close
საქართველო

კომპოზიტორი დრამატურგიული აზროვნებით

ჰარმონიული, სევდანარევი, შთამბეჭდავი მუსიკა, რომელიც გამძაფრებულად შეგაგრძნობინებს სიცოცხლეს, მერე გიტოვებს სიცარიელეს, მელანქოლიას, ემოციურად დაცლილს კი უცნაური განცდა გეუფლება – რაღაც შეიცვალა, გათავისუფლდი ბორკილებისგან, რომელიც სულს გიბოჭავდა… ასეთი კომპოზიციების ავტორია გია ყანჩელი, ადამიანი, რომელსაც შეუძლია რამდენიმე აკორდით შექმნას განწყობა, სწორედ ეს მუსიკა ბადებს კათარზისის გრძნობას მსმენელში.

გია ყანჩელი უნივერსიტეტელია. თავდაპირველი სპეციალობით – გეოლოგი. როგორც თავად თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო დიდად არ ხიბლავდა, დიპლომი მაინც აიღო და უდიდესი ენთუზიაზმით გააგრძელა სწავლა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე. შემოქმედება უპირველესად სიმფონიურ და კამერულ მუსიკას მიუძღვნა: „როცა კონსერვატორიაში ვაბარებდი, არც მიფიქრია, რომ ჩემს ცხოვრებას ამ ჟანრს დავუკავშირებდი. ვოცნებობდი იმაზე, რომ მიმეღო გარკვეული ცენზი, რაც მომცემდა უფლებას, დავმდგარიყავი ბიგ-ბენდის წინ და მედირიჟორა კარგი მუსიკისთვის. ახლაც გატაცებული ვარ ჯაზით. საბედნიეროდ, გამიმართლა, თავიდანვე მოვხვდი ისეთ წრეში, რომელთაც მიბიძგეს შემექმნა მუსიკა სიმფონიურ ჟანრში, კი არ მაიძულეს, მე თვითონ მომინდა ეს მათთან მეგობრობის შედეგად, ესენი გახლდნენ ჯანსუღ კახიძე, ბიძინა კვერნაძე, სულხან ნასიძე, ნოდარ მებონია. მათ გარემოცვაში მყოფს არ შემეძლო არ დამეწყო მუშაობა სიმფონიური მუსიკის სფეროში“, – აღნიშნა გია ყანჩელმა.

გია ყანჩელს არაერთი კომპოზიცია აქვს დაწერილი დრამატული სპექტაკლებისთვის, აგრეთვე, მრავალი კინოფილმისთვის, კომპოზიტორმა თქვა, რომ მას ძალიან გაუმართლა ცხოვრებაში, რადგან ბედმა არგუნა, ეშრომა ისეთ ადამიანებთან, რომლებმაც დადგეს დიდებული სპექტაკლები და გადაიღეს ბრწყინვალე ფილმები. კინოში ელდარ შენგელაია და გია დანელია იყვნენ ის ადამიანები, რომლებთანაც სამუშაო პროცესი ძალიან სასიამოვნო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შედეგიანი იყო მისთვის.

მოგეხსენებათ, ფილმის აღსაქმელად მუსიკას აქვს გადამწყვეტი როლი, იგი, ფაქტობრივად, ჩვენი განწყობილების გამომხატველია, დინამიკა არ უნდა დაეცეს, ეს კი მხოლოდ ოსტატს გამოსდის, სწორედ ასეთია ყანჩელი, ის ახერხებს მუსიკით ფილმის იდეის გამოხატვას. ელდარ შენგელაიამ ისაუბრა უშუალოდ მუშაობის პროცესზე: „მე მჭირდებოდა კომპოზიტორი დრამატურგიული აზროვნებით, ასეთი კი არის გია, ალბათ, სწორედ ამიტომ შედგა ჩვენი ტანდემი ფილმებში „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“.

