სანდრო ნარსია 16 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც ბუნების სიყვარულმა გადააწყვეტინა საცხოვრებლად ქალაქს სოფელი ერჩია და ამჟამად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხეთაში ცხოვრობს. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა ახალგაზრდას, რომელსაც თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ უჩვეულო გამოცდილება აქვს და მუდმივად ცდილობს იბრძოლოს ბუნების დამცველის დამსახურებული წოდებისათვის.
-სანდრო, საზოგადოებაში შენი სახელი გაჟღერდა მას შემდეგ, რაც კოლხური ბზა დარგე, საინტერესოა როდიდან დაინტერესდი მსგავსი საკითხებით?
-ბუნებისადმი სიყვარულს ბავშვობიდანვე ვამჟღავნებდი და ყოველთვის, როდესაც თავისუფალი დრო მქონდა, ვცდილობდი ხისგან რაღაცები გამომეთალა, ასევე, მიყვარდა ხატვა და ძირითადად პეიზაჟებს, ხეებსა და ყვავილებით ბუნებრივად მოფენილ მინდვრებს ვხატავდი. ასევე ვუვლიდი ქოთნის ყვავილებს და დღესაც, კოლხური ბზასთან ერთად, ვარდის სანერგე მეურნეობაც მაქვს, დაკალმებული მაქვს რამოდენიმე ფერის ვარდის სახეობა და მინდა მომავალში ისინიც გავაჩუქო. ყოველთვის მქონდა საკუთარი ბოსტანი და მომყავდა ოჯახისთვის საჭირო პროდუქტი, თავიდან, რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მოყვანილი პროდუქტის რაოდენობაც.
-საინტერესოა, რა წყაროებიდან ეცნობი მეურნეობის მოვლის საიდუმლოებებს?
-ძალიან ბევრი რამის შესახებ ვიგებ ინტერნეტით, ვკითხულობ სხვადასხვა სახელმძღვანელოს, ასევე ვეცნობი ,,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის” (CENN) სატყეო პორტალსა და სხვადასხვა ვებ-გვერდზე წარმოდგენილ ინფორმაციასაც.
ორი წლის წინ, როდესაც გარდა ბზობის დღესასწაულზე მისი რელიგიური დატვრითვისა, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა კოლხური ბზის შესახებ, CENN-ის მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში, მის კოორდინატორ ქ-ნ მაია კოდუასთან ერთად, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია და ბევრი გარემოსდაცვითი ღონისძიების ორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხეთის სკოლის მოსწავლეები ვიმყოფებოდით ურთის მთაზე, რათა შეგვეგროვებინა კოლხური ბზის ჯანსაღი თესლი მისი შემდეგი კონსერვაციისათვის, დღეს ჩენ მიერ შეგროვებული თესლი შენახულია საქართველოს ბოტანიკური ბაღის თესლის ბანკში.
– რას გვეტყვი კოლხური ბზის მახასიათებლების შესახებ?
-კოლხური ბზა მარადმწვანე მცენარეა, რომლის სიმაღლეც 9-10, კარგ პირობებში კი 10-დან 18 მეტრს აღწევს. ზოგადად, მსოფლიოში ბზის 70-მდე სახეობაა გავრცელებული, მათ შორის 6 სახეობა კავკასიაში გვხვდება, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ კავასიაში არსებული 2 სახეობა ბუნებრივადაა გავრცელებული, ესენია კოლხური და ჰირკანური ბზა, ხოლო დანარჩენი 4 სახეობა ხელოვნურადა არის განაშენიანებული.
კოლხური ბზა არის კოლხური ტყეების ერთ-ერთ დომინანტი სახეობა და იგი უძვირფასეს სამერქნე მცენარედ ითვლება. საქართველოში ის ძირითადად სამეგრელოში, აფხაზეთში, იმერეთში, აჭარასა და გურიაშია გავრცელებული, თუმცა კახეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც გვხვდება მისი ველური კორომები.
-რა საფრთხეების წინაშეა ამჟამად კოლხური ბზა?
-პირველ რიგში ესაა სოკოვანი დაავდება სახელწოდებით – ბზის სიდამწვრე. ამ დაავადებით გამოწვეული მასობრივი ხმობის გათვალისწინებით, 2013 წელს კოლხურ ბზა ,,წითელ წიგნში“ საფრთხესთან ახლოს მყოფთა კატეგორიიდან საფრთხის ქვეშ მყოფთა სიაში გადაინაცვლა.
ასევე არის მეორე პრობლემაც, მავნებელი სახელად ბზის ალურა, რომელიც ამ მცენარისთვის ყველაზე მეტად ზიანის მომტანი მატლის სტადიაზეა, ის იკვებება მცენარის ფოთლებითა და ახალგაზრდა ყლორტებით, იწოვს მცენარის წვენს და შეუძლია ერთ დღე-ღამეში გაანადგუროს 1 ჰექტარზე გაშენებული კოლხური ბზა. საქართველოს ტერიტორიაზე ეს დაავადება ენგურის ნაპირებიდან დაახლოებით 2013 წლისთვის გავრცელდა და იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ ურთის მთაზე ვიმყოფებოდით, 2015 წლის ზაფხულის მიწურულს, იქ არსებული ბზის კორომების დაახლოებით 60-65 % უკვე განადგურებული იყო.
– სანდრო, მოგვიყევი შენი მეურნეობის შესახებ.
-მე ვაკვირდებოდი ჩემს ეზოში არსებული კოლხური ბზის ბუჩქებსაც, რომელთაგან რამდენიმე ნაყოფმსხმოიარე აღმოჩნდა, შევინახე ბზის ჯანსაღი თესლი და დაველოდე დაკალმების პერიოდს, ხოლო როდესაც დრო დადგა დაკალმებასთან ერთად, დავთესე კიდევაც ნერგები.
დღეისათვის ჩემს სანერგე მეურნეობაში არის 1500-მდე კოლხური ბზის გამოსაყვანი ნერგი და ვიმედოვნებ რომ მათი უმრავლესობა გაიხარებს. ვიტყვი იმასაც, რომ აბსოლუტურად ყველა ძირი მაქვს განსხვავებული მეთოდი დაკალმებული თუ დათესილი. ასევე გამოვიყენე განსხვავებული ნიადაგები, რაც მთავარია ყველანაირი ბიოლოგიური თუ ქიმიური პრეპარატის გარეშე, ვინაიდან მინდა ჩემი გამოცდილებით ვუთხრა ყველას, რომ მათი გამოყენები გარეშეც შეიძლება მივიღოთ ძალიან კარგი შედეგი.
– შენი რეჟიმიდან გამომდინარე, ხომ არ აწყდები დაბრკოლებებს მეურნეობის მოვლისას და როგორ ფიქრობ რა გაგრძელება ექნება შენს წამოწყებას?
-მიუხედავად იმისა რომ აქ მე და ბებო მარტო ვცხოვრობთ და საკმაოდ გადატვრთული გრაფიკი მაქვს, არ მიჭირს მეურნეობის მოვლა. რაც შეეხება კოლხური ბზის ნერგების მომავალს, მას შემდეგ რაც მედია საშუალებების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაპირებდი კოლხური ბზის ნერგების გაჩუქებას, წავაწყდი ბევრ გამოხმაურებას იმის შესახებ, რომ თუკი ნერგები უფასო იქნება ბევრი მსურველი გამოჩნდება, მაგრამ ცოტა იქნება მათ შორის ისეთი, ვისაც მართლა გულით უნდა მისი მოვლა და შესაბამისად მირჩიეს სიმბოლურ ფასად მაინც გამეყიდა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ ვაპირებ ფასის დადებით შევურაცხყო კოლხური ბზა.
-სანდრო, როგორც ვიცი ამჟამად ოჯახისგან შორს, სამეგრელოში ცხოვრობ, რამ განაპრობა შენი ასეთი გადაწყვეტილება?
-ჩემი მშობლები თბილისში ცხოვრობენ და, რა თქმა უნდა, მაკლია მშობლების სითბო, მაგრამ ბებიები არ მაგრძნობინებენ იმას, რომ მშობლები სამასი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ. ძალიან რთული იყო ჩემთვის იმაზე საუბარი, რომ არ ვაპირებდი თბილისში დარჩენას და მინდოდა ხეთაში დაბრუნება, მაგრამ სამომავლოდ ვაპირებ უმაღლესი განათლება მივიღო და იმ ოთხი წლის განმავლობაში ვიცხოვრებ დედაქალაქში, რის შემდეგაც კვლავ ხეთაში დავბრუნდები და ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებ. მე ვთვლი, რომ ჭკვიანურია, გსურდეს იცხოვრო იქ, სადაც მეტი სიმწვანე და სუფთა ჰაერია, სადაც ჩიტების ჭიკჭიკი ისმის.
– გარდა იმისა რომ სწავლობ და მეურნეობასაც უვლი, საკმაოდ აქტურად ხარ ჩართული სხვადასხვა პროექტში, საინტერესოა, ამ ეტაპზე რა სიახლეა შენს ცხოვრებაში?
–ძალიან მინდა ვიყო აქტიური მოქალაქე და ჩემი როლი შევასრულო პირველ რიგში ჩემი სოფლის, რაიონის და შემდეგ უკვე ქვეყნის განვითარებაში. ამჟამად ჩართული ვარ საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის პროექტში, რომელიც გულისხმობს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერას ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებაში, სადაც ვარ ხეთის ლიდერი და ამ პერიოდში ვახორციელებთ ადვოკატირების კამპანიას. ასევე, 29 ნოემბერს, CENN-მა საზოგადოებას წარუდგინა სამი ახალი პროდუქტი, ესენია – სასწავლო შემეცნებითი პორტალი, აპლიკაცია სახელად Greenwatch და მესამე, ძალიან სახალისო თამაში სახელწოდებით ,,დაახარისხე და გადაამუშავე“. აღნიშნულ შეხვედრაზე მიწვეული ვიყავი პრეზენტატორად და რა თქმა უნდა აქაც ვისაუბრე კოლხურ ბზაზე, მის წინაშე არსებულ პრობლემებსა და ჩემ პირად გამოცდილებაზე.
მინდა ასევე გითხრათ, რომ წელს წარდგენილი ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდოზე ნომინაციაში „წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ეკოლოგიაში“ და ჩემს მხარდამჭერებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველდღიურად შეუძლიათ საკუთარი არჩევანი დაფიქსირება, რაც ჩემთვის პირადად დიდი პატივი იქნება.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”