრივი ელემენტი დედამიწაზე — კიბოს უჯრედების გასანადგურებლად გამოვიყენოთ ისე, რომ არ დაზიანდეს ჯანმრთელი ქსოვილები; ამისათვის საჭიროა სიმსივნური უჯრედების ამოვსება ირიდიუმითა და ჟანგბადის მომაკვდინებელი ვერსიით.
მკვლევრებმა შექმნეს ირიდიუმისა და ორგანული მასალის ნაერთი, რომელიც შესაძლებელია პირდაპირ იქნას მიმართული სიმსივნური უჯრედებისაკენ და ენერგია გადასცეს ჟანგბადის სინგლეტურ ჟანგბადად გარდაქმნის გზით, რომელიც შხამიანია და კლავს უჯრედს; თანაც ისე, რომ არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილებს.
პროცესს წარმართავს ლაზერის დასხივება კანზე, სიმსივნურ ზონაზე; შუქი აღწევს ნაერთის სინათლისადმი რეაქციული ფენამდე და ააქტიურებს მეტალს, რათა დაიწყოს კიბოს ამოვსება სინგლეტური ჟანგბადით.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ლაბორატორიაში შექმნილ ფილტვის კიბოს მოდელზე წითელი ლაზერით თავდასხმის შემდეგ (რომელსაც კანში ღრმად შეღწევა შეუძლია), გააქტიურებულმა ორგანული ირიდიუმის ნაერთმა ღრმად შეაღწია და ჩაინერგა კიბოს ყველა ფენაში, რათა იგი მოეკლა; მკვლევართა თქმით, თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რამდენად ეფექტიანი და შორსმიმავალია მკურნალობის ეს მეთოდი.
არასიმსივნურ ქსოვილებზე მოსინჯვის გზით, მათ ასევე დაამტკიცეს, რომ ეს მეთოდი უსაფრთხო და ჯანმრთელია; ამ ქსოვილებზე არ დაფიქსირდა არანაირი ეფექტი.
გარდა ამისა, მკვლევრებმა ასევე გამოიყენეს უახლესი ულტრამაღალი რეზოლუცისს მასსპექტროგრაფია, რათა მიეღოთ კიბოს უჯრედებში არსებული ინდივიდუალური ცილების უპრეცედენტო ხედი. შედეგად, ზუსტად გაარკვიეს თუ კონკრეტულად რომელ ცილებს ესხმის თავს ორგანული ირიდიუმის ნაერთი.
კიბოს უჯრედების მოდელის ათასობით ცილის შესახებ შეგროვილი უზარმაზარი მონაცემების სათუთად დამუშავების შემდეგ, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ირიდიუმის ნაერთი აზიანებდა ცილების სითბოს შოკურ სტრესს და გლუკოზის მეტაბოლიზმს; ორივე მათგანი კიბოს საკვანძო მოლეკულებია.
გაერთიანებულო სამეფოს უორვიკის უნივერსიტეტს მასსპექტრომეტრიის ყველაზე მოწინავე ლაბორატორია აქვს მსოფლიოში; ამავე დროს, ფლობს ანალიტიკური მეცნიერების მსოფლიო დონის ცენტრს.
კვლევის თანაავტორი კუკსონ ჩიუ, უორვიკის უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ასპირანტი მკვლევარია.
„ეს პროექტი ნამდვილი ნახტომია, რათა გავერკვეთ, თუ როგორ ესხმის თავს კიბოს უჯრედებს ირიდიუმზე დაფუძნებული კიბოს საწინააღმდეგო ნაერთები. შევიმუშავებთ მოქმედების სხვადასხვა მექანიზმებს, რათა გვერდი ავუაროთ წინააღმდეგობრივ პრობლემებს და კიბოს სხვადასხვა კუთხიდან შევუტიოთ.
„კიბოს მოსპობის ჩვენი ინოვაციური მიდგომა, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვანი უჯრედული ცილების მიზანში ამოღებას, შეიძლება გახდეს მოქმედების ახალი მექანიზმების მქონე პრეპარატების შექმნის საფუძველი. ეს კი სასწრაფოდ საჭიროა. გარდა ამისა, ბრიტანელ და ჩინელ მკვლევართა კავშირები მხოლოდ ამ თანამეგობრობით როდი შემოიფარგლება. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, კლინიკებისათვის შევქმნათ ახალი პრეპარატები“, — ამბობს დოქტორი პინგიუ ჟანგი.
„თანემედროვე მასსპექტრომეტრიის თვალშისაცემი განვითარება უკვე გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ კიბოს უჯრედებში არსებული ცილების კომპლექსური ნაზავის ანალიზი და განვსაზღვროთ მკურნალობის სამიზნე; ეს ინსტრუმენტები იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია ერთი ელექტრონის აწონვაც კი!“, — აღნიშნავს უორვიკის უნივერსიტეტის ანალიტიკური ქიმიის პროფესორი, პიტერ ო’კონორი.
იმით, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ახალმა კვლევამ, უკვე აღფრთოვანებულია პროფესორი პიტერ სადლერი:
„კიბოს ქიმიოთერაპიების 50%-ზე მეტ შემთხვევაში უკვე გამოიყენება ძვირფასი მეტალი პლატინა. კიბოს უჯრედებზე თავდასხმის პრეპარატების შექმნის სრულიად ახალ გზას გვთავაზობს სხვა ძვირფას მეტალთა პოტენციალი, მაგალითად ირიდიუმი. რაც მთავარია, ეს მეთოდი უსაფრთხოა და თან ახლავს მინიმალური გვერდითი ეფექტები“.
„საერთაშორისო თანამშრომლობას შეუძლია პროგრესის მნიშვნელოვნად აჩქარება. ნამდვილად დროა, კარგი სამედიცინო გამოყენება მოვუძებნოთ ირიდიუმს — ელემენტს, რომელიც დედამიწაზე 66 მილიონი წლის წინ ჩამოვარდნილმა ასტეროიდმა მოიტანა“.
ფოტოქიმიოთერაპია — ლაზერის შუქის გამოყენება კიბოს მიზანში ამოსაღებად — სწრაფად განვითარებად, სიცოცხლისუნარიანი, ეფექტიანი და არაინვაზიური მკურნალობის მეთოდია. პაციენტები სულ უფრო რეზისტენტული ხდებიან ტრადიციული თერაპიებისადმი. აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი მეთოდების დამკვიდრება ამ დაავადებასთან საბრძოლველად.
ირიდიუმი 1803 წელს აღმოაჩინეს; სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვა „ცისარტყელადან“. მიეკუთვნება იგივე ოჯახს, რომელსაც პლატინა; არის მტკიცე, მყიფე და კოროზიისადმი ყველაზე რეზისტენტული ელემენტი დედამიწაზე; აქვს ყვითელი ფერი. მისი დნობის ტემპერატურა 2400 გრადუს ცელსიუსზე მაღალია.
ირიდიუმი დედამიწაზე იშვიათია, მაგრამ უხვადაა მეტეორიტებში; ირიდიუმის დიდი მოცულობა აღმოჩენილია დედამიწის 66 მლნ წლის წინანდელ ქერქში, რაც წარმოშობს თეორიას, რომ დედამიწაზე ეს ელემენტი იმ ასტეროიდმა მოიტანა, რომელმაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.
წყარო: 1tv.ge/
ავტორი: მიხეილ ჭაბუკაშვილი
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”