,,გია ყანჩელი ჩემთვის გამორჩეულია ყველაფრით, ძალიან ახლობელია, ძვირფასია, ემოციურია, მე ბევრი რამ მასწავლა მისმა მუსიკამ, შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ასევე სუბიექტურია მთელი მისი სამშობლო და მსოფლიოს მუსიკალური საზოგადოება, გია ყანჩელი ერთადერთი კომპოზიტორია, რომლის მუსიკაც მთელ დედამიწაზე სრულდება, რომლის სახელიც კარგად იციან და მისი ნაწარმოებებიც შეადგენს მსოფლიო მუსიკალური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს. იგი აღიარებულია, როგორც დიდი კლასიკოსი, სიმფონიური მუსიკის ავტორი. როცა მის მუსიკას ვუსმენ, მსიამოვნებს და განვიცდი, მაგრამ, როდესაც მე თვითონ ვასრულებ, უკვე სხვა სამზარეულოა, ჩაღრმავების ხარისხი მეტია. რთულია, ეს გადმოსცე, რადგან დაყრდნობილია ემოციებზე და სამუშაო პროცესში ეს ყველაფერი აისახება ნოტებში, თვლებში და ისეთ პრინციპებში, რომლებიც თითქოს შორს არის მუსიკისგან, მაგრამ სწორედ ამით იქმნება მუსიკა. კინოსა და თეატრის მუსიკა ჩვენში მეტად იყო ცნობილი და როდესაც მისი საიუბილეო წელი დადგა და მთელი მსოფლიოს ორკესტრებმა შეასრულეს სიმფონიური მუსიკა, ჩვენ, აკადემიური კლასიკური ნაწარმოებების გარდა, წარვადგინეთ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი კომპოზიციები, მათ შორის სიმღერები“, – აღნიშნა ნიკოლოზ რაჭველმა.

ყანჩელის ვოკალური და კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებებისთვის დამახასიათებელია ისეთი სიჩუმე, რომელშიც ყველაფერია, მთელი ცხოვრებაა, სიცოცხლეც, სიკვდილიც, სინანულიც, ნატვრაც, იდუმალებაც და ბედნიერებაც. „გენიოსი“ – ეს არის სიტყვა, რომელიც, როგორც წესი, დომინირებს  გია ყანჩელის დახასიათებისას.

ლიზა ბაგრატიონის თქმით: „ყანჩელი გამორჩეულია გენიოსობით. იგი არის ადამიანი, რომლის ფასიც, ალბათ, ცოტა ჰყოლია არა მარტო საქართველოს, არამედ ძალიან დიდ ერებსაც კი. რაც შეეხება კინოსა და თეატრისთვის შექმნილ მუსიკას, ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე ინტელექტუალური და ღვთაებრივი მასალა, რომელსაც მე ვეხები. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ამ მუსიკის შესრულების შესაძლებლობა, ამავდროულად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როცა ყოველი ნოტი არის საფრთხილო, ეს არის ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება“.

„მე ვფიქრობ, რომ ყანჩელის მუსიკის განსაკუთრებულობა მის სიღრმეშია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთნაირად გასაგებია ყველა ადამიანისთვის. ჩემთვის ყანჩელის ენა მუსიკაში მშობლიური ქართული ენასავით არის, როდესაც ვასრულებ, თითქოს არც ვდგავარ მიწაზე, ეს არის ძალიან ბუნებრივი და ამავდროულად არაბუნებრივიც“, – აღნიშნა ნატო მეტონიძემ.

კომპოზიტორი 1995 წელს მიიწვია სამეფო სიმფონიურმა ორკესტრმა ბელგიაში, სწორედ ამ პერიოდიდან იგი ქალაქ ანტვერპენში მოღვაწეობს. თავად ამბობს, რომ მისთვის ყველაზე ახლობლები პლეხანოველები არიან, უყვარს სამშობლო წრფელი და უანგარო სიყვარულით, რადგან აქ არის მისი ფესვები, აქ არის ადგილი, სადაც დაიბადა და ახალგაზრდობის წლები გალია…

დასასრულ, კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს გავიხსენებ: „ხელოვნებაა თავად  უკვდავება“, საუკუნეები გავა და ყანჩელის მუსიკა დარჩება საქართველოს და, ზოგადად, სამყაროს სიამაყედ.

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid