close
ანალიტიკაბიზნესიეკონომიკამსოფლიოპოლიტიკა

კვიპროსი რუს და უკრაინელ ოლიგარქებზე ევროკავშირის პასპორტს ყიდის

რამდენიმე დღის წინ The Guardian-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია კვიპროსის მიერ „ოქროს ვიზის“ მინიჭების რთულ მექანიზმზე, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მოღვაწეობის უფლებას ანიჭებს რუს ოლიგარქებს.

კვიპროსის ხელისუფლებამ, 2013 წლიდან მოყოლებული, 4 მილიარდ ევროზე მეტი მოგება მიიღო გეგმით, რომლის მიხედვითაც, მდიდარ ადამიანებს ქვეყანაში ინვესტირების სანაცვლოდ ენიჭებათ ევროკავშირში ცხოვრებისა და საქმიაობის უფლება. იმ ასობით ადამიანს შორის კი, ვინც აღნიშნული გეგმა გამოიყენა, უმეტესობა წარმოშობით რუსი ან უკრაინელი ოლიგარქია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენით. მაგალითად: რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრები, უკრაინაში მოქმედი ყველაზე დიდი კომერციული ბანკის დამფუძნებლები და სხვა მილიარდერები. ვარაუდობენ, რომ მხოლოდ გასულ წელს, კვიპროსის ხელისუფლებამ 400-მდე მსგავსი პასპორტი გასცა.

აღნიშნული შემთხვევა კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს უსაფრთხოების საკითხებს: რამდენად იყო დაცული ყველა წესი და დირექტივა დოკუმენტის მინიჭების პროცესში? ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად კვიპროსის ეკონომიკური სექტორი იზრდება ინვესტიციების ხარჯზე, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს და ძირს უთხრის თავად მოქალაქეობის კონცეფციას. ევროკავშირის პარლამენტში პორტუგალიის წარმომადგენელმა განაცხადა: „ე.წ ოქროს ვიზის გაცემის ფაქტი არის ამორალური და მიუღებელი. არ ვარ წინააღმდეგი, რომ სახელმწიფომ მიანიჭოს მოქალაქეობა ან ცხოვრების უფლება მას, ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს ამ ქყვენის განვითარებაში, იქნება ეს ხელოვნება, მეცნიერება ან თუნდაც ინვესტიციები, მაგრამ, ეს უნდა მოხდეს აპლიკაციის განხილვისა და არა ვაჭრობის საფუძველზე“.

კვიპროსმა აღნიშნული პროგრამა 2013 წელს დაიწყო. იგი პასპორტის მიღების მსურველს ავალდებულებს ჩადოს 2 მილიონი ევროს ინვესტიცია უძრავ ქონებაში, ან 2,5 მილიონი ევრო კომპანიების აქტივებში. არ არის ენის ცოდნის, ან კონკრეტულ სახელმწიფოში ცხოვრების პრაქტიკის მოთხოვნა. მხოლოდ საჭიროა, რომ პიროვნება მოხვდეს კვიპროსში, 7 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც. 

ამ სტრუქტურის ბუნდოვანება ვლინდება კონკრეტულ შემთხვევებშიც. მაგალითად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ბიძაშვილი, რომელის დაჭერასაც აშშ ცდილობდა 2008 წლის შემდეგ, ამავე სქემის მიხედვით გახდა კვიპროსის მოქალაქე 2010 წელს. 

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის, Global Witness-ის განცხადებით,  „კვიპროსის ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ინვესტიციების სურვილი არ ნიშნავს მთავარი ღირებულებებისა და ვალდებულებების დაკნინებას. ამ სქემით, შესაძლოა, დახმარების ხელს ვუწვდით კრიმინალებს “.

 თავად კვიპროსის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ისინი იცავენ ყველა შესაძლოა დირექტივას და ამოწმებენ პოტენციურ ბენეფიციარებს, მათ შორის, ფულის გათეთრების პრაქტიკის გამორიცხვის მხრივაც. ამავე დროს, მოქალაქეობის მინიჭება ინვესტიციების სანაცვლოდ სხვა ქვეყნებშიც ხდება. ამიტომაც, არ არსებობს განგაშის საფუძველი.

ჯერ კიდევ უცნობია დაიწყება თუ არა ოფიციალური გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარო: The Guardian

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid